საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა და იტალიასთან პირდაპირი ფრენა დროებით შეჩერდა. ეს უკვე მესამე ქვეყანაა, სადაც პირდაპირი ავიამიმოსვლა აიკრძალა. ჩინეთისა და ირანის შემდეგ გაუქმდა იტალიისა და საქართველოს შორის ავიარეისები. ეკონომიკური და ტურისტული ზარალის ოდენობა კიდევ გაიზრდება.
სხვათა შორის, ამ გადაწვეტილებას ბოლომდე მხარს მთავრობის წევრები არ უჭერდნენ. მაგალითად, ჯერ კიდევ პარასკევ დილით ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ფრენების შეწყვეტა არ განიხილებოდაა, თუმცა დაახლოებით 2 საათში მთავრობამ აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ჩანს, მინისტრებს შორის შეთანხმებული პოზიცია არ არსებობდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა და გადაწყდა, რომ საქართველოს საზღვრის კვეთისას გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა. ასევე საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა; ან საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე შემოწმების ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.
დროებით შეჩერდა პირდაპირი ფრენები იტალიასთან. საქართველოს მთავრობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი) მოგზაურობისგან.
იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე კი, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნებას პირდაპირი რეისებით აპირებდნენ, სახელმწიფო იზრუნებს. ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
„მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იტალიიდან პირდაპირი რეისებით საქართველოში გამომგზავრებას აპირებდნენ. ჩვენ უკვე ვმუშაობთ, რომ ორგანიზებულად მოხდეს მათი ჩამოყვანა. ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ საელჩოს მეშვეობით გავრცელდება“, - აღნიშნა მინისტრმა.
მოგვიანებით ნათია თურნავამ იტალიაში პირდაპირი ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებები გააკეთა. ავიაკომპანიებს - „ვიზეარს“ და „რაინეარს“ - გადაწყვეტილება უკვე ეცნობათ და მათი მხრიდან რამე კომპენსაციის მოთხოვნაზე საუბარი არ ყოფილა.
„ჩვენ ეს გადაწყვეტილება დღეს მივიღეთ და კომუნიკაცია უკვე შედგა როგორც „ვიზეართან“, ასევე „რაინეართან“. რამე სახის მოთხოვნა მათი მხრიდან ამ ეტაპზე არ წამოსულა. ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არაფერია ისეთი, რაც არ არის მსოფლიო პრაქტიკაში. რა თქმა უნდა, ეს არაპოპულარული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მეორე მხრივ, ვინაიდან იტალია მიჩნეულია მაღალი რისკის მქონე ქვეყანად, მოგვიწია ამ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობთ, ავიაკომპანიები ამას გაგებით მოეკიდებიან“, - განაცხადა თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრმა იმედი დაიტოვა, რომ შეზღუდვა მალე მოიხსნება და სულ მალე გახდება შესაძლებელი, რომ პირდაპირი ფრენები აღდგეს.
„ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს დაცული, რომ მენეჯმენტის და ტურიზმის თვალსაზრისით ყველა გამოწვევას გადავლახავთ“, - დასძინა თურნავამ.