უგულავას გარედან საგამოძიებო სამსახურები უტევენ, შიგნიდან კი საკრებულოს დეპუტატები. საქმე ისე მიდის, რომ თბილისის მერს ყველა დახარჯულ თანხას დაუთვლიან და რა გადაცდომასაც გამოავლენენ, იმის მიხედვით დაიბარებენ ახსნა-განმარტების მისაღებად.
თბილისის წინა წლის ბიუჯეტის განკარგვის საკითხი, შესაძლოა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს. როგორც საკრებულოს ახალი ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისის“ თავმჯდომარემ, გიორგი მუსხელიშვილმა განაცხადა, თბილისის 2013 წლის ბიუჯეტი საკრებულოში 20 ნოემბრისთვის შევიდა და კომიტეტების გაფართოებულ სხდომაზე მოხდა განხილვა, თუმცა მერიას უკან დაუბრუნდა.
„მერიის შესაბამისმა სამსახურმა წარმოადგინა თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, მაგრამ რადგანაც უცნობი იყო თუ რა ტრანსფერი გამოიყოფა ცენტრალური ბიუჯეტიდან თბილისისათვის, ამიტომ დედექალაქის ბიუჯეტის პროექტი მერიას ისევ უკან დაუბრუნდა“, - აღნიშნა მუსხელიშვილმა.
შესაბამისად უცნობია, თუ რა მოცულობის იქნება მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი. მუსხელიშვილის ვარაუდით, თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოხდება 20 დეკემბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე.
წინა წლის თბილისის ბიუჯეტი 663 მლნ ლარს შეადგენდა, საიდანაც 300 მლნ სხვადასხვა ხარჯებში იყო გაწერილი, რაც შესწავლის საგანი უნდა გახდეს. მისივე თქმით, ეს თანხები გაურკვეველი მიმართულებით დაიხარჯა და, სავარაუდოდ, ამ საკითხს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის.
საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, თბილისის ბიუჯეტში თანხების არამიზნობრივად ხარჯვის შემოწმება არა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, არამედ მოწვეულმა კერძო აუდიტმა უნდა განახორციელოს.
გაბუნიას თქმით, ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ ენდობა, რადგან ის იმ ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობასთან“ ასოცირდებიან და აღნიშნავს, რომ ალტერნატიული აუდიტის ჩატარება სწორედ, ამ მოტივით მოითხოვა.
„საკრებულოს ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივადაა დახარჯული. ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება სჭირდება, თუმცა მე საქართველოს აუდიტის სამსახურს არ ვენდობი, რადგან ის იმ ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ რიცხვს მიეკუთვნებიან. მათ შორის, თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის აუდიტის დეპარტამენტის უფროსად ბეჟან ბუცხრიკიძეა დანიშნული. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ხაზინდარი იყო. ამიტომ, ბუნებრივია, მათ არ ვენდობი და ალტერნატიული აუდიტის ჩატარება სწორედ, ამიტომ მოვითხოვე.
საქართველოს ორგანული კანონი თვითმმართველობის შესახებ, მისი 57 მუხლი გვაძლევს საშუალებას, მოვიწვიოთ კერძო აუდიტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, თბილისის ბიუჯეტის შემოწმებისა. მიმაჩნია, რომ ეს უფრო სწორი და გამართლებული იქნება. ასევე, ეს იქნება ობიექტური ანალიზი თბილისის ბიუჯეტის, როგორც საფინანსო დოკუმენტისა.
გამომდინარე იქიდან, რომ კონტროლის პალატა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობითაა“ დაკომპლექტებული, რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის საბიუჯეტო დარღვევებს ობიექტურად არ შეისწავლის“, - განაცხადა გაბუნიამ.
მოკლედ, საკრებულოს წევრები როგორ უყურებენ ამ აუდიტის სამსახურს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ საქართველოს მთავრობა დედაქალაქის მერიას რომ ავი თვალით უცქერს, ეს კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას. სანამ ბიუჯეტის ხარჯების საკითხის შესწავლა დაიწყებოდეს, მანამდე საგამოძიებო სამსახურები მერიის სისტემაში შემავალ შვიდ დაწესებულებაში შევიდნენ.
2012 წლის 27 ნოემბრიდან მოყოლებული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს მთავარ პროკურატურამ გამოძიების წარმოება დაიწყო. ამ მოტივით საგამოძიებო სამსახურები დოკუმენტაციის ამოღებისა და ახსნა-განმარტების მიღების მიზნით, შესულები არიან ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში შემავალ შემდეგ დაწესებულებებში და მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში:
1. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაცია; 2. ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური; 3. ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური; 4. სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური; 5. ააიპ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი; 6. ააიპ თბილისის განვითარების ფონდი; 7. შპს “თბილსერვის ჯგუფი”.