„გლუქსმანები სერიოზულ გავლენას ფლობენ ფრანგულ მედიაზე“

„გლუქსმანები სერიოზულ გავლენას ფლობენ ფრანგულ მედიაზე“

თბილისის მერი პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს თავს და აცხადებს, რომ საგადასახადო შემოსავლების სამსახურის მიერ, მერიის სამსახურების შემოწმების საქმეს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით კი „ეს ხალხი მიეჩვია, რომ რაღაც ჯგუფებს აყალიბებდნენ და დღესაც ცდილობენ, ასე მართონ ქვეყანა, სამართალდამცავების ნებისმიერ ქმედებას კი პოლიტიკურ აქტად აფასებენ. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურს, გამოვიდა ჭორი, რომ იქ ძალიან ბევრი ზონდერი ჰყავდათ გაფორმებული. ეს შემოწმება არის ნორმალური ფორმა, იმიტომ არსებობენ ეს სამსახურები, რომ შეამოწმონ“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

თბილისის მერი ადგილობრივ თვითმმართველობებზე ზეწოლაზეც საუბრობს, ევროკავშირის ელჩი კი კვლავ თანამშრომლობისკენ მოუწოდებს ძველ და ახალ ხელისუფლებას და აცხადებს, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება უშედეგო და საზიანო ჩხუბში არ უნდა ჩაებან. დიმიტროვის განმარტებით, ყოველთვის არის დიდი სურვილი ცენტრალური მთავრობის მხრიდან, რომ მკაცრად დააკვირდეს რა ხდება სხვადასხვა ადგილას, თუმცა კოჰაბიტაცია აუცილებელია. რას ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ თემაზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

ბატონო სოსო, გიგი უგულავა ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. ირიბად, მაგრამ, მას მხარი აუბა ევროკავშირის ელჩმაც, როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა დედაქალაქის მერისთვის ასეთი ტრაგიკული მისი სამსახურის ფინანსური შემოწმება?

- მოწმენი ვართ ვითარებისა, როდესაც ორი პოლიტიკური ძალის მხრიდან ერთ შემთხვევაში საერთაშორისო ლობისტური კომპანიების დაფინანსება მიმდინარეობს, ხოლო მეორე მხარემ ასეთი საქმიანობა შეწყვიტა. ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ წინმსწრებად ირწმუნა სამართლიანობა ჩვენს პლანეტაზე და ჩათვალა, რომ თუ ისინი მართლები არიან საკუთარი სინდისისა და მოსახლეობის წინაშე, ამ შემთხვევაში სიმართლეს თავისთავად დაინახავს უცხოეთის საზოგადოება.

მითუმეტეს, თუ ისინი აღმოჩნდებიან კვლავ ლობისტური კომპანიების, არც თუ სამართლიანი, კამპანიის ზეწოლის ქვეშ, სწორედ ეს სიტუაციაა დღეს. როდესაც საქართველოს საშიშროების საბჭო ჰყავს და არა უშიშროების, როდესაც საქართველოს არა მმართველი ძალის, არამედ ოპოზიციის წარმომადგენელი პრეზიდენტი ჰყავს, ეს არის უბრალოდ, გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელიც აირჩია დამარცხებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - ეს გახლავთ ახალი ხელისუფლების დისკრედიტაცია. ხოლო პოტენციალი სიცრუის გავრცელებისა, მათ სხვაზე მეტი ჰქონდათ და ალბათ, აქვთ პრეტენზია, რომ რეგიონის ჩემპიონები არიან მის გავრცელებაში.

როდესაც საკითხი ეხება რომელიმე ფინანსური სახის დარღვევის შესწავლას, ნებისმიერმა, მეტ-ნაკლებად საქმეში ჩახედულმა პოლიტიკოსმა თუ დიპლომატმა უნდა შეძლოს საქმეში გარკვევა, რომ ქვეყანაში ტყუილად რაიმე სტრუქტურა არ არსებობს.

როდესაც კონსტიტუციური ვალდებულებების მქონე უწყება, ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტრო, საკუთარი ინსტიტუციების მეშვეობით ფინანსური წესრიგის დამყარებაზე ვალდებულებას ახორციელებს, ის ხან ერთ საწარმოში შევა შესამოწმებლად და ხან მეორეში.

სუბიექტების დახასიათება იმის მიხედვით, პირველი პირი რა პოლიტიკური ინტერესების არის, არ არის ძირითადი განმსაზღვრელი. მთავარია, სად არსებობს დარღვევა და სად არ არსებობს.

თუ ბატონი მერი, რომელიც სრულიად შეგნებულად გახდა აქტიური პოლიტიკური მოღვაწე და თვლის, რომ ის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე უნდა იყოს და არა საქართველოს დედაქალაქის, ასეთ პირობებში წინმსწრებად ისტერიკას ტეხს შემოწმების გამო და ცდილობს, რომ ეს წარმოადგინოს პოლიტიკურ შურისძიებად და არა კრიმინალთან ბრძოლად, რასაც რეალურად აქვს ადგილი.

არავინ არ შესულა შესამოწმებლად ჯერ, მაგრამ არაერთხელ გამოქვეყნდა ინფორმაცია მედიაში, რომ კონკრეტულ ბიზნესმენს, თემურ ჭიჭინაძეს მერის სამუშაო კაბინეტში შუაღამისას გადააფორმებინეს საკუთარი ბიზნესი სხვის სახელზე, მერის თანდასწრებით, იქვე მიიყვანეს ნოტარიუსიც ამ საქმის სწრაფად მოსაგვარებლად. ამაზე ჯერ კითხვას არავინ არ სვამს და ახლა ეს ჩვენ რომ ვიკითხოთ, პოლიტიკური ზეწოლა იქნება? ამაზე რატომ არ ისმის მისი პასუხი?- საქმე ეხებოდა ათეულობით მილიონი ლარის ქონებას.

ეს გახლავთ იმ კამპანიის ნაწილი, რა კამპანიასაც ჩვენი „საშიშროების საბჭოს“ ხელმძღვანელობით ადგილი აქვს უცხოეთში. ამისი ერთ-ერთი აქტიური შემოქმედი გახლავთ ბატონი გლუქსმანი, რომელიც პრეზიდენტის თანაშემწედ ითვლებოდა და ახლა მრჩეველია, რომელიც ზედსიძედ დაგვირჩა ქვეყანაში, ცხადია მტრულად არის განწყობილი ახალი ხელისუფლების მიმართ, რასდგან სულ ორიოდე კვირიანი აღმოჩნდა მისი ბედნიერება, როდესაც მისი მეუღლე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი.

ეკა ზღულაძის მეუღლეზეა ლაპარაკი?

- დიახ ეს ადამიანი და მამამისი ფლობენ სერიოზულ გავლენას ფრანგულ მედიაზე, სადაც რომელიღაც შტატგარეშე ჟურნალისტი წერს, რომ თურმე „ნატოსთან და ევროკავშირთან დაჩქარებული ტემპით დაახლოება აღარ არის სტრატეგიული პრიორიტეტი პრემიერ-მინისტრისთვის“ და გულისხმობს ივანიშვილს.

ეს საჯარო შფოთიც ქალაქის მერის, იმის ნაწილია, რომ მის მიერ მოსვრილი კვალი რამენაირად გაწმინდოს. ყველაფერი მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ მას იმდენი აქვს დაშავებული ფინანსური კუთხით, რომ ამ საკითხის პოლიტიზირების გარდა, თავის მართლების სამართლებრივი საფუძველი არ დარჩენია.

რომელიმე ევროპულ ქვეყანა ანამდებობის პირი არამიზნობრივად იმდენს რომ ხარჯავდეს რაც დაიხარჯა, მარტო ლას-ვეგასში ვიზიტებისას, საკითხავია, რა მოხდებოდა? უგულავა არც უარყოფს, რომ ასეთი საქმიანი ვიზიტი შედგა, თუმცა მეორეა, რამდენად სარწმუნოა, რომ ის მართლაც ნაგვის მანქანების დასათვალიერებლად იყო...

- ნაგვის მანქანების დასათვალიერებლად ცოლის დასა და ქვისლთან ერთად ვინ დადის პლანეტის მეორე მხარეს? ან იმ გამორჩეულ პოლიტიკოსებს რა უნდათ, მეუღლეებთან ერთად რომ დაჰყვებიან ასეთ შორ მოგზაურობაში? ეს ტყულიები ჯერ  ოჯახის წევრს დააჯეროს. სხვათა შორის, მშვენიერი ოჯახისშვილი გახლავთ, მაგრამ რას ვიზამთ, ცუდ წრეში აღმოჩნდა ჩვენი მერი და როგორც ჩანს, მისი მისწრაფებებიც განსხვავებულია.

ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ მას ახლა იმდენი პოლიტიკური ვალდებულება აქვს აღებული „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე, რომ სხვაგვარად მოქცევის შემთხვევაში, შესაძლოა, თანაპარტიელების მიერ გასამართლებას მისთვის უარესი შედეგები მოჰყვეს.

სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო მსგავსი რამ, ბიუჯეტის ფულთან დაკავშირებით, არც ერთი მერი არ დარჩებოდა თავის თანამდებობაზე და როგორც კი გახმაურდებოდა ასეთი ფაქტები, თვითონვე გადადგებოდა.

როგორც დიმიტროვი ამბობს, ხელისუფლება უნდა შეეგუოს, რომ ადგილობრივ ხელისუფლება სხვა პარტია და ერად იმუშაონ. ამ დროს ბიძინა ივანიშვილი საუბრობს იმაზე, რომ დასუფთავების სამსახურში ზონდერები მუაობის შესახებ არსებობს ინფორმაცია. ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული განცხადებაა და ფაქტობრივად, სხვადასხვა განზომილებაში უწევთ განცხადებების კეთება ჩვენს დასავლელ მეგობრებსა და საქართველოს ახალ ხელისუფლებას...

- დიმიტროვი თბილისში არ იყო მაშინ, როდესაც მენაგვეების ფორმაში გამოწყობილი ზონდერები არბევდნენ მიტინგს პარლამენტის წინ.

დავინტერესდეთ, საკუთარ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრობის დროს ბატონი დიმიტროვი როგორ ებრძოდა კორუფციას. იქნებ თავად მოგვიყვეს საკუთარ თავს გადამხდარი ამბები - რა წარმატებით ებრძოდა კორუფციას და როგორ მოექცეოდა ის სოფიის მერს, თუ მის კაბინეტში მოხდებოდა მრავალმილიონიანი ქონების წართმევა ერთი ადამიანისთვის და ამ ქონების მეორე ადამიანისთვის გადაცემა? ჯერ ამ კითხვაზე გაგვცეს პასუხი ბატონმა დიმიტროვმა და მერე დაიწყოს სხვისი ჭკუის სწავლება.

გიგი უგულავა კი სახელმწიფო მიერ რეპრესიული აპარატი ჩამოაყალიბასა და თვითმმართველობებ ჯალათებზე საუბრობს...

- სხვა გზა არ დარჩენია, ის იმდენად უნდა დაუპირისპირდეს ახალ ხელისუფლებას, რომ რამენაირად დაიმსახუროს პოლიტიკური ოპონენტის სახელი. იმიტომ, რომ ის აღმოჩნდეს არა კრიმინალი, ქურდბაცაცა და ყაჩაღი, არამედ პოლიტიკოსი, რომელიც არ იზიარებს ამ ხელისუფლების პოლიტიკურ ხედვას.

მიამიტი უცხოელებისთვის, ეს შესაძლოა, დამაჯერებელი იყოს, მაგრამ ძალზე ცოტა ხნის განმავლობაში. როგორც კი ყველაფერს ფარდა აეხდება, რასაკვირველია, სირცხვილის გრძნობა უნდა დაეუფლოს ბატონ რასმუსენსაც, ქალბატონ ეშტონსაც და იმ დიპლომატებსაც, რომელთათვისაც დღეიდან იწყება საქართველოში ანა-ბანას სწავლება იმის თაობაზე, თუ რა არის საქართველო. ამის დასაწყისი გახლავთ თეა წულუკიანის შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. ასეთი შეხვედრები, ანუ რუსულ ფრაზას თუ მოვიშველიებთ - Ликбе́з (ликвида́ция безгра́мотности) აუცილებელია სამწუხაროდ, საქართველოში აკრედიტირებული ელჩების ნაწილისთვის.

საბედნიეროდ, ეს არ ეხება აშშ-ს ელჩს, რომელიც საქართველოში ჩამოსვლამდეც შესანიშნავად ფლობდა ინფორმაციას აქაურობის შესახებ, ისე, როგორც მისი წინამორბედი.

თუმცა ბოლოს საქართველოზე ვაგტონ პოსტში დაბეჭდილი სტატიის მიხედით ეს არ იგრძნობა...

- „ვაშინგტონ პოსტი“ ის გაზეთია, რომელიც სიამოვნებით უთმობს საკუთარ ფურცლებს ლობისტურ კომპანიებს და ჩვენ მოწმენი ვიყავით არჩევნების წინ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ლობისტების მიერ შეთავაზებული მასალები იბეჭდებოდა ამ გაზეთში. ასე რომ, მათ რაიმე პოლიტიკურ ორიენტაციას ნუ დავავბრალებთ. ეს არის უბრალოდ, სივრცე, რომელიც ქირავდება და ამ სივრცის მიტოვება ნაადრევად მოუვიდა „ქართულ ოცნებას“. ვფიქრობ, უპრიანი იქნება, რაც შეიძლება მალე აღადგინონ საკუთარი კონტაქტები რათა სიმართლემ რაც შეიძლება ჩქარა მიაღწიოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებამდე. ასევე საზოგადოების იმ ნაწილთან, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდნენ სიცრუის ტყვეობაში ნაციონალისტების ლობიზმის ზეგავლენით.

რეალურ სიტუაციას რომ შევეხოთ - როგორც ფინანსთა მინისტრი განმარტავსდასუფთავების სამსახურში ფინანსთა სამინისტრო შესულია ორი წლის წინ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. მაშინ, როცა საგამოძიებო სამსახური უწყებაში შევიდა, ის იქიდან ორ საათში გამოიყვანეს და მათ უბრალოდ, განაახლე ამ საქმის შესწავლა. ანუ, ვები ყოველთვის არსებობდა, რომ ამ სამსახურში რაღაც ხდებოდა.

- ამას ეჭვები აღარ ჰქვია, ეს არის სრულიად არაადექვატური ხარჯების უკვე უტიფრად დაფიქსირება მერიის ხარჯებში, როგორიცაა, მაგალითად, თბილისის მერიის გუდაურის კურორტის მშენებლობაში მონაწილეობა. მაგრამ როცა ჩავხედავთ უფრო გრძელ სიას, რასაც აქვეყნებს ბატონი ხადური, რაში იხარჯებოდა ფული და რა წყაროთი, მაშინ, ვფიქრობ, მთელი რეგიონები აჯანყდება, რადგან სწორედ რეგიონული ფონდებიდან იხარჯებოდა თანხები ამ რეგიონებთან არანაირი კავშირის მქონე ღონისძიებებისთვის.

თუკი ვინმესთან პრეტენზია უნდა გააჩნდეს თბილისის მერს, ეს არის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც უკვე შუა ოქტომბერში დაიწყო ბიუჯეტის დარღვევა და სოციალური დახმარებები მერიას ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაამისამართებინა. აი, საიდან დაიწყო კრიმინალური ქმედებები - ერთმა ჩაიფიქრა - მეორემ განახორციელა. როდესაც განმხორციელებელს მოსთხოვენ პასუხს, იძულებული იქნება მოიყვანოს საკუთარი თავის გასამართლებლად ის დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს მერაბიშვილი. თუმცა, ეს შეიძლება, შედარებით ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდეს.

საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური შეზღუდვების მსხვერპლია ბატონი უგულავა, ასე ნამდვილად არ ჩანს, რადგან ის სრულიად შეგნებულად, წინმსწრებად აყენებს შეურაცხყოფას როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე საზოგადოებას.

ანუ, ეს არის ავის დაზღვევის ტაქტიკა უგულავასთვის?

- უპირველეს ყოვლისა, არის მცდელობა იმისა, რომ თავიდან აირიდოს კრიმინალისა და ბიუჯეტის მფლანგველის სახელი. მისი პოლიტიკური თანაგუნდელები ცდილობენ, რომ პოლიტიკურ წმინდანად წარმოაჩინონ, რომელსაც ერჩიან ეშმაკთა ურდოები. ეს ასე აღარ მოხდება და ძალზე მარტივი საფუძველი აქვს ქმედებას, რაც ამ მთავრობის მიერ ხორციელდება. ნურავის გაუკვირდება, რომ რასაც დასთეს, იმას მოიმკი.

სავარაუდოდ, ალზე ბევრი დარვევა ეიძლება აღმოაჩნოს საგადასახადო შემოსავლების სამსახურმა და უკი მერის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე მიდგება ჯერი, ალბათ, გასათვალისწინებელი იქნება ის სკანდალიც, რაც ბაჩო ახალაიას დაპატიმრებას მოჰყვა დასავლეთის ხრდან... ამ მომენტის გათვალისწინებით, უნდა დადგეს თუ არა სისხლის სამარლის პასუხისმგებლობის საკითხი, თუკი ის ვები, რაც არსებობს მერიის სამიანობის შესახებ დადასტურდა?

- საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა სწორედ იმის გამო, რომ სამართალი იყო შერჩევითი, იყო ძალადობა კერძო საკუთრებაზე სრულიად აუტანელი პროკურატურის პარპაში სასამართლოზე ზეწოლის კუთხით - ეს არ უნდოდა ქართველ ხალხს.

ლოზუნგები, რომლითაც გამოდიან რასმუსენი, ეშტონი და სხვები, სრული ჭეშმატირების შემცველია, ოღონდ ის არის, რომ 5-7 წლით დააგვიანდათ ამ გაფრთხილებების მიცემა საქართველოსთვის.

რასაკვირველია უნდა იყოს სამართლიანობა არა შერჩევითი. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მიანიშნებს, რომ ახალი ხელისუფლების რომელიმე წევრის მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვისი ქონების მითვისებას, რასაკვირველია, ესეც უნდა იყოს გამოძიებული. და თუ არ მოხდა გამოძიება ახალი ხელისუფლების მიერ დაშვებული რომელიმე შესაძლო დანაშაულისა, მაშინ ვისაუბროთ შერჩევით სამართლიანობაზე.

დღეს ეს მოწოდება აღიქმება როგორც შერიგება დანაშაულთან, თავზე ხელის გადასმა კრიმინალებისთვის. კი ბატონო, უნდა გვქონდეს პლურალისტური პოლიტიკური გარემო,  განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკოსების ჩართულობით, მაგრამ არავითარი შემწყნარებლობა კრიმინალის მიმართ. ამას ნელ-ნელა გააცნობიერებს ის ხალხიც, რომელიც სამწუხაროდ, არამკითხე მოამბის როლში აღმოჩნდა და ამაში ბრალი სწორედ იმ არასანდო ინფორმაციის წყაროებს მიუძღვით, რომლებსაც უტიფრად შეცდომაში შეჰყავთ საერთაშორისო საზოგადოება.

ანუ, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც დანააული ჩაიდინა...

- საქმეები უნდა იყოს გამოძიებული, შესაბამისი სასჯელი გამოსატანი, მერე უნდა ვისაუბროთ, ეპატიოს თუ არა მას, რა გარემოებები აიძულებდა ამის ჩადენას და ა.შ. ის, რომ არ შევიმჩნიეთ და არ დაისაჯოს ბოროტმოქმედი, ამის მოწოდება თავისთავად ბოროტმოქმედის თანამონაწილეობაა. იმედი მაქვს, რომ ზემოთ დასახელებული მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსები ნამდვილად გაემიჯნებიან ასეთი ადამიანებს, როგორც კი სამართლებრივი დასკვნები მათთვის დამაჯერებელი იქნება.