რეალობა და მითები ტარიფების შესახებ

რეალობა და მითები ტარიფების შესახებ

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები -ასე აქტუალური განხილვის თემა კარგა ხანია აღარ ყოფილა.  სამწუხაროა, რომ ბოლო  წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის, ანუ მომხმარებლისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხზე  კომუნალურ გადასახადებზე ან საერთოდ არ საუბრობდნენ, ან საუბრობდნენ ისე, როგორც აწყობდა მთავრობას. მთავრობა კი ისე იღებდა გადაწყვეტილებას ტარიფებთან მიმართებაში, თითქოს, ეს მოსახლეობას არც ეხებოდა. როგორც ყველა დარგი ენერგეტიკაც  ჩაიკეტა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა არათუ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვისაც კი შეუძლებელი იყო.

არჩევნების შემდგომ განხორციელებულმა ცვლილებებმა  საზოგადოებას  გაუჩინა იმედი, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებები კომუნალური გადასახადების შემცირების კუთხით აუცილებლად შესრულდება. დრო მიდის, საზოგადოება მოლოდინშია, ამ დროს კი ყველა სათავისოდ იყენებს, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და ის პირები, რომლებიც ენერგეტიკაში სააკაშვილის რეჟიმმა მოიყვანა ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ტარიფების შემცირება შეუძლებელია, ახალი ხელისუფლება კი ჯერჯერობით, ქმედითი ნაბიჯების  გადადგმას ამ მიმართულებით არ ჩქარობს.

შესაძლებელია თუ არა ტარიფების გაიაფება და რამდენად მიზანშწონილია ქვეყნის მომავალი  ეკონომიკური განვითარებისთვის ტარიფების შემცირება, როგორ იმოქმედებს ეს ენერგეტიკის საინვესტიციო გარემოზე და ა.შ.?

დავიწყოთ ბუნებრივი აირის ტარიფის მიმოხილვით.

ენერგეტიკულ სექტორში ტარიფებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ამტკიცებს, რომელიც ძირითადად კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადის მიხედვით დგინდება. ბოლოს სემეკმა ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფი 2007 წელს დაადგინა, მას შემდეგ გაზის ტარიფებისთვის მას აღარ მოუცლია. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო მთლიანად იმპორტირებული გაზით მარაგდება. იმ პერიოდში გაზი შემოდიოდა რუსეთიდან და მისი საფასური 235 დოლარს შეადგენდა 1000 კუბურ მ-ზე, ამასთანავე შემოდინება დაიწყო შაჰდენიზის საბადოდან მოპოვებულმა გაზზმა, თუმცა აზერბაიჯანიდან მოწოდებული გაზის მოცულობა ძალზე მცირე იყო.

2008 წლიდან საქართველო მთლიანად აზერბაიჯანიდან მოწოდებული გაზით მარაგდება.

ადვილი ასახსნელია, რატომ სტუმრობდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ენერგეტიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან ერთად აზერბაიჯანის  რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის „სოკარის“  გენერალურ დირექტორს როვნაგ აბდულაევს. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ „სოკარი“ გაზის ერთადერთი იმპორტიორია და ამასთანავე ეს ვიზიტი მეტწილად განაპირობებული იყო იმ დაპირებებით, რომლებიც ენერგეტიკის მინისტრმა სხვა მინისტრებთან ერთად გაზის ტარიფთან, ასევე ელექტროენერგიის ტარიფებთან  მიმართებაში მათი ამ თანამდებობებზე დანიშვნისთანავე გააკეთეს. თუმცა, ამ შეხვედრის შედეგის ზედმეტად გადამეტებული მოლოდინი არ გამართლდა და საქართველოს პრემიერმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „გაზის ტარიფის შემცირების რესურსი ქვეყნის შიგნით უნდა მოვძებნოთ“. ეს ცალსახად მიუთითებდა იმ ფაქტზე , რომ „სოკარი“ არც კი განიხილავს აზერბაიჯანიდან მოწოდებული გაზის ფასის შემცირებას.

აქვე მეტად საინტერესო იყო „სოკარის“ ხელმძღვანელის  როვნაგ აბდულაევის, ამ შეხვედრამდე, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანული მედიისთვის ამავე საკითხზე მიცემული განმარტებები, რომ „საქართველოს ახალი  ხელისუფლება ჯერ ეიფორიაშია და, როგორც ჩანს, არ იცნობს მხარეებს შორის გაზის მიწოდების შესახებ დადებულ ხელშეკრულებას“.

 სამწუხაროა, რომ ამ ხელშეკრულებებს არ იცნობს არავინ, ყოველ შემთხვევაში, ის ექსპერტები, რომელთა აზრს საქართველოს მოსახლეობა ხშირად ისმენს, ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ მათვის უცნობი იყო ამ ხელშეკრულების  ტექსტი და  შინაარსი. მეტიც 2010-2011 წლებში ვმუშაობდი ცნობილ დანიურ კომპანია „რამბოლში“, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრომ ათასწლელულის გამოწვევის ფონდთან ერთად მიანიჭა უფლებამოსილება ჩაეტარებინა 450 მილიონი მ3 საპროექტო მოცულობის მიწისქვეშა გაზსაცავის წინასამშენებლო პროექტირების სამუშაოები, სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ ნინოწმინდაში. ნინოწმინდის გაზსაცავის აშენების შემთხვევაში ის დააკმაყოფილებს საქართველოს სტრატეგიული გაზსაცავის და სეზონური ბალანსირების მოთხოვნებს.

მიუხედავად „რამბოლის“არაერთი მცდელობის, ჩვენ ვერ მივიღეთ ინფორმაცია თუ რა ხელშეკრულებები იყო გაზის შესყიდვაზე და რა ფასად იღებდა საქართველო გაზს. ეს მონაცემები „რამბოლისათვის“ აუცილებელი და მეტად საჭირო იყო გაზსაცავის მშენებლობის შესაძლებლობების  საინვესტიციო შეფასებისათვის.

დავუბრუნდეთ ისევ „სოკართან“ გამართულ მოლაპარაკებებს.  ჰქონდა თუ არა საქართველოს შანსი იმპორტიორ კომპანიასთან მიეღწია შეთანხმება მოწოდებული გაზის ფასის შემცირებაზე.  ზოგადად,  იმპორტირებული გაზის ფასის შემცირება გაზის სფეროში იშვიათად, ან თითქმის არ ხდება. ერთადერთი  შემთხვევა რაც მახსენდება ეს იყო 1999 წლის დეკემბერში, როდესაც კომპანია „იტერასთან“, იმ პერიოდში გაზის ექსკლუზიურ  მომწოდებელთან, მიღწეულ იქნა შეთანხმება და მოწოდებული ბუნებრივი გაზის ფასმა 1999 წლის 60 დოლარიდან 33%-ით დაიწია და 2000 წელს საქართველო გაზს იღებდა 40 დოლარად. სხვა ასეთი შემთხვევა მე არ მახსოვს. აქ ისევ ბატონ ივანიშვილის უკვე ზემოთ მოყვანილი განცხადება  მახსენდება „ტარიფის შემცირების რესურსი ქვეყნის შიგნით უნდა მოვძებნოთ“ იმიტომ, რომ აშკარა (დასაბუთებული) ეჭვი მაქვს, რომ იმ პერიოდში ქვეყნის „შიგნით არსებული რესურსის“ - უფრო სწორად  კორუფციული რესურსის  ამოგდებით მოხერხდა „იტერას“ დაყოლიება შეემცირებინა მოწოდებული გაზის ფასი.

აქვე მახსენდება 2003 წლის გაზაფხული, როდესაც საზოგადოება საჯაროდ, ზოგჯერ მწვავედ განიხილავდა „გაზპრომთან“ გასაფორმებელი ხელშკრულების პროექტს, რომელსაც ხელი ივლისში მოეწერა და 3 წლის განმავლობაში რუსეთიდან იმპორტირებული გაზის ფასი 60 დოლარზე შეინარჩუნა, რაც მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი იყო.

გაზის ფასების დინამიკა წლების მიხედვით.

           

N        წლები  ბ/გაზის იმპ. წყარო            ფასი აშშ $/1000m3   შენიშვნა

1          1999    რუსეთი                                         60.0        

2          2000    რუსეთი                                         40.0        

3          2001    რუსეთი                                         50.0        

4          2002    რუსეთი                                         56.0        

5          2003    რუსეთი                                         60.0        

6          2004    რუსეთი                                         60.0                           

7          2005    რუსეთი                                         60.0        

8          2006    რუსეთი                                         110.0      

9          2007    რუსეთი                                        235,0

           შაჰდენიზი (აზერბაიჯანი)                   62.4       

            (აზერბაიჯანი)                                       120.0        მიმწოდებლებს

                                                                                               დაუდგინდათ

                                                                                               საშუალო შეწონილი ფასი

                                                                                               167.0 აშშ/1000მ3

 

10        2008                                           მარეგულირებელი  კომისია არ არეგულირებს

 

რა სიტუაციაა სადღეისოდ, გვაქვს თუ არა დღეის მდგომარეობით „რესურსები“ ქვეყნის შიგნით? ეს კითხვა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავიგოთ აქვს თუ არა რეალური საფუძველი  გაზის ტარიფის შემცირებას. ამის განსაზღვრისათვის ხელთ უნდა გვქონდეს ყველა ის ხელშეკრულება, რომელიც გაზის შემომტან კომპანიას, ან კომპანიებს აქვთ გაფორმებული მომწოდებლებთან. სამწუხაროდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ეს ინფორმაცია დახურულია. ინფორმაციის სიმცირის გამო შემოვიფარგლოთ იმ მასალებით რაც გაგვაჩნია და ვთვლით, რომ უტყუარია. ისე საოცარია არასდროს გაზის მოწოდების ხელშკრულებები გასაიდუმლოებული არ ყოფილა „არამეგობრულ“ რუსეთის „იტერასთან“ და „გაზპრომთან“ და რატომ გახდა „მეგობარ“ აზერბაიჯანთან, „სოკართან“ გაფორმებული ხელშკრულებები საიდუმლო?

 საქართველო შახდენიზის ხელშეკრულებით, რომელიც 2003 წელს გაფორმდა, დღეს იღებს 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სპეციალური ტარიფით- 64 აშშ დოლარად, ასევე საქართველოს ეკუთვნის თურქეთის მიმართულებით გატარებული  ბუნებრივი გაზის მოცულობის 5%, რაც პროექტით შეადგენდა (ხელშეკრულებით ეს  იყო 6 მილიარდამდე) 300 მილიონ მეტრ კუბს. როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან საქართველოს  თურქეთისაკენ გატარებული გაზის მაქსიმუმ 200-250 მ3 გაზზე მეტი არასოდეს არ მიუღია. ასევე საქართველო  სატრანზიტო გადასახადის სახით იღებს რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გატარებული გაზის 10%-ს , ეს მოცულობაც იცვლება წლების მიხედვით, მაგალითად 2007 წელს სომხეთმა მიიღო 2.054 მილიარდი მ3, შესაბამისად, საქართველოს ამ წყაროდან მიღებული ჰქონდა 205 მილიონი, 2008 წელს 2,254 მილიარდი მ3 და ქვეყანას მიღებული ჰქნონდა 225 მილიონი, 2009 წელს შესაბამისად 1,628 მილიარდი და მიღებული მოცულობაა 163 მილიონი.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა ა. ხეთაგურმა აღნიშნა, რომ რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტით მიღებული მოცულობა 150 მილიონი მ3-იაო. ესე იგი საქართველო შეღავათიან ფასად (რასაც წინა მთავრობა სოციალურ გაზს ეძახდა) იღებს დაახლოებით 900 მილიონ მ3, აუცილებელია ამ მოცულობის გაზის ფასწარმოქნის სტრუქტურაში დეტალურად გარკვევა, კერძოდ, ხელშეკრულებით 500 მილიონი მ3 გაზი ზუსტადაა განსაზღვრული და ის დღეისათვის 64 აშშ დოლარია, მაგრამ დამატებითი სატრანზიტო გადასახადისათვის მიღებული, 250 მილიონის თურქეთის მიმართულებიდან და 150 მილიონი მ3 სომხეთის, ფასის ფორმირება კითხვებს ბადებს. ბუნებრივია, ტარნზიტიდან მიღებული ამ მოცულობის ბუნებრივი გაზის მონეტიზაცია უნდა მომხდარიყო და ეს არ შეიძლება იყოს დავის საგანი, მაგრამ როდესაც აფიქსირებენ, რომ თურქეთის მიმართულებიდან ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზის ფასი 55 აშშ დოლარია, ხოლო სომხეთის მიმართულებით ტრანზიტის საფასურად მიღებულისა კი 110 აშშ დოლარი, ეს მართლაც კითხვის ნიშნებს აჩენს - რას ეყრდნობა ეს ფასები? ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზის მოცულობის მონეტარიზაციისგან მიღებული შემოსავლის ვარირებით (ზემოთ მოყვანილი ფასების 55 აშშ და 110 აშშ დოლარის მნიშვნელოვანი შემცირებით) ადვილადაა შესაძლებელი მოსახლეობისათვის ე.ი გაზგამანაწილებელი კომპანიებისათვის - „ყასტრანგაზისათვის“, „ქუთაისგაზისათვის“ და ა.შ. შემცირდეს გაზის შესასყიდი ფასები და თეორიულად ის 143 აშშ დოლარიდან (ა.ხეთაგურის მიერ დასახელებული „სოციალური“ გაზი) 123 აშშ დოლარამდე შემცირდეს, რაც  მიწოდებული გაზის ტარიფს 3-3,5თეთრით შეამცირებს, ბუნებრივია ეს იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტის შემოსავლიდან მიღებული ბუნებრივი გაზის მოცულობა მთლიანად მიმართული იქნება მოსახლეობის სუბსიდირებისათვის და იმ პირობებში, თუ საერთოდ, ამ მოცულობებთან საქართველოს ხელისუფლებას ხელი მიუწვდება, რადგან  არსებული ინფორმაციით, რომლის გადამოწმების საშუალება სამწუხაროდ „გასაიდუმლობელი“ ხელშეკრულებების და საერთოდ ამ პროცესების გაუმჭირვალობის გამო არ გვაქვს. აქვე ერთი საინტერესო მომენტი, როგორც ამბობენ „სოკარს“ გადაცემული აქვს ტრანზიტის საფასურად მიღებული  გაზის მოცულობების განკარგვის უფლება. (თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, აქაც ჩნდება კითხვა, რატომ?)

სემეკის 2007 წლის 18 მაისის დადგენილებით 1 მ3 ბუნებრივი აირის ფასი დაბალი წნევის მომხმარებლისათვის 50,6 თეთრია და სადაც: გაზის მიწოდების ღირებულება  28,5 თეთრია  (171 აშშ დოლარი), მაგრამ 143 დოლარის  შემთხვევაში, როგორც ეს ექსმინისტრის ინტერვიუშია აღნიშნული, ის, წესით, 23,5 -24.0 თეთრი უნდა იყოს.    რეალურად ზემოთ მოყვანილი სატრანზიტო გაზის მოცულობების ოპტიმალური გამოყენების შესაძლებლობით ნამდვილად არსებობს შემცირების შესაძლებლობა,  თუნდაც 2-2,5 თეთრით და მოწოდების ტარიფი შეიძლება გახდეს 21,5 -22,5 თეთრი  ე. ი. ჯამში დღევანდელ 28,5 თან დაახლოებით 6-7 თეთრით შემცირდეს.

ასევე საინტერესოა განაწილების ტარიფები, რომლებიც ყველა კომპანიას ინდივიდუალურად უდგინდება, თბილისის შემთხვევაში 12.9 თეთრია, ამ ტარიფის ასევე სხვა გამანაწილებლების ტარიფების შემცირების საკითხი დეტალურ შესწავლას მოითხოვს. ყველა კომპანია ვალდებულია წელიწადში ერთხელ თავიანთი საქმიანობის ანგარიში წარადგინოს სემეკში და ამ წლების განმავლობაში ნუთუ არასდროს გაუჩნდა სემეკს სურვილი, რომ გადაეხედა მათი ტარიფებისთვის?! თბილისის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ იმდენჯერ შეიცვალა სიტუაცია „თბილგაზში“ დაწყებული მისი მეპატრონის და მენეჯმენტის  ცვლილებით, დამთავრებული ტექნიკური მდგომარეობით, რომ მიზანშეწინილია გადაიხედოს და შესწავლილი იყოს ყველა ხარჯი, რაც ამ პერიოდში განახორციელა „თბილგაზმა“ და შესაბამისად რეგიონებში მოქმედმა გამანაწილებელმა კომპანიებმა. არსებობს დასაბუთებული ვარაუდები, რომ გამანაწილებლის კომპანიების კომპონენტის კლებაც შესაძლებელია.

აქვე არის ძალიან საინტერესო მომენტი, როდესაც ბუნებრივი აირის მომწოდებელი „იტერა“ იყო, ის გამანაწილებელ კომპანიებსაც ფლობდა საკუთრებაში. როდესაც „სოკარი“ გახდა  ბუნებრივი აირის ექსკლუზიური მომწოდებელი, მან თითქმის  გამანაწილებელი კომპანიების უმეტესი ნაწილი შეისყიდა. (იშვიათად თუ შეხვდებით მსოფლიოში, რომ მიწოდება და განაწილება ერთი კომპანიის ხელში იყოს.) ბუნებრივია, მონოპოლიური კომპანია არ იფიქრებს ტარიფების გაიაფებას მომხმარებლისთვის, მაგრამ რას აკეთებს მარეგულირებელი კომისია, რომლის ფუნქციაც მომხმარებლის უფლებების დაცვაა და როგორი უნდა იყოს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ანუ ენერგეტიკის სამინისტროს როლი? თუ სემეკს, რომელიც მომხმარებლის მიერ გადახდილი გადასახადებით ფუნქციონირებს, რაც ასახულია ტარიფში, არ შესწევს ძალა დაიცვას მომხმარებელი, რა საჭიროა ესეთი მარეგულირებელი? მარეგულირებლი კომისიის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ის მთლიანად მოექცა მთავრობის გავლენის ქვეშ და ფაქტიურად დაკარგა  დამოუკიდებლობა. 

მართალია გაზის ტარიფებს არ ეხება  მაგრამ მთავრობის სემეკთან დამოკიდებულების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იყო „თბილისის წყლის“ პრივატიზაციის პროცესის დროს მთავრობასა და ინვესტორს (მულტიპლექს სოლუშენს) შორის დადებული ხელშკრულება, როდესაც ინვესტორს 10 წლით ხელშეკრულებაში ჩაუწერა ტარიფის ოდენობა და ზრდის დინამიკა და ამავდროულად, სემეკს მიანიჭა წყალმომარაგების სფეროს რეგულიების უფლება! ამ გადაწყვეტილებით, ხელი შეეწყო იმას, რომ 2008 წლის შემდეგ ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებული წყლის რაოდენობით თბილისი რეკორდსმენია (აღემატება ყველა სტანდარტით განსაზღვრულ მოცულობებეს), იმ ფონზე, როცა თბილისში არსებობენ უბნები, სადაც წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდება მოსახლეობას.

ასე რომ, ზემოთ მოყვანილი გაანგარიშებები ნათლად აჩვენებს, რომ მოსახლეობისათვის ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირება მცირედით, მაგრამ მაინც  შესაძლებელია. კერძოდ  შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“- ს მაგალითზე დაბალი წნევის მომხმარებელთათვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისათვის, მიწოდების ზღვრული ტარიფი შესაძლებელია 28,5 თეთრიდან 22 თეთრამდე  შემცირდეს და განაწილების დღეს არსებული ტარიფის შეუცვლელი ოდენობის  (12,940) თეთრის შემთხვევაში, მოხმარების ზღვრული  ტარიფი 34,94 თეთრი გახდეს დღგ-ს გარეშე.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, აქაც შესაძლებელია გამოინახოს რეზერვი, მხოლოდ სადისტრიბუციო კომპნიების ტარიფში ასახული წილის ხარჯზე. არავინ დაობს იმაზე, რომ გენერაციის ტარიფები შენარჩუნებული უნდა იყოს და შესაძლებელია სამომავლო პერსპექტივაში მათი ზრდაც საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად და ახალი ჰესების მშენებლობის წასახალისებლად, მაგრამ გენერაციის ტარიფთან დაკავშირებითაც ჩნდება კითხვები და სასურველია მისი დადგენის პროცედურაც გამჭირვალე იყოს. კითხვის ნიშნებს ტოვებს, მაგალითად, სიმძლავრის რეზერვის ტარიფები.

2007 წელს „თელასმა“ სიმძლავრის ტარიფში გადაიხადა 4.8 მლნ.ლარი, 2008 წელს - 11.37, 2009 წელს - 9.12 მლნ. ლარი, 2010 წლის 8 თვეში - 7.4 მლნ.ლარი და ეს თანხები მიმართული იყო მხოლოდ „ენერჯი ინვესტისთვის“ ამ კომპანიის მიერ აშენებულ გაზოტურბინებისათვის. სამი წლის განმავლობაში სიმძლავრის რეზერვის ბაზარი მონოპოლიზირებული ჰქონდა „ენერჯი ინვესტს“ და სიმძლავრის სასისტემო რეზერვის გამყიდველი მხოლოდ ეს ერთი კომპანია იყო. აქაც იბადება ლეგიტიმური კითხვა რატომ ჰქონდა ამ  კერძო ინვესტორს ასეთი სასათბურე პირობები? სიმძლავრის რეზერვის ტარიფებით თანხის მიღების შესაძლებლობა დანარჩენი თბოსადგურებისათვის მხოლოდ 2010 წლის 1 სექტემბერს დაუშვეს. 2010 წელს ჯამში სიმძლავრის სასისტემო რეზერვში მაგალითად „თელასმა“ გადაიხადა 11.6 მლნ.ლარი, ხოლო 2011 წელს კი 12.7 მლნ.ლარი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ „თელასის“ მოხმარება ქვეყნის მოხმარების დაახლოებით 25 %-ია, მთლიანად სიმძლავრის სასისტემო რეზერვზე ქვეყნის მასშტაბით გადახდილი თანხების გამოთვლა არ იქნება ძნელი, ანუ რამდენს იხდის „ენერგო-პრო“, რა თქმა უნდა, აქ კახეთს არ ვგულისმობ ამ სადისტრიბუციო კომპანიის ზემოთ ჩამოთვლილებთან შედარებით სიმცირის გამო.

ელექტროენერგიის განაწილებას, ანუ საბოლოო მომხმარებლამდე როგორც აღვნიშნეთ ენერგიის მიტანას საქართველოში სამი კომპანია უზრუნველყოფს: „თელასი“, „ენერგოპრო“ და კახეთის დისტრიბუცია.

ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება „თელასისა“ და „ენერგოპროს“ მიმართ. მათი ტარიფი საკმაოდ მაღალია, ამას ხსნიან განხორციელებული ინვესტიციებით და გაუმჯობესებული სერვისით, რომელსაც ეს კომპანიები აწარმოებენ, თუმცა
„თელასის“ შემთხვევაში იმ 200 მლნ. დოლარი ინვესტიციის უკუგება 2008 წელს დასრულდა, ასე რომ, ტარიფი ნამდვილად უნდა შემცირებულიყო, მასში საინვესტიციო კომპონენტის გათვალისწინებით, რომ არა მემორანდუმი, რომელიც ზურაბ ნოღაიდელის პრემიერობის პერიოდში, 2007 წელს „თელასსა“ და მთავრობას შორის გაფორმდა, სადაც მითითებულია, რომ დენის ტარიფი 2015 წლამდე არ შეიცვლება. თუმცა „თელასი“ იღებდა 100 მეგავატიანი ჰესის მშნებლობის ვალდებულებას, რომელიც 2015 წელს უნდა დასრულებულიყო, არსებული ინფორმაციით, ჰესის მშენებლობა დაწყებულიც კი არ არის და 2015 წელს როგორ დამთავრდება? საქართველოში ჰესების მშენებლობის პრაქტიკა აჩვენებს, რომ 100 მეგავატიანი სადგურის მშენებლობას სულ მცირე 4-5 წელი ესაჭიროება. ე.ი. გამოდის, რომ თბილისის მოსახლეობა წინასწარ აკრედიტებდა „თელასს“.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აწერს ხელს, სემეკს პირდაპირ ავალებს, რომ 2007 წლის 20 ივნისს საქართველოს მთავრობასა და „ინტერ რაო ეესს“ შორის გაფორმებული მემნორანდუმის პირობების უზრუნველყოფის მიზნით, ეთხოვოს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მემორანდუმში მოცემული საკითხები გაითვალისწინოს. რა უფლება ჰქონდა მთავრობას სემეკის ფუნქციებში შეჭრილიყო და თელასისთვის სასათბურე პირობები შეექმნა?! აქვე საინტერესო მომენტი - 2011 წლის აპრილამდე „ინტერ რაოს“ „ხრამჰესი-1“- და „ხრამჰესი-2“-ს  25-წლიანი მართვის უფლებით ჰქონდა გადაცემული, აპრილში კი ჰესები მას მუდმივ მფლობელობაში გადაეცა. საქართველოს მთავრობამ 2011 წელს რუსულ „ინტერ რაოეეს“-თან ახალი ხელშკრულება გააფორმა და „ხრამჰესი-3, 4“-ის აშენების შემთხვევში 2025 წლამდე მიცა უფლება, რომ მის საკუთრებაში მყოფი „ხრამჰესების“ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფი 6 თეთრით გააძვიროს. ხელშეკრულების ეს ნაწილი საიდუმლოა, თუმცა 2011 წელს სემეკმა 2008 წლის ელექტროენერგიის ტარიფების დადგენილებაში სასწრაფოდ შეიტანა მთავრობის მიერ „თელასთან“ შეთანხმებული ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი გრძელვადიანი ზღვრული ტარიფების (ზედა ზღვარი) ცვლილებები, რომლებიც 2025 წლამდე ადგეს სს „ხრამჰესი 1“- და „ხრამჰესი 2“-ის ტარიფებს.

ყოველივე ეს ბადებს ეჭვს, რომ სემეკი მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებს, არსებული მეთოდოლოგიით ტარიფი უკვე გაწეული დანახარჯების მიხედვით დგინდება და რატომ უდგენენ წინასწარ ცოტა არ იყოს გაუგებარია, თან 2025 წლის ჩათვლით.

ანალოგიური სიტუაციაა „ენერგო-პროს“-თან მიმართებაში, თუ „თელასმა“ (ამერიკულმა აესმა და შემდგომ რუსულმა ინტერრაომ) 200 მილიონი ინვესტიცია განახორციელა, „ენერგო-პროს“ ამდენი ინვესტიცია ნამდვილად არ გაუწევია და თითქმის „თელასთან“ მიახლოებული ტარიფი აქვს. მან 105 მილიონ დოლარად შეიძინა ეს კომპანია და წლიური მოგება, ამასწინათ ა.მამათელაშვილის გამოქვეყნებული  წერილით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ დიდი აქვს. (ა. მამათელაშავილის სტატიაში სახელწოდებით „ტარიფის ანატომია“ მოცემულია კომპანიების - „თელასის“ და „ენერგოპროს“ კონსოლიდირებული მოგება, რაც  დაახლოებით 100-120 მილიონ ლარს შადგენს), თეორიულად ამ მოგების 50% მეტი „ენერგოპროზე“ მოდის. ეს კომპანია არნახულად სწრაფად 3-4 წელიწადში გასულა მნიშვნელოვან მოგებაზე, რაც ელექტრო სადისტრიბუციო ბიზნესში წარმოუდგენელი რამაა. ცნობისათვის „ენერგო-პროს“ მფლობელობაშია დასავლეთ საქართველოში არსებული ყველა დიდი სადგური, „ენგურჰესის“ „ვარდნილჰესის“ და „ვარციხეჰესების“ გამოკლებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მათ უკვე გაცილებით ძვირად 38 მილიონ დოლარად და 25 მილიონ ლარად შეიძინეს „ზაჰესი“ და „ორთაჭალჰესი“. საქართველოში შემოსვლისას უდიდეს სადისტრიბუციო კომპანიაში და იმერეთის დიდ ჰესებში გადახდილ 105 მილიონ დოლარს ამ ციფრებს, რომ ვადარებ უამრავი კითხვა იბადება, მაგრამ ეს სხვა, საინტერესო თემაა!!!

როდესაც ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაზეა საუბარი აქ აქცენტი უნდა გაკეთდეს ტარიფში გამანაწილებელი კომპანიების ანუ „თელასისა“ და „ენერგოპროს“ წილების გადახედვაზე და მათ კორექტირებაზე შემცირების კუთხით, რაც სავსებით შესაძლებელია. არავინ დაობს, რომ კომპანიებს მოგებაც უნდა დარჩეს და განვითარების პერსპექტივაც უნდა ჰქონდეს, ასევე მისი თანამშრომლები უზრუნველყოფილი იყვნენ შესაბამისი ანაზღაურებით და სამუშაო პირობებით, მაგრამ ეს ყველაფერი დასაბუთებული უნდა იყოს, რადგანაც სწორედ ეს ხარჯები აისახება ტარიფში, რასაც საბოლოოდ მომხამრებელი იხდის.

თბილისის მოსახლეობა კარგად ხედავდა თუ რაში იხარჯებოდა მისი გადახდილი ფული, „თელასის“ ახალი  დირექტორების მანუკიანის, არსოშვილის, ფუტკარაძის და სხვათა  ძალიან ძვირადღირებული მანქანების შესაძენად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სადისტიბუციო კომპანიების სამართლიანი ინტერესები არ უნდა შეილახოს და მომხმარებლების უფლებებიც უნდა იქნეს გათვალისწინებული, მაგრამ ოპტიმალური გამოსავლის პოვნის საშუალება ნამდვილად არსებობს.

 ყველაზე დიდი შეცდომა ენერგეტიკაში, რაც ნეგატიურად აისახა ენერგეტიკული სექტორის განვითარებაზე და შესაბამისად მოსახლეობაზე  იყო ის, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ენერგეტიკის სამინისტროში და მის დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო კომპანიებში ჩამოყალიბდა „დახურული“ მართვის მოდელი, რომელიც საბჭოთა კავშირში ომის დროს იყო და გრძელდებოდა დაახლოებით 1960 წლამდე. მაშინ საბჭოთა ენერგეტიკის სამინისტროს, რომელშიც ბუნებრივია საქართველოც შედიოდა, ცნობილი მინისტრი ნეპაროჟნი ხელმძღვანელობდა და ენერგეტიკა მთლიანად ექვემდებარებოდა უშიშროების სამინისტროს. ენერგეტიკის სამინისტრო გასამხედროებული უწყება იყო, თანამშრომლები სამხედრო წოდებას და ფორმებს ატარებდნენ. წინა მთავრობის დროს, მადლობა ღმერთს, ენერგეტიკოსებს სამხედრო ფორმები არ ეცვათ, თუმცა დარგში სპეციალისტებზე მეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული კადრები მუშაობდნენ და ყველამ იცოდა, რომ სისტემას მთლიანად ივანე მერაბიშვილი აკონტროლებდა! („სოკარის“ მიერ პრემიერთან და ენერგეტიკის მინისტრთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრის მიწვევაც ადრე დამკვიდრებული წესის ნათელი დადასტურებაა.) სისტემიდან არავითარი ინფორმაცია არ უნდა გასულიყო.

და კიდევ ერთი, იმედს ვიტოვებ, რომ დღევანდელი ხელისუფლება გაითვალისწინებს წინამორბედის შეცდომებს და ყველაფერს არ გაასაიდუმლოებს, ინფორმაცია ასე თუ ისე მაინც ჟონავს და უფრო მეტ კითხვებს ბადებს, მით უმეტეს, რომ ტარიფები და მასთან დაკავშირებული პერიპეტიები ღია და გამჭირვალეა ყველა ქვეყანაში, რადგანაც ის ყველა მომხმარებელს ეხება. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ „საიდუმლო“ მემორანდუმებს და ხელშეკრულებებს უახლოეს მომავალში გაასაჯაროებენ. მაგალითად, „ინტერ რაოსთან“ დადებულ ხელშრულებას ენგურის მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით ნათელი მოეფინება და კომუნალური გადასახადები ეკონომიურ გათვლებს დაეფუძნება და არა ვიღაცის ინტერესებს, რაც   იმედია, აუცილებლად გამოიწვევს მათ კლებას!