მიუხედავად უიღბლო წარსულისა და საშინელი გეოგრაფიისა, საქართველო წინ მიიწევს.
უცხოელთა უმეტესობისათვის საქართველოს ისტორია დახურული წიგნია. მართლაც, ამ თემაზე ინგლისურენოვანებისათვის წიგნები პრაქტიკულად არ არსებობს. საქართველო, ძირითადად, სხვა ხალხების ისტორიაში ჩნდება. მისი პირველი აღწერა ქსენოფონტთან გვხდება, რომელიც იმას მოგვითხრობს, თუ როგორ ცდილობდნენ ბერძენი ჯარისკაცები სამშობლოში დაბრუნებას ძვ. წ. 400 წელს. წიგნებში საბჭოთა კავშირის შესახებ საქართველო წარმოჩენილია როგორც მეამბოხე დაპყრობილი ქვეყანა და როგორც იოსებ სტალინის, ქვეყნის საძრახისი შვილის, დაბადების ადგილი. ბოლოდროინდელ ტექსტებში, ძირითადად, რუსეთთან 2008 წლის ხანმოკლე და დამანგრეველ ომს აღწერენ. ამჟამად, დონალდ რეიფილდმა ლონდონის უნივერსიტეტიდან და სტივენ ჯონსმა მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯიდან ამ რთული ქვეყნის შესახებ ამბიციური და ყოვლისმომცველი ისტორიები დაწერეს. („იმპერიის ზღვარზე: საქართველოს ისტორია“ – დონალდ რეიფილდი [1]; „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის შემდეგ“ – სტივენ ჯონსი [2]).
ეს ავტორები იმ მცირერიცხოვან უცხოელთა შორის არიან, რომლებმაც ქართული ენა ისწავლეს. მცირე და ძველი ქართველური ჯგუფის ენა სხვა ენებს არ ენათესავება; ზოგიერთები მეტისმეტად უცნაურად ამტკიცებდნენ, რომ ქართული ენა გარკვეულწილად ბასკურს ენათესავება. მისი ფესვები ისეთივე გაურკვეველია, როგორც იმ ადამიანების, ვინც ამ ენაზე საუბრობს. ბ-ნ რეიფილდი ძვ. წ. 11 000 წლით იწყებს თხრობას და თავდაპირველად ახსენებს ასირიულ წყაროს „მუშკების“ შესახებ (დღეს „მესხები“ ქართველების ქვეჯგუფია). პირველი ქართველი მეფე, ფარნავაზი ძვ. წ. 326 წელს დაიბადა.
საქართველოს ისტორიის მასშტაბი შესაძლოა შოკისმომგვრელი იყოს მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ ქვეყანა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს გაჩნდა რუკაზე. მაგრამ მკითხველს დასჭირდება კარგად მოემზადოს მომდევნო 200 გვერდისთვის, რომელიც დროდადრო შეიძლება ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებლის“ ერთგვარ დამატებაში აერიოს. ლაკონიურად მოთხრობილ ისტორიებში უცნაური ჟღერადობის სახელის მქონე ასობით ადამიანი და ადგილი ჩნდება და ქრება ერთმანეთის მიყოლებით (მაგალითად, Va-ზე დაწყებული სახელები დაწვრილებით შედგენილ საძიებელშია მოცემული – ვახაგანი, ვაჩე, ვაჩნაძე, ვახტანგი, ვახუშტი, ვალაშქერთელი, ვარამი, ვარდანი, ვარსქენი, ვარციხე, ვასაქი, ვაშიქი, და ვასპურაკანი). თავის მოკვეთა, კასტრაცია, სოდომი, გაუპატიურება და თვალების დათხრა – ადგილობრივი თავისებურებებია – და ამის შესახებ ბევრია მოთხრობილი. მაგრამ ანალოგიებმა, სიმპტომებმა, ინტერპერტაციებმა და დახასიათებებმა ეს ნაზავი უნდა შეამსუბუქოს.
ყველაზე სასიამოვნო გვერდები საქართველოს ოქროს ხანას (დაახლოებით 1212 წელი), თამარ მეფის მეფობის პერიოდს ეხება. მას შემდეგ ქვეყანა, რომელიც გადაჭიმული იყო 800 მილზე (1,228კმ) ამჟამინდელი ტრაპიზონიდან თურქეთში კასპიის ზღვის სანაპიროებამდე, არასდროს ყოფილა უფრო დიდი, ძლიერი ან დაცული. საქართველოს ბედი მისი უფრო დიდი მეზობლების სისუსტეზე ან კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული: ჩრდილოეთით რუსეთზე, სამხრეთ-აღმოსავლეთით სპარსეთზე, დასავლეთით თურქეთზე. ბ-ნი რეიფილდის მიერ მოთხრობილი წარმატებული და ხანმოკლე უსაფრთხო პერიოდები შემოსევებით, დაპყრობით, ძარცვითა და დარბევებით მთავრდებოდა. ქართველებს უწევდათ იმასთან შეგუება, რომ სხვები მართავდნენ: მათ ხშირად უწევდათ დამპყრობლების ჭკუაში მოტყუება. კრემლის მმართველობა მასობრივი მკვლელობებითა და დამანგრეველი გეგმიური ეკონომიკით დაიწყო, თუმცა საბჭოთა მმართველობის ბოლო ათწლეულებში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილი და სასიამოვნო ადგილი იყო საცხოვრებლად საბჭოთა კავშირში. მსგავსი რამ ხდებოდა მე-19 საუკუნეში მეფის რუსეთის იმპერიული მმართველობის ქვეშ.
საქართველოს მმართველები მიდრეკილნი იყვნენ შიდა დაყოფისა და ორპირობისკენ, რამაც ბევრი უბედურება მოუტანა ქვეყანს. ეს ხელს უშლიდა ასევე მოშორებით მდებარე ქვეყნებს იმაში, რომ საქართველოს პროდასავლური სენტიმენტებისთვის ადეკვატურად ეპასუხათ. წიგნში ამაღელვებელ ეპიზოდს წარმოადგენს 1918-21 წლების ისტორია, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ამაოდ მიმართავდა ბრიტანეთს და სხვა დასავლურ ქვეყნებს დახმარებისთვის, ვიდრე ქვეყანაში ბოლშევიკები შეიჭრებოდნენ. ეს იმ წარსული ეპიზოდების გამეორებაა, როდესაც ქართველი მმართველები ბიზანტიის იმპერიასა და ვენეციას მიმართავდნენ და ერთგვარი წინასწარმეტყველება იმ იმედგაცრუებისა, რასაც ბევრი ქართველი გრძნობდა, როდესაც 2008 წელს მათ დასახმარებლად არავინ მივიდა.
ბ-ნი ჯონსის მთელი წიგნი იმ პერიოდს ეხება, რომელიც ბ-ნი რეიფილდის ნაშრომის ბოლო თავშია აღწერილი. საქართველოს კატასტროფულ ხელახალ დაბადებას, მიუხედავად ეკონომიკის კოლაფსისა და სამოქალაქო ომისა, ედუარდ შევარდნაძის უძრაობის ხანა მოჰყვა, რომელიც ამ ქვეყანას საბჭოთა პერიოდშიც მართავდა, შემდეგ კი გორბაჩოვის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
ბევრ სხვა სასარგებლო დეტალთან ერთად, ჯონსი ირონიით წერს მიხეილ სააკაშვილის მმართველობაზე, რომელიც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პრეზიდენტი გახდა. მისი პარტია ამ წლის საპარლამენტო არჩევნებში სერიოზულად დამარცხდა. მათ გასაკვირად, ვინც პუტინისეულ ტენდენციებს ხედავდა მისი გუნდის ავტორიტარულ მიდგომებში, უნდა ითქვას, რომ ბ-ნი სააკაშვილის პარტიამ მშვიდად აღიარა დამარცხება.
მაგრამ ეს ფაქტი ორივე წიგნისთვის ძალზედ გვიან მოხდა, რაც სამწუხაროა, რადგან ის გააქარწყლებდა ბ-ნი ჯონსის კრიტიკის დიდ ნაწილს იმის თაობაზე, რომ საქართველომ ვერ მოახერხა „ქმედითი“ დემოკრატიის სავარაუდოდ არარეალისტური სტანდარტების დაკმაყოფილება. ქვეყნის დიდ ნაწილში, დედაქალაქ თბილისის გარეთ, ჯერ კიდევ შემაძრწუნებელი სიღარიბეა; ინსტიტუციები არასრულყოფილია; მთავრობა ზეწოლას ახდენს მედიასა და სასამართლოზე. მაგრამ საქართველოში, რომელიც სულ რაღაც 20 წლის წინ არშემდგარი სახელმწიფო გახლდათ, პროგრესი განსაცვიფრებელია, განსაკუთრებით კი ახლო მეზობლის მუდმივი ზეწოლისა და ძირგამომთხრელი ქმედებების ფონზე.
ბ-ნი ჯონსი გვერდს უვლის რუსეთისგან მომდინარე პრობლემებს და სააკაშვილის მმართველობის რეალურ წარმატებებს აკნინებს, კერძოდ, ქვეყნის დასავლეთთან დაახლოებას, წვრილი კორუფციის აღმოფხვრას, მაგალითად, საბაჟოებსა და საგზაო პოლიციაში (თუმცა მაღალ დონეზე ნეპოტიზმი ამ ისტორიის სამწუხარო მხარეა), საზოგადოებრივი სერვისების მოდერნიზებას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და მართლია უხეში, თუმცა ღია პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას. საქართველო ახლა ქვეყანაა (რაც იშვიათია ყოფილ საბჭოთა კავშირში), სადაც ოპოზიციას აქვს ხელისუფლებაში მოსვლის რეალური შანსი და ყველა მხარე იცავს კონსტიტუციას. ბ-ნი რეიფილდის წიგნის მკითხველებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ბოლო 2,500 წლის განმავლობაში ქართველებს ალბათ იშვიათად თუ ჰქონდათ ამდენი მიზეზი საიმისოდ, რომ ბედნიერები ყოფილიყვნენ.
[1] Edge of Empires: A History of Georgia. By Donald Rayfield. Reaktion; 500 pages; £35. To be published in America next month. Buy from Amazon.com, Amazon.co.uk
[2] Georgia: A Political History since Independence. By Stephen Jones. I.B. Tauris; 376 pages; £35. To be published in America next month. Buy from Amazon.com, Amazon.co.uk
foreignpress.ge