„ნუ ჩივის სააკაშვილი ისე, როგორც შვედეთის მეფე ოლაფი ჩიოდა“

„ნუ ჩივის სააკაშვილი ისე, როგორც შვედეთის მეფე ოლაფი ჩიოდა“

სააკაშვილის რეჟიმის გამარჯვებიდან დამარცხებამდე განვლილი პერიოდისა და კონსტიტუციის ცვლილების შემდეგ პრეზიდენტის სამომავლო როლის შეფასება For.ge-მ  რესპუბლიკელების ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილს სთხოვა.  

2003 წლის 23 ნოემბრიდან ცხრაწლიანი ციკლის თავზე როგორ შეფასებას მისცემთ ნაციონალების ზარ-ზეიმით მოსვლისა და, ასევე, ზარ-ზეიმით გასტუმრების ფაქტს? რა იყო ასე რადიკალურად განწყობების ცვლის მიზეზი?

- რა თქმა უნდა, ისტორიისთვის ეს მნიშვნელოვანი დღე იყო, ვინაიდან საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა ხავერდოვანი რევოლუციის გზით. დიდი ენთუზიაზმი და იმედები ახლდა ამას, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან მალე, სულ რაღაც ორ თვეში, 2004 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილმა „ვარდების რევოლუციის“ მთელი მონაპოვარი წყალს გატანა, როდესაც ფაქტობრივად, ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. ამან გამოიწვია მთელი იმ პოლიტიკური ძალის დაშლა, რომლითაც შედგა რევოლუცია, მისი რეკონფიგურაცია. თქვენ გახსოვთ, რომ რევოლუცია გამოიწვია იმან, რომ არჩევნების შედეგები, რომელშიც გაიმარჯვეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პოლიტიკურმა ბლოკმა - რესპუბლიკელებმა და კონსერვატორებმა, ეს წარმატება არ ცნო შევარდნაძემ. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. თუმცა, როგორც კი დამთავრდა რევოლუცია, სააკაშვილმა დაივიწყა როგორც თანამებრძოლები, ისე რევოლუციის იდეალები, ყველა დაპირება. მან მიიტაცა ხელისუფლება, პარლამენტი აიძულა, იგი უზურპატორად გამოეცხადებინა, მიიღო პარლამენტის დათხოვნის უფლება და საქართველო, რომელიც იყო ნახევრად საპრეზიდენტო ქვეყანა, სუსტი პრეზიდენტის - შევარდნაძის ხელში, ძლიერი პრეზიდენტის - სააკაშვილის ხელში გახდა მთლიანად საპრეზიდენტო ქვეყანა. ამდენად, დემოკრატიის ის ნარჩენები, რომელიც იყო, საერთოდ გაუქმდა. ამ თვალსაზრისით, „ვარდების რევოლუცია“, რა თქმა უნდა, იყო ნაბიჯი უკან. მეორე მხრივ, თუ ვინმე მისტირის შევარდნაძის დროს, მინდა ვუთხრა, შევარდნაძის დრო იყო მარტო კორუფცია და სტაგნაცია, მეტი არაფერი. შევარდნაძის დროს იყო არაფერი, ამიტომ ისტორია მაინც წინ წავიდა. სააკაშვილი ჯობდა შევარდნაძეს, მაგრამ ისიც არ აღმოჩნდა ის, რაც ჩვენ გვინდოდა.

გულისხმობთ, მისი ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, რომლებმაც ყველაფერი გადაფარა?

- არა მარტო ადამიანის უფლებების დარღვევამ. ვფიქრობ, ცხოვრება არ გაუმჯობესებულა, მიუხედავად იმისა, რომ ამას გვპირდებოდა. არცერთი დანაპირები არ შესრულებულა. ამ დროს კი ნატოს, ევროკავშირს და ყველაფერ კარგს გვპირდებოდა.

„ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარიისიც იყო, რომ ტერიტორიები დავკარგეთ.

- ტერიტორიებიც დავკარგეთ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ტერიტორიებს ვერც მანამდე ვაკონკტროლებდით, მაგრამ ახლა დაემატა ახალი გაუკონტროლებელი ტერიტორიები. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილთან მინუსები ძალიან ბევრია, თუმცა უნდა პირდაპირ ვთქვათ, რომ იყო პლუსებიც, რომელზეც ისტორია აუცილებლად პირუთვნელად იტყვის. მიუხედავად იმისა, რომ 2004 წელს უკვე მოხდა უზურპაცია, რევოლუციის პირველი წლები,  2004-2005-2006 წლები, ალბათ, მაინც წარმატებული იყო. ზოგიერთი რამ კარგად გაკეთდა - პოლიციის რეფორმა და სხვა, სანამ არ მოხდა ის, რაც მოხდა, როცა პატრულმა იარაღი ჩაუდო ადამიანებს, ხალხი დახოცეს და პრეზიდენტის ნულოვანმა ტოლერანტობამ ასეთი სავალალო შედეგები გამოიღო. სააკაშვილი ჯერ წასულიც არ არის, ამდენად, ძნელია მისი სრულად შეფასება. ისტორია, რა თქმა უნდა, შეაფასებს. ასე რომ, ამ წლების განმავლობაში მაინც წინ მივდიოდით, თუმცა ძალიან უცნაური გზებით.

აქედან გამომდინარე, დაიმარხავარდების რევოლუციის“ მონაპოვარი, თუ ასეთი რამ საერთოდ არსებობდა?

- რაც შეეხება იმას, „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარი დაიმარხა თუ არა, „ვარდების რევოლუციას“ ჰქონდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. უარყოფითი მხარეების გამოსწორებას ახლა ვცდილობთ, მაგრამ დადებითი თუ იყო და, თუ დაჩქარდა ევროპასთან ან ამერიკასთან დამეგობრების პროცესი, ეს კარგია.  ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილის მმართველობის დროს ეს გამოცხადა და ნათლად გახდა ცნობილი, საით ვიხრებოდით. შევარდნაძის დროს კი ვერავინ გაიგებდა, ჩვენ ევროპა გვინდოდა, რუსეთი თუ ჩინეთი. ამ საყვედურს ნუ ვეტყვით სააკაშვილს. მან აქ ნათლად თქვა, რაც უნდოდა. უბრალოდ, ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც მას უნდოდა. გაირკვა, რომ ეს კაცი არ არის დემოკრატი. ის არის მოდერნიზატორი. მოდერნიზაცია კარგია, მაგრამ, ჩვენ გვინდოდა დემოკრატია. ამიტომ იყო მისდამი საყვედური, ჩვენ გვინდოდა უკეთესი ცხოვრება, ამიტომაც ხალხმა ხმა მისცა უკეთეს ცხოვრებას.

რაც შეეხება პოსტვარდების რევოლუციის“ პერიოდს. ახალი ხელისუფლების პირობებში უკვე ახალი გზავნილები გადაეცა ყოფილ ხელისუფალს. ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე აქცენტი გააკეთა, მათ შორის, ახალი უფლებამოვალეობით პრეზიდენტის შენარჩუნებაზე ისაუბრა. კონსტიტუციაში სიახლის შეტანის შემდეგ .. ახალ მიშას მივიღებთ?

- ბიძინა ივანიშვილის ნათქვამში მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, ის იყო, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი არ არის დაგეგმილი. ასევე, მან ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი მოვლენათა ასეთ განვითარებას არ მიესალმებოდა. ვფიქრობ, ძალიან სწორად დასმული აქცენტებია. პრეზიდენტის იმპიჩმენტი არაფერს მოგვცემს. ეს რთული და დროში გაწელილი პროცესია. მით უმეტეს, პრეზიდენტს არ აქვს იმდენი დრო დარჩენილი, რომ მისი მოღვაწეობა ამისკენ წავიყვანოთ.

სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის ვადებიც დააზუსტა და აღნიშნა, პოლიტიკიდან მხოლოდ გამარჯვებული წავალო. ეს მისი გეგმების ცვლილებას ხომ არ გამოიწვევს?

- იგი არ ცვლის თავის გეგმას იმის შესახებ, რომ წელიწადნახევარში ან ორ წელიწადში უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამ დროში მან ვერ მიაღწია დაპირებულ წარმატებას, იგი არ წავა და დარჩება მანამ, სანამ არ შეასრულებს დადებულ პირობას. სხვათა შორის, მისი ეს განაცხადი ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა ასეთნაირად აღიქვეს, თითქოს, ივანიშვილმა თქვა, არცერთ დაპირებას არ შევასრულებო. მე მგონი, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა, მან სწორედ ის თქვა, რომ სანამ არ შევასრულებ პირობას, მანამ არ წავალო. კარგი გაგებით, ეს გახლავთ გარკვეული სიჯიუტე, რომელიც გამოვლინდება ბიძინა ივანიშვილისგან, სანამ არ შესრულდება ყველაფერი, რასაც შეგვპირდა, არ წავა.

ჩვენმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ დაპირება არ ნიშნავს, ყველაფერი ერთ დღეში იქნება. მე მგონი, ეს ყველას პრობლემაა, რატომღაც ყველას ჰგონია, რომ, როცა დაჰპირდები, მეორე დღესვე უნდა შეუსრულო. არადა, დაპირება ნიშნავს, რომ, თუ სწორად ვიმუშავებთ, ამა და ამ დროში მოხდება ესა და ეს. მართალი გითხრათ, თუ ვინმეს ეგონა, რომ პირველსავე დღეს ივანიშვილი ოქროს მთებს დადგამდა, ის ცდებოდა. რა ბიუჯეტიც დაგვახვედრეს, იქიდან ოქროს მთებს ვერ დავდგამდით. ამიტომ არ უნდა ყოფილიყო ასეთი მოლოდინი. მთავრობას უნდა მიეცეს წელიწადი, წელიწადნახევარი, რომ დაპირებათა ბირთვი შესრულდეს. მთავარია, პირველსავე დღიდან გამოჩნდეს სწორი მიმართულება. მაგალითად, პენსია იზრდება, მაგრამ საარსებო მინიმუმი ახლა დაბალია - 150 ლარია, ამიტომ, თვითონ საარსებო მინიმუმიც უნდა გაიზარდოს. პენსიის ზრდა არ ნიშნავს, რომ აქ გაჩერდება. ჩვენ ვამბობთ, რომ საარსებო მინიმუმიც გადაისინჯება, გახდება 200, ე.ი. პენსიაც უნდა გახდეს 200 ლარი.

კონსტიტუციის შეცვლის კვალდაკვალ, როგორ გესახებათ უფლებამოსილება შეზღუდულ პრეზიდენტთან თანაარსებობა? ოპოზიციამ უკვე დასვა დიაგნოზი, ბიძინა ივანიშვილისთვის ძლიერ პრეზიდენტთან თანაარსებობა მიუღებელიაო.  

- რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილს, როგორც მე გავიგე და ალბათ, სხვებმაც ასე გაიგეს, ის უფლებამოსილებები, რომლებიც სააკაშვილს ახლა აქვს, საკონსტიტუციო ცვლილების შემთხვევაში, ვერ შეუნარჩუნდება. მაგრამ ჩვენ სააკაშვილს შევინარჩუნებთ, როგორც პრეზიდენტს, ანუ მას ექნება ეს სახელი. მას ექნება კონსტიტუციით გაწერილი თავისი უფლებამოსილებები, რომლებიც იქნება ნაკლები, ვიდრე დღეს აქვს. ნამდვილად ვიცი, რაც მან მიიმატა თებერვალში, ის არ უნდა ჰქონოდა, ეს იყო მისი მთავარი შეცდომა და მთავარი დანაშული. ამიტომ, ის ნაწილი, რომელიც მას მიტაცებული ჰქონდა, უნდა ჩამოერთვას. ამაში ორი აზრი არ არსებობს. ამაზე ჩვენ ძალიან ბევრ ვინმეს დავითანხმებთ, მათ შორის, ვფიქრობ, უმცირესობიდანაც კი, რადგან სწორედ უმცირესობაში არის ისეთი ხალხი, ვინც, ჩვენთან ერთად, ყველაზე მეტად ებრძოდა ამ იდეას. მაგალითად, გიგა ბოკერია. ის პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების გაზრდაზე თანახმა არასდროს ყოფილა. არა მგონია, ახლაც თქვას, რომ მაშინ არ ვიყავი თანახმა, მაგრამ ახლა თანახმა ვარო.

ფიქრობთ, რომ ამის თქმა გაუჭირდება?

- მორალის პოზიციიდან გეუბნებით, თორემ, რა თქმა უნდა, არის ხალხი, რომლებსაც არასდროს არაფერი უჭირთ. მაგალითად, მე ვიცი, რომ ჩიორა თაქთაქიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი იდეოლოგი, რომელიც გულწრფელია და ასე ჰგონია, რომ სწორად იქცევა. მას უფრო მეტად ვცემ პატივს, ვიდრე იმ მერყევ სუბიექტებს, რომლებსაც დღეს ერთი სწამთ, ხვალ - მეორე. ამავე დროს, ჩიორა თაქთაქიშვილსაც მინდა, ვურჩიო, გაერკვეს ვითარებაში. ყველაფერი, რასაც მიშა ჰქვია, სწორი არ არის. მაგალითად, პარლამენტის დათხოვნის უფლება მიხეილ სააკაშვილს რომ არ ექნება, რად უნდა ამას ლაპარაკი?! ჩვენ მივდივართ საპარალამენტო რესპუბლიკისკენ და ვიღაც მოქალაქე სააკაშვილი, რომელიც პარლამენტთან კავშირში არ არის, რომელსაც პარლამენტში მოსვლა ეზიზღება, შემოდის და 15 წუთის მერე გაგვექცევა პარლამენტიდან, პარლამენტს ვერ დაითხოვს. ახლახანს, როდესაც გახსნეს პარლამენტის სხდომა, ეგრევე გაიქცა იქიდან, ეტყობა, უჰაერობა მაგასაც აწუხებს. თვითონ სიტყვა „პარლამენტი“, „სხდომა“, იქ ჯდომა, - ეს ხომ მისი სტილი არ არის. მის კარიერაში ეს ყველაზე უფრო მძიმე ხანა იყო.

ყველაზე უფრო ხელმოცარულად მიხეილ სააკაშვილი იყო მარტო ერთ პოსტზე - უმრავლესობის ლიდერის პოსტზე. უმრავლესობის ლიდერი სააკაშვილი სასაცილო და ძალიან სუსტი იყო. ის გახლდათ საკმაოდ კარგი მინისტრი, მრავალი კითხვის გამჩენი, მაგრამ საკმაოდ ეფექტიანი პრეზიდენტი, მაგრამ ის არასდროს არ ვარგოდა, როგორც პარლამენტარი და მით უმეტეს, უმრავლესობის ლიდერი, რადგან მას ეზიზღება სადმე ჯდომა, რომელიმე თემაზე საუბარი და ვიღაცების მოსმენა. ეს მას არ შეუძლია. ყველა ადამიანს თავისი თვისებები აქვს. სამაგიეროდ, მას შეუძლია ერთმმართველობა, მაგრამ ამის დრო მე-18 საუკუნეში დამთავრდა. მიხეილ სააკაშვილს 21-ე საუკუნეში უნდოდა, საქართველოში ბელორუსია ან კიდევ უკეთესი, კუბა აეშენებინა და მადლობა ღმერთს, არ გამოუვიდა ეს ამბავი. ამიტომ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ, როგორც პრეზიდენტს, არ მოვუწყობთ იმპიჩმენტს, მაგრამ შევუზღუდავთ უფლებამოსილებას კანონის გზით, კონსტიტუციურად, კანონის დაურღვევლად, კონსტიტუციაში ცვლილებებით. დაახლოებით იმდენ უფლებამოსილებას მივცემთ, რასაც დღევანდელი ჩვენი კონსტიტუცია განსაზღვრავს, ოღონდ 2013 წლის შემდეგ. 2013 წელს კი დავაყენებთ ზუსტად 2013 წელს, არა მისი გადარჩევის შემდეგ, არამედ - მანამდეც. მიხეილ სააკაშვილს ვაგრძნობინებთ, როგორი უნდა ყოფილიყო ის პრეზიდენტი, რომელიც მის მერე იქნებოდა. ფაქტობრივად, მას მესამე პრეზიდენტობის ვადა მოუწევს, ოღონდ ცოტა ხნით.

ვადების შეცვლა არ შეგეძლოთ?

- გასაგებია, რომ ვადების შეცვლაც შეგვეძლო. ისიც შეგვეძლო, გვეთქვა, რომ სააკაშვილი ხუთი წლითაა არჩეული და ეყოფა. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ არის ყველაზე უფრო სწორი განვითარება, წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, დასავლეთთან ურთიერთობისა და ხელისუფლების გადაცემის თვალსაზრისით. ამიტომ არ წავალთ ამ გზით, უბრალოდ, ვეტყვით, რა არის მისი უფლებები და, რაც რეალურად აქვს დღეს ხელში, მას დავუკანონებთ. რაც რეალურად ხელში არ აქვს, ვერ მივცემთ. ახლა, კანონით, ხომ შეუძლია, აკონტროლოს ძალოვანი მინისტრები? მაგრამ რეალურად ეს არ შეუძლია. ამიტომ, კანონითაც ვეტყვით, რომ ეს მისი საქმე არ არის. და არა ის, რომ სამთავრობო დაცვის დოკუმენტში შეაქვს ცვლილებები და სახლობანას გვეთამაშება. იმ საქმეში, როგორიცაა ქვეყნის სტრატეგიული განვითარება, უცხო ქვეყნებთან ურთიერთობაში მისი როლი, ეს გასაგებია, ის ვიზიტებზე უნდა წავიდეს, ხალხი უნდა მიიღოს. სამუშაო ძალიან ბევრი აქვს. თუ სტუდენტებთან და ახალგაზრდულ პარლამენტთან შეხვედრა სურს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ოღონდ, იქ ნუ ჩივის ისე, როგორც ჩიოდა შვედეთის მეფე ოლაფი, რომ პარლამენტმა ფული არ მომცაო. გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილსაც ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს თანამშრომლობისთვის, მანაც უნდა გადმოდგას ნაბიჯები თანამშრომლობისთვის.