„40%-იანი ჩამკეტის ნაცვლად, ჯობია პარტიულ სიაში ერთი კაი, ასპროცენტიანი „ჩამკვეტი“ შემოიღონ - გუბაზი რავარი ჩასაკვეტებელია?“

„40%-იანი ჩამკეტის ნაცვლად, ჯობია პარტიულ სიაში ერთი კაი, ასპროცენტიანი „ჩამკვეტი“ შემოიღონ - გუბაზი რავარი ჩასაკვეტებელია?“

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. კონსტიტუციურ პროექტში აღნიშნულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით და პარლამენტში აირჩევა – 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ახალი ცვლილებები ითვალისწინებს, რომ პროპორციული არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.

დოკუმენტში საუბარია ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმზე. გარდა ამისა, პროექტში მითითებულია, რომ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთანავე პარლამენტში შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომლის შემდეგ დაიწყება საკონსტიტუციო ცვლილების სახალხო განხილვა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს ხელს უმრავლესობის 85 წევრი აწერს. მისი თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის ფორმატთან დაკავშირებით, მმართველ გუნდს ოპოზიციასთან კონსულტაციები ექნება.

„როგორც პროცედურა ითვალისწინებს, პირველ რიგში, საპროცედურო კომიტეტს გადაეცა ეს საკითხი და უახლოეს დღეებში იმსჯელებს ამ ხელმოწერების ნამდვილობაზე. ეს არის პროცედურული დეტალი, რაც აუცილებელია, რომ კონსტიტუციურმა პროექტმა გაიაროს და უკვე მომდევნო კვირას პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და შექმნის საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიას. კონსტიტუციური ცვლილება ითვალისწინებს, ერთი თვის განმავლობაში საყოველთაო სახალხო განხილვების ჩატარებას და ეს პირობა აუცილებლად შესრულდება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს „ევროპული საქართველო“, კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ, რათა შეთანხმების რეალიზაცია მოხდეს. როგორც გიგა ბოკერია აცხადებს, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში, მათთვის ერთი ბუნდოვანებაა ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გაუგებარია სად მიდის და რა შედეგის მქონე პარტიაზე ვრცელდება ის ხმები, რომელიც მაღალი მხარდაჭერის პარტიას გარკვეული ოდენობის მანდატების შემდეგ აკლდება.

„როცა გავიგეთ, რომ თბილისს აშკარად აკლდებოდა არასამართლიანად ამომრჩევლების რაოდენობიდან გამომდინარე ადგილი, კარგია, რომ ეს საკითხი მოგვარდა. თვითონ ბლოკების საკითხს რაც შეეხება, უცნაური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ არის არსებითი საკითხი და ამიტომ „ევროპული საქართველო“ ამ საკითხზე არ ვაპირებთ განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას. როგორც შემოგვთავაზეს იყოს ასე. არის ერთი ბუნდოვანება, რომელიც შეეხება ე.წ. 40% -იან ჩამკეტს. გაუგებარია სად მიდის, რომ აკლდება ის ხმები? რა შედეგის მქონე პარტიაზე ვრცელდება? მაგრამ მაინც არსებითია, რომ შეთანხმება ყველა მიმართულებით შესრულდეს“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გიგა ბოკერიას ურჩევს, საარჩევნოს სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი წაიკითხოს. მისი თქმით, პროექტში ზედმეტი მანდატების განაწილების შესახებ ნათლად არის მითითებული.

„ცვლილებების მეორე პრიმა მუხლის მესამე პუნქტში წერია, რომ ე.წ. ჩამკეტის ამოქმედების დროს, როცა მანდატების რაოდენობა გადაცდება ამ ჩამკეტით გათვალისწინებულ რაოდენობას, ზედმეტი მანდატები გადანაწილდება დანარჩენ პარტიებზე პროპორციულად. ეს მარტივი რამ წერია.

მარტივად რომ ვთქვათ, თუ მაგალითად, შეიძლება, პარტიამ მოიპოვოს მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების დროს 79 მანდატი, ხოლო ჩამკეტი არის 76, სამი მანდატი მას მოაკლდება და დანარჩენ პარტიებზე პროპორციულად გადანაწილდება. რა თქმა უნდა, ეს აკლდება პროპორციული სიიდან, მაჟორიტარებს არ შეეხებათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეიძლება ითქვას, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსობრივ ნაწილზე თანხმობაა, თუმცა ამ ეტაპზე ისევ გაურკვეველია იმ პატიმრების ბედი, რომლებიც ოპოზიციის მტკიცებით პოლიტიკური მოტივით არიან დაკავებული. რომან გოცირიძის განცხადებით, თუ პოლიტპატიმრების გამოშვების კუთხით ნაბიჯები არ გადაიდგა, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ. მისივე თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კანონპროექტის დარეგისტრირებით შეთანხმების ერთი ნაწილი შესრულდა და ახლა დღის წესრიგში რჩება მეორე - პოლიტპატიმრების გათავისუფლების - საკითხი.

„კანონპროექტში ბოლო შენიშვნები, რაც ეხებოდა ოლქების განაწილებას და საარჩევნო ბლოკებს, გათვალისწინებული იქნა. ამიტომ შეთანხმების ერთი ნაწილი ბოლომდე შესრულებულია. კანონპროექტი მთლიანად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის დადებული შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს მხარე შესრულებულია. ახლა დარჩა მეორე მხარე - პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გამოშვება. მხოლოდ ამ ნაწილის შესრულების შემდეგ დავუბრუნდებით საპარლამენტო მუშაობას.

თუ მანამდე არ იქნა გადადგმული ნაბიჯები პოლიტპატიმრების გამოშვებასთან დაკავშირებით, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ. როდესაც ელჩების განცხადებაში პრეზიდენტი იყო ნახსენები, ბუნებრივია, ეს იყო შეწყალების მექანიზმზე მინიშნება. როდესაც ელჩების განცხადებაში საუბარი იყო სასამართლო სისტემის პოლიტიზირებაზე, ესეც მინიშნებაა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში მონაწილეობას მიიღებს „პატრიოტთა ალიანსი“. ირმა ინაშვილის განცხადებით, ჯობდა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მაგრამ შემოთავაზებული ცვლილება 120/30-ზე ჩამკეტი მექანიზმით ამ ეტაპზე იძლევა იმის საშუალებას, რომ გაიზარდოს სიითი, პროპორციული ნაწილი და მას მეტი ჟანგბადი მიეცეს.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ პროცესში განხილვის დროსაც კონკრეტულ ცვლილებებს შეიტანს. ეს დისკუსიის საგანია. საბოლოო ჯამში დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს, მივიღებთ ამ კანონპროექტს და არ მოხდება რაიმე ტიპის იმპროვიზაციები, რაც ახასიათებს ხოლმე „ქართულ ოცნებას“. ჩვენმა პარტიამ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირება უკვე შეწყვიტა.

ჩვენ პარლამენტს დავუბრუნდით, რადგან რის გამოც ბოიკოტის რეჟიმზე გადავედით უკავშირდებოდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას. ეს ცვლილება უმრავლესობამ განახორციელა. ჩვენ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. ახლა უკვე საყოველთაო განხილვის პროცესშიც მივიღებთ მონაწილეობას, საპარლამენტო დებატებშიც, პლენარულ სხდომებშიც, დისტანციური იქნება, თუ არადისტანციური“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია გაუგებარია ვიცე-სპიკერისთვის. როგორც გია ვოლსკი აცხადებს, საფუძვლიანი ეჭვია, რომ არჩევნები არ წარმოადგენს ოპონენტების ინტერესს. ვიცე-სპიკერის განცხადებით, ოპონენტების ინტერესია, დესტრუქცია და იმ სცენარის განვითარება, რასაც სააკაშვილი მოკავშირე პარტიებს მოუწოდებს.

„თუ პოლიტიკური ბოიკოტი გაგრძელდება, დამატებითი არგუმენტი იქნება ჩემთვის, განვაცხადო, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც დემოკრატიული არჩევნების გზით არ მიდის. საპარლამენტო ბოიკოტი უნდა შეწყდეს, რადგან ეს ქვეყნისთვის აუცილებელია. უმრავლესობის სახელით ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი პოზიციაა, რომ დიდი კითხვის ნიშანი და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმისა, არჩევნები არ წარმოადგენს ჩვენი ოპონენტების ინტერესს. მათი ინტერესია, დესტრუქცია და იმ სცენარის განვითარება, რასაც მიხეილ სააკაშვილი თავის მოკავშირე პარტიებს მოუწოდებს. მათ ამოცანას სჯობს არჩევნები, შეთანხმება, სტაბილურობა და სიწყნარე. ამ ვითარებაში გამარჯვების პერსპექტივა არ გააჩნიათ. თუ პოლიტიკური ბოიკოტი გაგრძელდება, დამატებითი არგუმენტი იქნება ჩემთვის განვაცხადო, რომ ეს არის დესტრუციული ძალა, რომელიც დემოკრატიული არჩევნების გზით არ მიდის“, -განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერის პოზიციას იზარებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის შეფასებით, ჩამკეტი მექანიზმი ხელოვნური გამოდის. ხელოვნურად ზღუდავს მანდატების რაოდენობას, არა ხმებზე დამოკიდებულს ხდის, არამედ რაღაცა მანიპულაციის შედეგად შეიძლება იმდენი მანდატი ვერ მოიპოვო, რამდენი ხმაც მიიღე არჩევნებზე.

„ეს არასწორია, გაუმართლებელია. არავითარი გამართული იურიდიული ლოგიკა ამის უკან არ დგას, გარდა პანიკური შიშისა, რომ ვაი, თუ არ მოხდეს ისე, რომ ამ მაჟორიტარულმა არჩევნებმა პროპორციული შედეგები არსებითად შეცვალოს. რადგან შერეული სისტემის პრინციპი შეთანხმებულია, ეს შიშებიც უნდა დაიძლიოს. რაც უნდა თქვას ოპოზიციამ, ეს მაინც აღიქმება როგორც სპეკულაციები, საპროტესტო მუხტის განწყობების შენარჩუნებისთვის. რეალური საფუძვლები ამას არ აქვს.

40%-იანი ჩამკეტის ნაცვლად, ჯობია პარტიულ სიაში ერთი კაი ასპროცენტიანი „ჩამკვეტი“ შემოიღონ - ადრე რომ მაჟორიტარი იყო, ახლა უადგილოდაა, რადგან თავისი ოლქიც აღარ აქვს, სიაშიც გამსვლელ ადგილას ვერ წერენ და საცხა მაინც „ჩააკვეტებს“. ერთი ორი კარგი „ჩამკვეტი“, მარკშეიდერისა არ იყოს, როგორ არ უნდა ჰყავდეს აბა კაი გვარიან პარტიას?! მით უმეტეს - პარტიათა ბლოკს. აბა იქ იქნება სიაში ამდენი უადგილო ჩასაკვეტებელი, თუ იქნება. თან ზოგი, მაგალითად - გუბაზი, რავარი ჩასაკვეტებელია?“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, რომ თუ პოლიტპატიმრების გამოშვებასთან დაკავშირებით შესაბამისი ნაბიჯები არ იქნა გადადგმული, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ამაზე ზარდიაშვილი ამბობს, რომ თუ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, ეს მხოლოდ მათ დააზარალებს საერთაშორისო ასპარეზზე.

„მთავარი არის ის, რომ „ოცნების“ ყველა დეპუტატმა, გარდა ერთისა, კახა ოქრიაშვილისა, რომელმაც შეიძლება წინააღმდეგ მისცეს ხმა, ყველამ ერთხმად უნდა დაუჭიროს მხარი, რომ მმართველი გუნდის ბრალეულობა გამოირიცხოს. ოპოზიცია თუ გატეხავს თავის სიტყვას, თავის თავს დააბრალონ. ცხადი გახდება ის, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია - მათ არ უნდათ არჩევნები. მათი მიზანია დესტრუქცია. იმ შემთხვევაში, თუკი მონაწილეობას არ მიიღებ სახალხო განხილვაში და ასევე კენჭისყრაში, მიიღებენ დიდ რეპუტაციულ დარტყმას. იმიტომ, რომ მათ უკვე თქვეს, რომ ამ მოდელს ვეთანხმებითო.

რაც შეეხება „პოლიტპატიმრებს“ ასეთი არ არსებობს. დღეს საქართველოში არც ერთი პოლიტიკური პატიმარი არ არის. შესაბამისად, ეს თემაც ძალიან ხელოვნურია, შეთხზული ამბავია. ყველა მათგანს, ვინც მსჯავრდებულია, ან სასამართლოს ელოდება, რა თქმა უნდა, საფუძვლიანი ბრალდება აქვს წაყენებული. დიახ, საფუძვლიანად აქვს იგივე უგულავას მისჯილი. თუ სამართლებრივი პროცესის მიმართ ნდობა არ აქვს ვინმეს, კი ბატონო, არსებობს უფლებების დაცვის სხვა მექანიზმები, მათ შორის სტრასბურგის სასამართლო.

არ შეიძლება ეს საკითხი პოლიტიკური მორიგების საგანი იყოს. თუ აშკარაა და მართლა პოლიტიკურ დევნასთან გვაქვს საქმე, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ესეც ხდება ძალიან გამონაკლის შემთხვევაში, როგორც 2012 წელს მოხდა, როდესაც პარლამენტმა ამნისტიის საფუძველზე გაანთავისუფლა პოლიტპატიმრები, რასაც მაშინ პარლამენტის გადაწყვეტილება დასჭირდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

 

tngh "ნაც-ოპოზიცია" ნერვიოლობს. შესანისნავად უწყის, რომ ნებისმიერი სისტემით ჩატარებულ არჩევნებს პირწმინდად წააგებს "ოვნებასთან". ვფიქრობ "პატრიოტთა ალიანსიც" დიდ კონკურენციას გაუწევს მათ...
4 წლის უკან
tngh "ნაც-ოპოზიცია" ნერვიოლობს. შესანისნავად უწყის, რომ ნებისმიერი სისტემით ჩატარებულ არჩევნებს პირწმინდად წააგებს "ოვნებასთან". ვფიქრობ "პატრიოტთა ალიანსიც" დიდ კონკურენციას გაუწევს მათ...
4 წლის უკან