ბერლინის სენატის განცხადებით, გერმანიის დედაქალაქში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
პაციენტი, რომლის სქესი და ასაკი არ სახელდება, საავადმყოფოშია მოთავსებული და მკურნალობის კურსს გადის. ექიმებმა უკვე დაიწყეს იმ ადამიანების შემოწმება, რომლებსაც დაინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ.
ბერლინი გერმანიის მე-10 ფედერალური მიწაა, სადაც კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანად ქვეყანაში 130 ადამიანია დაინფიცირებული.
ამ დროისთვის, კორონავირუსმა მსოფლიოში სამი ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 89 ათასზე მეტი. გამოჯანმრთელდა 45 ათასზე მეტი პაციენტი.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.