საქმე, რომლის გამოც შესაძლოა, გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი დაიჭირონ?!

საქმე, რომლის გამოც შესაძლოა, გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი დაიჭირონ?!

პირველი ოქტომბრის შემდეგ, “ნაციონალთა” სიავკაცეზე პროკურატურაში, როგორც იტყვიან, განცხადება განცხადებაზე შედის: ზოგი “ვარდოსანთა” მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ასე ვთქვათ, აპროტესტებს, ზოგი _ უკანონო დაპატიმრებას და ზოგიც _ ქონების წართმევას. ამ მხრივ ერთ-ერთი რეზონანსული, ალბათ, “ელიტელექტრონიქსის” საქმე იქნება, რომელშიც, როგორც “უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, თავდაცვის მინისტრყოფილ დავით კეზერაშვილისა და თბილისის მოქმედი მერის, გიგი უგულავას სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ მას შემდეგ, რაც “უფლებადამცველთა გაერთიანება” “ელიტელექტრონიქსის საქმეს” შესასწავლად პროკურატურას გადასცემს, უგულავა-კეზერაშვილი “შავ დღეში” აღმოჩნდნენ... დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტი კერძო საკუთრების აღიარება და მისი დაცვაა. 1948 წელს მიღებულ “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში” ნათქვამია: “არავის უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.” საქართველოს კონსტიტუციაში კი, აღნიშნულია: “საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების, ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება”.

 ნიკოლოზ მჟავანაძე: -გარდა იმისა, რომ საკუთრების უფლებას ჩვენი კონსტიტუციაც აღიარებს, საქართველოს ამ კუთხით მრავალი საერთაშორისო კონვენცია აქვს რატიფიცირებული, თუმცა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ხელისუფლება კერძო საკუთრების ხელყოფას სხვადასხვა ადმინისტრაციული ბერკეტით ახდენდა. მეტიც, ნებისმიერი წარმატებული ბიზნესი, თუკი მის მართვაში რომელიმე მაღალჩინოსანი არ იყო ჩართული, განწირული გახლდათ და ამას “ელიტელექტრონიქსის” მაგალითიც მოწმობს...
2008 წლის აგვისტოს ომამდე, “ელიტელექტრონიქსი” 59 მაღაზიას ფლობდა, მისი წლიური ბრუნვა კი, 274 მილიონ ლარს აღწევდა. მართალია, ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა, სხვა კომპანიების მსგავსად, “ელიტელექტრონიქსიც” კრიზისულ მდგომარეობაში ჩააყენა, მაგრამ დამფუძნებელ ანზორ ქოქოლაძის წყალობით, კომპანიის მოგება და ბრუნვა ისევ გაიზარდა, რაც ჩინოვნიკებს არ გამოჰპარვიათ და მისი ხელში ჩაგდება გადაწყვიტეს.

სხვათა შორის, ანზორ ქოქოლაძე “ნაციონალური” ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასე ვთქვათ, ხარკს არასოდეს უხდიდა.

რას გულისხმობთ?
 - მაგალითად, არ აფინანსებდა “ნაციონალთა” წვეულებებს და არც სახელისუფლებო წრეებთან მეგობრობდა, რაც მაღალჩინოსანთა უკმაყოფილებასა და აგრესიას იწვევდა. “ნაციონალებს” ისიც აღიზიანებდათ, რომ ქოქოლაძის ქველმოქმედება მათ სახელს არ უკავშირდებოდა. სწორედ ამიტომაც, კომპანიის ხელში ჩაგდება წინასწარ შემუშავებული სქემით დაიწყეს.

ამ “წინასწარ შემუშავებული სქემის” დეტალები როგორი იყო?
 - სახელწიფო ხელისუფლებისთვის, ან მისი რომელიმე მაღალჩინოსნისთვის საინტერესო კომპანიაში ფინანსური პოლიცია, თითქოს, შემოწმების მიზნით შედიოდა, კომპანიას ჯარიმას აკისრებდა, რომლის გადახდის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოსთან გარიგებული რომელიმე ბანკი საბანკო გარანტიას გასცემდა. საბანკო გარანტია, თავის მხრივ, ბანკის სასარგებლოდ დაგირავებული კომპანიის წილით იყო უზრუნველყოფილი. ამის შემდეგ, სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებით, ბანკი კომპანიის მმართველობაში შედიოდა და მის ხელმძღვანელობას ცვლიდა. ბანკის მიერ დანიშნული მენეჯმენტი დავალიანების გადახდას ხელოვნურად აფერხებდა, რასაც კომპანიის ჯერ ბანკის საკუთრებაში გადასვლა, შემდეგ კი, ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიაზე გაყიდვა მოჰყვებოდა. ასეთი ოფშორული კომპანიების უკან, როგორც წესი, “ნაციონალი” მაღალჩინოსნები იდგნენ.

ესე იგი, ბატონო ნიკოლოზ, ანზორ ქოქოლაძესაც კუთვნილი კომპანია ამ სქემით წაართვეს?
 - დიახ, თუმცა “ელიტელექტრონიქსზე” პირველი “შტურმი” 2007 წლის 4 აპრილს მიიტანეს _ კომპანიაში საგადასახადო ინსპექციის შემოსავლების სამსახური შევიდა.

იმხანად შემოსავლების სამსახურს ვინ ხელმძღვანელობდა?
 - დავით კეზერაშვილი.

შემოსავლების სამსახურს კომპანიის შემოწმების უფლება არ ჰქონდა?
 - ჰქონდა, მაგრამ ეს საგადასახადო შემოწმება კანონის დარღვევით განხორციელდა, ანუ საგადასახადო შემოწმება კომპანიის სათაო ოფისში, სპეციალურად შემოწმებისათვის გამოყოფილ ოთახში ჩატარდა, შესაბამისად, ამ შემოწმებას გასვლითი ხასიათი ჰქონდა, რომლის განსახორციელებლადაც სასამართლოს ბრძანება იყო საჭირო, თუმცა, ასეთი ბრძანება არ არსებობდა. მოკლედ, საგადასახადო ინსპექციის შემოსავლების სამსახურმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა...
სამთვიანი “შემოწმების” შემდეგ, შემოსავლების სამსახურმა “ელიტელექტრონიქსს” თოთხმეტმილიონიანი ჯარიმა დააკისრა. მოგვიანებით, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ, ეს ჯარიმა გაანახევრა. სხვათა შორის, ანზორ ქოქოლაძის თქმით, საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლებმა შემოწმების დაწყებისთანავე იცოდნენ, თუ რა თანხით უნდა დაეჯარიმებინათ “ელიტელექტრონიქსი”.

ამ დასკვნას ქოქოლაძე რის საფუძველზე აკეთებს?
 - ინსპექტირების ერთ-ერთმა ხელძღვანელმა კომპანიის თანამშრომლებს უთხრა, გადაიხდით 15 მილიონს და ყველაფერი კარგად იქნებაო.
ყოველივე ზემოთ თქმულის გარდა, “ელიტელექტრონიქსზე” სხვა სახის რეპრესიებიც ხორციელდებოდა.

სახელდობრ?
 - მაგალითად, კომპანიას დაკისრებული ჯარიმისა და საურავების გასაჩივრებაზე უარი ეთქვა.
2007 წლის 24 აგვისტოს, სხვადასხვა აბსურდული ბრალდებით, კომპანიის სამი თანამშრომელი დააპატიმრეს,Pრასაც მოჰყვა მინიშნება, თუკი კომპანია ჯარიმას არ გაასაჩივრებდა, თანამშრომლებს გაათავისუფლებდნენ. ამასთან, ანზორ ქოქოლაძეს აფრთხილებდნენ, რომ თუკი სასამართლო დავებს არ შეწყვეტდა, მისი ოჯახის წევრებსაც დააპატიმრებდნენ. ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები კომპანიის თანამშრომლებს ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ, რომ თუკი ბრძოლას გააგრძელებდნენ, სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ. სხვათა შორის, ზუსტად მაშინ, როცა კომპანიის სამი თანამშრომელი დააპატიმრეს, ანუ 2007 წლის 24 აგვისტოს, “ელიტელექტრონიქსის” ცენტრალურ საწყობში ხანძარი გაჩნდა, რამაც კომპანია, პირდაპირ თუ ირიბად, 9 მილიონზე მეტით აზარალა.

ამ ზეწოლის მიუხედავად, ანზორ ქოქოლაძემ ბრძოლა გააგრძელა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საჩივარი შეიტანა. პარალელურად, პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ თუკი მუშაობაში ხელი არ შეეშლებოდა, კომპანია ყოველ წელს 500 ახალ სამუშაო ადგილს შექმნიდა, სახელწიფო ბიუჯეტში შენატანს 10 მილიონი ლარით გაზრდიდა და, ელექტროტექნიკის წარმოების შესაქმნელად, 10-15 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოიზიდავდა.

ანზორ ქოქოლაძის ამ შეთავაზებას პრეზიდენტი გამოეხმაურა?
 - არა.

ბატონო ნიკა, “ელიტელექტრონიქსის” წართმევაში ბრალს “თი ბი სი ბანკსაც” სდებთ. რა მოტივით?
 - მართალია, “ელიტელექტრონიქსი” ჯარიმას უსაფუძვლოდ მიიჩნევდა, მაგრამ კანონმდებლობით, აუცილებელი იყო თანხის გადახდა, ან საგადასახადოში შესაბამისი საბანკო გარანტიის წარდგენა. ამიტომ, “ელიტელექტრონიქსმა” “თი ბი სი ბანკს”, რომელთანაც ურთიერთობა 2005 წლიდან ჰქონდა, საგარანტიო წერილი სთხოვა. საგარანტიო წერილი უჩვეულოდ სწრაფად გაიცა და ეს მაშინ, როცა ორი თვით ადრე, ბანკმა კომპანიას მილიონიან საბანკო გარანტიაზე უარი უთხრა. სწორედ ამ გარანტიის გაცემით იკვეთება “ელიტელექტრონიქსის” საქმეში “თი ბი სი ბანკი”, როგორც აქტიური მოთამაშე...

ამის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდა?
 - როგორ და, _ 2009 წლის მაისში კომპანიის დამფუძნებელ ანზორ ქოქოლაძეს “თი ბი სი ბანკის” დამფუძნებლებმა შესთავაზეს, რომ “ელიტელექტრონიქსის” 51%-ს შეისყიდიდნენ. სწორედ ამ დროს, ქოქოლაძე მოლაპარაკებას აწარმოებდა “ევროპის ბანკთან” და 2009 წლის შემოდგომისთვის ხელშეკრულების გაფორმებაც იგეგმებოდა, რომლის საფუძველზეც, “ევროპის ბანკი” “ელიტელიქტრონიქსის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქციონერი გახდებოდა. ეს კი, მაღალჩინოსანთა მარცხის ტოლფასი იქნებოდა. ამასობაში, საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, “ელიტელექტრონიქსს” დარიცხული საურავი უნდა გადაეხადა, ან მისი ანაზღაურება მომხდარიყო ბანკის მიერ, ბანკი კი, თავის მხრივ, საბანკო გარანტიის უზრუნველყოფის საშუალებებს გამოიყენებდა, ანუ მის მართვაში გადავიდოდა “ელიტელექტრონიქსის” აქციათა 55%... ძნელი სათქმელია, ეს საკანონმდებლო ცვლილებები “ელიტელექტრონიქსის” ხელში ჩაგდებისა და მის მიერ ინვესტიციის მოზიდვის ხელისშეშლის მიზნით განხორციელდა თუ არა, მაგრამ დამთხვევა აშკარაა და საფუძვლიანი ეჭვის საფუძველსაც იძლევა.

 ...2009 წლის 25 აგვისტოს თბილისის მერი, გიგი უგულავა კომპანიის თანამშრომლებს შეხვდა და ტელეკამერების თანდასწრებით განაცხადა, “ელიტელექტრონიქსს” ცუდი მენეჯმენტი და დამფუძნებლები ჰყავს და ამიტომ, მართვას ბანკები გააგრძელებენო. ეს ინფორმაცია უგულავას, წესით, არ უნდა ჰქონოდა, რადგან “ელიტელექტრონიქსის” გარშემო მიმდინარე მოვლენებთან თანამდებობრივად დაკავშირებული არ იყო. შესაბამისად, გიგი უგულავას მიერ გაკეთებული ზემოხსენებული განცხადება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულია.

ანუ, ეს ის მუხლებია, რომლებითაც ბაჩო ახალაიას ბრალი წაეყენა, არა?
 - დიახ, ესაა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამასახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება...
გიგი უგულავას ზემოხსენებული სატელევიზიო განცხადების დღესვე, ანუ 2009 წლის 25 აგვისტოს “თი ბი სი ბანკმა” “ელიტელექტრონიქსის” აქციების 55% ფარულად გადაიფორმა და ამით სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (მითვისება, ან გაფლანგვა) ჩაიდინა. “ნაციონალური” ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ კომპანიის 55%-ის ხელში ჩაგდებით ანზორ ქოქოლაძეს დირექტორობიდან გადააყენებდა და კომპანიაზე სრულ კონტროლს განახორციელებდა, მაგრამ ამ პროცესებამდე  ანზორ ქოქოლაძემ კომპანიის წესდებაში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მისაღებად აქციების 51%-ის კი არა, 75%-ის მფლობელთა თანხმობა იყო საჭირო. ამან თავდაყირა დააყენა ხელისუფლების გეგმა, ანუ კომპანიაზე კონტროლის დამყარება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, ბანკმა და მაღალჩინოსნებმა რეგისტრაციის პროცესი უკანვე დააბრუნეს...

2010 წლის 23 თებერვალს, “თი ბი სი ბანკის” წარმომადგენლებმა ანზორ ქოქოლაძეს განუცხადეს, რომ აქციების 75% და მენეჯმენტის დაკომპლექტების უფლება უნდა ჰქონოდათ, რაზეც ქოქოლაძე არ დათანხმდა, რადგან თუკი კომპანიას “თი ბი სი ბანკის” მიერ დანიშნული მენეჯმენტი ეყოლებოდა, “ელიტელექტრონიქსის” საბანკო დავალიანება არ დაიფარებოდა და ბანკი უზრუნველყოფაში წარდგენილი აქციების რეალიზებას მოახდენდა... ამასობაში, “ელიტელექტრონიქსის” ცენტრალურ ოფისში სპეცოპერაცია ჩატარდა _ ანზორ ქოქოლაძესა და კომპანიის მენეჯმენტს იმისთვის, რომ პირადი ნივთები მოეგროვებინათ და შენობა დაეტოვებინათ, ერთი საათი მისცეს... ამ ამბებიდან ერთი თვის შემდეგ, “თი ბი სი ბანკის” მიერ დანიშნულმა მენეჯმენტმა კრედიტის გადახდის გრაფიკი დაარღვია. ამის გამო, “თი ბი სი ბანკი” “ელიტელექტრონიქსის” აქციების 55%-ის რეალიზაციის გადაწყვეტილებას იღებს.

ამის შესახებ ანზორ ქოქოლაძეს აცნობეს?
 - დიახ, აცნობეს _ 2010 წლის 19 მარტს “თი ბი სი”-ს გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ ანზორ ქოქოლაძეს წერილი გაუგზავნა. აღსანიშნავია, რომ “ელიტელექტრონიქსმა” კრედიტის გადახდის ვადას მხოლოდ 4 დღით გადააცილა. ბანკის მიერ უზრუნველყოფის (იპოთეკა, გირავნობა) რეალიზაცია კი, როგორც წესი, ასეთ მოკლე ვადაში არ ხდება. საერთოდ, ბანკი ცდილობს, კლიენტს დავალიანება გადაახდევინოს, თან თანხა, რომელიც “ელიტელექტრონიქსს” ჰქონდა გადასახდელი, კომპანიის ორი დღის ნავაჭრს უტოლდებოდა და, შესაბამისად, კომპანიის მიერ ამ თანხის გადახდის უუნარობაზე ლაპარაკი ალოგიკური იყო. 

“თი ბი სი ბანკის” მიერ დანიშნული მენეჯმენტის წევრები ვინ იყვნენ?
 -საინტერესო შეკითხვააა... მას შემდეგ, რაც “თი ბი სი ბანკმა” ანზორ ქოქოლაძესა და მის გუნდს კომპანია იძულებით დაატოვებინა, ხელმძღვანელად “სანპეტროლეუმ ჯორჯიას”, ანუ იგივე “გალფის” განყოფილების უფროსი, მიხეილ ბენემინი დაინიშნა. “ელიტელექტრონიქსის” სამეთვალყურეო საბჭოში შეიყვანეს ისრაელის მოქალაქე, “სანპეტროლეუმ ჯორჯიას” კონსულტანტი, ვინმე დორი გროსმანიც. მოგეხსენებათ, “გალფი” თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საკუთრებაა. “ელიტელექტრონიქსის” ერთ-ერთ დირექტორად იოსებ მგელაძე დაინიშნა, რომელიც დავით კეზერაშვილის მამის, შოთა კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია _ საჯარო რეესტრში შეტანილი არაერთი განცხადებიდან ჩანს, რომ ის შოთა კეზერაშვილის სახელით მოქმედებდა. გარდა ამისა, კომპანიის მმართველობაში ჩნდებიან ებრაული კომპანიები, რომლებსაც, თავის მხრივ, კავშირი აქვთ დავით კეზერაშვილთან. ამ პერიოდში დავით კეზერაშვილი მომწოდებლებს, “მაგ გორენიესა” და “ვესტელის” წარმომადგენლებს, პირადად ხვდებოდა და ეცნობოდა, როგორც “ელიტელექტრონიქსის” მფლობელი, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება და კანონიერი სამეწარეო საქმიანობისათვის ხელის შეშლაა.
...არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ “თი ბი სი ბანკი” “ელიტელექტრონიქსის” აქციებს ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაზე გადააფორმებდა, რომლის მფლობელიც რეალურად საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი იქნებოდა. ამიტომაც, ანზორ ქოქოლაძემ მიმართა სასამართლოს, რომ სასამართლო პროცესების მსვლელობისას, აქციების გასხვისება არ მომხდარიყო, მაგრამ ეს მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

“ელიტელექტრონიქსის” გარშემო განვითარებული მოვლენების პარალელურად, ანზორ ქოქოლაძემ “ტექნობუმი” დააფუძნა. თუკი “ნაციონალები” ებრძოდნენ, ახალი კომპანიის შექმნა რატომ გარისკა?
 - “ტექნობუმი” “ელიტელექტრონიქსიდან” წამოსულმა 180-მა თანამშრომელმა დააფუძნა. ხელისუფლება იმედოვნებოდა, რომ “ტექნობუმი” წარმატებას ვერ მიაღწევდა, რადგან საკმარისი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა, კრედიტების მოძიებასა და მომწოდებლებისაგან სასაქონლო კრედიტების მოზიდვაში კი, ხელს უშლიდა. სამაგიეროდ, “ტექნობუმს” საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. “ნაციონალები” განსაკუთრებით თბილისის საბითუმო ცენტრის გახსნამ დააფრთხო და გადაწყვიტა, რომ ანზორ ქოქოლაძის წინააღმდეგ მეტი ღონისძიებები უნდა გაეტარებინა. მოკლედ, ქოქოლაძის წინააღმდეგ, თაღლითობისა და დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით, სისხლის საართლის საქმე აღძრეს და 2010 წლის 3 აგვისტოს დააპატიმრეს. 2011 წლის 21 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ქოქოლაძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, ქოქოლაძეს, ბიუჯეტის სასარგებლოდ, 6,5 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა.
...ანზორ ქოქოლაძის საქმე უნდა გადაისინჯოს, რადგან არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები მისი ბრალის დასამტკიცებლად. ამასთან, ყველა, ვინც ანზორ ქოქოლაძის დაკავებით იყო დაინტერესებული, უდანაშაულო ადამიანის განზრახ სისხლის სამართლის პასუხისგებლობაში მიცემისთვის უნდა დაისაჯოს.

სხვათა შორის, ქოქოლაძის საქმეში ერთადერთი მტკიცებულება აუდიტორ მაია ფეიქრიშვილის იძულებითი ჩვენებაა. ფეიქრიშვილი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში ანზორ ქოქოლაძის ინტერესებს იცავდა, ქოქოლაძის დაკავებიდან ერთი თვის შემდეგ, დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით დააკავეს _ თითქოს ანზორ ქოქოლაძის საკუთრებაში არსებული, ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ფართის ერთი კვადრატული მეტრი 3000 აშშ დოლარად შეაფასა. დაკითხვისას მასზე ხდებოდა ზეწოლა, რათა ეღიარებინა, რომ ეს შეფასება ქოქოლაძის მოთხოვნით გააკეთა. “აღიარებითი ჩვენების” მისაღებად, მაია ფეიქრიშვილს მიაყენეს შეურაცხყოფა, თუმცა, აღიარებითი და ქოქოლაძის საწინააღმდეგო ჩვენების მოპოვება ვერ მოახერხეს. ფეიქრიშვილმა განაცხადა, რომ აუდიტორული შეფასება კანონის დარღვევად არ ითვლება და მას საბაზრო პოლიტიკა არეგულირებს, თუმცა, სწორედ ეს განცხადება ჩაუთვალეს აღიარებად. მაია ფეიქრიშვილი მის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებში, ხელისუფლების გარდა, “თი ბი სი ბანკსაც” ადანაშაულებს _ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სწორედ ბანკის მიერ “ელიტელექტრონიქსში” დანიშნული მენეჯმენტის განცხადების საფუძველზე მოხდა...
2012 წლის 21 აპრილს, ანზორ ქოქოლაძის საკუთრებაში დარჩენილი “ელიტელექტრონიქსის” აქციების 15% აუქციონზე გაიტანეს.

ამ დროს ქოქოლაძე უკვე ციხეში იყო, არა?
 - დიახ.

აუქციონზე ქოქოლაძის 15 პროცენტი რამდენად გაიყიდა?
 - საწყისი ფასი 71 000 ლარი იყო...

“ტექნობუმმა” მუშაობა ქოქოლაძის დაპატიმრების შემდეგაც განაგრძო?
 - დიახ და არ გამართლდა “ნაციონალთა” მოლოდინი, რომ თუკი ანზორ ქოქოლაძე კომპანიას ჩამოშორდებოდა, “ტექნობუმი” გაკოტრდებოდა. ამიტომ,  2011 წლის 29 აგვისტოს, “ელიტელექტრონიქსის” იმდროინდელმა დირექტორმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა და “ტექნობუმი” მაქინაციებში დაადანაშაულა. პროკურატურაში განცხადების შეტანიდან ორ დღეში, “ტექნობუმში” ფინანსური პოლიცია შევიდა, თუმცა, დარღვევა ვერ აღმოაჩინა. ამის გამო, “ტექნობუმის” თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს ფინანსურ პოლიციაში იბარებდნენ და აიძულებდნენ, რომ ანზორ ქოქოლაძის წინააღმდეგ ჩვენებები მიეცათ. ამასობაში, “ტექნობუმის” ფინანსური მენეჯერი და მისი ძმა _ თენგიზ და მალხაზ ნაგერვაძეები, ანზორ ქოქოლაძის ბიძაშვილები, მოგვიანებით კი, ანუ 2011 წლის დეკემბერში, ანზორ ქოქოლაძის სიძე, ლევან დუმბაძეც დააპატიმრეს, რომელსაც კომპანიაში, სესხის სახით, დანაზოგი _ 200 000 დოლარი ჰქონდა შეტანილი.

ეს ადამიანები რა ბრალდებით დააკავეს?
 - თაღლითობის, დოკუმენტაციის გაყალბებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. ფულის გათეთრების ბრალდება ანზორ ქოქოლაძესაც წაუყენეს. 56 ადამიანი დაკითხეს, მაგრამ დაკავებულთა ბრალეულობა ერთის ჩვენებითაც არ დადასტურდა. გამოძიებამ დანაშაულის დამადასტურებელი ვერც სხვა მტკიცებულებები მოიძია. ანზორი ქოქოლაძის ქონების წარმომავლობა ყველამ იცის და მისთვის ფულის გათეთრების ბრალდების წაყენება უცნაურია, მით უმეტეს, რომ ამ ფულის დანაშაულებრივი გზით მოპოვება მტკიცებულებით ვერ დასტურდება.

2012 წლის 26 მაისს, ანზორ ქოქოლაძე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, სხვა დაკავებულები კი, საპროცესო გარიგების საფუძველზე, ბრალის აღიარების გარეშე გაათავისუფლეს. სხვათა შორის, ეს ფაქტიც საინტერესოა, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო შეთანხმების მთავარი წინაპირობა ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარებაა. “ელიტელექტრონიქსის” საქმეში კი, სახელწიფომ, სავარაუდოდ, მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო, ზედმეტი თავის ტკივილისა და სკანდალის აცილება სცადა.
...ანზორ ქოქოლაძის საქმეს შეფასება სახალხო დამცველმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა სხვადასხვა ორგანიზაციამ მისცა და საკუთრების უფლების ხელყოფა აღიარა, თუმცა, ამ დასკვნებისთვის “ნაციონალებს” ყურადღება არ მიუქცევიათ..

ანზორ ქოქოლაძის საქმეში “თი ბისი ბანკისა” და სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მხოლოდ სამოქალაქო, ადმინისტრაციული, საგადასახადო კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიული აქტების დარღვევის ფაქტები კი არა, სისხლის სამართლის დანაშაულთა შემადგენლობებიც იკვეთება. ამიტომ, ქოქოლაძისა და “ელიტელექტრონიქსის” საქმის ხელახალი გამოძიება უნდა მოხდეს და, უკანონო ქმედებების დამტკიცების შემთხვევაში, შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს...
ანზორ ქოქოლაძისა და მისი ბიზნესის მიმართ ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულები: სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (332-ე მუხლი), სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება (333-ე მუხლი), კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლა (190-ე მუხლი), უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში (146-ე მუხლი), იძულება (150-ე მუხლი), მუქარა (151-ე მუხლი), ნივთის დაზიანება და განადგურება (187-ე მუხლი), მითვისება, ან გაფლანგვა (182-ე მუხლი), თაღლითობა (180-ე მუხლი). აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება) და მე-6 მუხლები.

სხვათა შორის, როგორც ვიცი, “თი ბი სი ბანკი” ანზორ ქოქოლაძის ბრალდებების საპასუხოდ აცხადებს, ობიექტურობა ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდეს, ან საქმე არბიტრაჟს გადაეცესო...
 - “ელიტელექტრონიქსთან” დაკავშირებით არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სტუდია “ჯი-ენ-ეს”-ის ჟურნალისტური გამოძიება. რაც შეეხება არბიტრაჟს, “თი ბი სი ბანკს” საქმის გაშვება იმ არბიტრაჟში უნდა, სადაც მისი გავლენაა _ ეს არბიტრაჟი იხილავს “თი ბი სი ბანკის” სხვადასხვა დავას და ბანკზე გარკვეული ფინანსური დამოკიდებულება აქვს. აქედან გამომდინარე, ყველაზე ობიექტური და სამართლიანი სააკაშვილის წნეხისგან გათავისუფლებული პროკურატურაა...