ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.
ჩინეთში, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, ღამის განმავლობაში ინფიცირების 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 კი პაციენტი გარდაიცვალა.
ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი COVID-19 76 ქვეყანაშია დადასტურებული. დაავადების პირველი შემთხვევები გამოვლინდა ლატვიაში, პორტუგალიაში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, სენეგალსა და ტუნისში.
სამხრეთი კორეა, იტალია, ირანი და იაპონია - ეს ის ქვეყნებია, სადაც კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე შემაშფოთებელი ვითარებაა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის 9-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე თავად ჩინეთში. თუმცა ორგანიზაციაში იმასაც აცხადებენ, რომ სწორი ზომების მიღების შემთხვევაში დაავადებასთან გამკლავება შესაძლებელია.
ამასთან, COVID-19-ის ევროპაში გავრცელების მასშტაბის ზრდის ფონზე, რისკის „საშუალო“ დონე „მაღალით“ შეიცვალა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.