"ნუგზარ ბელქანია 2011 წლის ოქტომბრამდე იყო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი. როგორ იწერებოდა დასკვნები ამა თუ იმ პიროვნების ჩაძირვისა და დაპატიმრების მიზნით. რა სქემები ჰქონდა შემუშავებული საგადასახადო სამსახურს და ფინანსურ პოლიციას? "ჩვენ წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, თქვენ ხართ მკრეჭავები, ხალხი კიდევ ცხვარიაო. არადა, ჩვენ ვიყავით მკრეჭავების ხელში ხელსაწყოები, რომლებსაც ისე იყენებდნენ, როგორც უნდოდათ. თითქოს რობოტები ვიყავით. თუ დასკვნა სახელმწიფოს სასარგებლოდ არ წავიდოდა, რა სახისაც არ უნდა ყოფილიყო, ან იქვე ყინავდნენ, ან ასწორებდნენ", - აცხადებს ნუგზარ ბელქანია, რომლის თქმით, მათთან "ილესებოდა ის მანქანა, რომლის საშუალებითაც მერე ადამიანებს პარსავდნენ", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით სკანდალური ინტერვიუ სამხარაულის ბიუროს ექსპერტთან.
"მე გეტყვით ფაქტებს, როგორ იჭერდნენ მეწარმეებს: ჩემთან შემოვიდა წერილი, რომლის მიხედვითაც უნდა ჩაეძირათ ერთ-ერთი ორგანიზაცია. ამ საქმით იყო დაინტერესებული გორის რაიონის შემოსავლების სამსახური. ჩვენ გვეკითხებოდნენ, შეიძლებოდა თუ არა მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით გამოგვეანგარიშებინა, რა რაოდენობის პროდუქცია იქნა წარმოებული? ვეუბნები, ჩვენ არ გვაქვს ასეთი სახის მეთოდიკა, არც ნორმატიული აქტი, რომ გამოვიანგარიშოთ-მეთქი. მაგას დაანებე თავი, კაცო, შენ რასაც გეტყვით ის დაწერეო, კი მაგრამ, მე ხელს არ მოვაწერ-მეთქი... მაგალითად, თუ მრიცხველი უჩვენებს 500 კილოვატს, წარმოებული პროდუქციაც შესაბამისი უნდა ყოფილიყო. თუ დენი მეტია გახარჯული, მაშინ, ამათი ლოგიკით, მეწარმე სახელმწიფოს უმალავს შემოსავალს. ან გიანგარიშებდნენ პირიქით - თუ შენ გახარჯე ნაკლები ელექტროენერგია, მაინც დასაჭერი ხარ - საიდან "ლევი" პროდუქცია? არადა, წესით ახალი დანადგარი ყოველთვის ნაკლებ დენს ხაჯავს ვიდრე ამორტიზებული - ასეთი შემთხვევები ბევრი იყო და ბევრი გააუბედურეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნუგზარ ბელქანია.
"საგადასახადო სამსახური და ფინანსური პოლიცია ასე იჭერდნენ ხალხს. ზოგს ციხეში უშვებდნენ, ზოგს საპროცესოს უფორმებდნენ. სხვათა შორის, მეც "გამიჩალიჩეს" ერთი ფაქტი., სრულიად უდანაშაულო კაცი ჩასვეს ციხეში: მითხრეს, ფიცრის საშრობის ფართი უნდა გამოიანგარიშო, რამდენი დაეტევაო. იმ პერიოდში მუქარებიც იყი ჩემზე. ის საწყალი ჩხიკვიშვილი იყო, 5 წელი მიუსაჯეს და გააუბედურეს საერთოდ, დუშეთში ჩინური ქარხანა ჰქონდა, წაართვეს ყველაფერი. ეს კაცი რომ დაეპატიმრებინათ, რაღაც უნდა მოეფიქრებინათ, სამხილი არ ჰქონდათ. მე უნდა გამომეანგარიშებინა რა რაოდენობის ხის მასალა დაეტეოდა საშრობში. მე დავწერე ზუსტად, მაგრამ მერე შეცვალეს. როდესაც დასკვნა საინჟინრო დეპარტამენტის უფროსს გადავეცი, ცოტა ხანში შემოიტანა - ძალიან გვეჩქარება, ხელი მოაწერეო. მოვაწერე, მაგრამ უცებ რომ დავხედე, ციფრები შეცვლილი იყო, ანუ რაოდენობა გაზარდეს. ვუთხარი, რაზე მომაწერინეთ ხელი მეთქი? უჰ, ეგ საჭირო არ არის, რა გენაღვლებაო. არადა, კაცი მართალი იყო. ამათ აიღეს ის ციფრები, რაც გამოადგებოდათ ადამიანის დასაპატიმრებლად - საშრობში იმდენი არ ეტეოდა, მაგრამ მოედავნენ, სახელმწიფოს უმალავო", - განაგრძობს რესპონდენტი.
"დენის ამბავს დავუბრუნდეთ. ზოგიერთ საამქროში იყენებდნენ "დვიჟოკს" - ამაზეც ედავებოდნენ, ამაზეც ჩასვეს უამრავი ადამიანი. მათ არ აინტერესდათ არაფერი - მრიცხველი ხომ ამ შემთხვევაში ნაკლებს წერდა? ესე იგი, აქ უკვე "ლევ" საქონელთან გვქონდა საქმე... რა მიტივით გამათავისუფლეს, დღემდე არ ვიცი. კი გამაფრთხილეს რამდენჯერმე, შენ და ბიძინა ივანიშვილი ვერ გადაარჩენთ ამ ქვეყანას და სამსახურსაც დაკარგავო, მაგრამ ვერ გამაჩერეს. მეც ვამბობდი - თუ ასეთი ბინძური რაღაცების კეთებას არ მოეშვებით, დადგება დრო და ყველას მოგეთხოვებათ პასუხი-მეთქი. მაშინ იცინოდნენ. იქ დამსმენებისა და ჩამშვებების ცვენა იყო. თუნდაც იმაზე ვთქვათ, ბოლო დროს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გახდა მონოპოლისტი და ჩვენგან წასულ დასკვნაში რომ ჩაეწერათ, ტანკს ფრთები აქვს, ახლავე გაფრინდებაო, ყველა მოსამართლეს ამის მიხედვით გამოჰქონდა განაჩენი. ერთი იყო ჩვენთან, ზვიად კრიჭიშვილი, თანამშრომლებს უკან დასდევდა ფოტოაპარატით, ფარულად იღებდა", - ამბობს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყოფილი ექსპერტი.
"ზურაბ ჟვანიას რომ გარდაიცვალა დილის 8 საატზე დამირეკეს, სასწრაფოდ უნდა მოხვიდეო. ლევან სამხარაულმა შემიყვანა თავის კაბინეტში და მითხრა, ზურაბ ჟვანიას გაზის ღუმელს შენ შეისწავლიო. დავათვალიერე, ამ ღუმელზე არ შეინიშნებოდა ნახშირჟანგის არანაირი კვალი. მე ზურაბ ჟვანიას კარგად ვიცნობდი, გული დამწყდა. მართალია, მოგვიანებით ღუმელი წაიღეს და და არც დასკვნა მინახავს თვალით, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა - ყოფილი პრემიერ-მინისტრი გაზით არ არის გარდაცვლილი. მე შევხვდი გოგლა ჟვანიასაც. თუ საჭირო გახდება ყველაფრის თავიდან შესწავლა, მზად ვარ. ღუმელი საინჟინრო-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსს, ბადრი ლეფსაიას დაჰქონდა დიდი ჩანთით კარგა ხანს. დასკვნა ისე დაწერეს, მე არ მინახავს", - განმარტავს ნუგზარ ბელქანია.
"კიდევ ერთი ფაქტი ამჯამად პარლამენტი წევრია ნოდარ ებანოიძე, "ქართული ოცნებიდან" გავიდა. მაგის ძმას დასავლეთ საქართველოში ჰქონდა ქვის საჭრელი საამქრო. ერთ დღესაც გამაგზავნეს, რაც შეიძლება მეტი კომპრომატი უნდა ჩამოიტანოო. მე ვუთხარი ხელმძღვანელობას, რაც არის, იმას დავწერ-მეტქი. თუ დაინტერესდებით უამრავ ფაქტზე ვისაუბრებ, ხშირად ისეთი საშინელებები ხდებოდა, ძალიან მეშინოდა - ციხის კი არა - როცა მართალი ხარ, ამაზე არ ფიქრობ - ამდენი ადამიანის გაუბედურება არ შეიძლებოდა. სხვათა შორის, ძალიან ვინერვიულე ჩხიკვიშვილზე, როცა დაიჭირეს, მაგრამ მე ხომ სიმართლე დავწერე? როცა ადამიანს იჭერ ყველაფერი ბოლომდე უნდა გამოიკვლიო - ვიმეორებ, თვითონვე ამბობდნენ, ჩვენ მკრეჭავები ვართ, ხალხი ცხვარიაო", - დასძენს ნუგზარ ბელქანია და შეკითხვას - "ებანოიძის საქმე როგორ დამთავრდა?" - პასუხობს:
"ამ კაცსაც წაართვეს ყველაფერი. მე კი დავწერე სწორი დასკვნა, მაგრამ მერე რა შეცვალეს არარ ვიცი, ტყუილად "მიაწვნენ" - ამდენი ქვა უნდა მოგეჭრა და მალავო. გასაპარსი ადამიანებისშერჩევა საგანგებოდ ხდებოდა, თუ მაგათი კაცი იყო, აუცილებლად აფარებდნენ ხელს, თუ არა და გასწირავდნენ ბოლომდე!"