ერთ კვირაზე მეტია სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება, რომ მოსახლეობას განულებული სესხების გადახდას ხელახლა სთხოვენ ამიოტმ „პრობლემურ მსესხებელთა უფლებადამცველი ასოციაცია“ მოქალაქეებს მიმართავს, რომ აიღონ სესხის განულების ცნობა, სადაც გარკვევით იქნება ნათქვამი, რომ მათ ამა თუ იმ კომპანიის დავალიანება აღარ აქვთ.
ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ამომღებმა კომპანიებმა განულებული სესხების თავიდან მოთხოვნა დაიწყეს. არაერთი კონკრეტული მაგალითის შესახებ ჰყვებიან თავად მოქალაქეებიც.
მთავრობამ 2018 წლის დეკემბერიდან პრობლემური სესხების განულება დააანონსა. საბოლოოდ პროგრამა ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ 600 000 ადამიანს შეეხო, რომელთაც ერთ წელზე უფრო მეტად ვადაგადაცილებული სესხები ჰქონდათ.
ახლა კი ვითარება შეიცვალა. ადვოკატ მარიკა არველაძის თქმით, მოქალაქეებს პრობლემური აქტივების ბიუროდან უკავშირდებიან.
„პრობლემის გარკვევის მიზნით „ქართუ ფონდს“ გარკვეული კითხვებით მივმართე. მაგალითად, რამდენი სესხის განულება მოხდა პროგრამის ფარგლებში, თითოეული კომპანიიდან რამდენი პრობლემური აქტივი იქნა შეძენილი, ვის უნდა მიმართონ პროგრამაში ჩართულმა პირებმა, რათა აიღონ განულებულ სესხებზე ცნობები დავალიანების არქონის შესახებ.
გვაინტერესებს ამ სესხების შესახებ ინფორმაცია სად ინახება. გამსესხებლებთან მიდიან ადამიანები და ეუბნებიან, რომ „ქართუ ფონდში“ მივიდნენ, „ქართუ ფონდში“ მიდიან და გამსესხებლებისკენ ამისამართებენ. რაღაც წრე შეიკრა, საიდანაც ინფორმაციის ამოღება შეუძლებელი გახდა“, - აღნიშნა მარიკა არევაძემ.
კომპანიის დირექტორი ნიკა ეზუგბაია კი ამბობს, რომ შეუძლებელია, რომელიმე სესხის ამომღებმა კომპანიამ მომხმარებელს სესხის გადახდა ხელმეორედ, შეგნებულად მოსთხოვოს.
„როდესაც სესხი იხურება, ჯერ იხურება პროგრამაში, შემდეგ იგზავნება „კრედიტ ინფოში“ და ა.შ. რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდა ისეთი გამონაკლისი და ტექნიკური ხარვეზი, რომ თუნდაც ჩვენმა კომპანიამ ან სხვა კომპანიამ კლიენტს დაურეკა და ამის შესახებ უთხრა. ეს შემთხვევითობაა.
ჯერ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ კლიენტი მოსულიყო ან მისი წარმომადგენელი დაგვკავშირებოდა, აეხსნა, რომ სესხი დახურულია და პრობლემა არ მოგვარებულიყო. ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია. აბსურდია იმაზე საუბარი, რომ კომპანია ავალებს თავიანთ თანამშრომლებს ხელახლა დაურეკოს ადამიანს. ეს ჩვეულებრივი კანონდარღვევაა და ამას არავინ იზამს. ყველა სესხი, რომელიც ნულდება, იყიდება, გადაიყიდა თუ რაც მოხდება, ყოველკვარტალური ანგარიში ეროვნულ ბანკში, ჩაშლილი სახით მიდის,“ - განუცხადა „კომერსანტს“ ეზუგბაიამ.
დიდი მითქმა-მოთქმისა და აჟიოტაჟის შემდეგ სპეციალური განცხადება გააკეთა საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდმა ქართუმ“:
„რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში განულებული ვალების პროგრამის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ვაცხადებთ, რომ 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუს“ მიერ, ერთჯერადი სოციალური სოლიდარობის აქტის ფარგლებში, განხორციელდა ფიზიკური პირების პრობლემური ვალდებულებების შესყიდვა საქართველოში მოქმედი 55 ფინანსური ინსტიტუტისგან. აღნიშნული სესხების შეძენის მიზანს მისი შემდგომი პატიება წარმოადგენდა, რაც განხორციელდა კიდეც.
შეძენილი პორტფელის მოცულობიდან გამომდინარე, პატიების პროცესი გრძელდებოდა 2019 წლის განმავლობაში და ეტაპობრივად ხდებოდა შესაბამისი საკრედიტო სტატუსის ასახვა სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს“ ბაზებში.
„ფონდი ქართუ“ კიდევ ერთხელ აცხადებს და ადასტურებს, რომ მიმდინარე ეტაპზე შეძენილი სესხების პატიება განხორციელებულია სრულად, იმ ფიზიკური პირებისთვის, ვისი სასესხო ვალდებულება და მონაცემებიც მოწოდებული იქნა ამა თუ იმ ფინანსური თუ საკრედიტო ორგანიზაციისგან და აღარ არსებობს აღნიშნულ ვალდებულებებზე რაიმე სახის მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, ყველანაირ საფუძველს მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ფონდი ქართუ“ გეგმავს ან ახორციელებს აღნიშნული სესხების დაფარვის მოთხოვნას.
აქვე დავძენთ, რომ „ფონდი ქართუს“ მიერ სრულად იქნა შეძენილი 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ფინანსური ინსტიტუტების მიერ შერჩეული და გადმოცემული სესხები, შესაბამისად, თუ რომელიმე პირის ვალდებულებები ვერ მოხვდა სოციალური სოლიდარობის აქტის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში, ფონდი მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთოს რაიმე კომენტარი ან აიღოს პასუხისმგებლობა.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფინანსური ინსტიტუტი ან სხვა პირი ითხოვს ჩვენ მიერ შეძენილი სესხების დაფარვას, მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს, თავიანთი აქტიური ვალდებულებების სტატუსი გადაამოწმონ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო „კრედიტინფოში“, - აღნიშნულია „ქართუს“ განცხადებაში.