უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმეს შეისწავლის. მისი თქმით, ახალაიას შესახებ სისხლის სამართლის საკმაოდ სქელტანიანი საქმე მას ახალაიას წარმომადგენელმა თეა თუთბერიძემ რამდენიმე დღის წინ გადასცა, რომლის შესწავლაც მან უკვე დაიწყო.
„როდესაც არსებობს პრეტენზიები, ვარაუდები და ეჭვები, საქმის შესწავლა უნდა მოხდეს, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს“, - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
For.ge დიმიტრი ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
მართალია, რომ თეა თუთბერიძემ ბაჩო ახალაიას საქმის შესწავლა გთხოვათ?
- მთხოვა, რომ სამომავლოდ გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით გამემახვილებინა ყურადღება. ჩვენ შევთანხმდით, რომ გამოძიების მსვლელობის პროცესში მომაწვდიან ინფორმაციას, რომელსაც პერიოდულად გავეცნობი.
მაინცდამაინც თქვენ რატომ შეგარჩიათ თეა თუთბერიძემ,
- აქ არ არის საუბარი ჩემი მხრიდან ბაჩო ახალაიას ადვოკატობაზე, არამედ აქ საუბარია ზოგადად მისი დაკავების ფორმალურ და ფაქტობრივ საფუძვლებზე. ის, რაც მოცემული და გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით.
ამ ეტაპზე ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ?
- ჯერჯერობით ყველანაირი შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. ზოგადად აქ საუბარია ბაჩო ახალაიას დაკავების გარემოებებზე, საფუძვლებზე, იმ ბრალდებებზე, რომლებიც მას საწყის სტადიაზე წარედგინა.
ახალაიას დაკავებისთანავე მისი ადვოკატი მტკიცებულებების ნაკლებობას უჩიოდა.
- ერთადერთი, როდესაც ქალბატონმა თეა თუთბერიძემ გამაცნო საქმის გარკვეული მასალები, იმ მასალების მიხედვით, ის პირები, რომლებიც მოწმის სახით დაიკითხნენ და რომელთა ჩვენებებიც საფუძვლად დაედო ბაჩო ახალაიას დაკავებას, იმ პერიოდისთვის არ იყვნენ ცნობილნი დაზარალებულად. ყოველ შემთხვევაში, ეს ხდებოდა იმ პერიოდში, როდესაც ვეცნობოდი ამ საქმის მასალებს. ამდენად, გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდა თეა თუთბერიძეს და, ბუნებრივია, ეს კითხვები ექნებოდა ბაჩო ახალაიას დაცვასაც. კიდევ გავიმეორებ, მე არ გახლავართ ბაჩო ახალაიას ინტერესების დამცველი, ამიტომ ფართო კომენტარისგან თავს შევიკავებ, სანამ საბოლოოდ არ იქნება ცნობილი ეს საქმე. არც ის ვიცი, საბოლოოდ როდის შევისწავლი ამ საკითხს. არ ვიცი, შეიძლება, საერთოდაც არ შევისწავლო, ვნახოთ.
ამ საქმეში საუბარია ადამიანის გატაცებაზე, ასევე, ვაშლის სათლელი დანის ტარით ჯარისკაცისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე.
- სანამ ეს ბრალდებები ოფიციალურად წარედგინებოდა ბაჩო ახალაიას, გაცილებით უფრო ადრე იქნა გაჟღერებული ერთ-ერთი პატიმრის მიერ 2006 წლის გარემოებები, რა დროსაც პატიმარმა გიორგი ჩუბინიძემ და მისმა მშობელმა გააკეთეს განცხადება და დეტალურად აღწერეს წამების კონკრეტული ფაქტის შესახებ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებითაც დაინტერესდა გამოძიება და ქსნის მე-15 დაწესებულებაში პროკურატურიდან გამომძიებლები იმყოფებოდნენ. გამოიკითხა ბატონი გიორგი ჩუბინიძე. საბოლოო ჯამში, დაედება თუ არა საფუძვლად ახალი ჩვენებების შედეგები ბაჩო ახალაიას მიმართ ახალ ბრალს, ამას მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელი იყო იმ ბრალეულობაზე საუბარი, რომელიც ეხებოდა დანის ტარის თავში ჩარტყმის შედეგად დაზარალებულ პირთა ჩვენებას, რომლებიც, სხვათა შორის, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ახალაიას დაკავების მომენტში დაზარალებულად არ იყვნენ ცნობილნი და ისინი მოწმედ იყვნენ დაკითხულნი. აქედან გამომდინარე, შეკითხვები არსებობს, თუ როდის დაიწყება გამოძიება არსებითი გარემოებების შესწავლის მიზნით, რომელიც უშუალოდ უკავშირდება წამების გახმაურებულ ფაქტებს.
ფიქრობთ, შესაძლებელი იყო, უფრო დამაჯერებელი არგუმენტები მოეტანა გამოძიებას, ვიდრე ის, რა მასალებიც თავიდან დაიდო, თუნდაც ვაშლის თლის თემა და ა.შ?
- გავხსნი ბრჭყალებს. მე ვთვლი, რომ ბაჩო ახალაიას გამოჩენა ზოგადად პროკურატურისთვის არ უნდა ყოფილიყო პავლოვის რეფლექსი. შესაძლებელი იყო, რომ პროკურატურას ჯერ მოეგროვებინა სამხილები მის მიმართ და მეტი დამაჯერებლობით ემოქმედა, მათ შორის, საჯარო ინტერესის გათვალისწინებითაც.
ალბათ, სამხილების დამატება არც ახლაა დაგვიანებული.
- არ უნდა იყოს დაგვიანებული, მაგრამ ვიმეორებ, საწყის ეტაპზე მისი დაკავების საფუძვლების მართლზომიერებას, ალბათ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც გადაუგზავნიან.
ბაჩო ახალაიამ თვითონ თქვა, რომ სტრასბურგში ჩივილისგან თავს იკავებს, რადგან არ სურს, საქართველოს უჩივლოს. ყოველ შემთხვევაში, ასე განმარტა ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა.
- დიახ, მე გეუბნებით ჩივილის შესაძლებლობაზე. შესაძლოა, მოხდეს დაცვის ყველა ბერკეტის ამოქმედება, მათ შორის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც.
ალბათ, პროკურატურისთვის თავიდან ცოტა რთული იყო ამ თემაზე მუშაობა, მოგეხსენებათ, ახალაიას დაბრუნების მოულოდნელობის ეფექტი.
- ის 5-ში გამოჩნდა და 6-ში მოხდა მისი მოულოდნელი დაკავება. ზუსტად ამაზე ვსაუბრობ. გარკვეულწილად, შეიძლებოდა, საბუთების მომზადება. ასევე, შეიძლებოდა, მომზადებულიყო პროკურატურა და მისი გამოჩენა არ ყოფილიყო მისი დაკავების პირობითი რეფლექსი.
თუკი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მტკიცებულებები გაანადგურეს და ზუსტად ამის იმედად ჩამოვიდა ახალაია, ახალ ხელისუფლებას საიდან უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები?
- თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ბაჩო ახალაია იმ წამსვე უნდა დაეკავებინათ მხოლოდ იმიტომ, რომ მას მერე ზემოქმედება არ მოეხდინა მოწმეებზე, მოწმეებზე ზემოქმედებაც სისხლის სამართლის წესით დასჯადია და ამაზეც შეიძლებოდა რეაგირება. არ ვამბობ, რომ ბაჩო ახალაია არ უნდა დაეკავებინათ, არამედ მისი დაკავება უნდა მომხდარიყო გაცილებთ უფრო მყარი არგუმენტებით, იმ დანაშაულთა ერთობლიობით, რომლებზეც წლების განმავლობაში მიმდინარეობს საუბრები და, რომელიც იმავე ციხის ბუნტის გარემოებებს ეხება. იქ არიან კონკრეტული სუბიექტები, რომლებიც ამასთან დაკავშირებით აკეთებენ განცხადებებს. არსებობს კონკრეტული წამების ფაქტები, რომლებზეც არაერთი პატიმარი საუბრობს, უთითებს გარემოებებს, ვითარებას და პირთა წრეს ასახელებს.
ფაქტების განადგურების მიუხედავადაც შეიძლებოდა ამ სამხილების მოძიება?
- რა თქმა უნდა, მის მიმართ უნდა დაწყებულიყო ფართო და მასშტაბური მოქმედებები. რაც მთავარია, სისხლის სამართლის საპროცესო იძულება, როგორც მოქმედება, უნდა ყოფილიყო დამყარებული ისეთ ფორმალურ და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო, ამაზეა საუბარი.
როგორც მოქალაქეს და, არა მხოლოდ უფლებადამცველს, როგორი რეაქცია გქონდათ, როცა ბაჩო ახალაიას ცოტნე დადიანი უწოდეს?
- ეს სამარცხვინოა, ასეთი პროვინციული გამოხტომები ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.