მსხვილმა ტელევიზიებმა, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე წლობით დაგროვილი დავალიანება აქვთ, გადახდის 5-წლიანი გრაფიკი წარმოადგინეს. ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ ეს არის ტელევიზიების შეთავაზება და, სავარაუდოდ, სამინისტრო ამას დათანხმდება. შედარებით მცირე ტელეკომპანიებს მთავრობის ასეთი დამოკიდებულება ძალიან არ მოსწონთ და მწვავედ აკრიტიკებენ.
როგორც ცნობილია, მსხვილი ტელევიზიები ბოლო წლებში გადასახადებს არ იხდიდნენ. ფინანსთა სამინისტრომ 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მოითხოვა მიმდინარე გადასახადების დაფარვა, რასაც მოგვიანებით დაგროვილი ვალების გრაფიკზე მუშაობა მოჰყვა.
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ამ მიდგომამ ნაყოფი მყისიერად გამოიღო და ამ დრომდე ბიუჯეტში 5 მლნ-ზე მეტი თანხა შევიდა.
„წელს ვვარაუდობთ, რომ 22 მლნ შემოვა ბიუჯეტში. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. ასეთი თანაბარი პირობები ამ სფეროში არ ყოფილა. რაც შეეხება ძველ დავალიანებებს, უკვე წარმოდგენილია გადახდის გრაფიკი, 5-წლიანი გეგმა, თანაბარი გადახდით, ყოველწლიურად. დიდი ალბათობით დავთანხმდებით ამ პირობებს. დღეს ყველა ტელევიზია არის თანაბარ პირობებში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
საუბარია სამ ტელევიზიაზე და შესაბამისად, მათ ვალზე: „რუსთავი 2“-ს 28 მლნ ლარის ვალი აქვს, „იმედს“ - 19 მლნ ლარი დაუგროვდა, ხოლო „მაესტროს“ - 8 მლნ ლარი.
„ტვ პირველის“ დირექტორის ინგა გრიგოლიას აზრით, ფინანსთა მინისტრი ხელისუფლების მადიდებელ ტელევიზიებს დავალიანების დაფარვისთვის 5-წლიან გრაფიკს არ უნდა უდგენდეს, რადგან ქვეყნის ბიუჯეტსა და გაჭირვებულ მოსახლეობას დღეს სჭირდება დახმარება.
„ახალი წლის წინ, 2 კვირით არ გადაგვივადეს ჩვენი დავალიანება და იძულებულნი გავხდით აგვეღო კრედიტი ბანკიდან, რათა თანამშრომლები ახალი წლის წინ ხელფასის გარეშე არ დაგვეტოვებინა. ჩვენ კეთილსინდისიერი გადამხდელები ვართ და „ტვ პირველის“ თანხა იყო მინიმალური იმასთან შედარებით, რა თანხაც აქვს ბიუჯეტის ვალად იმ ტელევიზიებს, რომლებიც დითირამბებს უმღერიან ხელისუფლებას.
„ტვ პირველმა“ თუ აიღო კრედიტი, რატომ არ უნდა აიღონ კრედიტი და დაფარონ დავალიანება სხვა ტელევიზიებმა, რომელიც შეადგენს 55 მლნ-ს? მე მინდა მაყურებელს მივმართო - იმ ადამიანებს ახლა სამსახურს რომ ეძებენ და ვერ პოულობენ, წამალს რომ ვერ ყიდულობენ, შვილების სკოლაში წასაყვანად და ნივთების შესაძენად ფული რომ არ აქვთ - 55 მლნ-ს პატიობს ფინანსთა მინისტრი იმ ტელევიზიებს, რომლებიც გადაბრდღვიალებული ტელევიზიებიდან მაუწყებლობენ. ყველა ტელევიზიას ვუსურვებ წარმატებებს, მაგრამ აქ ხომ ათასებზე არ არის ლაპარაკი, აქ საუბარია 55 მლნ-ზე“, - განაცხადა გრიგოლიამ.
ფინანსთა მინისტრი კი ამბობს, რომ ესმის პატარა ტელევიზიების პოზიცია და ამიერიდან ყველა თანაბარ პირობებში იქნება.
„აქამდე 7-8 მილიონი შემოდიოდა ბიუჯეტში და ისიც იმათ ხარჯზე, ვინც პატიოსნად იხდიდა გადასახადს. ამიტომ ამ შემთხვევაში, ჩვენ დიდი პროგრესი გვაქვს. ვიცი, რომ პატარა ტელევიზიები მაკრიტიკებენ, თუმცა მინდა ვუთხრა მათ, რომ ასეთი თანაბარი და სამართლიანი პირობები ამ სფეროში არ ყოფილა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
ვანო რომ მიუწვევია პოლონეთის სეიმს?.. :))))
(ალბათ, რჩევა უნდა ჰკითხონ - აი, 2 გვამი უკვე გვაქვს, მაგრამ ვერ გადავწყვიტეთ, რის სახურავზე შემოდებული გამოჩნდება უფრო დემოკრატიულად, დასავლეთიდან რომ შემოხედავენო!).