როგორც ჩანს, არასამთავრობო ორგანიზაციას „უფლებადამცველთა ასოციაცია“ მხოლოდ ცალმხრივად მიაწოდეს ინფორმაცია „ელიტ ელექტრონიქსისა“ და თიბისი ბანკის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ და ეს ორგანიზაცია ბოლომდე ჩახედული არ არის ამ საკითხში.
ამაზე ისიც მეტყველებს, რომ „უფლებადამცველთა ასოციაციამ“ ისე „გამოიძია“ ეს თემა, რომ თიბისი ბანკისთვის ერთხელაც არ მოუმართავთ შეკითხვით ან ინფორმაციის მიწოდების თხოვნით. შესაბამისად, „უფლებადამცველთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და ბევრ მცდარ ფაქტს შეიცავს.
რეალურად, ელიტ-ელექტრონიკსს თიბისი ბანკისგან აღებული ჰქონდა 15 მილიონი ლარის სესხი და და ამ სესხის გირაოში ჩადებული იყო კომპანიის აქციების 55%.
2010 წელს ელიტ ელექტრონიქსის ვალები, ჯამში, 49 მილიონი ლარი იყო, ხოლო მისი მთელი აქტივების ღირებულება 4-ჯერ ნაკლებს შეადგენდა. ეს ნიშნავს, რომ კომპანია იყო გადახდისუუნარო.
ამას დაემატა ანზორ ქოქოლაძის მიერ „ელიტ ელექტრონიქსიდან“ თითქმის 12 მილიონი ლარის თაღლითური გზებით „გადაქაჩვა“ თავისივე სხვა კომპანიებში, რამაც ელიტ ელექტრონიქსი სრულ გადახდისუუნარობამდე მიიყვანა.
თიბისი ბანკმა პირველ ეტაპზე მიმართა რეაბილიტაციის გეგმის განხორციელების გზას, რათა კომპანია მძიმე კრიზისიდან გამოსულიყო. ერთადერთი გამოსავალი იყო კომპანიის გასხვისება ახალ ინვესტორზე. სწორედ ამ მიზნით, თიბისი ბანკმა გამოიყენა გირავნობის მექანიზმი აქციათა 55%-ზე და გაასხვისა უცხოურ ინვესტორ კომპანიაზე.
ამ ნაბიჯის გადადგმის სრული სამართლებრივი საფუძველი თიბისი ბანკს 1 წლის ადრეც ჰქონდა, მაგრამ ბანკმა მაშინ თავი შეიკავა რადიკალური ნაბიჯისგან, მიმართა კომპანიის რეაბილიტაციის გზას, რაც 9 თვის მანძილზე გრძელდებოდა, და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენა გირავნობის მექანიზმი. „ელიტ ელექტრონიქსის“ აქციების ინვესტორზე გაყიდვის შედეგადაც კი, თიბისი ბანკმა რამდენიმე მილიონით იზარალა.