მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა პროდუქტების მომარაგება დაიწყო. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ იმარაგებენ სურსათს მომხმარებლები. რეალურად შეიქმნება თუ არა ბაზარზე საკვების დეფიციტი ამაზე მსჯელობას სპეციალისტები ნაადრევად მიიჩნევენ. მათი აზრით, საქართველოში საკვების მარაგი არ ამოიწურება.
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს იმის საშიშროება, საქართველოში საკვები პროდუქტის დეფიციტი შეიქმნას.
„დღევანდელი მდგომარეობით საკვების მარაგი საკმარისზე უფრო მეტია. დეფიციტი არც ერთ შემთხვევაში საქართველოში არ შეიქმნება. მარაგი ზოგადად ყოველთვის გვაქვს, არა იმიტომ რომ პრობლემა შეიქმნა, არამედ ზოგადად, კომპანიებს პროდუქცია მომარაგებული აქვთ ხოლმე. საზღვრები ჩაკეტილია მხოლოდ ჩინელი და ირანელი ტურისტებისთვის, ასე რომ, პროდუქტის შემოტანა შეზღუდული არ არის,
საფრთხე იმისა, რომ პროდუქტის გარეშე დავრჩეთ, არ არსებობს. ფასების ზრდაც არ არის მოსალოდნელი. საქართველოსთვის ძირითადი მომწოდებლები უკრაინა, თურქეთი და რუსეთი არიან, ამ მხრივ არ არის მოწოდების პრობლემა, არც ევროპიდან გვაქვს რამე სახის შეფერხება. უნდა ვიყოთ წყნარად, საკვები პროდუქტების შემოტანის შეზღუდვა არ იგეგმება“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.
არადა კორონავირუსის დადასტურებისთანავე მაღაზიებში უწყვეტად მოდიოდა ხალხი და ყიდულობდა ისეთ პროდუქტებს, რომელსაც ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვს. სუპერმარკეტ „მარიანას“ დირექტორი მარინა სალაყაია მომხმარებელებს შორის გაჩენილ პანიკას ადასტურებს.
„განუწყვეტლივ მოდიოდა ხალხი და ყიდულობდნენ ბრინჯს, ფქვილს, წიწიბურას, შაქარს და მარილს. მედიამ იქონია გავლენა ხალხზე და თავს იზღვევენ, პანიკიორი ერი ვართ და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. ჯერ მხოლოდ ერთ ადამიანს დაუფიქსირდა კორონავირუსი და მაშინვე ასეთი ფორსმაჟორი გაჩნდა. ეს რომ გაგრძელდეს, საერთოდ რა მოხდება კაცმა არ იცის“, - განაცხადა სავაჭრო ობიექტის მფლობელმა.
რისი დეფიციტიც აშკარა და ნათელია, ეს პირბადეებია. ისიც ცხადი გახდა, რომ ასე ადვილად ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. მსხვილ სააფთიაქო ქსელებში პირბადეები, ფაქტობრივად, აღარ იყიდება. მოქალაქეების უმრავლესობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაააქტიურდა, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, ბაზაში პირბადეების მარაგი მხოლოდ კლინიკებისთვის არის დარჩენილი.
„ვერ გვაწვდიან, რადგან ჩინეთი და თურქეთია მწარმოებელი და მთელი ეს რესურსი მიმართულია ჩინეთისკენ. ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, რომ შემოვიტანთ უახლოეს დღეებში, თუმცა ვდცილობთ, დეფიციტი არ შეგვექმნას. არის აფთიაქები, სადაც არის პირბადეები დარჩენილი, თუმცა გარკვეულ აფთიაქებში აღარ არის.
ბაზაში გვაქვს დარჩენილი კლინიკებისთვის, რადგან მათ რომ არ მივაწოდოთ, არ შეიძლება. მოლაპარაკებები გვაქვს, უბრალოდ, ძალიან ძვირ ფასს გვთავაზობენ, არანორმალურად ძვირს. 39 ცენტად გვთავაზობენ, ანუ 1,10 ლარი გამოდის თვითღირებულება“, - განუცხადა „ბიემს“ ლალი ბრეგვაძემ.
პირბადეების დეფიციტია „პეესპეს“ სააფთიაქო ქსელებშიც. „პირველივე მომენტიდან აქტიურად ვმუშაობთ დამატებითი მარაგების შექმნაზე, რადგან მოსალოდნელი იყო, რომ მოთხოვნა გაიზრდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ნაშთი საკმაოდ დიდი იყო. დღესაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები მომწოდებლებთან.
ცოტა შეივსო აფთიაქები, რისი საშუალებაც არის. უწყვეტად მიმდინარეობს მოლაპარაკება და იმედია, 1-2 დღეში რამე რესურსი გამოჩნდება, რომ დეფიციტი შეივსოს“, - განაცხადა „პეესპეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნათია ხაბეიშვილმა.