2010 წლის 2 ივნისს ქართველმა სამართალდამცველებმა ხმაურიანი სპეც-ოპერაცია ჩაატარეს, რომელსაც რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა. საუბარია ნარკოტრეფიკის ცნობილ საქმეზე, როდესაც იმერეთის სოფელ ტყაჩირში მევლუდ სვანიძის ეზოდან ნუგზარ ბოჭორიშვილის კუთვნილი, მიწაში დამარხული მილიონ შვიდასი ათასი ვერო ამოიღეს. მაშინ ითქვა, რომ ეს ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალია და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამაყად გვამცნო, რომ სწორედ ამ ფულით პირველკლასელებისთვის სახელმწიფო ე.წ. „ნეთბუქებს“ იყიდდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სად გაქრა ეს თანხა, ქართველი ჟურნალისტების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერაფრით გაირკვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით სქემა ასეთი იყო - საქართველოში დაბადებული ნუგზარ ბოჭორიშვილი, რომელიც ამჟამად, საბერძნეთის მოქალაქეა, მის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს რეგულარულად უგზავნიდა ჯართს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. ტვირთში გადამალული იყო „კოკაინის” დიდი პარტიები და ნარკოტიკი საქართველოდან ევროპაში, საერთაშორისო ბაზრებზე გასანაწილებლად გადიოდა. ქართველი სამართალდამცველების ინფორმაციით, ნუგზარ ბოჭორიშვილი კრიმინალური ავტორირეტის, შაქრო კალაშოვის მფარველობის ქვეშ მოქმედებდა. სწორედ ამიტომ ქართულმა მხარემ ორივე მათგანის საქართველოში ექსტრადირება მოითხოვა, თუმცა დღემდე არც ერთ მათგანთან დაკავშირებით ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის.
საბერძნეთმა, სადაც ამჟამად ნუგზარ ბოჭორიშვილი ცხოვრობს, მაშინ, როდესაც ქართველმა სამართალდამცავებმა საქართველოში გამოძიება დაიწყეს, საბერძნეთში დააკავეს ბოჭორიშვილი, მაგრამ მის წინააღმდეგ სამხილების არარსებობის გამო იგი მალევე გაანთავისუფლეს. საბერძნეთმა არაერთხელ მოსთხოვა ქართულ მხარეს ბოჭორიშვილის მამხილებელი მტკიცებულებების გადაგზავნა, მაგრამ ეს არ მოხდა. როგორც ჩანს, ქართულ მხარეს არაფერი ჰქონდა გადასაგზავნი.
სამაგიეროდ საქართველოში გაასამართლეს ბოჭორიშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები გიორგი ჩეჩელაშვილი, ანასტასია ზაუტაშვილი, რომან მესუმიანი და მევლუდ სვანიძე. თითოეულ მათგანს 25-დან 30 წლამდე პატიმრობა აქვს მისჯილი. ქართულმა სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა ასევე ნუგზარ ბოჭორიშვილი და მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამ საქმეში უამრავი პროცესუალური დარღვევა იყო, რომელთა შესახებ საუბარიც ახლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ დაცვის მხარე თავიდანვე ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებას უბრალოდ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილი ბიზნესმენია, მისთვის ფულის წართმევა სურდა და მთელი ამხელა საქმეც სწორედ ამ მიზეზით შეითითხნა, სინამდვილეში კი მსჯავრდებულების ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებულები სასტიკად აწამეს და ამ გზით მათგან აღიარებითი ჩვენებების მიღებას ცდილობდნენ, მაგრამ ერთადერთი, ვინც აღიარებითი ჩვენება მისცა, კახაბერ სვანაძე იყო, რომელიც ამ საქმეში მოწმის სტატუსით მონაწილეობდა, მაგრამ სხვა საქმეზე არის მსჯავრდებული. მასთან საპროცესო შეთანხმებაც გაფორმდა. ახლა კი ირკვევა, რომ ამ ადამიანს ქრონიკული ფსიქიკური დაავადება (შიზოფრენიის მსგავსი), ორგანული ბოდვითი აშლილობა აქვს. ექსპერტიზის დასკვნით, ამ ადამიანს მისი დაკავების და შემდეგ პერიოდში არ შეეძლო, სწორად აღექვა მოვლენები და მათზე სწორი ჩვენება მიეცა. ამ გარემოების გათვალისწინებით, დაცვის მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ ზაუტაშვილისა და სხვების მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი გადაიხედოს, მაგრამ 2012 წლის 16 ნოემბერს გამოტანილი განჩინებით სასამართლომ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.
ნუგზარ ბოჭორიშვილის ადვოკატი, მიხეილ ელიკაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ ამაზე უარი იმის გამო თქვა, რომ მას პროცესის განახლების ეშინია. კერძოდ, აქ მხოლოდ ახლადაღმოჩენილ გარემოებებზე არ არის საუბარი. ადვოკატ ელიკაშვილის თქმით, საქმე ეხება იმ უამრავ დარღვევას, რაც ამ საქმეში არსებობს და რის გამოც საქმის ობიექტური გამოძიება მთელს ამ საქმეს თავდაყირა დააყენებს.
მოგეხსენებათ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, უამრავ საქმეზე, რომელზეც უკვე კანონიერ ძალაში შესული განაჩენიც არსებობს, ადამიანები პროკურატურას მიმართავენ და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. როგორც ირკვევა, აღნიშნულ საქმეზეც პროკურატურაში საჩივარი უკვე შესულია და სავარაუდოდ, ამ საქმეში დათა ხალაიასა და სოსო თოფურიძის, ასევე კიდევ ბევრი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ამის შესახებ for.ge-ს ნუგზარ ბოჭორიშვილმა განუცხადა, რომელსაც ჩვენ საბერძნეთში დავუკავშირდით. ბოჭორიშვილი ამბობს, რომ როგორც ჩანს მოზღვავებული საქმეების გამო პროკურატურაში ამ საქმეების განსახილველად კადრები არ ჰყოფნით და ამიტომ მას ასე ვთქვათ, რიგში დგომა და ლოდინი უწევს.
„ჩვენს საქმეში პირველ რიგში დათა ახალაიას „ნამოქმედარი“ იკვეთება, როგორ აწამებდა ჩემი ოჯახის წევრებს, როგორ გააყალბა საქმის მასალები და ა.შ. ასევე იყო პროკურორი კოჭლამაზიშვილი, ექსპერტები, რომლებმაც თითქოს ვიდეოფირზე (რომელიც პოლიციის აგენტმა ჩაწერა) ანასტასია ზაუტაშვილის ხმას ჩაუტარეს ექსპერტიზა და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც მართლა ციხის ღირსია, მაგრამ ვნახოთ რას გადაწყვეტს ახალი პროკურატურა, როდესაც საქმე გაიხსნება“, - აცხადებს ნუგზარ ბოჭორიშვილი.
მისი თქმით, დაისმება სოსო თოფურიძის პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგანაც მისი სახელით ბოჭორიშვილს ურეკავდნენ და სხვადასხვა გარიგებაზე წასვლას სთავაზობდნენ. ნუგზარ ბოჭორიშვილის განცხადებით, მისთვის დარეკვას მისი დეიდაშვილის მეუღლეს აიძულებდნენ, რომელიც კუდ-ში მუშაობდა და ეს ადამიანი სწორედ სოსო თოფურიძის სახელით ესაუბრებოდა. ბოჭორიშვილის განცხადებით, თავიდან მისგან ათ მილიონს ითხოვდნენ, რათა ეს საქმე ჩაეფარცხათ და სწორედ ამიტომ რამდენიმე დღის განმავლობაში ე.წ. სახელისუფლებო სატელევიზიო არხები ამ საქმეს ატრიალებდნენ იმ მიზნით, რომ ბოჭორიშვილზე ზემოქმედება მოეხდინათ, დაეთრგუნათ იგი და ამ გზით თანხის გადახდა ეიძულებინათ. შემდეგ, ვინაიდან იგი ამ წინადადებას არ დაეთანხმა, მას პირველი ინსტანციის სასამართლოს მაგალითი მოუყვანეს, რომელმაც მიუხედავად მტკიცებულებების არ არსებობისა, საქმეზე ბრალდებულების მიმართ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
„ ამ სასამართლოს მაგალითზე მე მაჩვენეს, რომ ჩვენი უდანაშაულობის დამასტურებელი როგორი მტკიცებულებებიც არ უნდა გვქონოდა, განაჩენი მაინც გამამტყუნებელი იქნებოდა, ანუ მათი მხრიდან ეს ერთგვარი ძალის დემონსტრირება იყო. პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ კი დამირეკეს და მითხრეს, რომ თუ ათი არ მაქვს, ჯერ სამი მილიონი გადამეხადა ჩემს მიმართ საქმის შესაწყვეტად და შემდეგ უკვე სხვებსაც მივყვებითო. ეს ზარები ჩემთან სწორედ დათა ახალაიას და სოსო თოფურიძის დავალებით ხორციელდებოდა. ეს ყველაფერი ჩვენს მიერ პროკურატურაში შეტანილ საჩივარშიც არის ასახული და ალბათ როდესაც პროკურატურა ჩვენი საქმის შესწავლას დაიწყებს, ამითაც დაინტერესდება“, - აღნიშნავს ბოჭორიშვილი.
მისი თქმით, ბრალდების მხარის მთავარი მოწმის, სვანაძის დაავადების შესახებ ადრეც გარკვეული ეჭვები ჰქონდა, მაგრამ როდესაც ციხის სამედიცინო დოკუმენტაცია ჩაუვარდა ხელში, ამ საქმეს მიჰყვა და გაირკვა, რომ ციხეშივე დაუსვეს სვანაძეს დიაგნოზი.
„გაირკვა, რომ ეს ბიჭი სამკურნალოა და იგი დღესაც მკურნალობს. რას ვიზამთ, დაავადება ყველას შეიძლება დაგვემართოს, მაგრამ ასეთი ადამიანი პროკურატურამ ურცხვად გამოიყენა, აღარებითი ჩვენების მისაღებად იგი ისე იყო ნაწამები, უკაცრავად და კუდუსუნის ძვალზე ისეთი დაზიანებები ჰქონდა, რომ იმ არეში მთელი ხორცი მოაჭრეს. ამასთან დაკავშირებით მერე ამბობდნენ, თვითდაზიანება მიიყენაო, წარმოგიდგენიათ? აქვე გეტყვით, რომ ბრალდების მხარის კიდევ რამდენიმე მოწმემ გადათქვა ჩვენებები და საქმის გახსნის შემთხვევაში, ბრალდების არც ერთი მოწმე სასამართლოზე მომსვლელი არ არის. ეს ყველაფერი ფულის გამო ხდებოდა. მოგეხსენებათ ორი მილიონი წაიღეს, სახლები წაიღეს და კიდევ უნდოდათ, მიშიკოს ხომ ყოველდღე მასაჟების კეთება სურს და ამას ხომ ფული სჭირდება“, - ამბობს ნუგზარ ბოჭორიშვილი.
ახლა კი გთავაზობთ მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც მთავარ პროკურატურაში შეტანილ საჩივარს ახლავს და სადაც მსჯავრდებულები მათ მიმართ განხორციელებულ ცემა-წამების შესახებ ჰყვებიან.
მსჯავრდებულ რომან მესუმიანის ჩვენება
„ჩემი დაკავება მოხდა 2010 წლის პირველ ივნისს, ჩემ საცხოვრებელ ბინაში. ჩემი დაკავება მოახდინა დაახლოებით 10-15-მა შეიარაღებულმა პირმა, რომლებმაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დამადეს ბორკილები და გადამიყვანეს ე.წ. მოდულის შენობაში. ამიყვანეს მეორე თუ მესამე სართულზე, ერთ-ერთ კაბინეტში, სადაც ათამდე პიროვნება იყო. მათი სახელები და გვარები არ ვიცი, მაგრამ ამოცნობა შემიძლია. ერთ-ერთმა მათგანმა მიმიყვანა კომპიუტერთან და დამიწყო სურათების ჩვენება, თან ამ სურათებზე გამოსახულ ადამიანებზე მეკითხებოდა, ვიცნობდი თუ არა მათ. თავიდან ვინმე გურჩიანის სურათი მაჩვენა და როდესაც ვუთხარი, რომ მას არ ვიცნობდი, ყველა მხრიდან დამიწყეს ცემა, ხელებით, ფეხებით და ხელკეტებით, თან მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მიყვიროდნენ, - როგორ თუ არ იცნობო! შემდეგ მაჩვენეს ნუგზარ ბოჭორიშვილის სურათი და მკითხეს ვიცნობდი თუ არა მას. მე ვუთხარი, რომ ვიცნობდი, რადგან იგი ჩემი ბიძაშვილის მეზობელი იყო. მათ მკითხეს, რა სახის საქმიანი ურთიერთობა მქონდა ბოჭორიშვილთან, რაზეც ვუპასუხე, რომ მასთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მქონია. ამის გამო თავზე ე.წ. „კასკა“ დამაფარეს და ხელკეტით ცემა დამიწყეს. არ ვიცი ეს რამდენ ხანს გაგრძელდა.
როდესაც ცოტა გონზე მოვედი, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ჭაღარათმიანი იყო, ადგომაში მომეხმარა, გვერდზე გამიყვანა და წყნარად დამიწყო საუბარი. იგი მეუბნებოდა - რას გვაკვლევინებ თავს, შენმა ბიძაშვილმა და ჩეჩელაშვილმა ყველაფერი აღიარეს, ჩვენ ვიცით, რომ შენ მართლაც ტყემალზე ზიხარ, მაგრამ შენც უნდა აღიარო, მათ ხელი უნდა დაადო და პირობას გაძლევ, რომ შენც და შენს მეუღლესაც საზღვარგარეთ გაგიშვებთო. ის, რის აღიარებასაც მთხოვდნენ, აბსურდი იყო, ამიტომ რაიმე ჩვენების მიცემაზე უარი განვუცხადე და დუმილის უფლება გამოვიყენე. ამ დროს ოთახში შემოვიდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც როგორც ჩანს, მათი უფროსი იყო. იგი მაგიდასთან მდგომ სეიფთან მივიდა, იქიდან იარაღი გამოიღო, გადატენა და ყვირილით წამოვიდა ჩემსკენ. რას ელოლიავებით, ამას ტვინს გავასხმევინებო ყვიროდა და იარაღის ლულა პირში ჩამიდო. იქ მყოფებმა სთხოვეს, რომ არ ესროლა, რადგან ხმაური იქნებოდა. ამის საპასუხოდ, ამ კაცმა დაიძახა, - გააშიშვლეთ, აქვე ვიხმაროთო. ამ დროს ოთახში ვიღაცამ შემოიხედა და ეს ახალგაზრდა კაცი გაიყვანა. ჭაღარათმიანმა კი ისევ მშვიდი საუბარი დამიწყო, მირჩევდა, რასაც მაიძულებდნენ, ისეთი ჩვენება მიმეცა.
ცოტა ხანში ისევ ის ახალგაზრდა შემოვიდა, იქ მყოფებს რაღაც გადაულაპარაკა, რის შემდეგაც შემეშვნენ და იმავე სართულზე ანალიზების ჩასაბარებლად წამიყვანეს. ამ დროს დერეფანში შემთხვევით დავინახე გიორგი ჩეჩელაშვილი, რომელიც სასტიკად ნაცემი იყო. ამის შემდეგ გადამიყვანეს „კაპეზე“-ზე, სადაც ჩემზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა გრძელდებოდა.“
მსჯავრდებულ გიორგი ჩეჩელაშვილის ჩვენება
„2010 წლის 1 ივნისს დამაკავეს და მოდულის შენობაში წამიყვანეს. შემიყვანეს ერთ-ერთ კაბინეტში, სადაც 4-5 კაცი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა მკითხა, სად ვინახავდი ნარკოტიკს, რაზეც მე ვუპასუხე, რომ არანაირი ნარკოტიკის შესახებ არაფერი ვიცოდი. ამის საპასუხოდ იქ მყოფებმა დამიწყეს ცემა და ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. როდესაც ნახეს, რომ ძალიან დასისხლიანებული ვიყავი, თავი დამანებეს და ნარკოლოგიური შემოწმება ჩამიტარეს, შემდეგ კი „კაპეზეში“ ჩამიყვანეს.
მეორე დღეს ადვოკატთან შეხვედრაზე ამომიყვანეს. იგი გამეცნო გიორგი ყავლაშვილად. მას ვუთხარი, რომ იქ ცემაში მომკლავდნენ და რომ აბსურდული ჩვენების მიცემას მთხოვდნენ. მან მიპასუხა, რომ აღარ მცემდნენ, დამემშვიდობა, შემპირდა, რომ ისევ მინახულებდა და წავიდა. ჩემზე გაგრძელდა ზეწოლა, რასაც თავიდან ჩემთვის უცნობი პირები ახორციელებდნენ, შემდეგ კი სოსო თოფურიძე. როგორც ჩემთვის ცნობილი იყო, თოფურიძე კუდ-ის უფროსის მოადგილე იყო. იგი ჩემგან ითხოვდა მეღიარებინა ის, რაც არ ჩამიდენია. კერძოდ, უნდა მეთქვა, რომ ვიცოდი ნარკოტიკის შესახებ და რომ ამ საქმეში კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი იყო გარეული, ასევე უნდა დამესახელებინა ვახტანგ ბოჭორიშვილი, ანასტასია ზაუტაშვილი და სხვები. ამაზე მე კატეგორიული უარი განვაცხადე. ამ დროს საუბარში დათა ახალაია ჩაერთო და მითხრა, რომ თუ ამ ყველაფერს ვაღიარებდი, მინისტრის ბრძანებით გამიშვებდა გარეთ, თავისივე მანქანით მე და ჩემს ცოლს თურქეთში გადამიყვანდა და იქ საცხოვრებლად შესაბამის თანხასაც მომცემდა, რათა უსაფრთხოდ ვყოფილიყავი. ამაზეც უარი ვუთხარი.
მითხრეს, რომ ამ შემოთავაზებაზე მეფიქრა, თან დაამატეს, რომ არავის შიში არ უნდა მქონოდა, რადგან კალაშოვი ეპსნეთში ათწლიან სასჯელს იხდიდა და ჩემთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. მე ვუთხარი, რომ არავის შიში არ მქონდა, მით უმეტეს პიროვნების, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი. ვინაიდან ისევ უარი მიიღეს, ახალაია დამემუქრა, რომ მაინც ყველაფერს მათქმევინებდნენ და ოთახიდან გავიდა. ცოტა ხანში რამდენიმე კაცი შემოვიდა, რომლებმაც ცემა და გინება დამიწყეს. ვინაიდან მიხვდნენ, რომ სათქმელი არაფერი მქონდა, უფრო გამეტებით მცემდნენ, რაც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. მოგვიანებით ოთახში სოსო თოფურიძე შემოვიდა და მითხრა, რომ საკუთარი თავი უნდა გადამერჩინა, რადგან ვერავინ მიშველიდა. ამ დროს დათა ახალაია შემოვიდა და ისევ ითხოვდა ჩემგან აღიარებით ჩვენებას, თან მცემდა ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდა. ეს რამდენიმე საათს გაგრძელდა და სხვადასხვა პირები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ჩემს ცემაში. ისინი მეუბნებოდნენ, რომ უნდა მეღიარებინა, რადგან ყველა მე მადებდა ხელს და ამის დასტურად მოჰყავდათ მევლუდ სვანიძის ჩვენება, სადაც თითქოს ის მე მადებდა ხელს. ამასთანავე, მითხრეს, რომ მას შემახვედრებდნენ და ჩემი ყურით მოვისმენდი მის ჩვენებას.
ამაზე უარი ვითხარი, რადგან არ მინდოდა სვანიძეს ასეთი ნაცემი ვენახე. მიუხედავად ამისა, მას მაინც შემახვედრეს. მასთან ერთად ოთახში დათა ახალაია იყო და ითხოვდა, მევლუდს ჩემზე ეთქვა, თითქოს მასთან პარკით მიმქონდა ნარკოტიკი...
მოგვიანებით წამიყვანეს ქალაქგარეთ, ჩემი ვარაუდით მცხეთის მხარეს, სადაც ისევ დამიწყეს უმოწყალოდ ცემა. ამაში პირადად ახალაია მონაწილეობდა. ადგილზე რამდენიმე მანქანა იყო, მათ შორის რეანიმობილი. შემდეგ მოახდინეს იმის ინსცენირება, თითქოს მე გაქცევის მიზნით ერთ-ერთ თანამშრომელს ვესროლე. სინამდვილეში თვითონ მოახდინეს გასროლა, რის შემდეგაც ერთ-ერთი პიროვნება დაეცა და მორთო ღრიალი. იარაღი ძალით დამაჭერინეს ხელში, ჩადეს პარკში, ის პიროვნება რეანიმობილში მოათავსეს და წავიდნენ. ამის შემდეგ დაიწყო ახალი მუქარა, თითქოს მე მათი თანამშრომელი სასიკვდილოდ დავჭერი და ისევ დამიწყეს ცემა. არ ვიცი, ეს რამდენ ხანს გაგრძელდა, რადგან გონება დავკარგე...“
დაახლოებით ანალოგიური ჩვენება აქვს მიცემული მევლუდ სვანიძეს, რომელიც აღიარებითი ჩვენების მიღების მოთხოვნით სასტიკად აწამეს. ისიც ჰყვება, რომ მის წამებაში პირადად მონაწილეობდა დათა ახალაია და რომ წამება სწორედ მისი მითითებებით და ბრძანებებით ხორციელდებოდა. ამასთანავე, სვანიძეს ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, ეუბნებოდნენ, რომ თუ აღიარებით ჩვენებას არ დაწერდა, მის შვილს მის თვალწინ აწამებდნენ და ა.შ.