კომუნალურების სუბსიდირების იდეას მაინცდამაინც არ იწონებენ

კომუნალურების სუბსიდირების იდეას მაინცდამაინც არ იწონებენ

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების განახევრების შესახებ დაპირებები გადაჭარბებული აღმოჩნდა და ეს ვერ მოხერხდება. სამაგიეროდ, შესაძლებელია მისი სუბსიდირება. ამ ინიციატივას გარკვეული შეფასებები მოჰყვა როგორც „ქართული ოცნების“ წიაღიდან, ისე მის გარეთ. „ჯორჯიან ბიზნეს ინსაითის“ დირექტორის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, ტარიფების შემცირების საკითხის კუთხით „ქართული ოცნება“ მოუმზადებელი იყო. მისი აზრით, ტარიფების შემცირების რესურსი არსებობს, თუმცა არა - განახევრების. „ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ცოტა მოუმზადებელი იყო ამ საკითხის აქტივიზაციისას, რადგან არ იცნობდა იმ ინვესტორებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს, რაც გარე მხარისთვის ყოველთვის მიუწვდომელი იყო. რეალური სიტუაციის შემდეგ კი, როგორც ჩანს, დაპირების კორექტირება მოხდა. ჩემი აზრით, არსებულ რეალობაში ელექტროენერგიის, წყლის, გაზის ტარიფების შემცირების რესურსი არსებობს, საშუალოდ, 30%-35%-ით“, - განაცხადა ლექვინაძემ და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, ამ ტარიფების შემცირება კორპორატიული კლიენტებისთვის, ანუ კომპანიებისთვის, რაც ადგილობრივი პროდუქტის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. იგი თვლის, რომ დღესდღეობით, მაღალი ტარიფია წყალსა და შუქზე და მათი შემცირება შესაძლებელია, გაზზე კი - ყველაზე ნაკლებად. „ქართული ოცნებაში“ მომუშავე ექსპერტი დემურ გიორხელიძე კი მიიჩნევს, რომ გაზის ტარიფის განახევრება რეალურად შესაძლებელია. ტარიფების საკითხზე სამუშაო ჯგუფი 7 თვის განმავლობაში მუშაობდა და გამოიკვეთა, რომ ფორმულირება - გაზის ტარიფის განახევრება, შეუძლებელი არ იყო. „რაც შეეხება ელექტროენერგიას, მის ტარიფს გაცილებით ფაქიზი მოპყრობა სჭირდება. აქ განახევრებაზე საუბარი არასდროს ყოფილა, ჩვენ ოპტიმალური ციფრიც კი გამოვიყვანეთ. საორიენტაციოდ, საუბარი იყო 10 თეთრზე, მომატებაზე ან დაკლებაზე,ზამთარ-ზაფხულის მიხედვით. ამის საშუალებას გვაძლევდა ის რეალობა, რაც გვაქვს“, - განაცხადა გიორხელიძემ და დასძინა, რომ მსოფლიოში არ არსებობს კომუნალური სფერო, რომელიც წაგებაზე მუშაობს, ხოლო საქართველოში ასეთ კომპანიებს „ზემოგებები“ აქვთ. „ლობისტური ჯგუფები, რომლებიც დღეს ხისტად აცხადებენ, რომ არაფრის შეცვლა არ შეიძლება ისინი უმძიმეს მდგომარეობაში აყენებენ, პირველ რიგში, ქვეყნის პრემიერს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ერთადერთმა მოიგო ეს არჩევნები იმ კოალიციაში. ისინი არაწესიერად იქცევიან, რადგან ცალკეული კომპანიების ინტერსებს იცავენ“. მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების ტვირთის შემცირების სხვა გზაც არსებობს. ესაა ტარიფის სუბსიდირება თუნდაც მხოლოდ ზამთრის პერიოდში. თუმცა, ამ მიმართულებას უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, ვიდრე მომხრე. საქართველოს პრემიერმა გადასახადის სუბსიდირებაზე უკვე ისაუბრა და მოსახლეობაში მოწონებაც დაიმსახურა. ექსპერტები კი ასეთ მიდგომას მაინცდამაინც არ იწონებენ. ირაკლი ლექვინაძე ამ ინიციატივას აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ შესაძლოა, აღნიშნულმა ინფლაციის ზრდა გამოიწვიოს. „საზოგადოებას შეიძლება, ეს უფრო ძვირი დაუჯდეს, ვიდრე შედარებით მაღალი ტარიფები. ამასთან, სუბსიდირება ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ხარჯების გადათამაშების შედეგად თუ მოხდება, ეს ინფლაციაზე ნაკლებად აისახება, მაგრამ თუ ამისთვის დამატებითი რესურსის მოზიდვა გახდება საჭირო და ამ შემთხვევაში ასეც იქნება, ალბათ, მაშინ სუბსიდირება ინფლაციის სტიმულატორი აუცილებლად იქნება“, - განმარტა ლექვინაძემ და დასძინა, რომ ტარიფები უნდა იყოს საბაზრო და ოპტიმალური, არსებულზე მცირე, მაგრამ ინვესტორებისთვისაც საინტერესო. სამთავრობო წრეებიდან კი სიახლე ის არის, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ რაღაც კონკრეტული დაასახელა. ილია ელოშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფი არაუმეტეს 4 თეთრისა შემცირდება. მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, როგორც „თელასის“, ასევე „ენერგო პრო ჯორჯიას“ განაწილების ტარიფებში შემცირების პოტენციალი არის და ეს საკითხი რამდენიმე კვირაში უნდა გადაწყდეს. გაზის ტარიფთან დაკავშირებით კი, ელოშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს დათვლა-დაანგარიშება.