ბანკირების შეთქმულება - “შედეგები”

ბანკირების შეთქმულება - “შედეგები”

ქართველი ბანკირების ხელფასებზე ლეგენდები დადის. ზუსტად არავინ იცის, კომერციული ბანკების მაღალი რანგის მენეჯერებს რამდენი აქვთ წლიური გასამრჯელო, რადგან ეს თემა საკრედიტო ინსტიტუტების მიერ მკაცრად არის გასაიდუმლოებული.

დასავლეთში კომერციული ბანკისა თუ სხვა მსხვილი კერძო კომპანიის მენეჯერები, თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ღიად აცხადებენ, თუ რა რაოდენობის ხელფასს მიიღებენ წლიურად. მიუხედავად იმისა, რომ JP_Morgan-ს; Bank of America-ს; Citigroup-ს; GM-ს თუ სხვებს, კანონი არ ავალდებულებს მენეჯერების ანაზღაურების გასაჯაროებას, მსგავსი ინფორმაციის დამალვას არც ცდილობენ.

რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა საქართველოში. ბანკები საკუთარი მენეჯერების ხელფასებს არსად აქვეყნებენ, დაინტერესების შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ ბანკი კერძო სტრუქტურაა და მენეჯერების წლიური ანაზღაურება კონფიდენციალური ინფორმაციაა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ კერძო ფირმა, თუნდაც ეს ბანკი იყოს, რომელსაც თავი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიად მიაჩნია, მსგავს ინფორმაციას არ უნდა მალავდეს.

ვინაიდან ყველა ბანკი მაქსიმალურად ცდილობს გაასაიდუმლოოს ხელმძღვანელი პირების ანაზღაურება, გვიწევს მხოლოდ ”საქართველოს ბანკის” გენერალურ დირექტორზე – ირაკლი გილაურზე ვისაუბროთ, ვინაიდან მისი ანაზღაურების შესახებ რამოდენიმე ფაქტია ცნობილი. აღნიშნული მონაცემების საჯაროობა ”საქართველოს ბანკის” შემთხვევაში, სხვა ბანკებისგან განსხვავებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ყოფნითაა განპირობებული.

2008 წელს ირაკლი გილაურს ბანკიდან 2 ტიპის შემოსავალი ჰქონდა - 2008 წლის ხელფასი და 2007 წლის ბონუსი:

2008 წლის ხელფასმა 823,650 ლარი შეადგინა, ხოლო 2007 წლის ბონუსმა - 1,371,044 ლარი, სულ 2008 წელს ირაკლი გილაურმა 2,194,694 ლარი მიიღო. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ენუქიძემ კი 2,141,623 ლარი. გამოდის, რომ 2008 წელს გილაურის ყოველთვიური შემოსავალი (ხელფასი და ბონუსი ერთად) თვეში საშუალოდ 182 ათას ლარს შეადგენდა, რაც დღეში 6 000 ლარზე მეტია.

აღსანიშნავია, რომ 2007 წელს “საქართველოს ბანკის” მოგებამ (რის მიხედვითაც 2008 წელს გილაურმა ბონუსები მიიღო) 45,7 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად გილაურის ბონუსი მოგების ზუსტად 3%-ს შეადგენდა.

2011 წელს ”საქართველოს ბანკმა” ისტორიაში რეკორდული 135,7 მილიონი ლარის მოგება მიიღო. (წყარო 2) თუ დავუშვებთ რომ 2012 წელს გილაურს იგივე ხელფასი ჰქონდა რაც 2008-ში, ხოლო ბონუსის ანაზღაურების სისტემა იგივეა, მაშინ გამოვა რომ გილაურის შემოსავალი 2012-ში ხელფასის სახით ისევ 823,650 ლარია, ხოლო 2011 წლის ბონუსი 4,071,131 ლარი იყო. საერთო ჯამში გილაურის 2012 წლის შემოსავალი 4,894,781 ლარს შეადგენს, რაც დღეში 13 000 ლარზე მეტია.

ირაკლი გილაურის ბონუსებზე ინფორმაცია მიმდინარე წელს გახდა ცნობილი, როდესაც ”საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა მის ხელთ არსებული 356 000 აქციიდან, 150 ათასი 3,8 მილიონ ლარად გაყიდა, ხოლო 206 ათასი კვლავ მის საკუთრებაში რჩება.

”საქართველოს ბანკის” წარმომადგენელის თქმით, ბანკის მენეჯმენტი ბონუსებს ნაღდი ფულის სახით არ იღებს. მისი თქმით, ბანკში დიდი ხანია დანერგილია დასავლური სტანდარტების პრაქტიკა, რომლის თანახმადაც მენეჯმენტი ბონუსს მხოლოდ აქციების სახით ღებულობს.

ირაკლი გილაურის საკუთრებაში 2012 წლის ივნისამდე ბონუსის სახით მიღებული 356 000 აქცია იყო. თუ 1 აქციის ფასად 10 ფუნტ სტერლინგს ვიანგარიშებთ (27.10.2012-ისთვის ”საქართველოს ბანკის” 1 აქციის ფასი 10.90 ფუნტი სტერლინგია (წყარო 5)) გამოდის, რომ გილაურის საკუთრებაში 9,434 მილიონი ლარის (27.11.2012-ის ვალუტის კურსით (წყარო 6)) ღირებულების აქცია იყო, რომელიც ბანკში მუშაობისას ბონუსის სახით მიიღო. შეგახსენებთ, რომ ირაკლი გილაური ”საქართველოს ბანკში” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2007 წლიდან მუშაობს, შესაბამისად, წელიწადში საშუალოდ 1 800 000 ლარს იღებს ბონუსის სახით. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 356 000 აქცია, ეს ის რაოდენობაა, რაც 2012 წლის ივნისამდე იყო მის საკუთრებაში და არ იგულისხმება სხვადასხვა დროს უკვე რეალიზებული აქციები.

საყურადღებო ინფორმაცია:
ქვეყანაში 1,6 მლნ. დასაქმებულია, ”შავი სია”-ში კი 400,000-მდე ადამიანი - ყოველი მეოთხე დასაქმებული ”გადამგდები” და ან კრედიტის გადახდისუუნაროა.
2012 წელს, 2008 წელთან შედარებით ბანკების მიერ ქონების დასაკუთრების (წართმევის) მაჩვენებელი 37-ჯერ გაიზარდა;
დღეისათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს ”მოვალეთა რეესტრში ” 73 658 ოჯახი ირიცხება, რომლებიც ქონების დაკარგვასა და გამოსახლებას ელოდება;
ბანკებმა 2011 წელს უპრეცედენტო მოგება ნახეს - 323 მლნ ლარი.
”საქართველოს ბანკი” ბაზრის ლიდერია როგორც მოგების მაჩვენებლის მიხედვით, ასევე დასაკუთრებულ ქონებაში.
2008 წელს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის 1 დღის შემოსავალი 6 000 ლარია.
2012 წელს ირაკლი გილაურის 1 დღის სავარაუდო შემოსავალი 13 410 ლარია.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მხოლოდ ირაკლი გილაურის მაგალითზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ 2008 წლის ლონდონის საფონდო ბირჟის საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის სახით, მისი ხელფასის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არსებობს. სავარაუდოდ სხვა ბანკებშიც, მაღალი რგოლის მენეჯმენტს ანალოგიური შემოსავლები აქვთ - ცხადია, ბანკის მოგებიდან და ბაზრის წილიდან გამომდინარე.