„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალები“ რომ იძახიან, ვანო მერაბიშვილი მივიღოთ თუ არ მივიღოთო, პირიქით არის საქმე, ვანომ მიიღო ეგენი თავის დროზე, ვანო მათივე ნაწილია, მის მიღებაზე როგორ შეიძლება ლაპარაკი, როცა ვანო მერაბიშვილი არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და შემოქმედი, მათი ხერხემალი იყო თავის დროზე“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი და გაკვირვებულია, რატომ ცდილობენ მერაბიშვილისგან დისტანცირებას ის ადამიანები, რომლებიც ვანოსგან დავალებულნი არიან.
აკაკი ბობოხიძე შეეცადა, გამოესწორებინა ვანო მერაბიშვილის ნათქვამი და ახსნა, რომ მერაბიშვილმა დამხობაში ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა იგულისხმა და არა ძალადობრივი ჩამოგდება. რომან გოცირიძემ კი განმარტა, რომ დამხობა არის მხატვრული სიტყვა. როგორ ფიქრობთ, მერაბიშვილს მოუწევს რიტორიკის შეცვლა და მისი უახლოესი მეგობარი - გიგა ბოკერია დაარწმუნებს მას, რომ სრულიად სხვა გარემოა გარეთ და დამხობაზე საუბარი ზედმეტია?
- აქ საუბარია მერაბიშვილის ნათქვამის ფორმაზე, თორემ შინაარსობრივად, არსებითად მერაბიშვილმა რაც თქვა, ზუსტად ამასვე ფიქრობს და ამას ფიქრობს არა მარტო მერაბიშვილი, არამედ გიგიც და ყველა „ნაციონალიც“. არ არის დიდი საიდუმლო, რომ მათი სურვილი ხელისუფლების დამხობაა.
მის რევოლუციურ რიტორიკას ზოგიერთები იმით ხსნიან, რომ ის წარსულშია ჩარჩენილი.
- არანაირ წარსულში არ არის ჩარჩენილი მერაბიშვილი, იგი არის ზუსტად იქ, სადაც „ნაცმოძრაობაა“, თავისი ორივე ფრთით. რასაკვირველია, მათ დამხობა ელანდებათ და მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდა. ეგ აბოდებთ, მათ არც არაფერი დაივიწყეს, არც არაფერი ისწავლეს. რაც იყვნენ 2003-ში და მანამდეც, ისეთებად დარჩნენ. მაგას ჯერ კიდევ 2000 წელს ამბობდა ზურაბ ჭიაბერაშვილი, სახელმწიფო უნდა დავამხოთ და ჩვენი კორპორაცია შევქმნათო. ეს გააკეთეს კიდეც, ეგენი არ შეიცვლებიან. ეგ ჰიბრიდია, ჰიბრიდულ ვითარებას ქმნიან, ჰიბრიდული ომი ის არის, რომ მშვიდობიანობისას რა ხერხიც გამოიყენება, იმ ხერხით ცდილობ მტრული მიზნის მიღწევას, მაგრამ არა მარტო მშვიდობიან ხერხს გამოიყენებენ, არამედ, თუ საჭირო გახდება, თოფსაც გაისვრიან და ძალასაც მიამატებენ. სხვათა შორის, ეს ნიკა მელიასაც წამოსცდა, 4 აპრილს რომ ისევ შევიჭრა პარლამენტშიო. ასე რომ, მაგათ უნდა თქვან, „მე იგივე ვარ მარად და მარად“... ეს იგივეა, ბურბონების შესახებ რაც თქვა ტალეირანმა, მათ არც არაფერი დაივიწყეს, არც არაფერი ისწავლესო. ეს მათი უბედურება, მათი პირადი ტრაგედიაა, რა გზაც გაიარეს, არავითარი დასკვნა არ გამოუტანიათ. ეგენი იყვნენ დამნაშავეები, კრიმინალები, სახელმწიფო ძალაუფლების მიმტაცებლები, არა მარტო ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გამთელავნი, არამედ ყველაფრის უარმყოფელნი, რაც ადამიანს აქცევს ადამიანად. დღესაც იგივენი არიან და ერთი წამით სინანული არ აქვთ. მერაბიშვილსაც ჰგონია, რომ უსამართლოდ იჯდა ციხეში, ყოველ შემთხვევაში, ასეთი რწმენით გამოვიდა მატროსოვიდან. არადა, რაც მას დანაშაული აქვს ჩადენილი, მე რომ მკითხოთ, სამუდამო პატიმრობა ეკუთვნოდა. კიდევ რბილად მოექცნენ, რადგან ვერ დაუმტკიცეს ის უამრავი ცოდვა, რაც მას ნამდვილად ჩადენილი ჰქონდა. ყველამ ვიცით, რომ ჩადენილი ჰქონდა ცოდვები და მაშინდელი რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი ისიც იყო.
თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ მერაბიშვილს მისი ადვოკატები ატყუებდნენ და ციხეში უქმნიდნენ შთაბეჭდილებას, რომ იგი პოლიტპატიმარი იყო და უსამართლოდ იხდიდა სასჯელს.
- ეს უკვე დეტალებია, ვინ ვის ატყუებს. წულუკიანს შეუძლია თავისი ინტერპრეტაციები გვითხრას ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, რაღაც საფუძვლები საამისოდ აქვს, მაგრამ ეგ არასწორია, თითქოს ვანო მერაბიშვილი სადმეა ჩარჩენილი. „ნაცმოძრაობაა“ ჩარჩენილი იმ ჯოჯოხეთში, რასაც ჰქვია ადამიანური ყოფის ბნელი მხარე. მათ ისევ ბოროტება ამოძრავებთ, როგორებიც იყვნენ იმთავითვე, ისეთებად დარჩნენ. ვანო არ არის ამ მხრივ გამონაკლისი, ასეთია ყველა „ნაციონალი“. ბობოხიძე რა უკეთესი გგონიათ? სამწუხაროდ, ეს არის ქართული მოცემულობა დღეს, ეს ქმნის პარტიულ-პოლიტიკურ კრიზისს და გამოუვალი მდგომარეობის განცდას ტოვებს.
აწყობს „ქართულ ოცნებას“ ვანო მერაბიშვილი ციხის გარეთ? თუნდაც იმიტომ, რომ ერთ მტრის ხატს - მიხეილ სააკაშვილს მეორე მტრის ხატიც მიუმატოს - ვანო მერაბიშვილის სახით?
- ეგ გასაგებია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, „ქართულ ოცნებას“ ეს არ აწყობს, რადგან „ოცნებას“ სჭირდება ღირსეული კონკურენცია, მას სჭირდება ისეთი ოპოზიცია, რომელიც მას შეეჯიბრება უკეთესობაში და არა უარესობაში.
იმისთვის, რომ გადააგორონ არჩევნები, ვანო მერაბიშვილისნაირი ფიგურა დროებით მაინც არ არის საჭირო?
- არჩევნებს მაინც გადააგორებენ. თუ ამ ქვეყანას რაიმე მომავალი უწერია, აბსოლუტურად შეუძლებელია, ვანო მერაბიშვილი და ის ხალხი ისევ ხელისუფლებაში ვიხილოთ, ღმერთი არ დაუშვებს ამას. ჩვენ ეს უკვე მოვიხადეთ, გადავიტანეთ და გავუძელით, საქართველოს უარესისთვის გაუძლია, მაგრამ, თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ ეგენი ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, მაშინ საქართველოს მომავალი არ ჰქონია. ჩემთვის ეს დასასრულია, წერტილია. სრული სერიოზულობით ვამბობ, წესიერ ხალხს, ვისაც გრძნობა და გონება, ადამიანური ღირსება შერჩენია, ერთადერთ გზად რჩება თავი დაიცვან მათგან. ამით სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მივდივართ.
რაიმე არსებითი მნიშვნელობა აქვს, მერაბიშვილი „ნაციონალებთან“ იქნება, თუ „ევროპულ საქართველოსთან?“
- ამას რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მიიღებს მერაბიშვილს და ვინ არა. ეგ მათივე ნაწილია, თანაც, მიღებაზე როგორ შეიძლება ლაპარაკი, როცა ვანო მერაბიშვილი არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და შემოქმედი. მათი ხერხემალი იყო თავის დროზე. რასაკვირველია, ეგენი რომ იძახიან, მივიღოთ თუ არ მივიღოთო, პირიქით არის საქმე, ვანომ მიიღო ეგენი თავის დროზე. მათი ურთიერთობების რღვევა რაიმე ლოგიკის ჩარჩოების გარეთაა, დღეს რა ურთიერთობებია მათ შორის, ეს არ ვიცი, მაგრამ არსებითად ესენი არიან ერთნი, მათ გამუდმებით ელანდებათ დამხობა, ხელისუფლების მოხვეჭა, სარგებლის მიღება ნებისმიერი სიტუაციიდან.
ჰიბრიდული რეალობა გვაქვს, ერთი მხრივ, „ნაცმოძრაობა“ ეს არის პოლიტიკური პარტია, ჰყავს ამომრჩეველი, დაცულია სამართლით მისი უფლებები, საერთაშორისო პარტნიორები ჰყავს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის აბსოლუტურად დამნაშავე ორგანიზაცია. ასეთი ვითარების გაძლება გვიწევს და აქედან ცალსახა გამოსავალი არ არსებობს. ვითარება როცა ჰიბრიდულია, ვერ იპოვი სამართლებრივ გზას. ამიტომაც შეიძლება დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ, მაგრამ ვიმედოვნებ, არჩევნების შემდეგ იქნებ გზა გაიხსნას და ალტერნატივა გამოჩნდეს.