შალვა ხაჭაპურიძე:

შალვა ხაჭაპურიძე: "ჟვანიას საქმე ბევრს გადაიყოლებს"

"ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს ის ნეობოლშევიზმი, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართველებმა 8 წლის განმავლობაში ვიხილეთ 21-ე საუკუნეში. ეს ნეობოლშევიზმის ნარჩენები კვლავაც აგრძელებენ თავიანთ ძირგამომთხრელ საქმიანობას... ეს ტრაგედია ერისთვის იყო საშინელება. ეს იყო ნეობოლშევიზმის უნიკალური მაგალითი - მომავალ პოლიტოლოგებს, სტუდენტებს მთელ მსოფლიოში უნდა ასწავლონ, სახელმძღვანელო უნდა დაიწეროს და დარწმუნებული ვარ, დაიწერება კიდეც - როგორც მე ვიცი, 2-3 ადამიანი უკვე მუშაობს ამ თემაზე. მთელი მსოფლიოს პოლიტოლოგების და ისტორიკოსების განხილვის საგანი უნდა შეიქმნეს", - აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით შალვა ხაჭაპურიძე: "ჟვანიას საქმე ბევრს გადაიყოლებს" / რატომ არ არის საშიში ამნისტია.

"უზარმაზარი შანსი არსებობს, რომ გაიხსნას ჟვანიას მკვლელობა - ჟვანია რომ მოკლულია, პირადად მე ამაში ეჭვი არ მეპარება. არა მარტო გირგვლიანის საქმის გამოძიება დაიწყო - მოდით, პირდაპირ ვთქვათ რა, - მე წინა კვირაში შევიტანე გენერალურ პროკურატურაში საჩივარი, სადაც 110 კაცის მკვლელობის საქმეზე მოვითხოვე გამოძიების დაწყება - ეს ის 110 ადამიანია, რომლებიც უშუალოდ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გზით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით და არაადეკვატური ძალის გამოყენებით მოკლული იქნენ პოლიციელების მიერ - დაკავებისას ცემისას და ა.შ. ყველა ეს ფაქტი უნდა იქნეს გამოძიებული. ამ ყველაფრის გამოძიება, ისტორიისთვის ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის არის აუცილებელი. პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო და შსს უზარმაზარ სამუშაოებს ატარებენ. თითოეული ეს საქმე ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა ხაჭაპურიძე.

"დასავლეთი იმდენად ცივილიზებული და განვითარებულია, მათ წარმოდგენაც არ აქვთ და გაკვირვებულნიც კი რჩებიან, როდესაც იგებენ, საქართველოს ხელისუფლების მაშინდელ მაღალჩინოსნებს რა საშინელი დანაშაულები აქვთ ჩადენილი. შეიძლება ფიქრობენ, რომ წარმოუდგენელია ამ ხალხს ეს დანაშაულები ჰქონდეთ ჩადენილიო - ამ შემთხვევაში გამოსავალი ერთადერთია - ობიექტური გამოძიება და სამართლიანი სასამართლო. ობიექტური გამოძიება ხდება, სასამართლოზე კი რა მოგახსენოთ, ჯერჯერობით ის კვლავ ნაციონალების ხელშია. ძმები კუბლაშვილები განაგებენ სასამართლოს, მაგრამ მალე ესეც გამოსწორდება. ამ შემთხვევაში ყველაფერი ობიექტურად და გამჭვირვალედ წარიმართება, ჩვენი დასავლელი პარტნიორი საყვედურს კი არა, მადლობას გვეტყვის, რადგან ეს არის 180 გრადუსით შემოტრიალება დემოკრატიისკენ, ცივილიზაციისკენ და გასვლა იმ ორბიტიდან, რასაც ნეობოლშევიზმი ჰქვია", - მიიჩნევს ადვოკატი.

"ნაციონალებმა ჩვენი დასავლელი პარტნიორები შეცდომაში შეიყვანეს. ნიკა გვარამიას რომ მიიყვან და "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად დანიშნავ, კაცს, რომელიც გენერალურ პროკურატურაში ფილმების გადაღებით იყო დაკავებული. ჩვენ ეს ფილმები არ დაგვიწყებია... ამ ხალხმა 21-ე საუკუნეში გენოციდი მოგვიწყო მთლიანად ქართველ ერს. მათ ჩვენი ბიუჯეტიდან დიდი თანხები მოიპარეს და ახლა ამას ლობისტურ კომპანიებში ხარჯავენ, ვითომ უმრავლესობის საწინააღმდეგოდ და სინამდვილეში სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ. რა, ახალაია არ არის დამნაშავე? 26 მაისს კანონი არ დაირღვა? 7 ნოემბერს კანონი არ დაირღვა? ამდენი ადამიანის ქუჩაში ჩახცრილვის დროს კანონი არ დაირღვა? რომელი ერთი ჩამოვთვალო. პენსიონერს რომ 100 ლარი ჰქონდა პენსია და გუბერნატორს 30 000 ლარი თვეში, ამით კანონი არ ირღვეოდა?" - დასძენს შალვა ხაჭაპურიძე და შეკითხვას - "იმედია, დასავლეთი ორმაგი სტანდარტებით არ მიუდგება ჩვენს ქვეყანას" - პასუხობს:

"საქმე რაშია იცით? სააკაშვილის და მთელი მისი გუნდის მოღვაწეობა პიარზე იყო აგებული, პიარი იყო მათთვის მთავარი. ივანიშვილისთვის კი მთავარი არის საქმის კეთება, საქმეს ჩუმად აკეთებს და მინდა გითხრათ, რომ უზარმაზარი საქმე კეთდება, თავიდან ეწყობა საქართველო. ესენი კიდევ გამოდიან და სისულელეებს ყვირიან. პირადად მე მეცინება, იმდენად საცოდავები არიან, ბაჩო ახალაიას ცოტნე დადიანად გამოცხადებისა არ იყოს..."