„ვანო მერაბიშვილი 7 წელი გასული იყო ასტრალიდან, მას ჰგონია, პოლონეთში რომ ჩავა, დიდი ზარ-ზეიმით მიიღებენ“

„ვანო მერაბიშვილი 7 წელი გასული იყო ასტრალიდან, მას ჰგონია, პოლონეთში რომ ჩავა, დიდი ზარ-ზეიმით მიიღებენ“

ვანო მერაბიშვილი დროებით განერიდა ქართულ პოლიტიკას, მისი მიღების არმოსურნე ოპოზიციას თავის ტკივილი აარიდა და სულ რაღაც ორი დღით პოლონეთში გაემგზავრა. ცნობილია, რომ პოლონეთში იგი შეხვედრებს იწყებს სეიმის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ კი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის ჩატარებას. არაოფიციალური ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი პოლონეთში კონსპირაციულად შეხვდება სააკაშვილს.

მცირეხნიანი ტაიმაუტის შემდეგ დაუბრუნდება თუ არა ვანო მერაბიშვილი ქართულ პოლიტიკას?

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისია მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილი კლასიკური ჯალათია, შესაბამისად, მისი მიღება არც „ნაცებს“, არც „ევრონაცებს“ არ უნდათ. უფრო მეტიც, როცა მერაბიშვილი დაიჭირეს, იგი მაშინ გენერალური მდივნის ფუნქციას ასრულებდა, მაგრამ ის საკუთარ პარტიაშიც კი მოკვეთეს, მიხეილ სააკაშვილმა მას აუკრძალა „ნაცმოძრაობაში“ დაბრუნება. როგორც ჩანს, „ევროპულმა საქართველომაც“ იგივე გაიმეორა.

„მიუხედავად იმისა, რომ ვანო მერაბიშვილს საკუთარი ჯგუფი ლობისტობდა, რათა ის გამხდარიყო „ევროპული საქართველოს“ წევრი, ვგულისხმობ ოთო კახიძეს და სხვებს, რომლებიც არანაკლები ჯალათები არიან, ვიდრე ვანო მერაბიშვილი, „ევროპულმა საქართველომაც“ იგი არ მიიღო. მისმა ლობისტურმა ჯგუფმაც ვერ შეძლო, დაერწმუნებინა კოლეგები, რომ ვანო მიეღოთ „ევროპული საქართველოს“ შემადგენლობაში. არ ვიცი, რამდენად ზუსტ ინფორმაციას ვფლობ, მაგრამ, როგორც ვიცი, ვანო მერაბიშვილს ჰქონდა სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები და მისთვის ციხის ფსიქოლოგიც კი დასჭირდათ“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი ანალოგიურ ფაქტს იხსენებს. კერძოდ, 2010 წელს ციხეში ყოფნისას ვახტანგ მაისაიამ 50 დღის განმავლობაში პოლიტიკური შიმშილობა გამოაცხადა და შიმშილობის მეშვეობით მელორ ვაჩნაძესა და მელორ გოგიჩაიშვილთან ერთად სერიოზული საპროტესტო აქცია განახორციელა. მას შემდეგ, რაც მოშიმშილეებმა მიაღწიეს მიზანს, დაასრულეს შიმშილობა, რადგან, გარკვეულწილად, მაშინდელ ჯალათებს შეაწყვეტინეს წამება, პრესა შეატანინეს ციხეში და წითელი ჯვარიც შეიყვანეს. ამის შემდეგ, როგორც კი ვახტანგ მაისაია გადაიყვანეს რუსთავში, მუხაძემ, ანუ „ქილერამ“ დაიწყო სისხლიანი რეპრესიები და კიდევ უფრო გაამკაცრა ციხის რეჟიმი. თუმცა შიმშილობის შემდეგ მასაც შესთავაზეს ფსიქოლოგის კონსულტაცია იმ მოტივით, რომ 50-დღიან შიმშილობას შეიძლება ადამიანის ფსიქიკა დაეზიანებინა.

ვახტანგ მაისაიას თქმით, რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილი არ შიმშილობდა, მაგრამ მას სერიოზული ფსიქოლოგიური შერყევები ჰქონდა და საჭიროებდა ფსიქოლოგის დახმარებას. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსი ამბობს, რომ მერაბიშვილი ახლაც მიემგზავრება პოლონეთში ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მისაღებად.

„მას ჰქონდა ოთო კახიძის იმედი, სანამ ის გამოვიდოდა ციხიდან. თუმცა ორი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილმა მას ფაქტობრივად უთხრა, რომ მისთვის აღარ წარმოადგენდა ვანო რაიმე ფასეულობას, პირიქით, სააკაშვილმა მისკენ გაიშვირა ხელი, რომ ვანო მერაბიშვილი იყო დამნაშავე იმაში, რომ სააკაშვილმა დაკარგა ძალაუფლება. გარდა ამისა, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმაც, ფაქტობრივად, უარი განაცხადეს მის გვერდით დაჯდომაზე. პირდაპირი სიგნალი იყო მერაბიშვილისთვის თუნდაც იმავე ნინო ბურჯანაძის და სხვების განცხადება, რომ ისინი ვანოსთან ერთად თავს ვერ ხედავდნენ. ამანაც ითამაშა გარკვეული როლი მერაბიშვილზე. ციხიდან მისი გამოსვლისთანავე მე ვთქვი, რომ მერაბიშვილი არის პოლიტიკური გვამი და ეს პროგზონი გამართლდა. გარდა იმისა, რომ მან ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია უნდა მოახდინოს პოლონეთში, დიდი ეჭვი მაქვს, ის ჩავიდა თავის საერთაშორისო ლობისტებთან, რომ მათ მოწმინდონ სისხლიანი ლაქა. თუმცა პოლონეთში სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მიმართ შეცვლილია დამოკიდებულება. ვარშავის უნივერსიტეტის სერიოზულმა გამოცემამ, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურას წარმოადგენს, პირდაპირ დაწერა, რომ მე ვიყავი სააკაშვილის პოლიტიკური პატიმარი, ამის შესახებ პირადად მე არანაირი ინფორმაცია მათთვის არ მიმიწოდებია. 2017 წელს პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტში სააკაშვილის ლექცია ჩაიშალა. იქ საპატიო სტატუსით მეც გახლდით მიწვეული მთავარ თანამომხსენებლად. მართალია, სააკაშვილის გამოსვლას არ დავესწრებოდი, მაგრამ, როგორც კი ის მივიდა ტრიბუნასთან, პოლონელი ადამიანის უფლებათა დამცველები მიუვარდნენ და ჩაშალეს მისი გამოსვლა. იქ ქართველი პოლიტპატიმრების გამოფენა მოეწყო და გოგა ხაინდრავას „დემოკრატიის შუქურა“ პოლონურ ენაზე გაუშვეს“.

ვახტანგ მაისაიას განმარტებით, ვანო მერაბიშვილი 7 წელი გასული იყო ასტრალიდან, ციხე მაინც სულ სხვა რამეა, იქ ინფორმაციული ვაკუუმია და სხვანაირად აღიქვამ ყველაფერს. ახლა ვანო მერაბიშვილი რეალობის მიღმაა დარჩენილი და ჰგონია, რომ ჩავა პოლონეთში, დიდი ზარ-ზეიმით მიიღებენ. თუმცა ის ზღაპრები, რითაც სააკაშვილი და მერაბიშვილი კვებავდნენ პოლონეთის პოლიტიკურ ელიტას და დასავლურ საზოგადოებას, აღარ არის დამაჯერებელი.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის ის ფიგურა, რომელიც სასწორის პინაზე გადამწყვეტი სიმძიმე გახდებოდა. მას მოჰყვება თავისი წარსულის მძიმე შლეიფი ისევე, როგორც დანარჩენ პერსონებს გაერთანებულ ოპოზიციაში.

„ვფიქრობ, საკუთარი წარსულის გათვალისწინებით, ვანო შეგნებულად გაეცლება ქართულ პოლიტიკას, რადგან მის მიმართ განწყობები მძიმეა. სანამ ის იყო ციხეში, მანამდე არ იყო მის მიმართ ისეთი აგრესია. კაცი როდესაც ციხეში ზის, ქართველებს მაინც ეცოდებათ. როცა გამოვიდა და ყველას გაახსენდა მის მიერ სხვებთან ერთად შექმნილი რეჟიმი, ხალხი კვლავაც ნეგატიურად განეწყო. ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს „ენკავედე“-ს ტიპის გაერთიანებული ძალოვანი ბლოკი, რომელიც თავდაპირველად იმსახურებდა გარკვეულ სიმპათიებს, რადგან წესრიგის დამყარებასთან იყო ასოცირებული, მაგრამ შემდეგ ეს წესრიგის დამყარება გადაგვარდა სახელმწიფო ტერორად. სახელმწიფო ტერორის მანქანის მუშაობით უამრავი ადამიანი განადგურდა მორალურად, ფიზიკურად, ქონებრივად. ვანო მერაბიშვილი იყო იმ პერიოდში შს მინისტრი. ის კიდევ კარგად გადარჩა, რადგან, როგორც წესი, ასეთი ტიპის რეჟიმების შს მინისტრები პირველი მსხვერპლნი ხდებიან რეჟიმის დამთავრების შემდეგ. ჯერ კიდევ მაშინ, როცა სააკაშვილის რეჟიმი თავის ზენიტში იყო, ვამბობდი, რომ მერაბიშვილი აუცილებლად აღმოჩნდებოდა ციხეში“,-აცხადებს სოსო მანჯავიძე.

ანალიტიკოსის განმარტებით, მერაბიშვილმა, სავარაუდოდ, კარგად გააცნობიერა, რომ მისი ფაქტორი „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ განაწყობდა ელექტორატს. ამდენად, ვანოს არ გაუჭირდება ცხოვრება საზღვარგარეთ ისევე, როგორც არ უჭირს საზღვარგარეთ ცხოვრება რეჟიმის მეორე საყრდენს - ადეიშვილს.