საქართველოს მთავრობა არასწორ გზას ადგას

საქართველოს მთავრობა არასწორ გზას ადგას

სარედაქციო წერილი

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კოალიციის გამარჯვება საქართველოში, და მმართველი პარტიის მხრიდან დამარცხების სწრაფი აღიარება, პოსტსაბჭოთა ევრაზიაში დემოკრატიის იშვიათი ტრიუმფი იყო. მაგრამ ამ მოვლენებმა მნიშვნელოვანი კითხვაც გააჩინა: გახდება თუ არა ეს პატარა შავი ზღვის სანაპირო ქვეყანა პოლიტიკური პლურალიზმის მოდელი ავტორიტარი მმართველების რეგიონში, თუ უკრაინის გზას დაადგება, სადაც ლიბერალური მთავრობის მარცხს მისი ლიდერების დაპატიმრება და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ უკანდახევა მოჰყვა?

სამწუხაროდ, ახალ რეჟიმს, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, ამ კითხვაზე წინასწარი პასუხის გასაცემად დიდი დრო არ დასჭირდა. ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში, ახალმა მთავრობამ სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენა წინა ადმინისტრაციის 20-ზე მეტ მაღალჩინოსანს, მათ შორის თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრებს და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს.

მართლია, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომლის ვადაც მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იწურება, გააიოლა ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი, მაგრამ ბ-ნმა ივანიშვილმა არაერთხელ მოითხოვა მისი გადადგომა, მიანიშნებდა რა, რომ მასთან ასოცირებული პირების დევნა გაგრძელდება მანამ, სანამ ის ამას არ გააკეთებს. ახალი საპარლამენტო უმრავლესობა ამცირებს პრეზიდენტის ოფისის ხარჯებს და ოპოზიციის წევრების გადაბირების მიზნით, მათზე ზეწოლას ახდენს. ხდება ყოფილი მთავრობის მიმართ სიმპათიით განწყობილი მედიის დაშინება.

ბ-ნი ივანიშვილი ქართველებს დაჰპირდა, რომ განაგრძობდა ბ-ნი სააკაშვილის სტრატეგიას და ქვეყნის წაყვანას ევროკავშირსა და ნატოში სრულუფლებიანი წევრობისკენ. დღემდე, ევროკავშირის, ნატოს და შეერთებული შტატების ჩინოვნიკების მხრიდან გაფრთხილებებს „პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ ანგარიშსწორების ნაცვლად კანონის უზენაესობაზე“ ფიქრის შესახებ, როგორც ეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონმა აღნიშნა, ჯერჯერობით, როგორც ჩანს, შედეგი არ აქვს. საპირისპიროდ, ბ-ნი ივანიშვილის მოკავშირეები საუბრობენ საქმეების წარმოებაზე ისეთი ფიგურების წინააღმდეგ, როგორებიც არიან ყოფილი პრემიერმინისტრი, დედაქალაქ თბილისის მერი და სხვები.

საქართველოს ახალი მთავრობა ამბობს, რომ ისინი იძულებულნი არიან შეისწავლონ ის საქმეები, რომელიც წინა მთავრობის პასუხისმგებლობის თვალსაზრისით დაგროვდა, მთავრობისა, რომელსაც თავის მხრივ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდნენ – და შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ყოფილი ჩინოვნიკი მართლაც დამნაშავეა. მაგრამ გარკვეული საქმეები ფოკუსირებულია შედარებით ნაკლებ კანონდარღვევებზე ან ისეთ ბრალდებებზე, რომელიც ბოლოდროინდელი საარჩევნო კამპანიის ბინძურ ტრიუკებს უკავშირდება. ბ-ნი ივანიშვილი რომ სერიოზულად გეგმავდეს დაანახოს დასავლურ მთავრობებს, რომ საქართველო მათ რიგებშია, ის უარს იტყოდა ამგვარ საქმეებზე და ყურადღებას გაამახვილებდა ეკონომიკაში უცხოელი ინვესტორების ნდობის აღდგენაზე, რაც არჩევნების შემდეგ შემცირდა.

გასულ კვირაში პრემიერმინისტრად გადაქცეულმა მაგნატმა განაცხადა, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში გადაიდო, რაც კარგია. ვიდრე ის ოპოზიციურ ლიდერებს აპატიმრებს და ძალაუფლების მონოპოლიზებას ცდილობს, საქართველოს ახალ ლიდერს ვაშინგტონში არ უნდა მიესალმებოდნენ.
foreignpress.ge