კულტურის მინისტრმა პატრიარქისგან  ოშკზე და “აზიზიეზე“ წერილი მიიღო

კულტურის მინისტრმა პატრიარქისგან ოშკზე და “აზიზიეზე“ წერილი მიიღო

თურქეთის დღევანდელ ტერიტორიაზე ოშკის და სხვა ქართული ტაძრების აღდგენასთან დაკავშირებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა პატრიარქისგან წერილი მიიღო; ახლადდანიშნული მინისტრი წინა ხელისუფლების დროს თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკების დეტალურ გამოკვლევას აპირებს. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე for.ge  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გურამ ოდიშარიას შეხვდა და ესაუბრა.

აპირებთ თუ არა თურქეთის დღევანდელ ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ძეგლებზე ზრუნვას?

გურამ ოდიშარია: რა თქმა უნდა, ვაპირებთ.

ამ კუთხით გაქვთ თუ არა ჩამოყალიბებული პოზიცია, რაიმე გეგმა?

-მოგეხსენებათ სამი კვირაა აქ ვარ და ისეთი პრობლემები და იმგვარი საკითხებია, რომ ასე უცებ ყველაფერს ვერ გავწვდებოდით. არის პროექტები, რომელიც  ჯერჯერობით გრძელდება. რაც შეეხება იგივე ოშკს - ეს ძეგლი ჩვენი ისეთი შედევრია, რომელსაც რესტავრაცია, რაც შეიძლება მალე უნდა ჩაუტარდეს, აქ დრო არ უნდა დავკარგოთ.

თურქეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გვქონდა, მაგრამ მაინც შევეხეთ სხვა ტერიტორიაზე ჩვენი სიძველეების დაცვის თემას და მათ შორის ოშკი ერთ-ერთი მთავარია.  ერთი რამ დავთქვით - ამ საკითხს ღრმად შევისწავლი. შემდეგ მან  “აზიზიეს მეჩეთთან“ დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა.

ეგებ დააკონკრეტოთ, თურქეთის ელჩთან საუბრის დეტალები.

-ჩვენ ამ საკითხს კი არ ვიხილავდით?! არამედ გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას  შევეხეთ, რომ შარშან დაპირისპირების, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი იყო “აზიზიეს მეჩეთი“, მისი მშენებლობა აჭარაში.

გთხოვთ, დააზუსტოთ - რას გულიხმობთ “საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაში“?

-არის საზოგადოებაში აზრი, რომ “აზიზიეს მეჩეთი“ არ უნდა აშენდეს, იქ, სადაც შენდება. იყო აზრი და ალბათ, ახლაც არის, რომ თუ საჭიროა რატომაც არა?! - უნდა აშენდეს და ასე შემდეგ. ესაა ის, რაც საინფორმაციო წყაროებიდან - ტელეეკრანიდან, პრესიდანაა ცნობილი, მაგრამ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ამასაც ღრმად შევისწავლით, მრგვალ მაგიდას მოვიწვევთ.

ანუ, საზოგადოებრივ აზრს შეისწავლით, მრგვალი მაგიდა მოეწყობა და შემდეგ დაიწყებთ კონკრეტული გეგმის შემუშავებას?

-საზოგადოებრივ აზრთან ერთად აუცილებლად იქნება გათვალისწინებული სპეციალისტების, პროფესიონალების აზრი. საზოგადოებრივი აზრი გავითვალისწინეთო, - უთქვამთ ამა თუ იმ თემაზე და ზოგჯერ საზოგადოებაში არის სხვადასხვანაირი დამოკიდებულება. ხანდახან ძალიან რთულია ისეთი მრგვალი მაგიდა მოიწვიო, რომ პროპორციულად იყოს წარმოდგენილი, როგორც ერთი, ისე მეორე აზრი.

წინა წლებში ისეთი შემთხვევები იყო, როდესაც მრგვალ მაგიდას წინასწარ განსაზღვრული დასკვნის გამოსატანად აწყობდნენ; ან კიდევ დიდ პროექტებს ახორციელებდნენ და შემდეგ, ანუ პოსტ ფაქტუმ ეს განსჯის საგანი ხდებოდა. ჩვენს ნებისმიერ ნაბიჯს საზოგადოებას წინასწარ შევუთანხმებთ, გავაგებინებთ.

რაც შეეხება საპატრიარქოს როლს, ამ პროცესში?

-რასაკვირველია, სხვანაირად არ შეიძლება, ამ თემასთან დაკავშირებით საპატრიარქოს აზრი უმნიშვნელოვანესია. ამაზე კათალიკოს-პატრიარქის წერილი მივიღე, რომელიც მაღალ დონეზეა დაწერილი, იქ დიდი პროფესიონალები მუშაობენ.

პატრიარქის წერილი ისტორიულ ძეგლებს ეხება?

-ამ შემთხვევაში პატრიარქის ნააზრევი ოშკსა და “აზიზიეს“ ეხება.

თურქეთის ელჩთან შეხვედრისას ამგვარი ტონი ხომ არ იგრძნობოდა - თუ “აზიზიეს მეჩეთს“ არ აგვაშენებინებთ, ოშკს არ აღგადგენინებთო?!

-არა, ამგვარი ტონი არ იგრძნობოდა.

ეგებ და წინა ხელისუფლების დროსაც არ საუბრობდნენ ამგვარი ტონით და ჩვენ კი თავზე სიცრუეს გვახვევდნენ?

-შესაძლებელია ამას პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხი აკეთებდა, ან იმ დროს იყო გამწვავებული პოლიტიკური სიტუაცია. ჩვენ ამ საკითხს საფუძვლიანად შევისწავლით. მაინტერესებს ის დოკუმენტები, ხელშეკრულებები, რაზეც ჩვენი მხრიდან, ან მეორე მხრიდან ხელი მოეწერა, ან არ მოეწერა. ეს გამოსარკვევია.

თქვენ, კულტურის მინისტრი დებთ პირობას, რომ ძეგლების აღდგენაზე ზრუნვის პროცესი საზოგადოებისგან დაფარული არ იქნება? ამაზე საჯარო ინფორმაცია საგარეოდან გამოვითხოვეთ, მაგრამ ვერ მივიღეთ. ჯერ საქალაქო და შემდეგ სააპელაციო სასამართლოში ვუჩივლეთ, მაგრამ პროცესი წავაგეთ - თურქეთთან მოლაპარაკების დეტალები საიდუმლოაო.

-ეს პროცესი აუცილებლად იქნება საჯარო, მაგრამ მანამდე მინდა გამოვიკვლიო რაზე საუბრობდნენ, თუნდაც როგორი ტიპის ზეპირი შეთანხმება ჰქონდათ. უნდა დავაზუსტო არსებობს თუ არა რაიმე დოკუმენტი. შეიძლება ჩვენი მხრიდან რაღაც ხელმოწერილი დოკუმენტი არსებობს, რაც ჩვენ არ ვიცით, ან რასაც გვიმალავდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლოზე განაცხადა ამგვარი დოკუმენტი არ არსებობსო.

-ამ საკითხის ირგვლივ ყველაფერი უნდა დავადგინოთ. თან, ეს ძალიან ფაქიზი თემაა.

როგორი იქნება თქვენი პოლიტიკა მუზეუმებთან მიმართებაში - მუზეუმები ისევ ერთი ქოლგის (ეროვნული მუზეუმის ) ქვეშ გაერთიანებული დარჩებიან, თუ ეს გაერთიანება დაიშლება?

-ამ კითხვაზე გამოკვეთილ პასუხს ასე უცებ ვერ გაგცემთ. ამ სისტემაში არსებულ პრობლემებს შევისწავლით და გადაწყვეტილებას აქედან გამომდინარე მივიღებთ. სიძველეებთან დაკავშირებით 21 ნოემბერს მრგვალი მაგიდა მოვაწყვეთ და იგივე ღონისძიებას მუზეუმებთან, თეატრთან, კინოსთან დაკავშირებითაც მოვაწყობთ.

ამ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ბევრი ადამიანი, იგივე პირდაპირ ეთერში, საჯარო შეხვედრებისას მოდის და მეუბნება, აქა და აქ კორექტირებაა შესატანი, ცვლილებებია განსახორციელებელიო.

ამ ფონზე ერთი რამ აშკარად იკვეთება - როდესაც თბილისის მერია ქალაქის სიძველეებს განაგებს, ამ დროს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კულტურის სამინისტროა სიძველეთა დამცველი და მერიასთან მიმართებაში ძალიან ბევრი პრეტენზია არსებობს, ცვლილებას აუცილებლად განვახორციელებთ - ჩვენ მოვითხოვთ, რომ ქალაქის სიძველეები ჩვენს დაქვემდებარებაში იყოს, ან კანონებს გულდასმით შევისწავლით და ცვლილებები ასე გატარდება. ასევე მოვიქცევით მუზეუმებთან მიმართებაშიც.