უკვე თვეზე მეტია, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. მოსახლეობამ ჯერჯერობით განსაკუთრებული შვება ვერ იგრძნო. საინტერესოა, ამ ცვლილებით ეშეღავათა თუ არა ბიზნესს, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ტერორის ქვეშ უწევდა საქმიანობა.
«სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან რთული და მძიმე მემკვიდრეობა გვერგო. შექმნილი იყო ე.წ. სქემები, დაჯგუფებები, პრივილეგირებული ბიზნესები და ა.შ. ძალიან ღრმად ჰქონდათ ამ დაჯგუფებებს ფესვები გადგმული და რაც დრო გადიოდა, ამ ბიზნესმენების კისერზე ყულფი უფრო და უფრო ვიწროვდებოდა იმიტომ, რომ შემოსავლების ნაკადი მცირდებოდა, შესაბამისად, ოლიგარქების ნაწილი ძალიან აქტიურობდა. ეს პროცესი იყო ძალიან შორს წასული. ახლა უნდა დაიწყოს პირიქით პროცესი», - აცხადებს «ისთ გეით ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი.
დაახლოებით ამგვარ მოსაზრებას ავითარებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მისი თქმით, მსხვილი და საშუალო ბიზნესის იმ წარმომადგენელთა ნაწილი, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან „მეგობრობდნენ“, თავის მხრივ სხვა ბიზნესს ატერორებდა.
„ის, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ბიზნესი, პრაქტიკულად, დატერორებული იყო, არავისთვის არის საიდუმლო. არსებობდა მეორე ფენომენიც: იმის გამო, რომ ტერორის ქვეშ იყვნენ, არაერთი მსხვილი თუ საშუალო ბიზნესმენი მჭიდროდ თანამშრომლობდა, მეგობრობდა სახელისუფლებო წრეებთან – იქნებოდა ეს ადგილობრივი თვითმმართველობა თუ ცენტრალური ხელისუფლება.
ისინი, ვინც მეგობრობდნენ სახელისუფლებო წრეებთან, ზოგიერთი მათგანი თავის მხრივ შემდგომ ატერორებდა სხვა ბიზნესს. ბევრი ეს ფაქტი საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, მაგრამ, გარკვეულწილად, ბიზნესმენებს შორის პრობლემები დაკონსერვდა იმიტომ, რომ ყველაფერი კონტროლდებოდა წინა ხელისუფლების მიერ და მათ შორის ჩემი წინამორბედის მიერაც“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბიზნესმენებს შორის დავები გახშირდა, და ეს მოულოდნელი არავისთვის არ ყოფილა, მათ შორის არც სამართალდამცველი ორგანოებისთვის.
მეორე მხრივ საინტერესოა ახალი მთავრობის მცდელობას გრძნობენ თუ არა უშუალოდ ბიზნესმენები. ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ყინული უკვე დაიძრა.
«ამ სქემების დაშლა, გათავისუფლება, ამ ბიზნესმენებისთვის მარყუჟების მოხსნა, სახელმწიფოს მიერ მიტაცებული ფუნქციების დაბრუნება კერძო სექტორისთვის, ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია. მე ამ ყველაფრის პირველ მცდელობებს და ნიშნებს ვხედავ ზოგიერთ სფეროში.
მაგალითად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს. ე.წ. ტენდერებზე, ერთდღიანი კომპანიები რომ იგებდნენ უზარმაზარ და მრავალმილიონიან ტენდერებს აღას ჩანს. აბსოლუტურად გამჭვირვალედ ცდილობს ეს სამინისტრო, რომ გაიხსნას ეს თემები და რომ ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი. გავიდეს ჯერ ცოტა პერიოდი. ჩვენი სურვილია, რომ ის დაიშალოს და გაიხსნას სივრცე ყველასთვის თანაბარი პოზიციებით», - აცხადებს ირაკლი იაშვილი «კომერსანტთან» საუბრისას..
ბიზნესმენთა ერთი კატეგორია კი აშკარად აღფრთოვანებულია მიმდინარე პროცესებით. სწორედ ამ კატეგორიას მიუკუთვნება კომპანია «რედიქსის» მფლობელი ლაშა პაპაშვილი. გაუმართლა თუ არა ახალი ხელისუფლების პირველმა ინიციატივებმა იმედები, პაპაშვილი მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა: „რენესანსი დაიწყო, ამის ნიშანი არის ერთსულოვნება, ყველა ბედნიერია!“