კიევი, უკრაინა – საქართველოს მიმავალმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მოკავშირეების დაპატიმრებები სხვა არაფერია, თუ არა იმის ნიშანი, რომ ახალი მთავრობა „კუნთებს ათამაშებს“, მაგრამ ეს ზეწოლა ქვეყანას დემოკრატიის გზიდან გადახვევის საფრთხეს უქმნის.
ამერიკელი და ევროპელი ჩინოვნიკები მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ახალ მთავრობას მოუწოდებენ შეწყვიტოს ბოლოდროინდელი შერჩევითი დევნა პროდასავლელი სააკაშვილის მოკავშირეების. ათზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსანი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ჩათვლით, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ივანიშვილის კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გასულ თვეში არჩევნების გზით სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა. სააკაშვილი ივანიშვილთან ძალაუფლებას მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაიზიარებს. ორი ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილი კენჭს ვეღარ იყრის.
2004 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სააკაშვილმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საქართველო, დაახლოებით 4,5 მილიონი მოსახლეობით, დასავლეთის ერთგულ მოკავშირედ აქცია და დემოკრატიული ნაპერწკალი გააღვივა იმ რეგიონში, სადაც ავტორიტარი მმართველები დომინირებდნენ, მაგრამ ეს დაჭერები იმის საშიშროებას ქმნის, რომ საქართველო უკრაინის მსგავსად უკან დაიხევს, უკრაინისა, რომლის ევროპასთან ინტეგრაციაც ფაქტობრივად შეჩერებულია მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერმინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი დააპატიმრეს.
მიუხედავად ამისა, ბატონმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ მისმა მთავრობამ მაღალი დონის დემოკრატიული სტანდარტები დაამკვიდრა, და ამ გზიდან არც ახალი მთავრობა გადაუხვევს.
„ეს კუნთებით თამაშის მოკლევადიანი მცდელობაა, ახალი მთავრობის მხრიდან იმის დემონსტრირება, აი როგორი ძლიერები ვართო, მაგრამ ეს არ იმუშავებს“, განუცხადა Wall Street Journal-ს ბ-ნმა სააკაშვილმა, სამშაბათს, კიევში გამართული ფორუმის კულუარებში, „ხალხი ახალ მთავრობას დაპირებების შესრულებას მოსთხოვს“.
ფილიპ გორდონმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში, 17 ნოემბერს ბატონი ივანიშვილის მთავრობას მოუწოდა, ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ ანგარიშსწორებას არ მიმართოს. „არავის სურს იმის დანახვა ან ისეთი შთაბეჭდილების ჩამოყალიბება, რომ ეს ანგარიშსწორებაა პოლიტიკური მეტოქეების მიმართ და არა კანონის უზენაესობა“, განუცხადა მან ჟურნალისტებს ქვეყანაში მოგზაურობის დროს.
ბატონმა ივანიშვილმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ შერჩევით მართლმსაჯულებას ადგილი არ ექნება და შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები კანონის შესაბამისად განიხილება.
foreignpress.ge