რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქი სამხედროები „ბოევიკებს“ შორის იმყოფებოდნენ. ამის შესახებ რუსეთის მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
„27 თებერვალს, დასახლებულ პუნქტ ბეხუნის რაიონში თურქი სამხედროები სირიის შეიარაღებული ძალების ცეცხლის ქვეშ მოჰყვნენ. თურქი სამხედროები ტერორისტული ფორმირებების საბრძოლო რიგებში იმყოფებოდნენ“, - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ „27 თებერვალს ტერორისტთა დაჯგუფება „ჰაიატ ტახრირ ან-შამი“ იდლიბის დეესკალაციის ზონაში შეეცადა, შეტევა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე განეხორცილებინა“.
ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქული მხარის მიერ დაპირისპირებული მხარეების შერიგების ცენტრისთვის გადმოცემული კოორდინატების მიხედვით, თურქეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები არ იყვნენ და არ უნდა ყოფილიყვნენ დასახლებულ პუნქტ ბეხუნის რაიონში.
სირიაში, იდლიბის პროვინციაში, საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა.