"სტამბოლის პროცესის“ სახელწოდებით ცნობილი შეხვედრის მორიგი ეტაპი სტამბოლში 16-17 ნოემბერს გაიმართა, სადაც ქართველი და რუსი ექსპერტები მონაწილეობდნენ. როგორც შეხვედრის მონაწილე, ეკონომიკურ მეცნიერაბათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა აცხადებს, ეს შეხვედრა სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით, ძალზე ნაყოფიერი იყო და პირველად მოხდა კონკრეტული განცხადების შემუშავება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ უპირველეს ყოვილსა ხელი უნდა შეეწყოს ქვეყნებს შორის ჰუმანიტარული, კულტურისა და ეკონომიკის სფეროში მთელი რიგი პრობლემების მოგვარებას. რაც შეეხება ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროს, ექსპერტები მიზანშეწონილად მიიჩნევენ, რომ მოხდეს კონტაქტების სტიმულირება, აღდგეს კავშირები განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ასევე მოხდეს სავიზო რეჟიმის შემსუბუქება და საბოლოოდ გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის.
პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებით, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უნდა აღდგეს რეგიონული უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული პარლამენტთაშორისი და საექსპერტო კავშირები, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ტერორიზმთან და რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლენასთან ბრძოლას, „სოჭი 2014“-ის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობის გათვალისწინებით.
ექსპეტებმა ერთობლივი ხედვა წარმოადგინეს ეკონომიკურ საკითხებზეც. რაზე შეთანხმდნენ ქართველი და რუსი ექსპერტები, რა წინადადებებს წარუდგენენ საკუთარ მთავრობებს ამ და სხვა თემებზე პროფესორი ლადო პაპავა გვესაუბრება.
ბატონო ლადო მკითხველისთვის ნათელი რომ იყოს, ეგებ მოკლედ ავუხსნათ რას ემსახურება „სტამბოლის პროცესის“ ფარგლებში გამართული შეხვედრები?
- 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ უცხოელებს გაუჩნდათ იდეა, რომ დაეფინანსებინათ ქართველ და რუს ექსპერტთა პერიოდული შეხვედრები. ეს იდეა მოდიოდა ძირითადად ევროპის ქვეყნებისგან და ამ ინიციატივით პირველი გამოვიდა ჰოლანდია. მათ ჩაენაცვლა ბელგია და პერიოდულად ეწყობოდა შეხვედრები ქართველ და რუს ექსპერტებს შორის. პირველი ასეთი შეხვედრა შედგა 2008 წლის ნოემბერში, სტამბოლში, ჰოლანდიელების დაფინანსებით.
ეს იყო ძალზე საინტერესო შეხვედრა - აღმოჩნდა, რომ როგორც ჩვენ, ქართველებს გვქონდა მცდარი შეხედულება რუსეთში მიმდინარე პროცესებზე, არანაკლებ მცდარი წარმოდგენები ჰქონდათ რუს ექსპერტებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. რაკი გადაწყდა, რომ შეხვედრებს სისტემატიური ხასიათი ექნებოდა და ძირითადად სტამბოლში შედგებოდა, ამიტომ, მას შეხვედრაში მონაწილე არჩილ გეგეშიძის ინიციატივით „სტამბოლის პროცესი“ ეწოდა.
სულ ცოტა წელიწადში ორჯერ მაინც ეწყობა ასეთი შეხვედრა. ქართული მხარის ხელმძღვანელია გოგი ხუციშვილი. საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ასეთი შეხვედრა შედგა აშშ-ში, რომელიც ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა.
„სტამბოლის პროცესი“უკვე საინტერესო გახდა იმითაც, რომ დისკუსია გაიმართა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ს კვლევითი ცენტრების თანამშრომელთა და აშშ-ს უნივერსიტეტების პროფესორების მონაწილეობით.
ბოლო შეხვედრა, კი რომელიც 16-17 ნოემბერს ჩატარდა, პირველი შეხვედრა იყო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელმაც გარკვეულწილად შეცვალა შესაძლებლობები საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების.
თუ ამ არჩევნებამდე მოსკოვის პოზიცია იყო, რომ სააკაშვილს არ ელაპარაკება და საქართველოსთან არანაირი ურთიერთობა არ სურს, ახლა სიტუაცია იცვლება, რადგან გაჩნდა პრინციპულად ახალი სუბიექტი - პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელთანაც იგივე პოზიციის დაკავება, რომ მას არ დაელაპარაკოს, მოსკოვს არ გამოუვა.
რაც შეეხება ეკონომიკურ მიმართულებას, რაზე შეთანხმდით თქვენ და რუსი ექსპერტები?
- ერთობლივად შევიმუშავეთ წინადადებები - ერთობლივი განცხადება, რომელსაც ჩვენს მთავრობებს წარვუდგენთ. ეს არის ექსპერტების ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირება.
როგორ უნდა მოხდეს?
- ჩვენ ამ განცხადებაში სპეციალურად არ შევეხეთ ყველაზე მწვავე თემებს. ეს არის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხები. არა იმიტომ, რომ ჩვენ დავთმეთ - არც არაფერი დაგვითმია, რადგან შევთანხმდით, რომ ასეთი რთული თემებით ურთიერთობის დაწყება თბილისსა და მოსკოვს შორის ნიშნავს ჩიხს.
ეს ის თემაა, რომელსაც არასდროს დავთმობთ და თვალს არ დავხუჭავთ, მაგრამ ამ ეტაპზე მიგვაჩნია, რომ სჯობს, საუბარი დავიწყოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჰუმანიტარული, უსაფრთხოების თემები. ვისაუბროთ განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებზე, რომელშიც უშუალოდ მე ვიყავი ჩართული. ეს საკითხები შეიძლება დარეგულირდეს საკმაოდ სწრაფად თუ ამისი პოლიტიკური ნება იარსებებს.
რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს საუბარი იყო რუსეთსა და საქართველოში სავაჭრო-სამრეწველო პალატების წარმომადგენლობების გახსნაზე...
- საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის განახლება-გააქტიურების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ის, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს, რომლებიც არ არიან სამთავრობო სექტორის ნაწილი, გახსნილი ჰქონდეთ თავიანთი წარმომადგენლობები. ეს იქნება ბიზნესკონტაქტების გაადვილების საშუალება...
რას ელოდებით რუსული მხარისგან, რა დამოკიდებულება შეიძლება გამოიკვეთოს?
- ეს არის ექსპერტთა მოსაზრებები. შეხვედრის დროს ზოგიერთ საკითხზე ვერ შევთანხმდით და ეს საკითხები განცხადებაში არც შესულა. რაზეც ჩვენ შევთანხმდით მხოლოდ ის საკითხები შევიდა განცხადებაში. წინასწარ არც ჩვენ დავლაპარაკებივართ ჩვენს მთავრობას და არც რუსები საკუთარს. რუსული მხარისგანაც და ჩვენგანაც უკვე გამოქვეყნდა განცხადებები და ვნახოთ, რა რეაქცია მოჰყვება ამას. იმედი მაქვს, ბატონი ზურაბ აბაშიძის, რომელიც პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელია - მას უკვე აქვს გარკვეული საკითხები, რაზე შეიძლება ელაპარაკოს მოსკოვს.
თუმცა რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი ჯერჯერობით არ გაკეთებულა...
- სამწუხაროდ, რუსეთი აგვიანებს თავის ნაბიჯს, ეს შეიძლება სხვადასხვა გარემოებებით იყოს გამოწვეული. ჯერ ერთი, თუნდაც იმით, რომ სააკაშვილის რეჟიმი ჯერ დასრულებული არ არის საქართველოში.
შესაძლოა „ქართული ოცნება“ ცოტა ზედმეტად ოცნებობს, როცა ჰგონია რომ „სააკაშვილი დასრულებულია“. ყველას გაგვიხარდება სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური მოვლენა, რომ დასრულდეს, მაგრამ სამწუხაროდ ის დასრულებული არ არის და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში გააძლიეროს ორხელისუფლებიანობა.
როდესაც „ქართულ ოცნებაზეა“ ლაპარაკი, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ ცდილობს დასავლეთის თვალში ის დახატოს როგორც რუსული პროექტი. იგივე „სტამბულის პროცესის“ ფარგლებში, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ამერიკაც და ევროპაც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებით საკმაოდ აქტიურად ინტერესდება...
- ივანიშვილის რუსეთის აგენტობა უკვე მოსაბეზრებელი თემაა. გაცილებით ადვილად შემიძლია ვილაპარაკო სააკაშვილის კავშირებზე რუსეთთან, რომელმაც პრაქტიკულად, ხელ-ფეხი გაუხსნა რუსებს გაეკეთებინათ ის, რისი გაკეთებაც უნდოდათ - ტერიტორიები ჩააბარა და საქართველოს სტრატეგიული ობიექტებიც რუსეთის ხელთ არის.
ევროპისა და ამერიკის დაინტერესება საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა მოგვარებით ჯერ კიდევ მაშინ გამოიკვეთა, როდესაც ამერიკელებიცა და ევროპელებიც საქართველოს სთხოვდნენ ყოფილიყვნენ კონსტრუქციულები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
დასავლეთისგან იგრძნობა, რომ არსებობს მოთხოვნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დალაგებისა. უფრო მეტიც, როდესაც ქართველი და რუსი ექსპერტები ვაშინგტონში შევხვდით, იქ ძალზე სერიოზული დაინტერესება იყო ამერიკელების მხრიდან, რომ გამოიძებნოს ისეთი მომენტები, რომელიც შეიძლება იყოს საკმაოდ შედეგიანი სასაუბრო თემა ქართველებსა და რუსებს შორის.
ეს დაინტერესება ჩემი, როგორც ექსპერტის გადასახედიდან აშკარად გამოხატულია, რადგან პრაქტიკულად ჩვენმა არც თუ დიდი ხნის წინანდელმა ვიზიტმა აშშ-ში, აჩვენა რომ ამერიკა სწორედაც რომ დაინტერესებულია რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობით.
რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანებით რამდენად მოიხსნა რუსეთ-საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქციის მიმოქცევის პრობლემა?
- რაც შეეხება ქართული პროდუქციის გატანას რუსულ ბაზარზე, ეს უშუალოდ არ არის კავშირში რუსეთის WTO-ში გაწევრიანებასთან. საქმე იმაშია, რომ რუსეთს საქართველოსთვის ოფიციალურად ემბარგო არასოდეს არ გამოუცხადებია, არც რუსეთის დუმის, არც მთავრობის და არც პრეზიდენტის მიერ არ არის გამოცემული დოკუმენტი, რუსეთის მიერ საქართველოს ბაზრის ჩაკეტვის შესახებ. ბაზარი ჩაკეტა მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ ქართული პროდუქციის ვითომდა უხარისხობის გამო. ყველას გვესმის, რომ ამ გადაწყვეტილების უკან პოლიტიკური მოტივებია, თუმცა შესაბამისი დოკუმენტი რუსეთს არ მიუღია. დღეს რომ თბილისმა მოსკოვს მოსთხოს, ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაუშვას, ეს მცდარი მოთხოვნა იქნება, რადგან პოლიტიკური დოკუმენტით რუსეთს ბაზარი არ ჩაუკეტავს.
თქვენი რეკომენდაცია როგორია, რა შეიძლება ამ შემთხვევაში ქართულმა მხარემ მოიმოქმედოს?
- ჩვენი ხედვა იმას ეფუძნება, რომ თვითონ ბიზნესმა უნდა გამოიჩინოს აქტიურობა. ის ხელშეშლა, რომელიც ბიზნესს სააკაშვილის მთავრობისგან ჰქონდა, იმედია, დაძლეულია. თვითონ კომპანიები უნდა შეეცადონ რუსულ ბაზარზე გასვლას.
რამდენიმე კომპანია არის კიდეც გასული რუსეთის ბაზარზე...
- თუ რომელიმე კომპანიის პროდუქცია საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და მათ შესაბამისი დოკუმენტები გააჩნიათ, ამერიკულ, ევროპულ თუ აზიურ ბაზრებზე გასასვლელად, ხოლო რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის სამსახური ამ კომპანიების შესვლას დაბლოკავს რუსულ ბაზარზე, ამ შემთხვევაში შეიძლება დაიცვას საქართველოს მთავრობამ ქართული კომპანიების ინტერესები უკვე WTO-ში. მანამდე კი ეს ყველაფერი ქართული კომპანიების გასაკეთებელია და ძალზე კარგია, რომ რამდენიმე ქართულმა კომპანიამ ეს მოახერხა, ან იმ სტადიაშია, რომ მალე მოახერხებს ამ ბაზარზე შესვლას.
საკმაოდ აქტუალურია რუსეთში ქართული ხილისა და ბოსტნეულის შეტანის თემაც, ამ შემთხვევაში რა პერსპექტივა გვაქვს?
- ერთ კონტექსტში განიხილება. იმ კომპანიებმა, რომლებსაც რუსულ ბაზარზე გასვლა სურთ, საჭიროა, ნებართვა მიიღონ რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის სამსახურიდან.
შიგა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებსაც რომ შევეხოთ დღეისათვის აქტუალურია კომუნალური ტარიფების თემა. რაღაც გარკვეული დაპირისპირებაც კი წარმოიქმნა. გარკვეული ჯგუფები აცხადებენ, რომ ტარიფის სერიოზულად შემცირება შესაძლებელია, გარკვეული ჯგუფების შეფასებით კი სერიოზული კლება გამორიცხულია. თქვენი შეფასებით, რა ხდება?
- ტარიფების სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ რაც ჩანს, ისაა, რომ არის რამდენიმე შუამავალი კომპანია, რომელთა ფუნქციები გამჭვირვალე არ არის და თუ ეს შუამავალი რგოლები იქნება ნაკლები, ტარიფი თავისთავად შემცირდება.
მივადექით ინსტიტუციურ პერობლემას - ტარიფის დადგენა მარეგულირებელი კომისიის გადასაწყვეტია. ეს არც პარლამენტის გადასაწყვეტია და არც მთავრობის. მარეგულირებელი კი სააკაშვილისა და მისი სამთავრობო გუნდის მიერაა დაკომპლექტებული. ეს ხალხი შეამცირებს ტარიფს?- აი, სად არის პრობლემა.
ერთადერთი გზა ის არის, თუ პარლამენტი მიიღებს ცვლილებებს მარეგულირებელ კომისიების შესაბამის კანონმდებლობაში, იმ კუთხით, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდეს ის მეთოდიკა, რითაც დაიანგარიშება ტარიფი.
ტარიფის შემცირების სხვა გზა კი არის მხოლოდ და მხოლოდ სუბსიდირება, ანუ ბიუჯეტიდან დაფინანსება ენერგეტიკული კომპანიებისა, რისიც კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ეს არ შეიძლება. ერთადერთი, ყველაზე შეჭირვებულ მოსახლეობას შეიძლება შეუმცირდეს ტარიფი სუბსიდიის ხარჯზე. დანარჩენ შემთხვევაში არსებობს მრიცხველი და ყველამ უნდა გადაიხადოს მრიცხველის მიხედვით.
დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ აპელირებს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სასწრაფოდ უნდა შეასრულოს ყველა ის დაპირება, რაც მის წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩადებული. უკვე დადგა დრო, რომ მმართველ პარტიას დაპირებების შესრულება მოვთხოვოთ?
- ეს ჩვეულებრივი ამბავია. „ნაციონალური მოძრაობა“ პიარ-ტექნოლოგიებში საკმაოდ დახელოვნებულია. საქმის კეთება არ იციან, თორემ პიარტექნოლოგიებს იდეალურად ფლობენ. ახლა ცდილობენ, პიარის მეშვეობით აჩვენონ, რომ ივანიშვილის მთავრობა წარუმატებელია. სამწუხაროდ, ივანიშვილის მთავრობა პიარ-ტექნოლოგიებში ჯერ მოიკოჭლებს - ეს ფაქტია. ჩვენ ამას ვხედავთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.
სამწუხაროდ, ნაციონალები ცდილობენ აჩვენონ, რატომ არის წარუმატებელი ივანიშვილის მთავრობა, როდესაც ჯერ მხოლოდ ერთი თვე შესრულდა, რაც ეს მთავრობა ხელისუფლებაშია, მაშინ როდესაც პირველი შეფასებების გასაკეთებლად საერთაშორისო სტანდარტით 100 დღე მაინც არის საჭირო.
ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ სააკაშვილიზმი, როგორც ფენომენი, ქვეყნიდან არ გამქრალა.
რაც შეეხება გადასახადების შემცირებას, საუბარია დაუბეგრავ მინიმუმზე, ნაციონალები ლაპარაკობენ, რომ დაუბეგრავი მინიმუმით საშემოსავლო გადასახადის ყველა გადამხდელმა უნდა ისარგებლოს. მათი მხრიდან საუბარია ასევე საშემოსავლო გადასახადის 18%-მდე შემცირებაზეც...
- „ნაციონალური მოძრაობის“ წინადადებები არ შეიძლება სერიოზული განხილვის საგანი იყოს. ხელისუფლებაში იყვნენ - რატომ არ გააკეთეს? პირიქით, სწორედ ნაციონალებმა გააუქმეს დაუბეგრავი მინიმუმის ცნება ქვეყანაში და ვალდებულება - საშემოსავლო გადასახადი შეემცირებინათ, არ შეუსრულებიათ.
ეს წინადადება რომ ჰქონდეს ახალ მემარჯვენეებს, ქრისტიან-დემოკრატებს, ლეიბორისტებს ან რომელიმე სხვა პარტიას, ამ წინადადებას სერიოზულად განვიხილავდი. ნაციონალების წინადადების განხილვა არ შეიძლება - ეს არის ხალხი, რომელსაც არ გააჩნია მორალი. 9 წელი იყვნენ ხელისუფლებაში, თვითონ გააუქმეს დაუბეგრავი მინიმუმი და გაზარდეს საშემოსავლო გადასახადი. ერთი შემცირება გააკეთეს 25-დან 20%-მდე და თქვეს, კიდევ შევამცირებთო, თუმცა აღარ შეამცირეს... ამათ რა უფლება აქვთ, სხვები აკრიტიკონ. ეს წინადადება „ნაციონალური მორაობის“ მხრიდან არის ისევ და ისევ პროვოკაციული და არა საქმიანი.
ამ ეტაპზე თუ შეგიძლიათ შეაფასოთ ახალი მთავრობის მუშაობა?
- ჯერჯერობით, გამოკვეთილად ორი სამინისტროს მუშაობა ჩანს, ეს არის ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროები. ჩემი აზრით, მეტი გააქტიურება მართებთ განათლების და მეცნიერების და საგარეო საქმეთა სამინისტროებს.
დღეს საერთასორისო დონეზე ნაცმოძრაობა, სამწუხაროდ, უგებს „ქართულ ოცნებას“ და ეს უწინარეს ყოვლისა, ელჩების პრობლემაა.