For.ge აგრძელებს ამერიკელი პროფესორის, ჯინ შარპის (ინგლ. Gene Sharp, 21 იანვარი 1928 ბალტიმორი - 2018 წლის 28 იანვარი, ოჰაიო) ნაშრომის „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“ ნაშრომის გამოქვეყნებას. ნაშრომი ქართულად ითარგმნა ნინო წოწორიასა და ნოდარ ლაბარტყავას მიერ
დიქტატურის მსხვრევა
კარგად და წარმატებულად ჩატარებული კამპანიების კუმულატური ეფექტი წინააღმდეგობის მოძრაობას გააძლიერებს. გამოჩნდება და გაფართოვდება საზოგადოების ის სივრცე, რომელსაც დიქტატურის კონტროლის საზღვრები ებჯინება. გარდა ამისა, ეს კამპანიები საზოგადოებას ასწავლიან როგორ უნდა თქვან უარი თანამშრომლობაზე და პოლიტიკური დაუმორჩილებლობის ორგანიზება რაგვარად მოახერხონ. ამგვარი გამოცდილება ძალიან გამოდგება მაშინ, როდესაც მასობრივი მოქმედებების დრო დადგება.
როგორც ჩვენ მესამე თავში ვსაუბრობდით, იმისათვის, რომ დიქტატორი ხელისუფლების სათავეში დარჩეს, აუცილებელია თანამშრომლობა და მორჩილება. პოლიტიკური ძალაუფლების წყაროებთან მიუწდომლობის გარეშე დიქტატორის ძალა მცირდება და საბოლოოდ ქრება. ამიტომაც, დიქტატურის განადგურებისათვის ასე მნიშვნელოვანია მხარდაჭერის შეწყვეტა. სასარგებლოა იმის შესწავლა, თუ როგორ უნდა მოხდეს ძალის წყაროებზე ზემოქმედება პოლიტიკური დაუმორჩილებლობით.
რეჟიმის პოლიტიკური ავტორიტეტისა და სიმტკიცის, ანუ ლეგიტიმურობის ძირგამომთხრელ საშუალებათა შორის სიმბოლური განდგომა და დაუმორჩილებლობა მოიაზრება. იმისათვის, რომ დიქტატურის არსებობისათვის სერიოზული საფრთხე შეიქმნას, მისი მორალური გაკიცხვა მოქმედებაში უნდა იქნას გამოხატული. თანამშრომლობისა და მორჩილების შეწყვეტით, ჩვენ რეჟიმს ძალაუფლების წყაროებთან ხელმისაწვდომობას ვურთულებთ.
მეორე მნიშვნელოვანი ძალაუფლების წყარო არის ადამიანური რესურსები, ანუ იმ ადამიანებისა და ჯგუფების რაოდენობა და მნიშვნელობა, რომლებიც ემორჩილებიან ხელისუფლებას, ეხმარებან ან თანამშრომლობენ დიქტატურასთან. თუ მოსახლეობის ფართო ფენები უარს იტყვიან ამ ყველაფერზე, რეჟიმი სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება. მაგალითად, თუ სამოქალაქო მოსამსახურენი (ბიუროკრატია) მუშაობენ უარესად ან უბრალოდ „რჩებიან სახლში“, ადმინისტრაციული აპარატის საქმიანობა სერიოზულად ირღვევა.
თუ მაღალი კლასის სპეციალისტები თანამშრომლობაზე უარს იტყვიან, დიქტატორები დაინახავენ, რომ მათ საკუთარი ნების განხორციელება ძალიან გაუჭირდებათ. ელემენტარული უნარიც კი, მიიღონ გადაწყვეტილება ინფორმაციულობის საფუძველზე და შეიმუშაონ ეფექტური პოლიტიკა - სერიოზულად მცირდება.
ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური გავლენა, ეგრეთ წოდებული არამატერიალური ფაქტორები, ჩვეულებისამებრ ადამიანებს აიძულებენ დაემორჩილონ და დაეხმარონ მმართველს. თუ ის შესუსტდა ან სხვა მხარეს იქნა მიმართული, ადამიანები დაუმორჩილებლობისაკენ მეტად მიდრეკილნი გახდებიან.
მატერიალურ რესურსებთან დიქტატორების ხელმისაწვდომობაც ასევე პირდაპირ მოქმედებს მათ ძალაუფლებაზე. თუ ფინანსურ და ბუნებრივ რესურსებზე, ეკონომიკურ სისტემაზე, საკუთრებაზე, ტრანსპორტზე და კავშირგაბმულობის საშუალებებზე კონტროლი აღმოჩნდება რეჟიმის მოქმედი ან პოტენციური მოწინააღმდეგის ხელში, კიდევ ერთი მისი ძალაუფლების წყარო გახდება მოწყვლადი ან საერთოდ გაქრება. გაფიცვები, ბოიკოტი და მეტი ავტონომია ეკონომიკაში, კავშირგაბმულობასა და ტრანსპორტში - შეასუსტებენ რეჟიმს.
როგორც ადრე ვთქვით, დიქტატორის ძალაუფლების ცენტრალური წყარო მუქარა ან სანქციების გამოყენება, ანუ უკმაყოფილოების, დაუმორჩილებლების და თანამშრომლობაზე უარის მთქმელების დასჯაა. ამ ძალაუფლების წყაროს შესუსტება ორი გზითაა შესაძლებელი. თუ მოსახლეობა მზადაა, როგორც ომის პირობებში, გაიღოს მსხვერპლი დაუმორჩილებლობისათვის, შესაძლო სანქციების ქმედითობა მნიშვნელოვნად შემცირდება (დიქტატორის რეპრესიები მორჩილებას არ უზრუნველყოფს). თუ პოლიცია და არმია უკმაყოფილოა ხელისუფლებით, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე ან მასობრივად თავი აარიდონ ან პირდაპირ უარი განაცხადონ რეპრესიებში მონაწილეობის მიღებაზე. როდესაც დიქტატორი ვეღარ ეყრდნობა არმიასა და პოლიციას, ის სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდება.
შემაჯამებლად შეიძლება ვთქვათ - ფესვგამდგარი დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატება მოითხოვს, რომ თანამშრომლობაზე უარის თქმამ და დაუმორჩილებლობამ შეამციროს და გადაკეტოს ის წყაროები, საიდანაც რეჟიმი ძალას იღებს. მათი მუდმივი განახლების გარეშე დიქტატურა დასუსტდება და ბოლოს და ბოლოს დაემხობა. ანუ, პოლიტიკური დაუმორჩილებლობის კომპეტენტური სტრატეგიული დაგეგმვა მიმართულ უნდა იყოს დიქტატორის ძალაუფლების უმნიშვნელოვანესი წყაროებისაკენ.
თავისუფლების ესკალაცია
შერჩევითი წინააღმდეგობის სტადიაზე ავტონომიური ინსტიტუციების (სოციალურის, ეკონომიკურის, პოლიტიკურის, კულტურულის) განვითარება თანდათანობით აფართოებს „დემოკრატიულ სივრცეს“ და ამცირებს დიქტატურის კონტროლს. დიქტატურასთან მებრძოლი სამოქალაქო ინსტიტუციების გაძლიერების შესაბამისად, ადამიანები, დიქტატურისაგან დამოუკიდებლად და მისი კონტროლის საზღვრებს გარეთ, თანმიმდევრულად აშენებენ დამოუკიდებელ საზოგადოებას. თუ დიქტატურა ჩაერევა, რათა შეაჩეროს „თავისუფლების ესკალაცია“, შესაძლებელია არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდები უკვე ახლად მოპოვებული სივრცის დასაცავად იქნას გამოყენეული. მაშინ, დიქტატურას კიდევ ერთ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა.
წინააღმდეგობისა და „ინსტიტუციონალური მშენებლობის“ კავშირის მეშვეობით, დროთა განმავლობაში, რეალური თავისუფლების მიღწევაა შესაძლებელი. დიქტატურის დამხობა და დემოკრატიული სისტემის ფორმალური დამყარება გარდაუვალი ხდება, რადგანაც ძალების თანაფარდობა საზოგადოებაში მკვეთრად იცვლება.
წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეთა კონტროლის ფარგლებში საზოგადოებრივი ფუნქციებისა და ინსტიტუციების თანმიმდევრული დაბრუნების ნათელი მაგალითია 1971-1981 წლების პოლონეთი. კათოლიკური ეკლესია იდევნებოდა, მაგრამ სრულად კომუნისტურ კონტროლის ქვეშ მაინც ვერ მოექცა. 1976 წელს ინტელიგენციისა და მუშათა წარმომადგენლებმა ისეთი ჯგუფები ჩამოაყალიბეს, როგორიცაა მუშათა დაცვის კომიტეტი (Komitet obrony robotników, KOR), რათა თავიანთი პოლიტიკური იდეები განევრცოთ. პროფკავშირმა „სოლიდარობამ“, რომელმაც ეფექტური გაფიცვების ჩატარება შეძლო, ხელისუფლება აიძულა ეს ორგანიზაცია 1980წ-ს ოფიციალურად ეღიარებინა. გლეხობამ, სტუდენტებმა და სხვა მრავალმა ჯგუფმაც თავიანთი დამოუკიდებელი ორგანიზაციები შექმნეს. როდესაც ხელისუფლება მიხვდა, რომ ამ ჯგუფებმა ძალთა თანაფარდობა შეცვალეს, „სოლიდარობა“ კვლავ აკრძალეს და კომუნისტებმა სამხედრო მდგომარეობა შემოიღეს.
მაგრამ, მაშინაც, დაპატიმრებებისა და სასტიკი დევნის მიუხედავად, ახალი, დამოუკიდებელი ინსტიტუციები მოქმედებას აგრძელებდნენ. გამოიცემოდა ათეულობით არალეგალური გაზეთი და ჟურნალი. იატაკქვეშა ტიპოგრაფიები ბეჭდავდნენ ასეულობით წიგნს, ცნობილი მწერლები ბოიკოტს უცხადებდნენ კომუნისტურ გამოცემებს და სახელმწიფო გამომცემლობებს. ასეთივე საქმიანობა მიმდინარეობდა საზოგადოების სხვა ნაწილებშიც.
იარუზელსკის სამხედრო რეჟიმის დროს ვიღაცამ თქვა, რომ კომუნისტური ხელისუფლება საზოგადოების “კენწეროებზე ხტისო“. ჩინოვნკები ძველებურად იკავებდნენ სამთავრობო ოფისებსა და დაწესებულებებს. რეჟიმს ძველებურად შეეძლო დაეპატიმრებინა ადამიანები, ჩამოერთმია საბეჭდი დაზგები. თუმცა დიქტატურას უკვე საზოგადოების გაკონტროლება აღარ შეეძლო. რეჟიმის საბოლოო დამხობა დროის საკითხი გახდა.
მაშინაც კი, როდესაც დიქტატურა ხელმძღვანელ პოზიციებს კვლავ იკავებს, ხანდახან შესაძლებელია „პარალელური“ და „ალტერნატიული“ ხელისუფლების ორგანიზება, რომელსაც დაემორჩილება მოსახლეობა და სამოქალაქო ინსტიტუციები და ითანამშრომლებენ მასთან. მაშინ დიქტატურა ძალაუფლებას თანმიმდევრულად, მაგრამ მზარდი სისწრფით დაკარგავს. საბოლოოდ, პარალელურ ხელისუფლებას შეეძლება სრულად შეცვალოს დიქტატორული რეჟიმი, განახორციელებს რა, თუნდაც ნაწილობრივ გადასვლას დემოკრატიულ სისტემაზე. შემდგომ, სათანადო თანმიმდევრობით უნდა იქნას მიღებული კონსტიტუცია და ჩატარდეს არჩევნები.
დიქტატურის დაშლა
სანამ მიმდინარეობს საზოგადოებრივი ინსტიტუციების ტრანსფორმაცია, შეიძლება დაუმორჩილებლობა და თანამშრომლობაზე უარის თქმა გაძლიერდეს. დემოკრატიულმა სტრატეგებმა უნდა გაითვალისწინონ - დადგება დრო, როდესაც დემოკრატიული ძალები შერჩევითი წინააღმდეგობიდან მასობრივ დაუმორჩილებლობაზე გადავლენ. უმეტეს შემთხვევაში საჭიროა დრო, რათა წინააღმდეგობის მოძრაობის შესაძლებლობები შეიქმნას, გაიზარდოს და გაფართოვდეს, ხოლო მასობრივი დაუმორჩილებლობა მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდეგ შეიძლება განვითარდეს. შუალედური პერიოდის დროს აუცილებელია შერჩევითი წინააღმდეგობის კამპანიები ჩატარდეს. თუ პოლიტიკური წინააღმდეგობა შეუპოვარი და დისციპლინირებულია, დიქტატურის შიდა სისუსტეები სულ უფრო თვალსაჩინოდ წარმოჩნდება.
მძლავრი პოლიტიკური დაუმორჩილებლობისა და დამოუკიდებელი ინსტიტუციების შენების კომბინაციას შეუძლია ადრე თუ გვიან მიიქციოს ფართო საერთაშორისო ყურადღება. ამან შეიძლება გამოიწვიოს დიპლომატიური დაგმობა, ბოიკოტი და ემბარგო (როგორც ეს პოლონეთში მოხდა).
სტრატეგებმა უნდა იცოდნენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დიქტატურის კრახი შეიძლება ძალიან მალე დადგეს, როგორც ეს აღმოსავლეთ გერმანიაში მოხდა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ძალაუფლების წყაროები მნიშვნელოვნად დაშლილია დიქტატურის საყოველთაო მიუღებლობის გამო. თუმცა მოვლენათა ამგვარი განვითარება ძალზედ იშვიათია და უმჯობესია დაიგეგმოს გრძელვადიანი ბრძოლა (მაგრამ ასევე აუცილებელია მზადყოფნა მოკლევადიანი ბრძოლისთვისაც).
გათავისუფლებისათვის ბრძოლისას უმნიშვნელო გამარჯვებაც კი უნდა აღინიშნოს, ის ხალხი კი ვინც წარმატება მოიპოვა, სათანადოდ დაფასდეს. საყოველთაო აღიარება მომავალი ბრძოლებისათვის საჭირო მაღალი სულისკვეთების შენარჩუნებას ეხმარება.
საპასუხისმგებლო დამოკიდებულება წარმატების მიმართ
გენერალური სტრატეგიის შემდგენელებმა ბრძოლის წარმატებით დასრულების შესაძლო და უკეთესი გზები წინასწარ უნდა განსაზღვრონ, რათა ახალი დიქტატურის წარმოქმნა თავიდან აიცილონ და საიმედო დემოკრატიული სისტემის თანმიმდევრული დამყარება უზრუნველჰყონ.
დემოკრატებმა უნდა გაიანგარიშონ, თუ ბრძოლის დასრულების შემდეგ როგორ უნდა მოხდეს დიქტატურიდან შუალედურ ხელისუფლებამდე გარდამავალი პერიოდის ორგანიზება. ამ პერიოდში სასურველია რაც შეიძლება მალე მოხერხდეს მოქმედი ხელისუფლების ფორმირება; თუმცა ეს არ იქნება უბრალოდ ძველი ხელისუფლება ახალი თანამშრომლებით. აუცილებელია განისაზღვროს, ძველი სტრუქტურის რომელი ნაწილების სრული ლიკვიდირებაა საჭირო (მაგალითად, პოლიტიკური პოლიციის), რადგანაც ისინი ანტიდემოკრატიულნი არიან თავიანთი ბუნებით, და რომელი ნაწილები უნდა იქნას შენარჩუნებული, რათა შემდგომ მოხდეს მათი რეფორმირება. ხელისუფლების სრულმა ვაკუუმმა შეიძლება ქაოსს ან ახალ დიქტატურას გაუხსნას გზა.
აუცილებელია წინასწარი მოფიქრება იმისა, თუ როგორ უნდა მოექცნენ დიქტატურის უმაღლეს თანამდებობის პირებს მას შემდეგ, რაც მათი ხელისუფლება დაემხობა. გაასამართლონ დიქტატორი? მისცენ შესაძლებლობა სამუდამოდ დატოვოს ქვეყანა? კიდევ რა შეესაბამება პოლიტიკურ დაუმორჩილებლობას ქვეყნის აღორძინების და დემოკრატიის დამკვიდრებისათვის? სასაკლაოს დაშვება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. მას საშინელი შედეგები ექნება და დემოკრატიული სისტემის აშენებას საშუალებას არ მისცემს.
როდესაც დიქტატურა სუსტდება და რღვევას განიცდის, მომზადებული უნდა იყოს დემოკრატიაზე გადასვლის კონკრეტული გეგმა. ამგვარი გეგმა დახმარებას გაუწევს მებრძოლთ აღარ დაუშვან გადატრიალება და სხვა რომელიმე ჯგუფის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება. გარდა ამისა, საჭირო გახდება დემოკრატიული კონსტიტუციური ხელისუფლების დაფუძნების გეგმა, თავისი პოლიტიკური და პირადი თავისუფლებით. უდიდესი ფასის ნაცვლად მოპოვებული ცვლილების წყალში ჩაყრა არასრული დაგეგმვის გამო დაუშვებელია.
მოსახლეობის მზარდი შესაძლებლობები და დამოუკიდებელ დემოკრატიულ ჯგუფებისა და ინსტიტუციების მატება, რომელთა კონტროლირება დიქტატურას არ შეუძლია, დიქტატორს აჩვენებს, რომ მისი ავანტიურა ჩაიფუშა. დაუმორჩილებლობა, მასობრივი გაცდენები, საყოველთაო გაფიცვები, პროტესტის მარშები და სხვა აქციები რეჟიმს და მასთან დაკავშირებულ ინსტიტუციებს სულ უფრო შეასუსტებენ. გონივრულად და მასობრივი მასშტაბებით განხორციელებული ამგვარი დაუმორჩილებლობის შედეგად, რაღაც პერიოდის შემდეგ, დიქტატორი დაკარგავს ძალაუფლებას, ხოლო დემოკრატიის დამცველები, ყოველგვარი ძალადობის გარეშე გამარჯვებას იზეიმებენ. დაუმორჩილებელი მოსახლეობა დიქტატურას დაამხობს.
საგულისხმოა რომ, ყველა ამგვარი ძალისხმევა წარმატებით, გამორჩეულად იოლად, და მით უმეტეს - სწრაფად არ სრულდება. უნდა გვახსოვდეს, რომ წაგებული ომების რაოდენობა ზუსტად იმდენივეა, რამდენიც მოგებულის. თუმცა, პოლიტიკური დაუმორჩილებლობა გამარჯვების რეალურ შესაძლებლობას იძლევა. როგორც ადრე ვთქვით, მისი გაზრდა მნიშვნელოვნადაა შესაძლებელი გონიერი გენერალური სტრატეგიის შემუშავებით, გულმოდგინე დაგეგმვით, შეუპოვარი შრომით და ბრძოლის დისციპლინირებული და თავდაუზოგავი წარმართვით.
მდგრადი დემოკრატიის საძირკველი
რა თქმა უნდა, დიქტატურის დამხობა დიდი აღნიშვნისა და ზეიმის ღირსია. ხანგძლივი დროის განმავლობაში ტანჯულმა ხალხმა, რომელმაც ბრძოლის პერიოდში საკმაოდ დიდი მსხვერპლი გაიღო, დაიმსახურა დრო სიხარულისთვის, დასვენებისა და აღიარებისათვის. ისინი უნდა ამაყობდნენ საკუთარი თავით და ყველა იმ ადამიანით, ვინც მათთან ერთად იბრძოდა პოლიტიკური თავისუფლებისათვის. ამ დიდებულ დღემდე, სამწუხაროდ, ყველამ ვერ მიაღწია. თავისუფლების ისტორიის შექმნაში მონაწილე როგორც ცოცხლად დარჩენილი, ისე დაღუპული ადამიანები, თავიანთ ქვეყანაში, გმირებად ემახსოვრებათ.
სამწუხაროდ, ყურადღების მოდუნება ჯერ კიდევ არ შეიძლება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლიტიკური დაუმორჩილებლობა წარმატებით დაამსხვრევს დიქტატურას, აუცილებელია მიღებულ იქნას წინასწარი ზომები, რათა კრახის შემდეგ არეულ-დარეულობაში, რეპრესიული რეჟიმი ხელახლა არ წარმოიქმნას. პროდემოკრატიული ძალების ლიდერები წინასწარ უნდა იყვნენ მზად დემოკრატიაზე ორგანიზებული გადასვლისათვის. უნდა მოხდეს დიქტატორული სტრუქტურების დემონტაჟი; უნდა ჩაეყაროს საფუძველი კონსტიტუციურ და სამართლებრივ საფუძვლებს და მდგრადი დემოკრატიის ქცევის სტანდარტებს.
არ იფიქროთ, რომ დიქტატურის დაცემით იდეალური საზოგადოება დაუყოვნებლივ წარმოიშობა. მისი დაშლა მხოლოდ თავისუფლების საწყისი წერტილია. იმისათვის, რომ გააუმჯობესონ საზოგადოება და სრულად დააკმაყოფილონ ადამიანური მოთხოვნები, ხანგძლივი მუშაობაა საჭირო. პოლიტიკური, ეკონომიკური, და სოციალური პრობლემები წლების განმავლობაში წარმოიქმნება. მათი გადაჭრა მრავალი ადამიანისა და ჯგუფის ურთიერთთანამშრომლობას მოითხოვს. ახალმა პოლიტიკურმა სისტემამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანებმა ნაყოფიერი მუშაობა განაგრძონ და მომავალ პრობლემებთან ბრძოლა ისწავლონ.
ახალი დიქტატურის შექმნის საფრთხე
არისტოტელე დიდი ხნით ადრე გვაფრთხილებდა, რომ „ტირანია ზოგჯერ ტირანიაშივე გადაიზრდება“. საფრანგეთის (იაკობინელები და ნაპოლეონი), რუსეთის (ბოლშევიკები), ირანის (აიათოლა), ბირმის (კანონიერებისა და წესრიგის აღმდგენი სახელმწიფო საბჭო - State Law and Order Restoration Council, SLORC) და უამრავი სხვა ქვეყნის მაგალითი გვაჩვენებს, რომ რეპრესირებული რეჟიმის დამხობა, ზოგჯერ გარკვეულ ადამიანებს ან ჯგუფებს აძლევს შესაძლებლობას ვითარება სრულად გააკონტროლონ. მათი მოტივები განსხვავებულია, შედეგი თითქმის ერთი და იგივეა - ახალი დიქტატურა, შესაძლოა, გაცილებით სასტიკი და ტოტალური იყოს, ვიდრე წინამორბედი.
„ვარდების“ რევოლუციის შედეგად მოსული ტრიუმვირატი მალევე დაირღვა. სულ მალე, ბუნდოვან ვითარებაში, გარდაიცვალა ზურაბ ჟვანია. ცოტა ხანში ნინო ბურჯანაძე და მიხეილ სააკაშვილი ბარიკადების სხბადასხვა მხარეს მოექცნენ. გატარებული „რეფორმების“ შედეგად საკანონმდებლო, აღმასრულებები და სასამართლო ხელისუფლებები ერთ ხელში აღმოჩნდა, მასმედიის მნიშვნელოვან ნაწილთან ერთად. სააკაშვილი თანმიმდევრულად ჩამოყალიბდა როგორც ავტოკრატი მმართველი, რაშიც მან წინამორბედს - ედუარდ შევარდნაძესაც კი მნიშვნელოვნად გაუსწრო.
ჯერ კიდევ დიქტატურის დამხობამდე, ძველი რეჟიმის ლიდერები ხშირად ცდილობენ დემოკრატიისათვის ბრძოლას წინ გაუსწრონ, მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალების ინსცენირება, რათა წინააღმდეგობის მოძრაობას გამარჯვება დაასწრონ. მათ შეიძლება განაცხადონ, რომ დიქტატურა დამხობილია, თუმცა სინამდვილეში მოსახლეობას კიდევ ერთი, ძველი რეჟიმის განახლებული მოდელი მოახვიონ თავს.
გადატრიალების ბლოკირება
არსებობს საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ახლად გათავისუფლებული საზოგადოების წინააღმდეგ მოსალოდნელი გადატრიალების თავიდან აცილება. ხანდახან საკმარისია ამის შესახებ მცირე ხნით ადრე ფლობდე ინფორმაციას, რათა გატრიალების მოწყობის მცდელობაც კი არ იქნას დაშვებული. წინასწარი მომზადება უზრუნველყოფს დაცვას.
გადატრიალების შემდეგ შეთქმულები სასწრაფოდ საჭიროებენ ლეგიტიმურობას, ანუ იმას, რომ აღიარონ მათ მიერ ქვეყნის მართვის მორალური და პოლიტიკური უფლება. ამიტომაც, გადატრიალებისაგან დაცვის პირველი ძირითადი პრინციპია უარი უთხრან მათ ლეგიტიმურობაზე.
პუტჩისტებისთვის ასევე აუცილებელია ისიც, რომ სამოქალაქო ლიდერებმა (და მოსახლეობამაც) მათ მხარი დაუჭირონ, და არ დარჩნენ უბრალოდ მერყევ ან პასიურ მდგომარეობაში. მეცნიერებთან და ექსპერტებთან, ჩინოვნიკებთან და მომსახურეებთან, ადმინისტრატორებთან და მოსამართლეებთან თანამშრომლობის გარეშე ისინი დაბნეული საზოგადოების მართვას ვერ მოახერხებენ. გარდა ამისა მათ სჭირდებათ, რომ უამრავი ადამიანი, რომლებიც პოლიტიკურ სისტემას, ეკონომიკას, პოლიციასა და შეიარაღებული ძალებს მართავენ, პასიურად ემორჩილებოდნენ მათ და თავიანთი ჩვეულებრივი ფუნქციის შესრულებას ბრძანებების შესაბამისად აგრძელებდნენ.
არაორდინალურად წარიმართა ნარინჯისფერი რევოლუციის ლიდერების შემდგომი ცხოვრებაც. 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიქტორ იუშენკომ მხოლოდ 5,45% აიღო. იულია ტიმოშენკოს პრემიერის უფლებების გადამეტებისათვის იქნა გასამართლებული და გარკვეული პერიოდით, ციხეში მოუწია ჩაჯდომა. პეტრე პოროშენკომ მეორე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ბრძოლა კომედიური ჟანრის მსახიობთან წააგო.
გადატრიალებისაგან დაცვის მეორე უმნიშვნელოვანესი პრინციპია - უარის თქმა თანამშრომლობაზე და დაუმორჩილებლობა. „პუტჩისტებს“ უარი უნდა ეთქვას თანამშრომლობაზე და დახმარებაზე. მათ წინააღმდეგ ბრძოლის იგივე საშუალებებით შეიძლება სარგებლობა რასაც დიქტატურის წინააღმდეგ იყენებდნენ, მაგრამ მათი გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ლეგიტიმურობისა და თანამშრომლობის გარეშე გადატრიალება მოიშთობა პოლიტიკური გამოფიტვით, და დემოკრატიული საზოგადოების აშენების შანსები კვლავ გაიზრდება.
კონსტიტუციის მომზადება
ახალი დემოკრატიული სისტემა მოითხოვს კონსტიტუციას, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ ჩარჩოებში მოექცევა დემოკრატიული მმართველობა. მან უნდა დაადგინოს ხელისუფლების მიზნებიც, ძალაუფლების შეზღუდვებიც, არჩევნების პერიოდულობაც, ადამიანის უფლებებიც, ნაციონალური ხელისუფლების დამოკიდებულებაც ქვემდგომი ორგანოების მიმართ და მრავალი სხვა რამ.
თუ ცენტრალური ხელისუფლება აპირებს დარჩეს დემოკრატიული, უნდა მოხდეს ხელისუფლების მკვეთრი ურთიერთგამიჯვნა (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო). გარდა ამისა, აუცილებელია მკვეთრად შეიზღუდოს პოლიციის, სადაზვერვო სამსახურების და შეიარაღებული ძალების საქმიანობა, აეკრძალებათ რა მათ ნებისმიერი ლეგალური ჩარევა პოლიტიკაში.
დემოკრატიული სისტემის დასაცავად და დემოკრატიული ტენდენციების შესანარჩუნებლად, სასურველია, რომ კონსტიტუციამ დაამყაროს ფედერალური სისტემა რეგიონის ხელისუფლებაზე და ადგილობრივ მმართველობით ორგანოებზე მიმაგრებული მნიშვნელოვანი უფლებებით. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ კანტონების შვეიცარული სისტემა, სადაც შედარებით მცირე ტერიტორიებს, რჩებიან რა ერთიანი ქვეყნის ფარგლებში, მნიშვნელოვანი უფლებები გააჩნიათ.
თუ ისტორიაში არსებობდა კონსტიტუცია, რომელიც შეიცავდა ამ მახასიათებლების მნიშვნელოვან ნაწილს, გონივრული იქნება უბრალოდ მისი აღდგენა, აუცილებელი შესწორებების შეტანით. თუ შესაფერისი ძველი კონსტიტუცია არ არსებობს, შესაძლებელია ისარგებლონ დროებითი კონსტიტუციით და მოამზადონ ახალი. ახალი კონსტიტუციის შემუშავება ხანგძლივი და რთული პროცესია. ახალი ტექსტის ან შესწორების მისაღებად სასურველია და აუცილებელიცაა მოსახლეობის მონაწილეობა. კონსტიტუციაში ფრთხილად უნდა იქნეს შეტანილი დაპირებები, რომლებიც შემდეგ შესაძლოა შეუსრულებადი აღმოჩნდეს, ან პუნქტები, რომლებიც მმართველობის დიდ ცენტრალიზაციას მოითხოვს, რადგანაც ერთმაც და მეორემაც შეიძლება ახალი დიქტატორული მმართველობა გამოიწვიოს.
კონსტიტუციის ტექსტი ადამიანების უმეტესი ნაწილისათვის გასაგები უნდა იყოს. კონსტიტუცია არ უნდა იყოს იმდენად გაურკვეველი, რომ მისი გაგება მხოლოდ იურისტებმა და ელიტის სხვა წარმომადგენლებმა მოახერხონ.
თავდაცვის დემოკრატიული პოლიტიკა
გათავისუფლებულ ქვეყანას შეიძლება დაემუქროს საფრთხე სხვა ქვეყნიდან, რაც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოითხოვს. საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს სხვა ქვეყნების მცდელობებიც მოახდინონ ეკონომიკური და პოლიტიკური ზეგავლენა (დაქვემდებარება).
შიდა დემოკრატიის შენარჩუნებისათვის, სერიოზულად უნდა იქნეს მოფიქრებული, როგორ შეაჯერონ პოლიტიკური დაუმოერჩილებლობის ძირითადი პრინციპები ნაციონალურ თავდაცვასთან20. დააკისრებენ რა წინააღმდეგობის გაწევას უშუალოდ მოქალაქეებს, ახლად გათავისუფლებულმა სახელმწიფომ შეიძლება არ შეექმნას ძლიერი არმია, რომელსაც თავის მხრივ შეუძლია დაემუქროს დემოკრატიას, ან რომლის შენახვაც დიდ დანახარჯებს მოითხოვს.
2005 წლის ყირგიზეთის „ტიტების რევოლუციის“ „ნაყოფი“ ხელისუფალნი - პრემიერმინისტრი ფელიქს კულოვი და პრეზიდენტი ყურბანბეკ ბაკიევი. 2007 წლის იანვარში კულოვი გადადგა. ბაკიევი 2010 წლის სახელმწიფო გადატრიალების („ნესვების რევოლუციის“) შემდეგ იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი ჯგუფი კონსტიტუციის იგნორირებას მოახდენს, რადგანაც სურვილი ექნებათ გახდნენ დიქტატორები. ამიტომაც, პოლიტიკური დაუმორჩილებლობა და თანამშრომლობაზე უარის თქმა პოტენციურ ტირანებთან ძალაში რჩება. სხვანაირად დემოკრატიული სტრუქტურების, უფლებების და მოქმედებების დაცვა შეუძლებელი გახდება.
საპატიო მოვალეობა
არაძალადობრივი ბრძოლა არა მხოლოდ ასუსტებს და ამხობს დიქტატორებს, არამედ ძალას სძენს ჩაგრულთ. ის საშუალებას აძლევს ხალხს, რომელიც თავს პაიკებად ან მსხვერპლად მიიჩნევდა, უშუალოდ გამოიყენოს ძალაუფლება, რათა სამართლიანობასა და თავისუფლებას საკუთარი ძალებით მიაღწიოს. ამგვარი ბრძოლის გამოცდილებას აქვს ფსიქოლოგიური შედეგები, აძლიერებს რა თვითპატივისცემას და თავდაჯერებულობას ადრე უსუსურობის შეგრძნების მქონე ადამიანებში.
დემოკრატიისათვის არაძალადობრივი ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ხანგრძლივი და დადებითი შედეგი არის ის, რომ საზოგადოება უკეთაა შეწყობილი ძველი და მომავალი პრობლემების გადაჭრასთან. ამ პრობლემებში შეიძლება შედიოდეს ხელისუფლების ბოროტად გამოყენება და კორუფცია, სასტიკი მოქცევა რომელიმე ჯგუფზე, ეკონომიკური უსამართლობა, შეზღუდული დემოკრატია. ადამიანები, რომელთაც დაუმორჩილებლობის პოლიტიკური გამოცდილება აქვთ, დიქტატურის მსხვერპლნი ძნელად გახდებიან.
გათავისუფლების შემდეგ არაძალადობრივი ბრძოლის გამოცდილება გახსნის გზებს დემოკრატიის დასაცავად, სამოქალაქო თავისუფლებისაკენ, უმცირესობის უფლებებისაკენ, რეგიონებში და ადგილობრივ დონეზე მთავრობისა და სახელისუფლებო ინსტიტუციების უფლებამოსილებისაკენ. გარდა ამისა, იგი ადამიანებსა და ჯგუფებს აძლევს შესაძლებლობას მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი უკმაყოფილება, როდესაც პრობლემები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არადემოკრატიული ჯგუფები მათი გულისთვის ტერორს და პერტიზანულ ომს მიმართავენ.
პოლიტიკურ დაუმორჩილებლობაზე და არაძალადობრივ ბრძოლაზე განსჯა და მსჯელობა დაეხმარება ყველა ადამიანსა და ჯგუფს, რომელნიც ისწრაფიან გაათავისუფლონ თავიანთი ხალხი ჩაგვრისაგან, ადამიანის პირადი თავისუფლების დამცველი და საზოგადოების გამაკეთილშობილებელი მდგრადი დემოკრატიული სისტემის აშენებაში.
ზევით მოყვანილი იდეებიდან შეიძლება სამი ძირითადი დასკვნის გამოტანა:
- დიქტატურისაგან გათავისუფლება შესაძლებელია;
- ამისათვის საჭიროა სტრატეგიული დაგეგმვის და ცალკეული კამპანიების გულმოდგინედ გააზრება;
- დემოკრატიისთის ბრძოლისას მოითხოვება სიფხიზლე, შეუპოვარი შრომა და დისციპლინირებული მოქმედება, რომელიც ხანდახან ძალიან ძვირი ჯდება.
- ზოგჯერ ამბობენ: „თავისუფლება მუქთად არ მოდის“ («Freedom is not free»). ხალხმა უნდა ისწავლოს თავისუფლების თავად მოპოვება, და ეს იოლი არ არის.
თუ ადამიანები გაიგებენ, რა მოეთხოვებათ მათ გათავისუფლებისათვის, ისინი შეძლებენ შეიმუშაონ საკუთარი მოქმედების გეგმას, რომელიც მძიმე შრომის პირობებში, მათ ბოლოს და ბოლოს გამარჯვებამდე მიიყვანს. მაშინ ხალხი მოახერხებს ახალი დემოკრატიული წესრიგის აშენებას და მისი დაცვისათვის მზადებას, რაც ასევე ძალიან რთულია. ამ გზით მოპოვებული თავისუფლება ხანგრძლივი იქნება. მისი შენარჩუნება და გამყარება შეუპოვარი ადამიანების თავდადებითა და ერთგულებითაა შესაძლებელი.