რა შეეშალათ ექსპერტებს და რატომ აღმოჩნდა „ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველთან უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ტარიფებთან დაკავშირებით ისე არ ყოფილა საქმე, როგორც ვარაუდობდნენ. ამაზე პასუხი ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ გასცა, რომელიც არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ იმ თემატურ ჯგუფში მუშაობდა, რომელიც ტარიფს ითვლიდა.
„ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრი სრულად ინფორმირებული არ იყო, ანაც მიზანმიმართულად იყო ინფორმირებული. ზოგადად, წინასაარჩევნო პერიოდში ტარიფების განახევრება არც არასდროს თქმულა. საუბარი იყო გაზის ტარიფის განახევრების შესაძლებლობაზე, თუმცა, ციფრები არც მაშინ არ დასახელებულა.
რაც შეეხება დენის ტარიფს, აქ გაცილებით ფრთხილი მიდგომა უნდა. წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე თემატურ ჯგუფში ამ თემაზე სერიოზული კონსულტაციები ჩატარდა საუკეთესო ენერგეტიკოსებთან. მათ დაასაბუთეს, რომ ელექტოენერგიის ტარიფი 10 თეთრის ფარგლებში, უფრო სწორად, ზამთრის სეზონზე 10,8 თეთრი და ზაფხულში 9,4 და 9, 5 თეთრი სრულიად შესაძლებელია.
ჩვენ არავის ბრალდებებს არ ვუყენებთ. უბრალოდ, არ გვინდა დავრჩეთ უჭკუო და ბოთე ხალხის როლში, რომელსაც გათავხედებული ჯგუფები ამდენი წელია ათამაშებს.
სამწუხაროდ, ახალ ხელისუფლებაშიც გაჩნდა ხალხი, რომელთაც მუქთა ფულის ხელიდან გაშვება არ უნდა და ამიტომ, პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ტარიფების მნიშვნელოვნად შემცირება არ შეიძლება.
ვიმეორებ, ყველაფერი, რაც ბატონმა ივანიშვილმა ტარიფებთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ თქვა, იყო აბსოლუტურად სწორი. არანაირი პროპაგანდისტული მიზნები მას არ ჰქონდა“- განაცხადა დემურ გიორხელიძემ მედიასთან საუბრისას. ის ასევე გვპირდება, რომ კვირის ბოლოსთვის იმ ზუსტ გათვლებს შემოგვთავაზებს, რომელშიც დასაბუთებული იქნება ყველაფერი. რატომ და როგორ არის შესაძლებელი ელექტროენერგიის 11-თეთრიანი, ხოლო ბუნებრივი გაზის 36-თეთრიანი ტარიფის მიღება, ამ თემაზე დემურ გიორხელიძე გვესაუბრება.
ბატონო დემურ, თქვენ თქვით, რომ მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებმაც პრემიერ-მინისტრს არასათანადო ინფორმაცია მიაწოდეს...
- მთავრობის წევრებზე კი არა, გავლენის ჯგუფებზე, მის გარემოცვაზე იყო საუბარი, რომლებიც არასწორ ინფორმაციას აწვდიან.
ანუ თქვენ ამბობთ, რომ პრემიერამდე შეგნებულად არ მიიტანეს რეალური ინფორმაცია?
- ეს განცხადება მას შემდეგ გავაკეთე, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ტარიფების შემცირება ვერ მოხერხდებაო. ცხადია, მას ეს ინფორმაცია ვიღაცამ მიაწოდა. უთხრეს, რომ თითქოს, რაღაც ვალდებულებები იყო აღებული. ყველა ვალდებულება ცნობილი იყო, როდესაც ჩვენ დავთვალეთ ტარიფი - ელექტროენერგია 10-11 თეთრის ფარგლებში იყო. ჰაერზე ხომ ვერ გავაკეთებდით ამას? გაზის ტარიფის განახევრებაზეც იყო ლაპარაკი, მისი განახევრება პლუს-მინუსით იყო შესაძლებელი, ზუსტი ციფრი არ მითქვამს.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, შეგიძლიათ გვითხრათ რა კომპონენტების გამოთავისუფლებაზეა საუბარი?
- ამ კვირის ბოლოს განთავსდება ინტერნეტში ჩვენი სტატია, წაიკითხეთ და ნახავთ ყველაფერს.
მანამდე ეგებ გვითხრათ, რა კომპონენტებზეა საუბარი...
- არაფერს არ გეტყვით, კვირის ბოლოს გამოქვეყნდება და ნახავთ. დავდებ ზუსტ გაანგარიშებას თავისი ტერმინილოგიით და ნახავთ, რაზეც არის ლაპარაკი.
რაც შეეხება გაზის ტარიფს, გია ხუხაშვილი აცხადებდა, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაციას აქვს აღებული უამრავი ვალდებულებები. როდესაც ტარიფს ითვლიდით, მაშინ თუ იყო ცნობილი, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაცია აფინანსებდა პარლამენტის მშენებლობას, ყიდულობდა ტრაქტორებს და პლუს, ევრობონდების მომსახურება უწევდა...
- იცით რა არის? ეს არის 100%-ით სახელმწიფოს შექმნილი, მთლიანად სახელმწიფო კომპანია და ფაქტობრივად, თუ რაიმე სახელმწიფო დავალებას ასრულებდა, ეს არ შეიძლება იყოს ისეთ ვალდებულებებში გადატანილი, როგორიც მაგალითად, შეიძლება იყოს საერთაშორისო ვალდებულებები.
ეს არის სახელმნწიფო კომპანია და ერთი ჯიბიდან მეორეში გადაიტან თუ არა ფულს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, არც ერთი ჯიბიდან შენი მოქალაქეებიდან ზედმეტი თანხა, რომელიც ამოგაქვს, არ ამოიღო.
გამოვაქვეყნებ სტატიას, დაჯექით და წაიკითხეთ - ეს არის ელემენტარული, ეს სადავოც არ არის, სალაპარაკო თემაც არ არის. ნახავთ, რა ხარჯებია, რა უნდა იყოს, რამდენი და რატომ გამოიყვანეს 50 თეთრი.
ისეთი მუხლია ჩადებული ტექნიკურ დანახარჯებსა და ავარიულ ხარჯებზე, რომ მთელი თბილისი გაზით უნდა იყოს გაჯერებული და ასანთის ერთი გაკვრით ჰაერში უნდა ავიდეს. ეს დამალულია ადამიანებისთვის, ზოგმა არ იცის, ტექნიკური პარამეტრები როგორია. 10-12% გაზი რომ იკარგებოდეს, თბილისში ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა.
ის ხელშეკრულება, რაც აზერბაიჯანულ მხარესთან გაფორმდა, როგორც ითქვა გასაიდუმლოებული იყო და მასზე ხელი არავის მიუწვდებოდა. თუ გაქვთ ინფორმაცია, მასში რაზე იყო საუბარი და რა ვალდებულებები ჰქონდა აღებული ქართულ მხარეს?
- გასაიდუმლოებული ვერ იქნება ვერაფერი. სულ არ მჭირდებოდა ეს ხელშეკრულება, რომც არ მცოდნოდა. ერთი, რომ ხელი მიმიწვდება იმ ინფორმაციაზე, მერე მეორეც, ჩვენ ზუსტად ვიცით, რა რაოდენობის გაზი უნდა ვიყიდოთ ქვეყნის გარეთ.
ერთია ის, რაც გვეკუთვნის მომსახურების სანაცვლოდ. რომ ამბობენ უფასო გაზიო, ეს რუსეთიდან სომხეთში გაზი რომ მიედინება, მისი ტრანსპორტირების ხარჯებია, ოღონდ ფულის ნაცვლად გაზის სახით გვიტოვებენ.
ბაქო-ჯეიჰანიდან 5% უფასოდ რომ გვეკუთვნის, უფასო კი არა მიწის არენდაა ფაქტობრივად. კიდევ შეღავათით გვაძლევენ 5%-ს და ამის გარდა, კიდევ რჩება მოცულობა, რაც უნდა ვიყიდოთ ღია ბაზარზე.
ეს კომპონენტები დათვლადია. ღია ბაზარზე შენ საერთაშორისო ფასი იცი და შენმა ხელისუფლებამ მთლად სისულელე ხელშეკრულებები რომ აფორმოს, იცი, იმაზე მეტი არ შეიძლება იყოს ნაყიდი გაზის ღირებულება, ვიდრე ეს საერთაშორისო ბაზარზე ღირს.
ასე იქნება თუ ისე, ყველაზე მაქსიმალური ფასიც რომ ჩაედო საქართველოს ხელისუფლებას იმ მილიარდ კუბურ მეტრზე, რომელსაც გარედან ვყიდულობთ, 36 თეთრზე მეტი ვერ გამოვიდოდა.
როდესაც გაზი 35 თეთრი ღირდა და მისი ფასი 50,5 თეთრამდე გაიზარდა, მაშინ რა დასაბუთება არსებობდა თუ განმარტა ვინმემ?
- ვერანაირი გონივრული დასაბუთება ვერ მოხდება ვერც ელექტროენერგიის დღევანდელი ტარიფის და ვერც გაზის ტარიფის - არ არსებობს ასეთი დასაბუთება.
7 თვე ვითვლიდით ჩვენ და ეს მხოლოდ მომსახურების დასაბუთება კი არ არის, ამაში გათვალისწინებული უნდა იყოს პერსპექტივა, როგორია შენი ინფრასრტუქტურა, რა არის შესაცვლელი.
ტარიფი მუდმივი არ არის ის თამაშობს, ის სეზონური შეიძლება იყოს. ისიც ვთქვი, რომ სადღეღამისო ტარიფი რომ იყოს, ცუდი სულაც არ იქნება.
ყველაფერი სწორად დავთვალეთ. ბევრი ენერგეტიკოსი შემეხმიანა, სხვათა შორის და მითხრა, რომ ოპტიმალური ტარიფი იყო გამოყვანილი. დიახ, ოპტიმალური ტარიფი დავთვალეთ. ამას ხომ ვიღაცის წინააღმდეგ არ ვაკეთებდით, ჩვენ გვინდოდა, პროფესიულ დონეზე გვენახა, რა იქნება გონივრული ტარიფი, როდესაც გენერაციაც და გადაცემა-დისპეჩერიზაციაც და დისტრიბუციაც მომგებიანი იქნება.
არ შეიძლება ისინი წამგებიანი იყოს, ისინი რენტაბელიური უნდა იყოს, რადგან უამრავი რამ არის გასაკეთებელი. 11 თეთრი არ არის მცირე ტარიფი. ვერც გვექნება მცირე ტარიფი, რადგან 20-ე საუკუნის გაზისა და ელექტროგაყვანილობა გვაქვს, რომელიც უნდა შეცვალო. ამიტომ ვერ გავაკეთებდით პოპულისტურ ტარიფს, გავაკეთეთ ის, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია.
ერთი, რომ მოსახლეობამ უნდა იხადოს გონივრული ფასი და მეორეც - სტრუქტურაც ნელ-ნელა უნდა გაუმჯობესდეს. საქმე ის არის, რომ ინფრასტრუქტურაში ფული ამ მაღალი ტარიფის პირობებში არ წასულა და ეს ყველაფერი გასაკეთებელია.
იცის ვინმემ სად მიდიოდა ეს თანხები?
- სად მიდიოდა და ყველაფერი კონცენტრირებულია დისტრიბუციის ნაწილში. რა მოხდა ასეთი თბილისში, ხაზები შეიცვალა თუ რა მოხდა? თავისი აღრიცხვიანობა გააკეთეს და ამის გულისთვის 3 თეთრი უდევთ ტარიფში. სად გაგონილა ამის მაგვარი, რომ თელასი 100-150%-იანი მოგებით მუშაობს. ამას ვინ აკეთებს მსოფლიოში? - ეს მარტო თბილისში გააკეთეს.
თუ ასეა, მაშინ ტარიფში უკვე სისხლის სამართლებრივი ნიშნები იკვეთება...
- ყველაფერი დაიდება. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება, საჯარო უნდა იყოს. ყველა პუნქტი, რაც შედის ტარიფში, მოქალაქემ უნდა იცოდე