მილიარდიანი ფონდის შექმნისთვის საჭირო ყველა იდეა “დამწიფდა”

მილიარდიანი ფონდის შექმნისთვის საჭირო ყველა იდეა “დამწიფდა”

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ერთმილიარდიანი ფონდის ამოცანები განსაზღვრა. დადგინდა, რომ ფონდი შემდეგი მიმართულებით იმუშავებს: მცირემიწიანი ფერმერების ხელშეწყობის პროგრამა, სასოფლო–სამეურნეო კორპორაციების ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის განვითარება, სოფლის მეურნეობაში ჩართული კომპანიების იაფი კრედიტებით უზრუნველყოფა, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინასების უზრუნველყოფა და სასოფლო–სამეურნეო დაზღვევის ხელშეწყობის განხორციელება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მუშაობა მიმდინარეობს პრემიერის მიერ გახმოვანებულ უპრეცედენტო ხვნა–თესვის პროგრამის შექმნისთვის, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებენ. “ზუსტი ვადების თქმა რთულია, როდის შეიქმნება და ამოქმედდება, თუმცა ფონდი იქნება უწყებათაშორისი. ეს იმდენად დიდი დატვირთვის მქონე სტრუქტურაა, რომ მას ეყოლება საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ფონდის საბჭოში შევა ეკონომიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო. არ გამოვრიცხავ, ჩაერთოს გარემოს დაცვის სამინისტრო“, – აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე. მისი თქმით, ფონდი რეალურ ქმედებას 2013 წლიდან დაიწყებს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სტრუქტურა დეკემბერში ან ახალი წლის დასაწყისში შეიქმნას: „ფონდის მმართველი საბჭო იქნება მისი ზოგადი პრინციპების მმართველი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მას უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი მენეჯმენტი. ის არ შეიძლება იყოს სამინისტროს ნაწილი. ფონდი უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა იმოქმედოს სახელმწიფოს სტრატეგიის მიხედვით“, - აღნიშნავ კირვალიძე. მილიარდინა ფონდთან დაკავშირებით პირველი ცნობები ამ რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ბიძინა ივანიშვილის გაახმოვანა. მისი ინფორმაციით, იგეგმება ახალი ტრაქტორებისა და მოტობლოკების შემოტანა, ასევე დაგეგმილია სამელიორაციო სამუშაოებისთვის ტექნიკის შეძენა. პრემიერ–მინისტრის იმედოვნებს, რომ სარწყავი სისტემების აღდგენა ზოგიერთ რეგიონში ზამთარშივე მოესწრება. მიმდინარეობს მუშაობა, რომ გაზაფხულამდე თითო რეგიონში თითო ახალი საშუალო და მცირე გადამამუშავებელი ქარხანაც გაჩნდეს. ივანიშვილის თქმით, მთავრობას სურს, უახლოეს გაზაფხულზე შექმნას უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საქართველოში არსებული სავარგული მიწების მაქსიმალური რაოდენობა დაიხვნება და დაითესება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა პროგრამა მხოლოდ იმიტომ ჭიანურდება, რომ მოსახლეობის 80%–ს მიწები დარეგისტრირებული არ აქვს. კონკრეტულად რა პრიორიტეტები უნდა დაისახოს მილიარდიანმა ფონდმა, ამაზე ექსპერტებს უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია აქვთ. პაატა კოღუაშვილი მთავარ პრიორიტეტად აგროსექტორის დაკრედიტებას მიიჩნევს: „სჯობს, კრედიტები გავცეთ ცივილურად. ამისთვის საჭიროა შეიქმნას სპეციალური აგროსაკრედიტო სისტემა. ეს არის კოპერაციული ტიპის სისტემა, რომლის მთავარი პრინციპია ურთიერთდახმარება და სოლიდარული პასუხისმგებლობა. ეს იქნება არამომგებიანი საბანკო სისტემა, რომელიც 3–4 პროცენტად გასცემს სესხებს აგროსექტორისთვის. სექტორის განსავითარებლად გაიცემა გრძელადიანი 15-წლიანი სესხი და გადახდა დაიწყება 5 წლიდან. მიღებული მოგება დაბრუნდება საწესდებო კაპიტალში, რითაც აგროსაკრედიტო სისტემა განვითარდება და გაფართოვდება“, - აღნიშნავს პაატა კოღუაშვილი.