კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის გადადგომას მილიონზე მეტი ადამიანი ითხოვს

კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის გადადგომას მილიონზე მეტი ადამიანი ითხოვს

კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გართულების გამო, სამხრეთ კორეაში ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ამ მიზნით შექმნილ პეტიციას 1 მილიონ 17 ათასი ადამიანი აწერს ხელს. ინფორმაციას koreatimes-ი ავრცელებს.

პეტიცია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზეა განთავსებული.

პეტიციის ავტორები ქვეყნის პრეზიდენტს, მუნ ჩჟე ინს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან ეფექტური ზომები ვერ მიიღო ქვეყანაში კორონავირუსის თავიდან აცილებისა და შეკავების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებული რაიმე პეტიცია 200 ათასზე მეტს ხელმომწერს დააგროვებს, ხელისუფლება ვალდებულია, მასზე რეაგირება მოახდინოს.

ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1595 ადამიანს შეადგენს, ხოლო 12 გარდაიცვალა.

26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.