ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით ყველა ავტობუსით, მატარებლითა და ტრამვაით მგზავრობისას ბილეთის შეძენა აღარაა საჭირო. საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობა ქვეყნის ბიუჯეტს ყოველწლიურად 41 მილიონი ევრო დაუჯდება.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზანი გზებზე ავტომობილების რაოდენობის შემცირებაა, ვინაიდან 1000 ადამიანზე ავტომობილების რაოდენობით ლუქსემბურგი ევროკავშირის ქვეყნებს შორის ლიდერობს. შესაბამისად, ხელისუფლებაში იმედს გამოთქვამენ, რომ 5 წელიწადში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა რიცხვი 20%-ით გაიზრდება.

ლუქსემბურგის მოსახლეობა ბოლო 20 წელიწადში 40%-ით გაიზარდა. ახლა ქვეყანაში 614 ათასი ადამიანი ცხოვრობს, დასაქმებულების რიცხვი კი 400 ათასს აღემატება. მათ შორისაა ბელგიის, გერმანიისა და საფრანგეთის 200 ათასი მოქალაქე, რომლებსაც ლუქსემბურგი მაღალი ანაზღაურებით და ძლიერი ეკონომიკით იზიდავს.