ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებისთვის 20-25 ახალ სახეს წარადგენს. როგორც უმრავლესობის წევრი აცხადებს, გუნდის განახლებისთვის ეს არის ის მინიმალური რაოდენობა, რაზეც მმართველმა პარტიამ აქცენტი უნდა გააკეთოს. მისი თქმით, განახლებული გუნდი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სათანადო მხარდაჭერა მოიპოვონ მოსახლეობაში, რაც იქნება წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი განახლებას შეძლებს, მაგრამ გაუჭირდება იმ კატეგორიის მოძებნა, რომელსაც თავისი იმიჯი და გარკვეულწილად, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი წონა აქვს.
for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
20-25 ახალი სახე - გუნდის განახლებისთვის ეს არის ის მინიმალური რაოდენობა, რაზეც მმართველმა პარტიამ აქცენტი უნდა გააკეთოს. ვიცით, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები, საუაბრია ექსპერტების ახალგაზდულ ნაწილზე, რომლებიც ხელისუფლების მესიჯბოქსებს იმეორებენ, ამიტომ ნდობის მაღალი მაჩვენებელი არ აქვთ. ქართული პოლიტკური ველი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ 20-25 ახალი სახით დაკომპლექტდეს პარტია, რომელიც ერთგვარი ბირთვი იქნება საპარლამენტო არჩევნებზე?
ვახტანგ ძაბირაძე: ზოგადად, ახალი კანდიდატების წარდგენა პრობლემა არ არის. მაგრამ ახალი კანდიდატების წარდგენა, რომელსაც აქვს მხარდაჭერა, საკუთარი ნათესავებისა და მეგობრების გარდა, კიდევ იცნობს ვიღაცა, რომელსაც პოლიტიკურ საქმიანობასთან ჰქონია შეხება, ასეთი კატეგორიის ადამიანის მოძებნა საკმაოდ რთულია და ჩემი აზრით, ფაქტობრივად შეუძლებელი.
ასეთი ახალი სახეების წარდგენის დროს ხელისუფლებში მყოფი პოლიტიკური ძალა, არასოდეს არ ითვალისწინებს იმას, რომ კანდიდატები რაღაცით გამორჩეული უნდა იყვნენ, თუ არ ჩავთვლით თავად ირაკლი კობახიძეს. დღევანდელი გუნდი, ვინც „ქართული ოცნების“ ავანგარდია, იქნება ეს მდინარაძე, მათიკაშვილი თუ სხვები, მათ საზოგადოება არჩევნებამდე არც იცნობდა. მათ შორის არც იმათ, ვინც „ქართული ოცნება“ დატოვა.
2016 წელს გაანახლებული „ქართული ოცნებიდან“ ვიცოდით თავად ირაკლი კობახიძე და თამარ ჩუგოშვილი. ამიტომ განახლებას ისინი შეძლებენ, პრობლემა არ აქვთ, მაგრამ ის კატეგორია, რომელსაც თავისი იმიჯი და გარკვეულწილად პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი წონა აქვს, ასეთი კანდიდატის მოძებნა, რა თქმა უნდა, გაუჭირდებათ. 20-25 კაცს კი არა, 5 კაცს თუ მოძებნიან ისიც დიდი იქნება, ქართული პოლიტიკური სპექტრი საკმაოდ მწირია საკადრო რესურსებთან მიმართებაში.
დღეს საზოგადოების რა ნაწილზე შეიძლება გააკეთოს აქცენტი „ოცნებამ“? ზოგადად, პოლიტიკური სპექტრის და არჩევნების მიმართ ნიჰილიზმი არის ქართულ საზოგადოებაში...
- საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება არის მოუწერიგებელი და მოუწყობელი. სულ ვლაპარაკობთ ეკომინიკაზე, სოციალურ პრობლემებზე, დასაქმებაზე. სამწუხაროდ, პროცესები ისე განვითარდა, რომ სულ ორი დაპირისპირებული მხარეა. თუ დავაკვირდებით ახალი სახეები და ვასუბრობ ლიდერებზე, რომლებიც ჩანან პოლიტკაში, ვინც ეროვნული მოძრაობიდან მოვიდა, ან საზოგადოებრივად აქტიური იყო, რამაც განაპირობა მათი პოლიტიკაში მოსვლა, ასეთი ძალიან მცირეა.
აბსოლუტური უმრავლესობა ყოფილი მმართველი გუნდიდან არის მოსული. „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი პოლიტიკური ელიტა - ეს არის ძველი „მოქალაქეთა კავშირი“, რომელიც იყო ხელისუფლებაში. ამიტომ გეუბნებით, რომ მოუწესრიგებელია პოლიტიკური ცხოვრება. ადამიანს, რომელსაც უნდა პოლიტიკაში ჩართვა, უბრალოდ ასპარეზიც არ აქვს იმისა, რომ გამოვიდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები, მიუხედავად მათი საკმაოდ ეფექტური საქმიანობისა, მაინც დამოკიდებული არიან დასავლეთზე და იქედან მიღებულ გრანტებზე და ფინანსებზე. ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ იქ კიდევ ცალკე პრობლემებია. ანუ, ეს არეალი არის სრულიად მოუწესრიგებელი.
ამიტომაც ხდება, რომ ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკურ ძალას შემოჰყავს ახალი კადრები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ რეალურად მარცხი განიცადა, არა მარტო ქვეყნის მართვაში, არამედ მორალური და ზნეობრივი თვალსაზრისით, ეს ფიგურები, რომლებიც იყვნენ მმართველ პოლიტიკურ ძალაში უკვე დისკრედიტირებული არიან, განსაკუთრებით ამომრჩევლის თვალში. ზოგადად როგორ ხდება? - აქტიური, განათლებული ხალხი პოლიტიკაში გადაჰყვათ არასამთავრობო სექტორებიდან, მედიასაშუალებებიდან, უნივერსიტეტებიდან, მაგრამ აქაც შერჩევის მეთოდები სხვადასხვაა.
თქვენ აღნიშნეთ, რომ პოლიტიკური ველი არის მოუწესრიგებელი, ჩვენ ვიცით, რომ საარჩევნო სიის დაკომპლექტებისას, იგივე თანამდებობაზე დანიშვნისას გადამწყვეტი არის არა იმდენად პროფესიონალიზმი, რამდენადაც მეგობრობა და ნათესაობა. ნეპოტიზმმა განაპირობა ის, რომ რომ პოლიტიკური ველი არის მოუწერიგებელი?
- შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანი უნდა იყოს არა ის, რომ ჩემი ნათესავია და მეგობარია, არამედ ის, რომ პროფესიონალია, მაგრამ არ არის ჩემი ნათესავი. მართალია ჩემი ნათესავი არ არის, მაგრამ მას აქვს რეიტინგი, ჩამოყალიბებულია და იდეურად ვთანხმდებით ერთმანეთში, ეს უნდა იყოს მთავარი. მაგრამ, ჩვენთან, როგორც წესი, ნიჭიერი და ჭკვიანი არავის არ უნდა პარტიაში. უნდათ მორჩილი. პირველი კატეგორია არის მორჩილება ლიდერისადმი და ეს არის პრობლემა.
როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს საკითხი? - ამას სჭირდება მთელი რიგი რეორგანიზაციები, რომელსაც დღევანდელი პოლიტიკური სპექტრიდან არავინ არ დათანხმდება, იმიტომ, რომ თავად ის სისტემა, რომელი უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან - პროპორციული სისტემა - არ იძლევა ამის საშუალებას. პროპორციულ არჩევნებში და განსაკუთრებით ჩვენნაირ ქვეყანაში ლიდერი ასერულს ორთქმავლის როლს, და ლიდერს ქვემოთ ვინ იქნება, ამას მნიშვნელობას არავინ ანიჭებს. ამიტომ, ეს მიმართულება არა მარტო ახლა დარჩება მოუწესრიგებელი, არამედ იქნება მერეც. ლიდერს სჭირდება არა მეამბოხე წევრები პარტიაში, არამედ მორჩილები, რომლებიც უსიტყვო შემსრულებლები იქნებიან. ამიტომ, ვღებულობთ სრულ მორჩილ პარლამენტს ყველა დროში და ეპოქაში. ეს მიმართულება, რომ შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს ხმის მიცემის წესი. 20 წელია ამაზე ვლაპარაკობ, მაგრამ არც ერთი პოლიტიკური პარტია, არც ერთი ლიდერი, იქნება ეს ხელისუფლებაში, თუ ოპოზიციაში, ამას არ ემხრობა.
რატომ ეწინააღმდეგება პოლიტიკური სპექტრი ხმის მიცემის წესის შეცვლას?
- იმიტომ, რომ გარკვეულწილად ქართულ პოლიტიკაში თითქმის პარტიული ფეოდალური სისტემაა, სადაც უკვე პარტია არ არსებობს. სამ კაცი არ ჰყავთ პარტიაში, მაგრამ მაინც ლიდერია. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, უნდა მოხდეს რეგიონების გაძლიერება. აუცილებელია დეცენტრალიზაცია, ოღონდ პარლამენტების გადატანა-გადმოტანით კი არა, არამედ რეალური დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს. უნდა შეიქმნას თავისუფალი ტრიბუნა, სადაც ადამიანები გამოვლენ და თავიანთ კონცეფციებზე და შეხედულებებზე ილაპარაკებენ. ბევრი კომპონენტები აქვს, რომ შევქმნათ გარემო, როდესაც ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ზნეობრივად და მორალურად სუფთა ხალხი მოვიყვანოთ ხელისუფლებაში.
30 წელი მოვუნდით იმას, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავსულვიყავით, გადავედით თუ არა, ესეც ჯერ კიდევ არ ვიცით. არ არის გამორიცხული, რომ შეიცვალოს. თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა მოვიდა საკონსტიტუციო უმრავლესობით, აუცილებლად შეცვლის 2024 წლის პროპორციულ სისტემას. ამაში დარწმუნებული ვარ. იმიტომ, რომ ასე ხდება 30 წელია. არც ერთი პარტიის ლიდერს არ აძლევს ხელს საარჩევნო სისტემის და ხმის მიცემის ის წესი, რომელზეც მე ვლაპარაკობ, რომელიც მთლიანად თუ არა, ძირითადად მოაწესრიგებს იმ სფეროს, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ. მარტივი წესია, უნდა იყოს 150-ვე მაჟორიტარი, ოღონდ შეიცვლოს ხმის მიცემის წესი. ასევე, ამომრჩეველი უნდა დავავალდებულოთ, რომ სამ კანდიდატს მისცეს ხმა. დამთავრდება ამით, მაგრამ უნდა პარტიის ლიდერს? მაშინ, მან მართლა უნდა ეძებოს ისეთი ადამიანი, რომელსაც პარტიის ლიდერი კი არ უშველის, არამედ თავისი წონა ექნება. როდესაც თავისი წონა და მხარდაჭერა ექნება, ის არ იქნება მორჩილი არც პარტიის ლიდერის მიმართ და არც პრემიერის.