საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო ინოფრმაციები ვრცელდება უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით. ოფიციალური მონაცემები ჯერ არ არსებობს და ახლო მომავალში არც იქნება. თუმცა, ტენდენცია მალე გამოჩნდება, როდესაც რამდენიმე დღეში „საქსტატი“ მესამე კვარტლის შედეგებს გამოაქვეყნებს.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის თქმით, არასტაბილურობა და გაფიცვები ბიზნეს-გარემოზე ცუდ ზეგავლენას ახდენს.
„საქართველოს ეკონომიკა, ძირითადად, უცხოურ კაპიტალზეა დამოკიდებული, თუ ინვესტორები დაფრთხებიან, დეფიციტი წარმოიქმნება და ლარის გაუფასურება დაიწყება. ამ ორი თვის განმავლობაში, არც ერთი უცხოური ინვესტიცია არ შემოსულა და ჩემი პროგნოზით, ეს სიტუაცია უახლოესი 3 თვის განმავლობაში არ გამოსწორდება.
დრო არ ითმენს, მთავრობამ სასწრაფოდ სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს, თუმცა მმართველი გუნდიდან ბიზნესთან თანამშრომლობის არანაირი ინიციატივა არ მოდის. ძველი მთავრობა ყოველთვის მზად იყო ინვესტორებთან შესახვედრად, ახალი მთავრობა კი არც ტელეფონის ზარებს პასუხობს და არც ელექტრონულ წერილებს“, - აცხადებს ფადი ასლი.
ფადი ასლი ამბობს, რომ თურქი ინვესტორები, რომლებსაც ძველ მთავრობასთან ენერგეტიკულ პროექტებზე მემორანდუმები უკვე გაფორმებულები ჰქონდათ, დღეს საქართველოთი აღარ ინტერესდებიან. ერთ-ერთმა თურქულმა კომპანიამ კი საქართველოს მთავრობის ახალი სატარიფო პოლიტიკის ფონზე ქვეყანაში ჰესის მშენებლობა გადაიფიქრა და ინვესტიციის განხორციელება მაკედონიაში დაიწყო.
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში თურქული ინვესტიციების შეჩერების ფაქტებს უარყოფენ. მათი ინფორმაციით, უკვე შეთანხმებული პროექტები ავტომატურ რეჟიმში გრძელდება. აჭარის სავაჭრო პალატაში არ ფლობენ ინფორმაციას იმ თურქულ კომპანიაზე, რომელმაც ქვეყანა დატოვა.
ექსპერტები განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ იმაში, რომ წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდში უცხოური კაპიტალის შემოდინება შემცირდა. მათი აზრით, ეს ბუნებრივი პროცესია, მთავარია, ახლა რა პოლიტიკას გაატარებს ინვესტორების დასაინტერესებლად „ოცნების“ ხელისუფლება.
სტატისტიკის ექსპერტი სოსო არჩვაძის თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია იცვლება, უცხოელი ბიზნესმენები იქ ფულის დაბანდებისგან თავს იკავებენ, უფრო ზუსტად კი ფრთხილობენ.
„2008 წლის მეორე ნახევარში ქვეყანაში 3-ჯერ ნაკლები უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე წლის პირველ ნახევარში. მაშინ ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ომის შემდეგ უცხოურმა ბიზნესმა ფულის დაბანდებისას დიდი სიფრთხილე გამოიჩინა. ამ შემთხვევაშიც, როდესაც პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა, დიდი ალბათობაა, რომ ინვესტიციების მოცულობა შემცირებულიყო.ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია და თანაც, ახლა, ნებისმიერი პროგნოზი დიდ რისკთანაა დაკავშირებული. რა იქნება მომავალში, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ იმუშავებს ახალი ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოელ ბიზნესმენებთან.
დამატებით გასათვალისწინებელია მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. დღეს მსოფლიო ეკონომიკა რეცესიაშია. ასეთ შემთხვევაში, ბინზესი არ არის დაინტერესებული, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში ფული დააბანდოს და საქმიანობა დაიწყოს“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ პრესასთან საუბრისას.