პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ„ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით და ძალიან ძლიერი პროგრამით იქნება წარმოდგენილი. for.ge-ს ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა საარჩევნო პროგრამაზე მუშაობა დიდი ხანია დაიწყო, რაც შეეხება ახალი გუნდის ფორმირებას, ამ თვალსაზრით გუნდში ჯერ ჩამოყალიბებული არ არიან. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მისი თქმით, ივანიშვილს ბევრი უკმაყოფილო ჰყავს და ის, ვინც ივანიშვილზე აიღებს ორიენტაციას, შეიძლება სახარბიელო სიტუაციაში არ აღმოჩნდეს.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ განახლებული გუნდითა და ძლიერი პროგრამით იქნება წარმოდგენილი. გუნდის განახლებაზე ისაუბრა პარტიის გენერალურმა მდივანმა. გუნდის განახლების აუცილებლობა სახეზეა, მაგრამ როგორ უნდა განახლდეს გუნდი, როცა თავად პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს მაღალი რეიტინგი და პოეზიასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე პოლიტიკასთან...
რამაზ საყვარელიძე: ძველი პრობლემის ახალი ვარიანტია თქვენს კითხვაში. ძველი ვარიანტია ის, რომ პიარი არ უვარგა „ქართულ ოცნებას“. მაგრამ არა ყველას - პიარის კუთხით უკეთესად აქვს საქმე კახა კალაძეს. მან, ერთი მხრივ, საკმაოდ გაბედული არაპოპულარული ნაბიჯები გადადგა, ოღონდ დაუმტკიცა მოსახლეობას, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელი იყო. ამავე დროს, პრაქტიკულად, ყოველ მეორე დღეს არის საინფორმაციო საშუალებებში, ხან მერიის, ხან „ოცნების“ თაობაზე გაკეთებული განცხადებებით.
რამაც განაპირობა მისი რეიტინგიც...
- რა თქმა უნდა, ამან რომ პოპულარობა მოუპოვა ისეთ გამოკვლევებშიც ჩანს, სადაც „ოცნების“ მიმართ კარგად განწყობილებები არ არიან. ვგულისხმობ ბოლო რეიტინგებს. მაგრამ, ის, რასაც კალაძე ერთი კონკრეტული პიროვნება აკეთებს, არ ვრცელდება მთლიანად „ოცნების“ გუნდზე. გუნდში ბევრი იმის ანალოგიური პრობლემაა, რაც თქვენ ჩამოთვალეთ - ცალკეული სახეები, რომლებიც რეიტინგული არ არიან, რაღაცა აკლიათ და მთლიანობაში, როცა გუნდს რეიტინგი არ აქვს, თავისთავად გუნდი არ აღიქმება გუნდად. რაც შეეხება თალაკვაძეს, აქ შეიძლება ძალიან მარტივი პრობლემა იყოს, სწორედ იმიტომ, რომ მას ეს პოეზია შეახსენეს, თვითონაც ახალგაზრდულად გამოიყურება და ამ სტატუსს ელემენტარულად გარეგნულადაც კი დამაჯერებლობა სჭირდება. ასე რომ, შეიძლება პიარის თვალსაზრისით გადაუწყვეტელი პრობლემა არ იდგეს, მაგრამ გადასაწყვეტ პატარა პრობლემასაც გადაწყვეტა სჭირდება.
თალაკვაძე კი, სხვებთან შედარებით, ხშირად არის მედიაში. უამრავ ფიგურას აქვს ეს პრობლემა გუნდში. მით უმეტეს იმ ფიგურებიდან, რომლებიც ხშირად ჩანდნენ მედიაში (რაც რეიტინგულობის ერთ-ერთი ელემენტია), დიდ ნაწილი წავიდა „ოცნებიდან“ და დარჩა მდუმარე ნაწილი. კახი კალაძე არის „ოცნების“ გენერალური მდივანი, პარტიის მიმართ აგრესიას მასზეც გადაიტანდნენ, მაგრამ კალაძემ მოახერხა, რომ თავისი საკუთარი რეიტინგი ჰქონდეს. სხვებთან კი ეს პრობლემა არის. არ ვიცი, რას იზამენ საარჩევნოდ, მაგრამ პიარის გარეშე შემოთავაზებული ახალი სახეები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ახლები არიან, პარტიისთვის რეიტინგის შემომტანები ვერ იქნებიან.
ყოფილი ფეხბურთელის კვალობაზე, კალაძე საკმაოდ ნიჭიერი აღმოჩნდა და მალე აუღო პოლიტიკას ალღო. იცის პიარი, იცის საქმის კეთებაც და ამ თვალსაზრისით, ნაკლები პრეტენზიებია მის მიმართ, ვიდრე მისი წინამორბედის მიმართ იყო. საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის კალაძე აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელს, მაგრამ რა უშლით ხელს დეპუტატებს, მინისტებს, რომ იყვნენ ასეთი სახით კომუნიკაციაში საზოგადოებასთან, მით უმეტეს, რომ გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ პოლიტიკაში ყოფნის? იგივე კალაძესთან მიმართებაში არ ისმის ის პრეტენზია, რომ „ივანიშვილის მესიჯბოქს“ კითხულობს, რაც სხვებთან მიმართებაში ისმის.
- კალაძის შემთხვევაში ეს განცდა რომ არ ჩნდება, მისი აქტიურობის, ნაწილობრივ სითამამის და იმის ბრალიც არის, რომ ხანდახან, მისი განცხადება ერთი-ერთში არ ემთხვევა „ოცნების“ შაბლონიზირებულ განცხადებებს. თქვენ გაიხსენეთ, რომ სპორტიდან შემოვიდაო. თვითონაც გრძნობდა, რომ ძალიან დიდი დისტანციაა ფეხბურთსა და პოლიტიკას შორის, შეიძლება ამან მეტი მონდოემებით ჩართო ამ საქმეში. იქამდე ენერგეტიკის მინისტრი იყო და 24 საათი მუშაობდა იმისთვის, რომ ენერგეტიკაში კარგად გარკვეულიყო. ამჟამად იგივე სიბეჯითე აქვს მერის თანამდებობაზეც.
სიზარმაცეა იმის მიზეზი, რაც ხდება. როგორც ჩანს, საქართველოში რაღაცამ უნდა გაიძულოს, რომ საქმე გააკეთო. კალაძე აიძულა მისმა წარსულში პოლიტიკისგან შორს ყოფნამ და ამიტომ იმუშავა. შეიძლება თვითონ სპორტსმენობამ შეუწყო ხელი მუშაობის ასეთ უნარს. აქაც რაღაცა მექანზმია ასამუშავებელი. ყველა იძახის, რომ ივანიშვილია გადამწყვეტი ფიგურა და მაშინ ივანიშვილის მხირდან არის ასე საქმე დასაყენებელი, რომ ვინც თავის თავს ვერ მოუვლის, ის დატოვებს „ოცნების“ რიგებს. ამ შემთხვევაში უფრო გააქტიურდებიან „ოცნების“ პასიური წევრები. რახან არ აქტიურდებიან ე.ი. „ოცნებაში“ არ დგას ასე საკითხი, რაც შეცდომაა.
დღეს მოქმედ უმრავლესობას საზოგადოება არ ენდობა, იგივე შეიძლება ითქვას ექსპერტების ახალგაზრდულ ფრთაზე, რომლებიც დღეს მედიაში ჩანან და მმართველი გუნდის „მესიჯბოქსებით“ საუბრობენ. რა ნაწილზე უნდა გააკეთოს აქცენტი „ოცნებამ“, რომ ამომრჩევლისთვის მისაღები გახდეს, რაც მმართველ გუნდს არჩევნებზე გამარჯვების გარანტიას მისცემს?
- მმართველ გუნდს უმრავლესობის მოპოვება არ გაუჭურდება, რადგან მას ხმებით ოპოზიცია ამარაგებს. ოპოზიცია დგამს ისეთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს, რაც „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, რაც გაზარმაცების კიდევ ერთი ფაქტორია. ამიტომ არც იწუხებენ თავს იმისათვის, რომ იზრუნონ ხმების მოპოვებაზე. სერიოზულ კონკურენციას ოპოზიცია ვერ ახერხებს და უფრო ზუსტად, ვერ ახერხებს სერიოზულობის იმ შთაბეჭდილების მოხდენას ამომრჩეველზე, რის გამოც ამ ამომრჩეველმა ეს ოპოზიცია უნდა აირჩიოს. ოპოზიციას რომ სერიოზული რეიტინგი ჰქონდეს, „ოცნების“ გუნდში ყველასთვის ბრძოლა იქნებოდა ბრძოლა და არა ნებივრობა. ვიმეორებ, ამის მიზეზი მარტო „ოცნებაში“ არ უნდა ვეძებოთ. „ოცნების“ დეპუტატებს ანებივრებს ოპოზიციის დამოკიდებულება პოლიტიკის მიმართ.
„ძლიერი გუნდი - ძლიერი პროგრამით“ - ეს არის „ოცნების“ სლოგანი. ამომრჩეველს გუშინ თუ არ აინტერესებდა, ვინ იქნებოდა პარლამენტში, დღეს ცოტა სხვა პოზიცია აქვს. მართალია, ნიჰილიზმი არის ამომრჩეველში, მაგრამ მისი პოლიტიკური გემოვნება გაიზარდა. ქართული პოლიტიკური ველი იძლევა ახალი გუნდის ფორმირების შესალებლობას?
- ვიმეორებ, სჭირდება კი „ოცნებას“, ისეთი გუნდის შექმნა, რომ მას დაუჭირონ მხარი? რეიტინგებითაც ჩანს, რომ ამომრჩეველი თითქმის არ აპირებს ოპოზიციის მხარდაჭერას. ბუნებრივია, რომ დიდად არც „ოცნება“ არ იწუხებს თავს. „ოცნების“ კონკრეტული დეპუტატებიც კი არ არიან იძულებული, რომ გახდნენ მაქსიმალურად ეფექტურები. ხელისუფლებას აფუჭებს ცუდი ოპოზიცია. საჭირო არის ძლიერი ოპოზიცია და საჭიროა, სწორედ, იმიტომ, რომ ხელისუფლება არ გაზარმაცდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ძლიერი ოპოზიცია არ გვყავს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რამდენად გადამწყვეტი იქნება ივანიშვილის ფაქტორი? მოლოდი, რომ ივანიშვილი გაუკეთებს საქმეს და არა კონკრეტული დეპუტატი, ისევ არის საზოგადოებაში?
- არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს ივანიშვილის ფაქტორი. იმიტომ, რომ ივანიშვილს ბევრი უკმაყოფილო ჰყავს და ის, ვინც ივანიშვილზე აიღებს ორიენტაციას, შეიძლება სახარბიელო სიტუაციაში არ აღმოჩნდეს. მაგრამ საკითხი ისე ისმის, საერთოდ, იქნება კი რაიმე გადამწყვეტი, გარდა იმისა - „ავირჩიოთ იმიტომ, რომ სხვა გზა არა გვაქვს“.