ირანის უზენაეს ლიდერ ალი ხამენეისთან არსებული მიზანშეწონილობის საბჭოს წევრი, მოჰამად მირმოჰამადი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც გუშინ ჰოსპიტალიზებული იყო. მიზანშეწონილობის საბჭო საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც რჩევებს აძლევს ირანის უზენაეს ლიდერს და ასევე უზენაეს ლიდერსა და პარლამენტს შორის არსებულ დავებს აგვარებს.
29 თებერვალს კორონავირუსით ირანის პარლამენტის წევრი მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების სულ 3 057 შემთხვევაა დადასტურებული, ინფიცირებულია 89 ათასზე მეტი, 45 ათასზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.