„ნაცების“ პირველი რყევით კონსერვატორებმა იხეირეს, საპარლამენტო უმცირესობის რიგები დღითიდღე თხელდება. ფრაქცია - „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, რევაზ შავლოხაშვილმა დატოვა, რომელიც უმრავლესობაში გადადის. მართალია, შავლოხაშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით პრეცედენტს ვერ შექმნის, რადგან 21 ოქტომბრიდან დღემდე, ყოფილი მმართველი პარტია ექვსმა კანონმდებელმა დატოვა, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რღვევა „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსებს უზრდის. ოპოზიციაში დაწყებული რყევებით კი, პირველი სარგებელი კონსერვატორებმა ნახეს, რომელთაც პარლამენტში უკვე ფრაქცია დაარეგისტრირეს. კერძოდ, შავლოხაშვილის წყალობით, ხუთმა კონსერვატორმა - ზვიად ძიძიგურმა, ბიძინა გუჯაბიძემ, გიგა ბუკიამ, მერაბ კაჭახიძემ და პაატა კვიჟინაძემ, ფრაქციის მეექვსე წევრად შავლოხაშვილი დაიმატეს და რეგლამენტით, ფრაქციის შექმნის უფლება მოიპოვეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები კადრების გადინებას ჩვეულებრივ მოვლენად აფასებენ, თუმცა, გუნდის ყოფილ წევრებს მკაცრად აკრიტიკებენ და მათ გადაწყვეტილებას „რაღაცას“ უკავშირებენ. ამ „რაღაცას“ აკაკი ბობოხიძე არ აკონკრეტებს, გოკა გაბაშვილი კი, „მედროვეობასთან“ აიგივებს. როგორც for.ge-ს გაბაშვილმა განუცხადა, არსებობენ ადამიანები, რომელთაც უმცირესობასა და ოპოზიციაში ყოფნა არ შეუძლიათ და საკუთარ თავს მხოლოდ ხელისუფლებაში ხედავენ. მართალია, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ეტაპზე, იმის საშიშროებას და შესაძლებლობას ვერ ხედავენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის შემადგენლობის 2/3 გააკონტროლოს, თუმცა, ფაქტია, რომ ბურთი უმრავლესობის მოედანზეა და კარის მიმართულებით სვლას განაგრძობს.
მოსალოდნელია თუ არა „ნაციონალური მოძრაობიდან“ კადრების გადინების ტენდენციის ზრდა? For.ge ფრაქცია - „ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარების“ თავმჯდომარეს, აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:
უმცირესობის რიგები რევაზ შავლოხაშვილმა დატოვა. რატომ?
- უმცირესობის რიგები ერთმა წევრმა დატოვა, ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხუთმა წარმომადგენელმა, რაც პარლამენტში ჩვეულებრივი პროცესია. ალბათ, ძალთა გადანაცვლება პოლიტიკური შეხედულებებისა და გემოვნების ცვლილებით ხდება. როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრული ადამიანები ვართ, ჩვენი პოლიტიკური გემოვნება ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. თუმცა, ყურადღებას იმაზე რატომ არ ამახვილებთ, რომ „ქართული ოცნების“ რიგები ხუთმა წევრმა დატოვა?
ყოფილი მმართველი პარტიის რღვევა ყურადღებას მხოლოდ იმიტომ იმსახურებს, რომ თქვენი რიგების რყევით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. შესაბამისად, აპრიორი თქვენზე კეთდება...
- შავლოხაშვილი მართლაც არ არის ის ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებისთვის სერიოზული მიზეზი არ ექნებოდა. როგორც ჩანს, მან სასწორის ერთ მხარეს ღირსება და მეგობრებთან ურთიერთობა დადო, ხოლო მეორე მხარეს რაღაც, რამაც გადაწონა.
რა „რაღაც“?
- გამოვრიცხავ, რომ ზემოქმედების გარდა, ეს სხვა რაიმე ყოფილიყო. შავლოხაშვილი პატარა ბიჭი არ არის და მას სერიოზული ცხოვრება აქვს განვლილი. თუმცა, როდესაც, ადამიანი რაღაც გადაწყვეტილებას იღებ, მაიძულებელი ფაქტორი გაქვს. შავლოხაშვილი ჩამოყალიბებული კაცია, რომელსაც თავისი ცხოვრების წესი ჰქონდა და შეუძლებელია ყოფა რადიკალურად შეეცვალა. გადაწყვეტილების გამო, მას ალბათ, საშინელი დისკომფორტი აქვს, მაგრამ იძულებულია, რომ რაღაცის გათვალისწინების გამო, ეს ნაბიჯი გადადგას. როცა ადამიანი ნაციონალი იძინებ და დილით კონსერვატორი იღვიძებ, ე.ი. საქმე რაღაცასთან გვაქვს. მას ნაბიჯი ბოლომდე არც გადააგმევინეს და იმის უფლებაც კი არ მისცეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გადასულიყო. ეტყობა, ამასაც დამსახურება სჭირდება.
ერთი თვის განმავლობაში, თქვენი რიგები შავლოხაშვილის გარდა, კიდევ ექვსმა კანონმდებელმა დატოვა. კერძოდ, კახა ოქრიაშვილმა, გოდერძი ბუკიამ, ენზელ მკოიანმა, სერგო ხაბულიანმა, გოგი ლიპარტელიანმა და გიორგი გოზალიშვილმა. ეს სტატისტიკა იმაზე მიუთითებს თუ არა, რომ თქვენს გუნდშიც ადამიანები „რაღაცისთვის“ იყვნენ და საბოლოო ჯამში, თქვენს პოლიტიკურ პლატფორმას არ იზიარებდნენ?
- ალბათ, ეს მსგავს რამეზეც მიუთითებს. თუმცა, თქვენს მიერ დასახელებული ადამიანები გაცილებით უფრო პატიოსნად მოიქცნენ, რადგან მათ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ განცხადება, არჩევნებიდან მეორე დღესვე გააკეთეს. ნიშანდობლივია ის, რომ მსგავს გადაწყვეტილებას ბიზნესთან დაკავშირებული ადამიანები იღებენ, რაც სამწუხაროდ, იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენთან ისინი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე იყვნენ.
ანუ, ისინი ბიზნეს ინტერესების დაცვას კვლავ განაგრძობენ?
- სამწუხაროდ, საქართველოში ბიზნესმენები იძულებულნი იყვნენ და იქნებიან საკუთარი პოლიტიკური პოზიცია იმისდა მიხედვით შეარჩიონ - პოლიტიკაში თუ ვინ არის. ეს კი, ქვეყანაში არსებულ კარგ ვითარებაზე არ მეტყველებს.
რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მოამზადებს, რომლის თანახმად, კონსტიტუციურად მმართველობის საპარლამენტო მოდელის ამოქმედება პრეზიდენტის არჩევნებამდე მოხდება. ვინაიდან, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს, თქვენი რიგებიდან კადრების გადინება კიდევ უფრო ხომ არ დაჩქარდება?
- დავით უსუფაშვილმა არასამთვროებთან გამართულ შეხვედრაზე განცხადება გააკეთა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა მიდის, რომელსაც 2/3 სჭირდება. ანუ, ირიბად მუშაობა გრძელდება, რომ ასი კაცი იქნეს მოგროვებული. ეს მოგროვება კი, აგიტაციით ხდება თუ ზეწოლით, ეს უკვე საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს. რაც შეეხება კადრების გადინებას, არავინ არ არის გარანტირებული - თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მათ შორის მეც, რომელსაც მგონია, რომ რაღაც ტიპის გადაწყვეტილებას არ მივიღებ, არ ვიცი, რა რეალობის წინაშე დავდგები. შესაბამისად, ვინმესკენ თითის გაშვერა არ მინდა. ჩვენი რიგებიდან კი იმ ხალხის გადაყვანას ცდილობენ, რომლებზეც ადრე ამბობდნენ, რომ „ძალიან ცუდები“ არიანო და მაინტერესებს, თუ ცუდები არიან - მათთან რა უნდათ?
რა უნდათ?
- ერთადერთი - მათი ხმა სჭირდებათ, ხმა - საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. თუმცა, პრემიერს ვურჩევ, რომ როგორც უამრავი დაპირება წაიღო უკან, რასაც ღირსებად ვუთვლი, ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადატანას უმნიშვნელო საკითხად ნუ გახდის.
თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებასთან დაკავშირებით აქცენტი კეთდება არა პარლამენტის გადატანაზე, არამედ პრეზიდენტის უფლებამოსულების შეზღუდვაზე. . .
- პრეზიდენტის უფლებები შეზღუდულია და მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებზე არანაირ ბერკეტს არ იყენებს და დაბრკოლებებს არ ქმნის. ამ ბერკეტების გამოცლა, რისთვის უნდათ და ოქტომბრამდე რატომ ჩქარობენ, არ მესმის. ეტყობა, თეორიულად იმას უშვებენ, რომ მათ შეიძლება ისეთი ნაბიჯის გადადგა მოუწიოთ, რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთო არ იქნება. როგორც ჩანს, დახურული თემები და გეგმებია და პრეზიდენტი მთავრობას დისკომფორტს უქმნის. სამთავრობო ძალისხმება იქითკენ არის მიმართული, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არსებობდეს.
თქვენ აცხადებთ, რომ პრეზიდენტი ახალ მთავრობას დაბრკოლებებს არ უქმნის, თუმცა, თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ერთ-ერთ პრობლემას ელჩები წარმოადგენენ, რომელთა პოსტებზე დანიშვნა და გათავისუფლება პრეზიდენტის პრეროგატივაა. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ფრანგული პრესა ხელისუფლების მწვავე კრიტიკით აჭრელებულია და ყოფილი დიპლომატი ამ ფაქტს ძველი ელჩების თანამდებობებზე დატოვებას უკავშირებს. . .
- პრეზიდენტის პრეროგატივას მთავრობის დანიშვნაც წარმოადგენდა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრის მიერ შერჩეული მინისტრები წარუდგინა. ზუსტად ასეთი ვითარებაა ელჩებთან დაკავშირებითაც. პრეზიდენტი მზად არის, თუ სადმე, რომელიმე ელჩის პიროვნება ან მუშაობა საერთო სტრატეგიულ კონტექსტში ვერ ჯდება, ამაზე მუშაობა დაიწყოს და მისი დათხოვა მოხდეს. ამას კი, პრეზიდენთან თანამშრომლობა სჭირდება და არა მკლავჭიდი.