ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი, გია ურიდია დღეს საღამოს გადააყენეს და გურიის სამხარეო სამმართველოში დეტექტივის თანამდებობაზე გადაიყვანეს. რა გახდა პოლიციის უფროსის ასე მკაცრად დასჯის მიზეზი არავინ საუბრობს. ცნობილი ფაქტია, რომ ურიდია ვანო მერაბიშვილის ფავორიტი პოლიციელი იყო და ერთადერთი იმ ძალოვნებიდან, რომელიც ბახმაროს სკანდალს გადაურჩა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ურიდია პრეზიდენტმა ღირსების მედლით გახმაურებული სპეცოპარაციის ჩატარების შემდეგ დააჯილდოვა. რამდენიმე წლის წინ მისი ხელმძღვანელობით დაბა ურეკში კრიმინალური დაჯგუფება და კალაშოვის თანამზრახველები დააკავეს, რომლებიც ურიდიას სიჩუმის სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ლარს სთავაზობდნენ. ამ საქმის გახსნით სახელმწიფო ბიუჯეტს რამდენიმე მილიონი ლარი და დაბა ურეკში კალაშოვის საკმაოდ ძვირადღირებული ქონება შეემატა, ურიდიას კი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ – მედალი და ჩინი.
გურიის სამხარეო სამმართველოს პრესსამსახური პოლიციის სამმართველოს უფროსის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, როგორც გავიგეთ, ურიდიას პასუხი იმ რამდენიმე ჰექტარი მიწის გამო მოსთხოვეს, რომელიც მშობლიურ სოფელ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში საკუთრებაში აქვს. აღნიშნული მიწა აწ უკვე ყოფილ პოლიცმაისტერს ქონებრივ დეკლარაციაშიც ჰქონდა შეტანილი, თუმცა როგორც სანდო წყარომ აღნიშნა, მიწის ფართობი მითითებულზე ბევრად მეტია.
ურიდია ამ თემაზე პრესა.გე–სთან საუბარს ერიდება. კომენტარებს არც მისი კოლეგები აკეთებენ. კულუარებში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ გურიაში მიწებთან დაკავშირებული ახალი სკანდალი გორდება, რომელსაც, როგორც ვარაუდობენ, კიდევ ბევრი ჩინოვნიკი შეეწირება.
უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ურიდია მერაბიშვილის უწყების მე-18-ე მაღალჩინოსანია, რომლის გვარიც მიწების არაკანონიერ დაკანონებას დაუკავშირდა იმ განსხვავებით, რომ დანარჩენებს თანამდებობების დატოვება მოუწიათ.