რა უნდა კონსტანტინე გამსახურდიას?

რა უნდა კონსტანტინე გამსახურდიას?

ექსპრეზიდენტ გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიას გუშინ ანტიკრიზისულმა საბჭომ უმასპინძლა. შვილი გამსახურდია აცხადებს, რომ თვითმკვლელობა კომისიამ გამორიცხა, მაგრამ დროებითი კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებში მათ არ შეუძლიათ, მოწმეები დაავალდებულონ, მივიდნენ “დაკითხვაზე” (მაგალითად, ასევე ექსპრეზიდენტი შევარდნაძე), რაც მუშაობაში უშლით ხელს. მისივე თქმით, ეს ან პროკურატურამ უნდა გააკეთოს, ანდა დროებითი კომისია გადაიქცეს საგამოძიებოდ... რა სურს რეალურად ოპოზიციონერ დეპუტატს?

 

ვიდრე დეპუტატის სურვილების “ამოცნობაზე” გადავალთ, მანამდე ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის ღია ნაწილის შესახებ მოგიყვებით. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სხდომის დასაწყისში საბჭოს ხელმძღვანელმა, გია თორთლაძემ და კოკო გამსახურდამ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთეს, მერე სხდომა დაიხურა, მოტივით – საქმის კონკრეტული მასალების გახმაურება ჯერ ადრეაო...

 

“ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალება მე-20 საუკუნის ყველაზე მძიმე დანაშაულია... ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს, რა მოხდა. წინა ხელისუფლებამ, ვგულისხმობ შევარდნაძეს, ამ საქმეს სათანადო ყურადღება არ მიაქცია.. ამ საქმის გამოძიება მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის განვითარებისთვის... უახლოეს პერიოდში გენერალური პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამით”, - განაცხადა თორთლაძემ.

 

შემდეგ მან სიტყვა გადასცა კონსტანტინე გამსახურდიას, რომელმაც განაცხადა, რომ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ერთი წლის მანძილზე უამრავი სამუშაო ჩაატარა, დაკითხა მოწმეები, მოიპოვა ექსპრეზიდენტის მომხრის - ბადრი ზარანდიას დღიური, რომელიც მნიშვნელოვან მონაცემებს შეიცავს ზვიად გამსახურდიას იმდროინდელი გადაადგილებების შესახებ. თუმცა, გამსახურდიამ აღნიშნა, რომ კომისიის ყველაზე დიდი მონაპოვარი მაინც როსტოვში, მამისის გარდაცვალებიდან 13 წლის შემდეგ (ანუ 2007 წელს) ექსპრეზიდენტის ცხედრისთვის ჩატარებული ერთადერთი ექსპერტიზის დასკვნაა.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ ეს დასკვნა უკვე აქვს გამსახურდიას ქვრივს, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას, მაგრამ კომისიის წევრები მას ახლოსაც “ვერ ეკარებიან”. ჩვენი ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის მეუღლესთან ამ დასკვნის წამოსაღებად მისვლას, კომისიამ მოსკოვის პროკურატურის დახმარებით როსტოვიდან მისი მიღება “ამჯობინა”... შესაბამისად, დრო გადიოდა და ექსპერტიზის დასკვნას საპარლამენტო კომისია რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდებოდა.

 

თავად დასკვნა, რომელიც 2007 წელს არის შედგენილი, კულუარულ საუბრებში ბევრი სპეციალისტისთვის საკმაოდ საეჭვოა და აცხადებენ, რომ, როცა როსტოვმა ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა, კანი შენარჩუნებული აღარ იყო, რაც მასზე დენთის კვალის აღმოჩენის შესაძლებლობას გამორიცხავდა... მხოლოდ ძვლის ექსპერტიზა კი - საქმეს ნათელს უკვე ვეღარ მოჰფენს, რადგან ცხედარზე არსებული დაზიანებები შესაძლოა, სხვა მიზეზებითაც ყოფილიყო მიყენებული დროის შუალედისა და ცხედრისთვის დასაფლავების ადგილის შეცვლის გამო.

 

სხვათა შორის, ბევრი ექსპერტი იმასაც აცხადებდა, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი ამ სიტუაციიდან ექსპრეზიდენტის გვამის ეგსგუმაცია და ხელახალი ექსპერტიზაა, რათა გასროლის შედეგად ტყვიისგან დატოვებული გამავალი და შემავალი ხვრელის ხელახალი შესწავლა რაღაც შედეგს მაინც გამოიღებდა. არსებული ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის თავის ქალა დაზიანებულია, მაგრამ არა მხოლოდ ტყვიის შედეგად.

 

როგორც ჩანს, სწორედ ამ ეჭვების გასაფანტად, გამსახურდიას თქმით,  კომისია სპეციალისტებისგან მალე მიიღებს პასუხს კითხვაზე: “სამარეში გრუნტის ჩაღწევის შედეგად მიიღებდა თუ არა ცხედარი იმ დაზიანებებს, რაც ასახულია როსტოვის ექსპერტიზის დასკვნაში”. გამსახურდიამ ისიც განაცხადა, რომ პროკურატურასთან ერთად გვამის ეგსგუმაციისთვის საჭირო პროცედურებს აგვარებენ. თუმცა, აქ ისიც საკითხავია, რამდენად მისცემს დროებით კომისიას ექსპრეზიდენტის ცხედრის ეგსგუმაციის უფლებას მანანა არჩვაძე-გამსახურდია. მას უარის თქმის სრული უფლება აქვს, თუ საგამოძიებო ორგანო არ მოსთხოვს ამის გაკეთებას.

 

ექსპრეზიდენტის ვაჟის თქმით, კომისიის მიერ მოკვლეული მასალებისა და მოწმეთა ჩვენებების მეცნიერული ანალიზით კატეგორიულად გამორიცხა თვითმკვლელობის ვერსია. კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, რადგან დროებით კომისიას არ აქვს უფლება, მაგალითად ექსპრეზიდენტი შევარდნაძე დაიბაროს და კატეგორიულად მოსთხოვოს დაკითხვაზე გამოცხადება, ამით კომისიის მუშაობა ფერხდება.

 

მოწმე მხოლოდ მაშინ არის ვალდებული დაკითხვაზე გამოცხადდეს, თუ მას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, ან პროკურატურა დაიბარებს. “მათ შეუძლიათ საერთოდ უარი განაცხადონ ჩვენთან თანამშრომლობაზე” – “დაიჩივლა” შვილმა გამსახურდიამ ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზეც და ჟურნალისტებთან საუბრისასაც. მან ისიც აღნიშნა, რომ უშიშროების რამდენიმე ყოფილი თანამშრომელიც ემალება კომისიას და არ თანამშრომლობს მასთან.

 

“ამ დონიდან და ამ ბერკეტებიდან, რაც ჩვენ გვაქვს, დროებით კომისიას, შეუძლებელია, დადო სურათი, როგორ განხორციელდა ეს მკვლელობა. ამის ბერკეტები გააჩნია საგამოძიებო კომისიას და აღმასრულებელ ხელისუფლებას... მინდა მოქალაქეებს ვუთხრა გარანტირებულად -საქართველოს წინსვლა სახეზეა და ეს საქართველო არ დაუშვებს, რომ ეს საქმე ბოლომდე არ იქნას მიყვანილი. წლის ბოლომდე კომისია საბოლოო დასკვნას დადებს…

 

ჩვენ ინტენსიური ურთიერთობები და მიმოწერა გვაქვს პროკურატურასთან. ისინი საქმის კურსში გვყავს ჩაყენებული, ისინი ჩვენ გვაყენებენ საქმის კურსში”, - უთხრა ანტიკრიზისულ საბჭოს კონსტანტინე გამსახურდიამ..

 

ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიზეზების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიას ერთი წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ გაუგრძელდა საქმიანობის ვადა. მალე მათ კიდევ ერთი სამუშაო ვადა ამოეწურებათ. ფაქტობრივად, კომისიის ამ ფორმატით მუშაობამ მართლაც აზრი დაკარგა, რადგან საქმე ახალ ეტაპზე რომ გადავიდეს და მეცნიერული მტკიცებულებები გამყარდეს, სულ მცირე ახალი “ურჩი” მოწმეებია დასაკითხი და ასევე ახალი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი (მაგალითად ცხედრის ხელახალი ექსპერტიზა). ამ სამუშაოს კი - ეს კომისია ვერ ჩაატარებს, რადგან დროებითია.

 

როგორც თავად გამსახურდიამ აღნიშნა, თუნდაც “ურჩი” მოწმეების დაკითხვაზე გამოცხადება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მათ ამის ვალდებულება კანონით ექნებათ. აღარაფერს ვამბობთ, ექსპრეზიდენტის ქვრივზე, რომელსაც როსტოვის ექსპერტიზის დასკვნა ვერ გამოართვა შვილი გამსახურდიას დროებითმა კომისიამ და გვამის ეგსგუმაციის თანხმობას როგორ მოიპოვებს, ადვილი წარმოსადგენია.

 

ერთი სიტყვით, საქმე იქით მიდის, რომ კომისიას სტატუსი გაუზარდონ და საგამოძიებო უფლებებით აღჭურვონ. საბჭოს სხდომიდან გამოსულმა მრეწველმა, ზურაბ ტყემალაძემ გარკვევით მიანიშნა ამაზე. როგორც ჩანს, დახურულ კარს მიღმა პროკურატურის ვარიანტი სერიოზულად არავის განუხილავს, რადგან ამ თემაზე ღია კომენტარები არავის გაუკეთებია.

 

საინტერესოა, რა საჭიროა ამ კომისიისთვის საგამოძიებო სტატუსის მინიჭება და შესაბამისად, დამატებითი ფინანსების ხარჯვა, როცა შვილი გამსახურდია თავადვე აცხადებს, რომ მეცნიერულად არის გამყარებული მკვლელობის ვერსია? ვისაც ევალება ამ საქმის კეთება, ვგულისხმობ პროკურატურას, გადაეცეს მას დროებითი კომისიის მასალები და გაგრძელდეს იქ პროფესიონალების მიერ ამ საქმის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა.

 

მართალია, შვილი გამსახურდია საპარლამენტო ოპოზიციას წარმოადგენს, მაგრამ ცნობილი ოპოზიციური ბოიკოტის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებულ დეპუტატს მოთხოვნითსთანავე ხომ შეუქმნა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს კომისია? ამავდროულად, კონსტანტინე გამსახურდია თავადვე აცხადებს: “საქართველოს წინსვლა სახეზეა და ეს საქართველო არ დაუშვებს, რომ საქმე ბოლომდე არ იქნას მიყვანილი”.

მისივე ნათქვამია ისიც, რომ კომისიას პროკურატურასთან ინტენსიური ურთიერთობა აქვს, ცვლიან ინფორმაციებს და ერთად მუშაობენ ეგსგუმაციის მოსამზადებელ სამუშაოებზე.

 

ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ ფრაზების ავტორს ეჭვი ეპარებოდეს პროკურატურის წარმომადგენელთა კეთილსინდისიერებაში. თანაც ის აქტიურად თანამშრომლობს მმართველ ძალასთან საკანონმდებლო საქმიანობის დროს... სხვათაშორის, ეს ის კონსტანტინე გამსახურდიაა, რომელმაც ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა.

 

ჰოდა, ამ ისტორიაში ყველაზე დამაეჭვებელი სწორედ ისაა, რატომ არ მიაქვს პროკურატურას კომისიის მასალები პარლამენტიდან და რატომ არ ანახლებს სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ექსპრეზიდენტის გარდაცვალების დღეს აღიძრა? თანაც, აქვე ისიც უნდა ითქვას, თითქმის, ნახევარი წლის განმავლობაში საპარლამენტო კომისიის წევრები სწორედ იმაზე აპელირებდნენ, რომ პროკურატურის მასალებს სწავლობდნენ...

 

რასთან გვაქვს საქმე? პოლიტიკურ თამაშებთან? წესით, ამგვარ საქმეს იმ “ქვეყანაში, რომლის წინსვლაც სახეზეა”, ქვეყნის მთავარი საგამოძიებო ორგანო უნდა იძიებდეს და არა - საპარლამენტო კომისია.

 

თუ ქვეყანა წინ არ არის წასული, მაშინ ტაში მხოლოდ იმასაც კი უნდა დავუკრათ, მმართველ ძალას საერთოდ რომ გაუჩნდა საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ქვეყნის ყოფილი პირველი პირის თვითმკვლელობისა, თუ მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების სურვილი. ასეთ ქვეყანაში კი დაინტერსებული პირები მარტო დღევანდელი დღით, როგორც წესი, არ ცხოვრობენ... წინ ხომ დიდი არჩევნებია...