მსოფლიო ეკონომიკა დაცემის გზას დაადგა და ამის მთავარი მიზეზი ჩინეთში განვითარებული მოვლენებია. კორონავირუსის ეპიდემიამ უკვე შეუქმნა უდიდესი პრობლემა საერთაშორისო ბაზრებს თუ ბირჟებს, რომელიც თანდათან ქვეყნების განვითარებაზე მოახდენს გავლენას. გამონაკლისი ასეთ ვითარებაში საქართველოც ვერ იქნება.
ჩინეთის ეკონომიკა ბოლო ათწლეულების მანძილზე პირველად დაღმასვლის საფრთხის წინაშეა. ამის მიზეზი კორონავირუსის ეპიდემიაა. ვირუსმა დამანგრეველი გავლენა იქონია ჩინეთზე, რის გამოც, შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკა პირველად 1970-იანი წლების შემდეგ შემცირდეს.
თებერვალში ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა მკვეთრად დაეცა, ვინაიდან კომპანიები შეფერხებით მუშაობდნენ, ბევრი ქარხანა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რამდენიმე კვირით დაიხურა. საქმიანი აქტივობის ინდექსი სექტორში 26.5-მდე შემცირდა თებერვალში, მაშინ როდესაც წინა თვეს 51.8 იყო. თებერვლის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია 2005 წლის შემდეგ.
„ვირუსის ეპიდემიამ მთავრობა რთულ ვითარებაში ჩააგდო. ერთი მხრივ დახურვის პოლიტიკა ყველაზე ეფექტური გზაა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. მეორე მხრივ კი ჯანდაცვის ზომები ხელს უშლის ეკონომიკურ აქტივობას“, - განაცხადა ეკონომისტმა რეიმონდ იუნგმა.
მსოფლიო ტენდენციები გვერდს არც საქართელოს აუვლის. ისევე როგორც გლობალურ ბაზრებზე, ჩვენთანაც მოსალოდნელია ვარდნა და ეკონომიკური პრობლემები. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ვირუსის ეკონომიკაზე ზემოქმედების მიმართულებით ორ ფაქტორს: კორონავირუსის გავრცელების დინამიკასა და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებს გამოყოფს.
„ვირუსის საქართველოს ეკონომიკაზე, ისევე როგორც გლობალურ ეკონომიკაზე შესაძლო ზემოქმედება არ არის ზუსტი მათემატიკა. ძალიან ბევრი რამ, მათ შორის ჩვენს შემთხვვევაშიც, დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების დინამიკასა და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე, რაც არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ არსებული საკითხები.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ორი თვის განმავლობაში, სულ მცირე, იმ რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით ტურისტული მიმოსვლის შეზღუდვის და შეწყვეტის გამო, პრაქტიკულად 30 მილიონ ლარზე მეტი ზარალი დაუდგა ტურისტულ ინდუსტრიას, მაგრამ ეს არ არის და ვერ იქნება ზუსტი ციფრი.
ცალსახაა, რომ მსოფლიო ეკონომიკა იზარალებს კორონავირუსის გამო. ისევ და ისევ ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გამოწვევა“, - განაცხადა თურნავამ.
ეკონომისტები ნეგატიური გლობალური ტენდენციების ფონზე საქართველოში კარგს არაფერს ელიან. „ფინექს 1970“-ის ფინანსისტი ნიკა შენგელია ამბობს, რომ არა მხოლოდ ტურიზმზე, არამედ ყველა სექტორზე ნეგატიურად აისახება კორონავირუსის საფრთხე. არ უნდა ველოდოთ არანაირ ზრდას, ასეთი რამ 2020 წელს ნამდვილად არ მოხდება.
„ყოველთვის როცა ნებისმიერი ასეთი საფრთხე იჩენს თავს და ეკონომიკა რეცესიაში შედის ბევრ ქვეყანაში, მცირდება ინვესტიციების მოცულობა. მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი გამყარებულია, ფასის შემცირება არ მომხდარა და არც უნდა ველოდოთ უახლოეს თვეებში. პირიქით, გაძვირებაც კი შეინიშნება გარკვეულ პროდუქტებზე. ეკონომიკური ზრდის კუთხით გავლენა იქნება მეორე კვარტალში, სავარაუდოდ, შემცირების მიმართულებით“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ.