„არავითარი ოპოზიციური მაგიდა არ არსებობს, ეს არის ხელისუფლების ხელში ჩაგდების ჟინით შეპყრობილთა ბრბო“

„არავითარი ოპოზიციური მაგიდა არ არსებობს, ეს არის ხელისუფლების ხელში ჩაგდების ჟინით შეპყრობილთა ბრბო“

„დაყავი და იბატონე“, - ასეთი აზრი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ, კონკრეტულად კი, არჩილ თალაკვაძემ „გირჩი“ პარლამენტში მოსალაპარაკებლად მიიწვია. მას შემდეგ, რაც „გირჩელმა“ იაგო ხვიჩიამ გულახდილად ილაპარაკა პარლამენტში ვიზიტის შესახებ, უფრო მეტ დაფარულს აეხადა ფარდა და გაირკვა, რომ ერთობაში შემავალი პოლიტიკოსების ნაწილი ხელისუფლებას თურმე ინდივიდუალურადაც ხვდებოდა, ოღონდ ამის აფიშირებისგან თავს იკავებდა.

მას შემდეგ, რაც გახმიანდა, რომ ოპოზიციის ერთობას შეეპარა ბზარი, მაგიდის გარშემო შემომსხდარი ოპოზიცია იხტიბარს მაინც არ იტეხს და ამაყობს, რომ მცდელობის მიუხედავად, ივანიშვილმა მათი ერთობა ვერ დაარღვია. მათი თქმით, დიალოგი ხელისუფლებასთან ვერ გაგრძელდება, რადგან ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები.

პაატა დავითაია ხელისუფლებასთან კონსპირაციულ შეხვედრებში პრობლემას ვერ ხედავს. ის აცხადებს, რომ, მართალია, ინდივიდუალურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ საბოლოოდ ყველა საკითხი მაინც მიდის ოპოზიციურ მაგიდასთან და აქ ხდება ამ საკითხების განხილვა.

კოტე კემულარია მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური მოლაპარაკებები ჩაფლავდა, რადგან ხელისუფლებასთან შეხვედრისას იაგო ხვიჩიამ წამოაყენა პოლიტპატიმრების საკითხი და ეს თემა ჰაერში გამოეკიდა.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ, თუ ოპოზიცია არ დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას, ეს იქნება მათი ლუსტრაცია, რომ მათ არ აინტერესებთ მოლაპარაკება და მათი სცენარი რევოლუციურია, რაც არ გამოუვათ.

ცდილობს თუ არა ხელისუფლება ოპოზიციონერთა დაყოფას და ვიხილავთ თუ არა ლეიბორისტების მაგიდასთან მჯდარ ვანო მერაბიშვილს?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ეს არის მითი, რადგან არავითარი ოპოზიციის მაგიდა არ არსებობს, უბრალოდ, ეს არის ხელისუფლების ხელში ჩაგდების ჟინით შეპყრობილთა ბრბო. ამ ბრბოს აღტკინებაში არავითარი კონსტრუქცია არ იკითხება, გარდა იმისა, რომ ნებისმიერი მეთოდით ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ. თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ დამთავრდა ძალადობის დრო და ხელისუფლების მოპოვების ერთადერთი გზა დემოკრატიული არჩევნებია. არავითარი რევოლუციური მობილიზება ამ საკითხს არ გადაწყვეტს, სულაც რომ გაგიჟდნენ მაგიდის ირგვლივ მსხდომი ადამიანები.

„ხელისუფლებამ ვინმე კი არ მიიწვია ინდივიდუალურად სასაუბროდ, არამედ ეს არის პოლიტიკური პროცესი და, ვისაც სურვილი აქვს, საკონსტიტუციო ცვლილების დროს თავისი ინტერესები გაატაროს, ყველასთვის კარი ღიაა. მნიშვნელობა არ აქვს, „გირჩი“ იქნება, თუ სხვა ვინმე. აქ ლაპარაკია იმაზე, იქნებ, ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღებ კონსენსუსს დაემყარება. თუ ოპოზიცია ჩაიკეტება, თავის თავს ოპოზიციურ მაგიდასთან მსხდომს დაარქმევს, ვანო მერაბიშვილი ეყოლებათ გვერდით, თუ არ ეყოლებათ და მათი მიზანი იქნება ვითარების არევა საარჩევნოდ, რათა მღვრიე წყალში რამეს ხელი გამოკრან, საბოლოო ჯამში, ეს სიგიჟე იქნება. ეს სულაც არ ნიშნავს, ხელისუფლება ოპოზიციის დაქსაქსვას ცდილობდეს, ხელისუფლება აკეთებს თავის საქმეს და ცდილობს, იპოვოს გამოსავალი, რათა საარჩევნო სისტემა რაც შეიძლება ინკლუზიური, ანუ ყველასთვის მისაღები იყოს. სწორედ ამას მოგვიწოდებენ დასავლელი პარტნიორები და ობიექტური მდგომარეობაც ამას ითხოვს. ეს ქვეყნისთვისაა უკეთესი. თუ ეს მიიღწევა, ხომ კარგი, თუ არადა, ქუჩიდან ეს საკითხები ვერ შეიცვლება“, - მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი.

უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ჩვენთან საუბარში ეხმაურება ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის „დაყოფისა და იბატონეს“ პრინციპს. ის აცხადებს, რომ რომის იმპერიიდან მოყოლებული, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკაა და არ არის გასაკვირი, გაჭირვებაში მყოფი პოლიტიკოსი, ან კიდევ ზნეობასთან მწყრალად მყოფი ადამიანი ამით ცდილობდეს მოწინააღმდეგის დამარცხებას.

„საინტერესო ის არის, რომ მარტო „გირჩი“ არ ყოფილა ასეთ პრივატულ შეხვედრაზე, თუმცა, „გირჩისგან“ განსხვავებით, დანარჩენები დუმილს ინარჩუნებენ ამის შესახებ. „გირჩმა“ პატიოსნად აღიარა, კი, დაგვიძახეს ბატონო, მაგრამ ჩვენ საკუთარი მოთხოვნები წავუყენეთო. ოპოზიციაში ყველა წელგმართული არ არის და ბოლომდე წელგამართული არც იქნება. ისინი აქეთ-იქით იყურებიან და საიდანაც მეტი ხეირი ექნებათ, იქითკენ გადაიწონებიან, როგორც „ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“. ეს არც არის გასაკვირი, მაგრამ მთავარია, ოპოზიციის ბირთვი ერთად შეკრული იყოს, რათა ოპოზიციური მთლიანობა არ დაზიანდეს“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.