"ქვეყანაში არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება ოპონენტების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ქეთრინ ეშტონმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა. მისივე განმარტებით, წარსულში ჩადენილი დარღვევების გამოძიება უნდა აღიქმებოდეს როგორც გამჭვირვალე და მიუკერძოებელი... მან ასევე ისაუბრა ძველი და ახალი ხელისუფლების თანამშრომლობაზე, საქართველოს დემოკრატიულ მიღწევებზე და სამომავლო მჭიდრო ურთიერთობებზე.
ის, რაც ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა გვითხრა, ცოტა ხნით ადრე უკვე განაცხადეს რასმუსენმა, ბარუზომ და გორდონმა. მათი ტექსტები წვეთი წყალივით ჰგავს ერთმანეთს. თუმცა ძნელია ახსნა, ის, რაც ძალზე კარგად ესმით ქართველებს რატომ არის გაუგებარი დასავლეთისთვის. ეს არის კითხვა, რომელიც ბოლო ორი კვირაა საზოგადოებაში ტრიალებს. თუმცა, მანამდე, ქართული საზოგადოებისათვის სხვა რამ იყო გაუგებარი - რატომ უწოდებდა დასავლეთი სააკაშვილს დემოკრატ მმართველს, როდესაც ხელისუფლებაში მოსვლითანვე მისი პირველი „დემოკრატიული“ ნაბიჯი დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი იარაღის, თავისუფალი მედიის შეზღუდვა იყო. სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში ქართულმა საზოგადოებამ ეს ამოცანაც ამოხსნა - წარმატებულმა საინფორმაციო კამპანიამ სააკაშვილს დასავლეთში სასურველი იმიჯი შეუქმნა. ქვეყნის შიგნით ამან ნაკლებად გაჭრა, რადგან საზოგადოების დიდმა ნაწილმა საკუთარ თავზე იწვნია სააკაშვილის დემოკრატიის ყველა სიკეთე.
სააკაშვილი ვირტუალური დემოკრატის როლის თამაშს დღესაც ლობისტური ჯგუფების დახმარებით აგრძელებს. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი გვატყობინებს საფრანგეთიდან, რომ „ფრანგული პრესა აჭრელებულია ჩვენ მიერ არჩეული ხელისუფლების მწვავე კრიტიკით... ალბათ, დროა მიხედვისა... ანუ თავისუფლად შეიძლება მოიხსნან „პოლიტიკური ელჩები“, საქმის მეორე პირებისთვის გადაბარებით (ისედაც ხშირ შემთხვევაში რეალურ საქმეს ესენი აწარმოებდნენ) და შემდეგ დანიშვნა ახლების... და სააკაშვილი თუ დაბლოკავს ამ პროცესს, ეს მისი პასუხისმგებლობა იქნება და გაუჭირდება მისი „უზომო“ დემოკრატიულობის დამტკიცება“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელიც „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„და კიდევ იმათ, ვისაც გადადგომაზე ხელი აქვთ ვითომც მოწერილი, ადგილზე რაღა უნდათ?!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი და დასძენს, „რატომ არავინ უხსნის ივანიშვილს, რომ ძველი ელჩები ეხლავე მოსაშორებელია და უცხოეთში მისი პიროვნება და პოლიტიკაა წარმოსაჩენი? ეს უცოდინარობაა თუ დივერსია“?- წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცხადია, რომ ახალი მმართველი გუნდის მიმართ დაუნდობელი საინფორმაციო ომია გამოცხადებული და ამ ომით „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი თავის გადარჩენა სურს. რა ხდება ქვეყნის საგარეო ფრონტზე და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს შეტევა ახალი ხელისუფლების პოლიტიკაზე, ამ თემაზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
ცოტა ხნის წინ ითქვა, რომ დასავლეთს საქართველოს მიმართ, უფრო სწორად, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით კითხვები აღარ ჰქონდა და ყველაფერი ნათელი და გასაგები იყო. დღეს ევროპის უმაღლესი კომისარი ისევ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე გვესაუბრება. შეგიძლიათ ახსნათ რასთან გვაქვს საქმე?
- უდავოდ რამდენიმე ფაქტორის თანაარსებობასთან გვაქვს საქმე. „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი ძალისხმევა ახლა მიმათრულია ერთი მიზნისკენ, როგორმე „ქართულ ოცნებას“, როგორც სახელისუფლებო ძალას სრულად გაუფუჭოს იმიჯი დასავლეთში.
ბოლო პერიოდში იმდენად ბევრია და მკვეთრი დასავლეთის შეფასება ხელისუფლებაში სულ რაღაც ერთი თვის მოსული ძალის მიმართ, რომ აქ უკვე რაღაც ტენდენციაზე უნდა ვისაუბროთ და თანაც - ღიად.
აშკარაა ნაციონალების მცდელობა, ბიძინა ივანიშვილმა ზვიად გამსახურდიას ბედი გაიზიაროს, ანუ ხელისუფლებაში მოსვლიდან სულ რამდენიმე თვეში დაატოვებინონ ძალაუფლება. ამისათვის მაქსიმალურად იყენებენ საერთაშორისო კონიუქტურას.
სხვა ახსნას იმ ტონალობას, რა ტონალობითაც ჩვენ დასავლეთი გველაპარაკება, ვერ ვუძებნი, რადგან არც ერთ სხვა ხელისუფლებასთან დასავლეთს მსგავსი ტონით არ ულაპარაკია.
ნაციონალები ამისათვის ყველა ღონეს, მთელ თავიანთ ლობისტურ თუ საინფორმაციო რესურსებს იყენებენ.
ერთია, ნაციონალების სურვილი, მეორე - რაც საქართველოში რეალურად ხდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ დასავლეთს საკუთარი დამოკიდებულება არ აქვს და ნაციონალების ნება-სურვილზეა აწყობილი?
- აქაც რამდენიმე ფაქტორი მუშაობს, ნაციონალები მეტ-ნაკლებად განიხილებიან, როგორც დასავლეთის პირმშო. ანუ ხელისუფლება რომელიც მოიყვანა დასავლეთმა და რომლის 9-წლიან მმართველობას აქტიურად უჭერდა მხარს. რა გამოდის, ვის უჭერდა მხარს დასავლეთი? ეს კითხვა აუცილებლად დაისმება.
ამიტომ, დღეს ნაციონალების დაცვით დასავლეთი ზრუნავს ერთადერთ რამეზე - მხოლოდ საკუთარ იმიჯზე. იგივე ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის ხელისუფლებას საკუთარი ხალხი აუცილებლად ჰკითხავს, ვის უჭერდა მხარს და ვისი ხელისუფლების გამყარებაში ხარჯავდა მათი ჯიბიდან ამოღებულ ასეულობით მილიონს. ეს პრობლემა დასავლეთის პოლიტიკურ ლიდერებს აუცილებლად დაუდგებათ. ამიტომ განიცდიან ისინი ასე მწვავედ სამართლებრივ დევნას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერების მიმართ. ეს არის თავი და თავი, რაც დასავლეთს აწუხებს.
რითი შეიძლება ამას ახალი ხელისუფლება დაუპირისპირდეს?
- ისე უნდა გადადგას ეს ნაბიჯები, რომ დასავლეთის იმიჯი რაც შეიძლება ნაკლებად შეილახოს. ამისათვის არსებობს საინფორმაციო და პოლიტიკური ტექნოლოგიები და ისინი უნდა ჩართოს თავისი მოქმედებების არეალში.
კიდევ ვიმეორებ, ნაციონალები ყველანაირად ცდილობენ, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი გამოიყვანონ საერთაშორისო კონიუქტურისთვის სრულიად უცხო, მიუღებელ პერსონად, რომელსაც მათთან თანასწორი ურთიერთობა არ შეუძლია. რა თქმა უნდა, ეს რეალობასთან ძალიან შორს დგას, მაგრამ ეს მათი ტაქტიკაა და ჯერჯერობით, გარკვეულ შედეგებს აღწევენ.
დავუშვათ, დასავლეთი რაღაცით მოტივირებულია, მაგრამ აქვს თუ არა საშუალება მიიღოს რეალური ინფორმაცია, იმის შესახებ, რა ხდება საქართველოში, ერთადერთი წყარო, ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იქნება...
- რეალურად, ალბათ, ფლობენ კიდეც ინფორმაციას, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ უნდა დაეყრდნოს იმას, რომ ის, რაც გასაგებია ქართველი ხალხისთვის - ანუ ის, რომ ჯერჯერობით არანაირ პოლიტიკურ დევნაზე არ არის ლაპარაკი და სრულიად სამართლებრივი პროცესებია - არ შეიძლება ასევე გასაგები იყოს უცხოეთისთვის. ეს ორი სხვადასხვა სივრცეა. იქ სხვანაირი მუშაობაა საჭირო.
გასაგებია, რომ იციან რაც ხდება, მაგრამ იმ ფორმით უნდა მიაწოდო ყველაფერი, რომ ვეღარ შეძლონ ამ ჭეშმარიტებაზე თვალის დახუჭვა. ისეთი საინფორმაციო ფონი უნდა შექმნა, რომ იგივე დასავლეთი აიძულო, ანგარიში გაუწიოს იმ რეალობას რომელიც დღეს საქართველოშია და მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას. საინფორმაციო ფონის პრობლემა ქმნის ყველა დანარჩენ პრობლემას.
სალომე ზურაბიშვილი, მაგალითად, ელჩების პრობლემაზე საუბრობს. ალბათ, ხელისუფლებამ ეს საკითხიც უნდა გადაჭრას...
- ელჩების პრობლემაც დგას, რა თქმა უნდა, და მეორეც - „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ აღარ სჭირდება ლობისტური ჯგუფები და ესეც იყო მისი მნიშვნელოვანი ლაფსუსი. როდესაც შენს წინააღმდეგ მიმდინარეობს ღია საინფორმაციო ომი, შენც შესაბამისად რაღაც რეზერვები და რესურსები უნდა გამოიყენო.
თუ მაგალითად, დასავლურ პრესაში დაიდება რეალური მასალები იმაზე, რა ხდებოდა სააკაშვილის პერიოდში, თუ დაიდება ელემენტარული სტატისტიკა იმისა, რა ტიპის საჩივრები შედის დღეს პროკურატურაში, ამით, იგივე ევროპული საზოგადოებისთვის სრულიად თვალსაჩინო გახდება, რომ დღევანდელი ხელისუფლება სრულიად მართალია იმაში, რაშიც მას ბრალს სდებენ.
ასეთ შემთხვევაში, დასავლელი ლიდერებიც იძულებულები იქნებიან, ანგარიში გაუწიონ უკვე მათივე ქვეყნებში შექმნილ საზოგადოებრივ აზრს.
არსებობს კიდევ სხვა ფორმები იმისა, რომ შენი პარტნიორი დასავლეთის ქვეყნის ლიდერები იხსნა იმიჯის შელახვისგან. არსებობს საამისოდ პოლიტიკური ტექნოლოგიები, რომელთა დახმარებითაც შეიძლება ეს ყველაფერი ისე გააკეთო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური საქმეების წამოწევა არ იყოს გაიგივებული და ასოცირებული მათ პატრონებთან დასავლეთის სახით. ამაზე აუცილებლად უნდა იზრუნოს ახალმა მთავრობამ.
დღევანდელი ხელისუფლება დღეს ორ ვეშაპს ემყარება ერთია საკუთარი ამომრჩეველი და მეორე - არანაკლები სიძლიერის - დასავლეთის კეთილგანწყობა და მხარდაჭერა.
სალომე ზურაბიშვილი ასევე აცხადებს, რომ ნაციონალებმა კიდევ ერთი ახალი ლობისტური ჯგუფი იქირავეს თუ თვითონვე შექმნეს. ანუ მხოლოდ ლობისტურ ომთან გვაქვს საქმე თუ არსებობს სხვა ბერკეტებიც, რომ დასავლეთმა გამრუდებულ სარკეში აღქმულით არ აკეთოს განცხადებები და გამოიტანოს დასკვნები?
-რა თქმა უნდა, მხოლოდ ლობისტური ჯგუფებით არ ამოიწურება ეს. იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლების მანძილზე ცდილობდნენ ძველი ხელისუფლების ქმედებები გაეტანათ უცხოეთში, იგზავნებოდა ათასობით საჩივარი, მოხსენებითი ბარათები, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით ორგანიზაციებში. სწორედ იმ ფაქტებზე იგზავნებოდა ეს საჩივრები, რა ფაქტებზეც დღეს გამოიძიება ხდება. იმ ხელისუფლების პირობებში ამ ყველაფრის გამოძიება შეუძლებელი იყო. დღეს ეს არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა გამოვიდნენ და საკუთარი სათქმელი თქვან.
გარდა ამისა, მე ვფიქრობ საჭიროა შეიქმნას ერთგვარი საზოგადოებრივი საბჭო, ნდობისა თუ მომლაპარაკებელთა ჯგუფის მსგავსი, იგივე იურისტების, პოლიტიკის ექსპერტების მონაწილეობით, რომელიც ერთგავრად შეისწავლის რა რესურსი არსებობს დღეს პარლამენტსა და ხელისუფლებაში წარმოდგენილი ორი პოლიტიკური ძალისა თუ სუბიექტის თანაარსებობისათვის და საკმარისია თუ არა ეს რესურსი იმისათვის, რომ კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში მათ იმგვარად შეძლონ თანაცხოვრება, რომ ეს ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებაზე არ აისახოს. დაადგენს როგორც ერთი, ისე მეორე მხარის ინტერესებისთვის აუცილებელ წითელ ხაზებს და მხარეების სურვილის შემთხვევაში ჩაერთვება მოლაპარაკებებშიც.
ამგვარი საზოგადოებრივი ინიციატივის უმთავრესი მიზანი იქნება ის, რომ დასავლეთის თვალში ნდობა გაზარდოს საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ და უდავოდ წაადგება ქვეყნის და იგივე საზოგადოების, გნებავთ პოლიტიკური სპექტრის იმიჯის ამაღლებას საერთაშორისო არეალზეც, ხოლო ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კულტურის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგარეო რგოლი გასაგები და ობიექტური მიზეზების მიუხედავად, არის ახალი ხელისუფლების სუსტი რგოლი და ამაზე დამატებითი მუშაობაა საჭირო? ფაქტია, რომ ახალი ხელისუფლება ვერ ჯდება იმ ნიშაში, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკავა თავის დროზე დასავლეთთან...
- ამ მიმართულებით ხელისუფლებას გარკვეული ნაბიჯების გადადგმა უთუოდ სჭირდება. თვითონ ეშტონის განცხადებების კონტექსტიდანაც ჩანდა ეს. სწორი კომუნიკაცია აკლია „ქართულ ოცნებას“ იმისათვის, რომ დასავლეთთან ურთიერთობა სხვა რეგისტრში გადაიყვანოს.
აქ გამოუცდელობაზეც შეიძლება იყოს საუბარი?
- გამოუცდელობაზეც შეიძლება ვისაუბროთ. თუმცა მეორეა ის, რომ ზოგადად ივანიშვილი არის კარგი გაგებით, ტექნოკრატი მმართველი, როგორიც არ ჰყოლია საქართველოს. ის როგორც მმართველი, ორიენტირებულია შიდა ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაზე. მას მიაჩნია, რომ უმწვავესი პრობლემა დღეს ეკონომიკის ფეხზე დაყენებაა.
ამ ფონზე შეიძლება ნაკლები ყურადღება ეთმობოდეს საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებს, რის გარეშეც ვერანაირი ეკონომიკური აღმასვლა ვერ მოხერხდება.
შევარდნაძის შემთხვევაში ქვეყნის საგარეო ფუნქციაზე კეთდებოდა აქცენტი; სააკაშვილის შემთხვევაში, ვირტუალური ინფორმაციული რეალობის შექმნა იყო პრიორიტეტული. ივანიშვილის შემთხვევაში პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკურად ფეხზე დაყენებაა, მაგრამ ბალანსის დაცვაა საჭირო: ამ მიზანს არ უნდა შეეწიროს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსიურობა.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ასეთი განცხადება „დიდი სპეკულაციები მიდის ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით, როდესაც ვთქვი, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას ვაპირებ. მე იგივე შემიძლია გავიმეორო დღესაც. მაგრამ მინდა განვმარტო, რომ არ გავრბივარ. პრესაში წავიკითხე - „მიდის იმიტომ, რომ დარჩეს“. დაუგროვდება ბევრი პრობლემა და გაასწრებს. მე წავალ, მხოლოდ გამარჯვებული. იმ შემთხვევაში წავალ პოლიტიკიდან, თუ ყველაფერი კარგად იქნება და ასევე ყველაფერი გასაგები იქნება ყველასთვის“... ეს იყო პასუხი თქვენს სტატიაზე?
- რეალურად არასწორად იყო აღქმული, რაზეც სტატიაში იყო ლაპარაკი. მე ვამბობდი, იმას, რა უნდა გაეთვალისწინებინა ივანიშვილს. როდესაც ის ამბობდა, რომ წელიწადნახევარში უნდა წავიდე პოლიტიკიდან, ჩემთვის არსებითი იყო ერთი თემა - რა პოლიტიკურ ლანდშაფტს დატოვებდა ქვეყანაში, სხვათა შორის, ამ თემაზე for.ge-სთანაც მქონდა ინტერვიუ.
თუ შენ გინდა გამარჯვებული გერქვას, ქვეყანა ისეთი პოლიტიკური სპექტრისა და სისტემის პირობებში უნდა დატოვო, რომელიც გამორიცხავს ავტორიტარიზმისკენ მიბრუნებას. ანუ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლიტიკიდან წავა, მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ პოლიტიკურ სპექტრსა და იმ სისტემაზე, რომელსაც ის დატოვებს და შექმნას იმგვარი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს მრავალპარტიულობას ქვეყანაში.