ოპოზიციის გეგმა B ცნობილია. მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, თბილისში ძირითად მაჟორიტარულ ოლქებში გაერთიანებული ოპოზიცია 7 კანდიდატზე შეაჩერებს თავის არჩევანს. ეს კანდიდატები იქნებიან: შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ზაალ უდუმაშვილი, ხატია დეკანოიძე.
ოპოზიციონერთა კვოტების ასეთ გადანაწილებას არ ეთანხმება ალეკო ელისაშვილი. იგი გაოცებულია, რომ „ხარბი ზნე ვერ მოიშალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რადგან „ნაცმოძრაობის“ მტკიცებით, თურმე ოპოზიცია „შეთანხმებულა“ თბილისში საერთო კანდიდატებზე და, მათ შორის, თურმე ალეკო ელისაშვილსაც დასტური უთქვამს, რაც სინამდვილეში არ მომხდარა.
ალეკო ელისაშვილს ისიც აინტერესებს, რატომ გადაწყვიტა „ნაცმოძრაობამ“ მიუთითოს სხვებს, სად ვინ უნდა დააყენოს კანდიდატურები, ან სად ვის უნდა დაუჭირონ მხარი? ეს მაშინ, როცა მცირე აზრთა გაცვლა-გამოცვლის მიღმა არანაირი სხვა კომუნიკაცია არ ყოფილა. ეს ხომ არ არის „ნაცმოძრაობის“ იმ სცენარის გაგრძელება, როცა ჯერ პროპორციული არჩევნების მოპოვება დაიბრალა „ნაცმოძრაობამ“ და ახლა საკუთარი ჭკუითა და გემოვნებით ანაწილებს ოპოზიციის კანდიდატურებს თბილისში?
ხომ არ იქნება ეს სია „ნაცმოძრაობის“ დამარცხების ფორმულა? ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ესაუბრა.
მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, თბილისის ძირითადად მაჟორიტარულ ოლქებში „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები იყრიან კენჭს. თუ ამ სიას შალვა ნათელაშვილს გამოვაკლებთ, სულ „ნაცებითა“ და „ევრონაცებით“ ყოფილა დაკომპლექტებული მაჟორიტართა სია. ოპოზიცია თავს იმართლებს, რომ ასეთი სია არ არსებობს, უბრალოდ, რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს უზიარებდა აზრს, თუ ვინ იქნებოდა მათი კანდიდატი თბილისში, რამაც რატომღაც მედიაში გაჟონა. თქვენი აზრით, ეს სია ხომ არ გახდება ოპოზიციის დამარცხების ფორმულა?
- ჯერჯერობით ეს არ არის ოფიციალური მონაცემი, თუმცა პროგნოზს თუ გავაკეთებთ, გაერთიანებული ოპოზიციის სია ამ შემადგენლობისგან დიდად განსხვავებული არც იქნება იმ სახეებიდან გამომდინარე, რომელთაც ვხედავთ ლეიბორისტების მაგიდასთან. თუ ასეთი სახეებით დაკომპლექტდება მაჟორიტარების სია, პროგნოზი რთულად გამოსაცნობი არ იქნება. გასაგებია, რომ მათ სხვა კანდიდატურები ვერც ეყოლებათ. რაც არიან, ესენი არიან და ახლა ციდან ვერ ჩამოცვივდებიან უკეთესები.
„ნაციონალები“ ამბობენ, რომ დასახელებულ კანდიდატთა მთავარი კრიტერიუმი კონკრეტულ უბანში მათი ცნობადობაა.
- სხვანაირად ისინი ვერც დააკომპლექტებენ ამ სიას, უცნობებს ვერ წამოაყენებენ კანდიდატურებად, ცნობადებზე შეაჩერებენ არჩევანს, რადგან ცნობადობა ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებისთვის, ან ბრძოლისთვის. ცხადია, მათ მიერ წამოყენებული პერსონები ცნობადები არიან, ვინ არ იცნობს ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილს, ზაალ უდუმაშვილს, ნიკა მელიას, მაგრამ საქმე ის არის, როგორ იცნობენ ამ ადამიანებს. ეს პერსონები მართლაც ოპოზიციის დამარცხების ფორმულას განაპირობებენ, რადგან ისინი არ ითვალისწინებენ, ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს - უარყოფითი ცნობადობის, უარყოფითი რეიტინგის ფაქტორს. ყველა იცნობს მათ, მაგრამ მათ მიმართ განწყობა უარყოფითია და ეს არის მთავარი. მით უმეტეს, უარყოფითი განწყობა მატულობს იმ ტაქტიკისა და სტრატეგიის გამოც, რომელიც მათ აირჩიეს. ეს არის წმინდა დესტრუქციის ტაქტიკა და სტრატეგია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ მათი კრიტიკა პირადი შეურაცხყოფის გარდა არაფერს მოიცავს. მოიცავს მხოლოდ უარყოფას, აგრესიას, დესტრუქციას, გაცვეთილ პროვოკაციულ მოქმედებებს, სრულიად უნიჭო პერფორმანსებს. შეიძლება ეს ყველაფერი გულს ფხანდეს „ოცნებაზე“ განაწყენებულ ამომრჩეველს (და განაწყენებული რომ არის ამომრჩეველი, ესეც არ არის დასამალი), მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოდ „ოცნების“ სასარგებლოდ იმუშავებს, ვინაიდან კითხვა აღეძრება ჩვეულებრივ ადამიანს, რა მოხდება, თუკი „ნაცები“ და „ევრონაცები“ მოვლენ ხელისუფლებაში? ცხადია, ბევრ ადამიანს გაახსენდება ის „საქმენი საგმირონია“, რომელიც ასე უხვად ჰქონდათ ჩადენილი, მათ შორის, სწორედ ამ პერსონაჟებს, აღარაფერს ვამბობ იმ პერსონებზე, ვისაც ისინი წარმოადგენდნენ იმ პერიოდში. ამიტომ წინასაარჩევნოდ სრულიად პროგნოზირებადია მათი პერსპექტივა.
ოპოზიცია დიდ იმედს ამყარებს მიხეილ სააკაშვილზე, როგორც გავლენიან პოლიტიკოსზე, როგორც მას გუბაზ სანიკიძე უწოდებს. გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში სიყვარულსა და სიძულვილზე ლაპარაკს თავი უნდა დავანებოთ, რადგან ორივე აბრმავებს - პირველი თავისი სინათლით და მეორე თავისი სიბნელით. ეს ლოგიკა რამდენად გასაგებია?
- სამწუხაროდ, კომიკური პერსონაჟი გახდა გუბაზ სანიკიძე, რომელიც დიდაქტიკური ტონით ისეთ თეზისებს გვთავაზობს, ისეთ აბსურდებს იძახის და წინააღმდეგობაში მოდის თავის გამონათქვამებთან, რომ ყველასთვის ცინიკური ხდება.
რა ეგულებათ მიშასთან? ფინანსები?
- რა თქმა უნდა, ფინანსები. გარდა ამისა, სააკაშვილს ჰყავს თავისი, რბილად რომ ვთქვათ, ელექტორატი, რომელთათვის არ აქვს მნიშვნელობა არაფერს, მათ სააკაშვილი ჰყავთ კერპად და რაც არ უნდა გააკეთოს და ილაპარაკოს სააკაშვილმა, მის ნათქვამს აღტაცებით ხვდებიან. ალბათ, ტომები დაიწერება მიშას მიერ გამოთქმული „მარგალიტების“ შესახებ, ჯერ რამდენჯერ თქვა უარი საქართველოზე ღია ეთერში, აღარ ვარ მე ქართველი, უკრაინელი ვარ ამჟამადო, შემდეგ სახურავზე დარბოდა... მოკლედ, რაც მაგას აქვს ნალაპარაკევი და რა საქციელიც აქვს ჩადენილი ჯერ საქართველოში, მერე უკრაინაში, ადამიანთა დაახლოებით 15%-ისთვისაა მისაღები, რომლებიც, როგორც უკვე გითხარით, ოღონდ დაარწმუნე, რომ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებდა სახელმწიფოებრივი წესრიგისთვის, კორუფციის წინააღმდეგ, ცუდი ბიჭების წინააღმდეგ და ნათელი მომავლისთვის, ყველაფერს დაიჯერებენ. სინამდვილეში, რა ჰქვია ამ „ნათელ მომავალს“ - კომუნიზმი, თუ გვირაბში შესვლა, სააკაშვილის მომხრეებს დიდად არ აინტერესებთ.
ეს მასის ფსიქოლოგიაა, სტალინისაც ასე სჯეროდათ, ზოგიერთებს დღემდე სტალინის ნოსტალგია აქვთ.
- სტალინისტი არ ვარ, მაგრამ სტალინის რომ სჯეროდათ, ამის მიზეზი ჰქონდათ. სტალინის მმართველობის დროს საბჭოთა კავშირის ეკონომიკა იზრდებოდა ორნიშნა ციფრებით, სტალინი გახდა ნახევარი მსოფლიოს ბატონ-პატრონი და გაიმარჯვა ყველა ომში, რომელშიც მიიღო მონაწილეობა. სააკაშვილმა კი, მისგან განსხვავებით, ყველაფერი წააგო.
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების ფანჯარა იხურება. ამის მიუხედავად, ცალკეული ოპოზიციონრების რეკომენდაციაა, გაუშვან წულუკიანი და ვოლსკი ევროპაში ორი კვირით და ყველაფერი მოგვარდება. მოლაპარაკების რესურსს ხედავთ?
- ჯერ ერთი, თავის დროზე პროპორციული არჩევნების თემა რომ არ შეეთავაზებინა ბიძინა ივანიშვილს, საერთოდ არ იდგა ეს საკითხი. კარგით, მან თქვა ასეთი რამ და შემდეგ გადათქვა. საერთოდაც, რატომ თქვა და ვინ ურჩია პროპორციული არჩევნების შეთავაზება, ესეც გაუგებარია, საიდან მოვიდა ეს მოდელი-პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით? ეს ხომ ნოუ-ჰაუ იყო, რომელიც მხოლოდ ჩვენ უნდა გვქონოდა. სინამდვილეში, ისეთ საფრთხეებს შეიცავდა ეს მოდელი, რომ ამ საფრთხეების განეიტრალება არა მგონია, შეგვძლებოდა. ახლა არ დავასახელებ ამ საფრთხეებს გარკვეულ მიზეზთა გამო, ბოლოს და ბოლოს, საქართველოში არსებობს დემოგრაფიული საკითხები, ტერიტორიული მოწყობის საკითხები, რელიგიური, გეოპოლიტიკური პრობლემები, მთავრობის ფორმირების სიძნელეებზე აღარაფერს ვამბობს. ეს საკითხები არავის აინტერესებს, ყველას ერთი რამ სურს - რამენაირად პარლამენტში მოხვდეს, ნაცვლად იმისა, გამოსულიყვნენ და, პირიქით, გაეკრიტიკებინათ ივანიშვილი პროპორციული არჩევნების შეთავაზების გამო. ამით გაცილებით მეტ სიმპათიას მოიპოვებდნენ, მათ შეეძლოთ ეთქვათ, რომ რას ამბობს ივანიშვილი, ჩვენი კანონმდებლობა არ არის სრულყოფილი იმისთვის, რომ ავიცილოთ საფრთხეები თუნდაც სხვადასხვა სექტების მხრიდან თავისი წარმომადგენლების გაყვანის თვალსაზრისით. 13 ათასი კაცი სჭირდება გაყვანას, სხვადასხვა რელიგიურ, ეთნიკურ ჯგუფს შეეძლო დაერეგისტრირებინა პარტიები და შემდეგ თავიანთი ინტერესების შესაბამისად ემოქმედა, ამის საფრთხე არსებობდა და ეს არ იყო რთული. მსგავსი მოდელი ამ მიზეზების გამო და იმის გამოც, რომ პარლამენტი არ გადაიქცეს ბალაგანად, არ არსებობს თვით მაღალი კულტურის ქვეყნებშიც კი.
მაკა ცინცაძესთან ტელეეთერში ახალ წლამდე ვთქვი, რომ ეს მოდელი, რომელიც არსებობდა საქართველოში, რეფერენდუმის შემდეგ იყო დადგენილი. 2005 წელს პარლამენტმა დაადგენილება მიიღო, რაც სამართლიანი იყო, შეესაბამებოდა რეფერენდუმის შედეგებს, მაგრამ სააკაშვილმა ვოლუნტარისტულად, დარღვევით შემოიღო დღეს არსებული მოდელი. ამიტომ უნდა დაბრუნებულიყო 100/50-ზე მოდელი. ვფიქრობ, დღევანდელი მოდელი, გარკვეულწილად, „ნაცმოძრაობასაც“ აწყობს, ისინი ფიქრობენ, რომ იდეოლოგიურადაც ეს მისცემს მათ გარკვეულ ფორას, რომ ჩვენ თქვენ დაგთანხმდით, მაგრამ მაინც დაგამარცხებთ. ყოველ შემთხვევაში, „ნაცებს“ ასე უნდათ, წარმოაჩინონ. გარდა ამისა, ისინი თავს იზღვევენ შესაძლო დამარცხებისთვის, რათა მერე დაადანაშაულონ „ოცნება“ არჩევნების გაყალბებაში, რადგან ძნელად წარმოსადგენია, „ოცნებამ“ დაუთმოს მაჟორიტარული ოლქები ოპოზიციას. 100/50-ზე მოდელი ოპოზიციამ უარყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას.
ოპოზიცია ითხოვს პოლიტპატმრების გამოშვებას. ამის გარეშე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების რესურსს ხედავთ?
- მოლაპარაკების რესურსს უკვე ვერ ვხედავ. მაქსიმუმი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის 100/50-ზე, მაგრამ ამასაც, მე მგონი, „ნაცმოძრაობა“ ბლოკავს. არადა, ეს მოდელი გაცილებით უკეთესი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის.
ოპოზიცია მოითხოვს, არჩევნებამდე გამოცხადდეს მორატორიუმი დაჭერებთან დაკავშირებით, გონივრული იქნება მორატორიუმი?
- საერთოდ, ჩვენ რომ უფრო მაღალი პოლიტიკური კულტურის ქვეყანა ვიყოთ, გარკვეულ წითელ ხაზებზე უნდა შევთანხმდეთ, იქნება ეს მოქმედებები, თუ ვორდინგი, ანუ რიტორიკა. არ შეიძლება სიძულვილი, უხამსობა, ცილისწამება, უნიჭო პერფორმანსები, ვოდევილური გამოხტომები, საშინელი საინფორმაციო ფონი. ეს ქვეყნისთვის კატასტროფაა. რაც არ უნდა კარგი მოხდეს, ცალკეული საინფო რმაციო საშუალებები ამას მაინც ცუდად აღიქვამენ, მათ სძულთ ყოველგვარი პოზიტივი, ცუდ ინფორმაციას კი პოზიტიურად წარმოაჩენენ, მოკლედ, გაუკუღმართებული სარკეების ქვეყნად ჩამოვყალიბდით.
ამიტომ გარკვეულ კონსენსუსამდე თუ არ მივედით, ისე ვერ განვითარდება ჩვენი ქვეყანა. თუნდაც ინდიკატორების ომი ავიღოთ, ამ მხრივ რა ვითარებაა? ერთი მხრივ, ამერიკელი კონგრესმენების წერილები წარმოისახება საქართველოს სრული განადგურება-დაცემის უტყუარ ნიშნად და, მეორე მხრივ, გვაქვს იმავე დასავლური ინსტიტუციების - მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ნაუმანის ფონდის დადებითი შეფასებები საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით. ანუ იმავე კრიტერიუმებით, რითაც თავს იწონებდა 9 წელი „ნაცმოძრაობა“, იგივე დასავლური ინსტიტუტები როცა აფასებენ „ოცნების“ ხელისუფლების გარკვეულ მიღწევებს დადებითად, მათ მიმართ აგრესიული ტონი იგრძნობა ოპოზიციის მხრიდან, რაც სრული აბსურდია. მორატორიუმს რაც შეეხება, ადამიანის შინაგანი კულტურა უნდა არსებობდეს, რომ არ გააკეთო და არ თქვა ისეთი რამ, რაც მიუღებელია.