იყო თუ არა ეს ბინძური წინასაარჩევნო სვლა? საქართველოს მთავარი პროკურორის პასუხი ამ შეკითხვაზე დადებითია. ის ამტკიცებს, რომ სექტემბრის ბოლოს, იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა, ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ წამყვანი ფიგურების დისკრედიტაციის მიზნით, მათ საიდუმლო მოსმენაზე ბრძანება გასცა. „ქართული ოცნების“ კომპიუტერებში შეღწევის შემდეგ, ჩინოვნიკებმა დააშანტაჟეს „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ერთ-ერთი წევრი ბესო სურმავა და youtube-ზე ჩანაწერები მისი სახელით ატვირთეს. შემდეგ, დამაჯერებლობისთვის, სურმავა დასავლეთ საქართველოში გაიტაცეს და 1 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაათავისუფლეს.
15 ნოემბერს, ხელისუფლებამ ბ-ნ ხიზანიშვილს, რომელიც ახლა თბილისის მერის მოადგილეა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ათ ჩინოვნიკს ბრალი უკანონო მოსმენების და გატაცების გამო წაუყენეს. (ერთ-ერთ მათგანს ბრალი ედება ასევე გასული წლის მიწურულს ბ-ნი ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ მიერ იმპორტირებული ტექნიკის განგებ დაზიანებაში, რაც ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლიდან მალევე მოხდა). მომდევნო დღეს, პოლიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ჩინოვნიკი თენგიზ გუნავა დააპატიმრა. გუნავას ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შენახვაში. მსგავსი დაპატიმრებები შეიძლება გაგრძელდეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) თანახმად, ეს წმინდაწყლის პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ბ-ნი ხიზანიშვილის დაპატიმრება „პირადად ჩემზე ზეწოლის მიზნით“ მოხდა, განაცხადა 16 ნოემბერს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა. ორი დღის შემდეგ კი თბილისის მერი გიგი უგულავა ამტკიცებდა, რომ ხიზანიშვილის წინააღმდეგ ბრალდებები „შეთითხნილია“. 20 ნოემბერს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერმინისტრი სისხლისმსმელ ფრანგ რევოლუციონერ რობესპიერსაც კი შეადარა.
ამას უცხოეთში ცუდი გამოხმაურება მოჰყვა. როდესაც ხელისუფლებამ ნოემბრის დასაწყისში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია, და ქვეყნის ორი მაღალჩინოსანი სამხედრო დააპატიმრა, ნატომ საქართველოში მისი სამხედრო კომიტეტის ვიზიტი გადადო, რომლის ჩატარებაც 9 ნოემბერს იგეგმებოდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა სამი დღის შემდეგ, თუმცა, ბ-ნ ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ტონი შეარბილა.
თუმცა, რიგითი ქართველები, როგორც ჩანს უფრო წინდახედულები არიან. ბოლოს და ბოლოს, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ბოლოდროინდელ არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი გამოიწვია, იყო ის განცდა, რომ მმართელი პარტია თავს კანონზე მაღლა აყენებდა. ქვეყნის უახლოესი მოკავშირეები, და მათ შორის შეერთებული შტატები, მუდმივად ჩიოდნენ სამართლის შერჩევითობაზე საქართველოში წინა მთავრობის პირობებში.
მოქმედი მთავრობის აზრით, დაპატიმრებები არის იმ ფართო ძალისხმევის ნაწილი, რაც მიმართულია საქართველოში სამართლიანობის განცდის აღდგენაზე. ეს მოიცავს ძველი სადავო საქმეების გახსნას, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას და იმის უზრუნველყოფას, რომ პარლამენტი სერიოზულად უდგებოდეს ქვეყნის ობმუდსმენს.
ბოლოდროინდელი მოვლენები ხაზს უსვამს ამ მიმართულებას. 19 ნოემბერს ადამიანის უფლებების საპარლამენტო კომიტეტმა მოიწონა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც არის მოწოდება 184 „პოლიტიკური პატიმრისა“ და უცხოეთში მყოფი 22 „პოლიტიკური დევნილის“ გათავისუფლების შესახებ. 2008 წელს, ერთ-ერთი ასეთი დევნილი, ბ-ნი სააკაშვილის ყოფილი მოკავშირე ირაკლი ოქრუაშვილი, სასამართლომ მასშტაბური გამოძალვის ბრალდებით გაასამართლა. 20 ნოემბერს ის საკუთარი რეპუტაციის აღდგენის მიზნით საქართველოში დაბრუნდა და უმალ დააპატიმრეს.
და მაინც, მთავრობამ გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს იმის დასამტკიცებლად, რომ ის უბრალოდ ანგარიშსწორებას არ ეწევა. დასაწყისისთვის, მან უნდა დააბალანსოს სწრაფი რეზულტატის სურვილი პროცესის განმტკიცების აუცილებლობასთან. მაგალითად, ახლახანს ორმა ცნობილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დატოვა ცოტა ხნის წინ პოლიტიკური პატიმრების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი. მათ განაცხადეს, რომ კომისია ყველა ცალკეულ საქმეს სათანადოდ არ სწავლობდა.
გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა დააჩქაროს რეფორმები სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების მიმართულებით და გაზარდოს სამართლიანი სასამართლო პროცესის შესაძლებლობა მათთვის, ვინც დაპატიმრებულია. ქართული სასამართლოები დიდი ხნის განმავლობაში დაშინებულები იყვნენ: წინა მთავრობის დროს, პროცესები თითქმის ყოველთვის გამამტყუნებელი განაჩენებით სრულდებოდა. იმედისმომცემია ის, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ორი სამხედროს დატოვებაზე წინასწარ პატიმრობაში ახალაიასთან ერთად, რითაც წარსულთან შედარებით დამოუკიდებლობის დიდი განცდის დემონსტრირება მოახდინა. მაგრამ ეს პირველი დღეებია.
ბოლო დროს დაპატიმრებულ პირთა დიდი ნაწილის მიმართ წაყენებული ბრალდებები საარჩევნო კამპანიას უკავშირდება, რის გამოც პროცესს ახალი მთავრობის წამყვანი ფიგურების მხრიდან პერსონალური წყენის ელფერი გასდევს. ეს უნდა აღმოიფხვრას. საქართველოს მყიფე დემოკრატიის კონსოლიდირება მოითხოვს ამ ორი პარტიის ერთად მუშაობას. მწვავე საარჩევნო კამპანიის შემდეგ, დაპატიმრებები მხოლოდ აღრმავებს მათ შორის არსებულ წინააღმდეგობებს.
foreignpress.ge