ჯერჯერობით უცნობია, გახდება თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი ამ ხელისუფლებისათვის ერთ-ერთი მთავარი ბრალმდებელი, თუმცა საზოგადოებაში მსგავსი მოლოდინი არსებობს. ყველასათვის ცხადია, რომ ოქრუაშვილი ის ადამიანია, ვინც უამრავ ინფორმაციას ფლობს ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ. 2007 წელს თავისი განცხადებებით მან ეჭვქვეშ დააყენა ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიასა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების საქმეები. ირაკლი ოქრუაშვილმა მაშინ საჯაროდ განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანია იქ არ გარდაცვლილა სადაც იპოვეს. ხოლო პრეზიდენტი სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილის გაქრობაზე ელაპარაკებოდა. მაშინ ოქრუაშვილი იმასაც ამბობდა, რომ ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ დოკუმენტაციაც გააჩნდა.
როგორც ექსპერტი ზურაბ ბიგვავა მიიჩნევს: „დიდი ალბათობაა, რომ ოქრუაშვილი ბრალდების მთავარი მოწმე გახდეს. გვახსოვს მისი ინტერვიუებიც, მისი გამოსვლებიც და ბრალდებები. თუ დაკითხვის დროსაც განმეორდება იგივე ბრალდებები, ვფიქრობ, ეს გახდება საბაბი იმისა, რომ ძალიან ბევრი ჩინოვნიკის წინააღმდეგ დაიწყება საქმე - ეს ბუნებრივი და ლოგიკურია“.
„ნაციონალური მოძრაობა“ ეჭვობს, რომ ახალმა ხელისუფლებამ ის სპეციალურად ჩამოიყვანა, როგორც ერთ-ერთი მთავარი მოწმე, თუმცა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ 20 ნოემბრის საღამოს, მაია ფანჯიკიძისგან შეიტყო.
„თურმე დილით ჩამოსულა, დაუკავებიათ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც ექსპერტი კახა კახიშვილი ამბობს: „როდესაც ნაცმოძრაობა დღეს ამბობს, რომ ის მთავარი მოწმე იქნება ხელისუფლებისთვის მათ წინააღმდეგ, მთელი 8 წელი იმას არ გვეუბნებოდნენ, თუ რამე იცით, მიდით და შეატყობინეთ პროკურატურასო“?
ივანიშვილმა იმისი პირობაც დადო, რომ ოქრუაშვილის საქმის განხილვა არც ერთ შემთხვევაში პოლიტიკურ ჭრილში არ მოხდება. მასთან დაკავშირებით მხოლოდ კანონის მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული და გადაწყვეტილებას პროკურატურა და სასამართლო მიიღებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქართველოში ჩამოსვლა, არც მოულოდნელი იყო და არც მოსალოდნელი.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, თუ ირაკლი ოქრუაშვილი მოწმის სახით დაიკითხება და გამოძიებას ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის, ამ ფაქტს მხოლოდ მიესალმებიან.
კახა კახიშვილი თვლის, რომ ოქრუაშვილი აქ სწორედ ამისთვის ჩამოვიდა: „გავიხსენოთ, რომ ოქრუაშვილი სააკაშვილის გამორჩეული მეგობარი იყო, რომლითაც ის ამაყობდა. ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ნაცმოძრაობასა და სააკაშვილს მას შემდეგ გაუჩნდათ პრეტენზიები, რაც ოქრუაშვილმა ამხილა პრეზიდენტი და მისი ოჯახი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. ძიება დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ რაც ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა ღიად ისაუბროს, რაც ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველ ელიტაში.
ამავდროულად, ის შეეხო ჟვანიას საქმეს. მაშინ როდესაც ოქრუაშვილი ამ განცხადებებს აკეთებდა, არ იყო ნიშნები ოპოზიციის სიძლიერისა და მისი ხელისუფლებაში მოსვლისა. ამდენად ვერ ვივარაუდებთ, რომ ოქრუაშვილი მხოლოდ ნიშნისმოგებით აკეთებდა ამ განცხადებებს. მან დღეს ჩათვალა, რომ ახლა დადგა ის დრო, როდესაც მიეცემა საშუალება, ისარგებლოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიებით და თავისუფალი სასამართლოთი. თუ აქვს რაიმე სათქმელი, ალბათ იტყვის“,- მიიჩნევს კახიშვილი.
ოქრუაშვილის ადვოკატების პირველი განცხადებები იმის თაობაზე გაკეთდა, რომ ოქრუაშვილი გამოძიებასთან სათანამშრომლოდ ჩამოვიდა, თუმცა ორიოდე დღეში ოქრუაშვილის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა განაცხადა, რომ ოქრუაშვილი მხოლოდ, იმ შემთხვევაში ითანამშრომლებს გამოძიებასთან, თუ დაინახავს, რომ ქვეყანაში რეალურად ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ.
„ასეთ შემთხვევაში ოქრუაშვილი თანახმაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ხელი შეუწყოს და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები“, - განაცხადა კორკოტაშვილმა.
თუმცა სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ როგორც კი დაიწყება ამ თემაზე ჩვენებების მიცემა, „მერე უკვე დასწრებაზე იქნებიან მოწმენი და ამბის მცოდნენი, ვინ უფრო მეტს მოუყვება პროკურატურას. ამიტომ რაიმენაირი ინფორმაციის შენახვას აღარანაირი ღირებულება არ დარჩება. თანაც ზედმეტი მოტივაცია არ სჭირდება ოქრუაშვილს იმისათვის, რომ საკუთარი ნებით, სურვილით და კმაყოფილებითაც თქვას ყველაფერი, რაც იცის. არანაირი წინაპირობები და დაპირებები ხელისუფლების მხრიდან არ იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ საკუთარი დამოკიდებულებაც გამოხატოს იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომელთა მოწადინებითაც იგი წლების განმავლობაში გაძევებული იყო ქვეყნიდან“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.
რომელი მაღალი თანამდებობის პირები ჰყავდა მხედველობაში ოქრუაშვილს, ადვოკატმა არ დააკონკრეტა, თუმცა, სავარაუდოდ აქ ქვეყნის ის მმართველი, სულ რამდენიმე კაციანი გუნდი უნდა მოიაზრებოდეს, რომლის ნაწილიც თავის დროზე ოქრუაშვილიც იყო.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილის, როგორც მოწმის ფასი, მაღალია, რადგან 2003-2006 წლებში ის იყო „ვარდების“ შემადგენელი ნაწილი, რომელიც მართავდა ქვეყანას.
„ხოლო დასაწყისი ჩვენი ქვეყნის უკუღმა მართვისა, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა. ასეთი გამოცდილებაც გააჩნია ბატონ ირაკლის, რომ მიიპყროს საზოგადოების გაზრდილი ყურადღება მსგავსად იმ განცხადებისა, რომელიც მან გააკეთა 2007 წელს, დაკავშირებული ზურაბ ჟვანიას დაღუპვის შესახებ. ცხადია იმ საკითხთან დაკავშირებით ცოდნა არ ამოწურულა ამ განცხადებით. თუ იცოდა ის, რაც მან განაცხადა, ეჭვი არ მეპარება, რომ მან იცის უფრო მეტი“ - აცხადებს ცისკარიშვილი.
საზოგადოების ერთი ნაწილი ოქრუაშვილს მაინც სააკაშვილის მოკავშირედ მოიაზრებდა, რადგან უჭირდა ახსნა, რატომ გამოიყვანეს ოქრუაშვილი ციხიდან და რატომ გააძევეს ქვეყნიდან. არსებობს ვერსიაც, რომ სააკაშვილმა იცოდა, ის მტკიცებულებები რაც ოქრუაშვილს გააჩნდა, გაცილებით ნაკლბად საშიში იყო მისთვის, ვიდრე ოქრუაშვილის საქართველოში ყოფნა, თუმცა ამის პასუხს სავარაუდოდ მხოლოდ ოქრუაშვილის ან სააკაშვილისგან თუ მივიღებთ.
როგორც სოსო ცისკარიშვილი ამბობს, სააკაშვილმა ზუსტად იცოდა, რა ინფორმაციას ფლობდა ოქრუაშვილი, რა მოხდა სინამდილეში და ალბათ, არსებობს გარკვეული მიზეზები, აქამდე რატომ არ საუბრობდა ოქრუაშვილი.
„მის მიმართ კითხვებს რა დალევს - კარგი იქნებოდა ასევე, თუ განმარტავდა, სწორედ იმ ღამეს, როდესაც დაიუპა ზურაბ ჟვანია, დილის 6 საათზე ფოთში რატომ გამოაცხადა განგაში. ეს ინფორმაცია არსებობდა პრესაში. საინტერესოა, იმ ტრაგიკულ დღეს რატომ გახდა საჭირო, მოულოდნელად გამგზავრება ფოთში“,- აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
მისივე განმარტებით, გამოძიებას საკმაოდ რთული გზა ელის წინ და რაც არ უნდა ლანგარზე მიართვან ინფორმაცია მოწმეებმა, ყველა ჩვენებას დასჭირდება მტკიცებულება, რაც არც თუ მარტივი მოსაძიებელია.
„ამ შემთხვევაში მტკიცებულებები ადვილად მოსაძიებელი არ გახლავთ. ზურაბ ჟვანიას დაღუპვის აღწერილობისას აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიურომ თავი შეიკავა კონკრეტული დასკვნისგან და არც ის გაუპროტესტებია, რატომ ითარგმნა მისი დასკვნა ქართულ ენაზე საწინააღმდეგო მნიშვნელობით. ბატონი პატარკაციშვილის შემთხვევაში ვენდობით „სკოტლანდ იარდის“ დასკვნას, რომელიც დეტალურად არ გამოქვეყნებულა და გამოძიება იქაც საკმარისზე მეტხანს გაგრძელდა. დამაჯერებელი არც ის დასკვნა იყო - აქ გადამწყვეტი იქნება ბატონი ბადრის ოჯახის გადაწყვეტილება გააგრძელოს ამ საქმის გამოძიება თუ დაფაროს ის ინფორმაცია, რომელსაც აქამდე ეყრდნობოდნენ“, -აცხადებს ცისკარიშვილი.
თუკი ოქრუაშვილი ითანამშრომლებს გამოძიებასთან მოსალოდნელია თუ არა ნაციონალური ხელისუფლების უმაღლესი პირებისა და პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგაც დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, ექსპერტები თვლიან, რომ ეს შესაძლებელია, რადგან თუ დანაშაული და ამ დანაშაულის დამამტკიცებელი გარემოებები არსებობს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
„მოულოდნელი არ იქნება, რადგან დანაშულობათა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია სისხლის სამართლის კოდექსში და მათ შორისაა დანაშაულის დაფარვაც. დაჯერება იმისა, რომ ბატონმა პრეზიდენტმა არ იცოდა, რა ხდებოდა ციხეებში, არ იცოდა, რა დაემართა ზურაბ ჟვანიას, არ იცოდა, რას სჩადიოდა რომელიმე მაღალჩინოსანი, რომელიც აშკარად არღვევდა კანონს, არ იცოდა, რომ ასეულობით ბიზნესი გადაფორმდა სრულიად უსამართლოდ და იყო ძარცვა საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილისა, რომელსაც შეეძლო სამუშაო ადგილების შექმნა ქვეყანაში. ამიტომ, ვიდრე კრიტიკული მომენტი დადგება, მაღალჩინოსნებს, რომლებსაც აქვთ რაიმე პერსპექტივა საზღვარგარეთ საქმიანობის გაგრძელებისა, არჩევანი ექნებათ - მშვიდი ცხოვრება მოიწყონ და გარანტიები მიიღონ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციისგან“, - აცხადებს ცისკარიშვილი.
კახა კახიშვილი კი მიიჩნევს, რომ თუ გამოძიება საკმარის მტკიცებულებებს მოძებნის იმ განცხადებებზე, რასაც ოქრუაშვილი გააკეთებს, მაღალჩინოსანთა საქმეების გამოძიება შესაძლებელია. რაც შეეხება პრეზიდენსტს, ამ შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა.
„არა მხოლოდ ოქრუაშვილი, არამედ ბევრი სხვა ადამიანი საუბრობდა სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, რაც მედიაშიც შუქდებოდა. ამის მიუხედავად ძალზე გართულებულია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, მითუმეტეს ძალზე რთულია, პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. ყოფილმა მმართველმა გუნდმა იმდენი მოახერხა, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში თითქმის შეუძლებელი გამხდარიყო პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება“, - აცხადებს კახიშვილი.
როგორც ზურაბ ბიგვავა ამბობს, დიდი ხანია არსებობდა მოარული ხმები იმის შესახებ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებს უამრავი დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი.
„ჩვენც ვხედავდით შუაღამისას კამერების თანხლებით დაპატიმრებებს, ყოველ დილას ვისმენდით, რომ ამა თუ იმ მესაკუთრემ საკუთარი სურვილით სახელმწიფოს ქონება აჩუქა. ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი შანტაჟით კეთდებოდა, მაგრამ ამას ვერავინ ვერ ადასტურებდა და ამიტომ ჩუმად ვიყავით. ახლა ეს პოსტფაქტუმ გამოსაძიებელია, ეს ყველაფერი უნდა დადასტურდეს, ფაქტები დაიდოს. თუ ეს ფაქტები ისევ მანიპულაციების შედეგად დაიდო, ეს სერიოზული უარყოფითი მომენტი იქნება ახალი ხელისუფლებისთვის და შესაძლოა, ამას საზოგადოების დამოკიდებულების სერიოზული ცვლილებებიც მოჰყვეს.
რაც არ უნდა ვიცოდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ეს ყველაფერი იცოდა, ხელს აფარებდა, მერე ამ ყველაფერს ვიდეოზე უყურებდა და დადებითი ემოციებით იტვირთებოდა - ამ ყველაფერზე მტკიცებულებები უნდა დაიდოს. ვისაც მსგავსი რამ დაუდასტურდება, მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ სასულიერო პირი, ყველამ პასუხი უნდა აგოს. ეს არა მარტო ლოგიკის არამედ სამართლიანობის რეალიზაციაა და თუ სამართლიანობის განცდა არ დაბრუნდა საზოგადოებაში, ამ საზოგადოებას მომავალი არ აქვს“,- მიიჩნევს ზურაბ ბიგვავა.
დასავლეთისთვის კვლავ გაუგებარია ასეთ დემოკრატიულ, წარმატებულ და აყვავებულ ქვეყანაში სადაც სააკაშვილმა კორუფცია დაამარცხა, როგორ შეიძლება, არსებობდნენ დამნაშავე მაღალჩინოსნები. მათთვის ბევრად უფრო რთული აღსაქმელია, რომ რაც მათ ამდენი წლის განმავლობაში სჯეროდათ, არ იყო სიმართლე.
იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრებას მოჰყვა, საქართველო კიდევ ერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, როგორ გამოჩნდება დასავლეთის თვალში ქართული სამართლიანობის აღდგენა.
სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ არა მხოლოდ ჩვენ გვაქვს დასავლეთისგან სასწავლი, არამედ ზოგიერთ დასავლელ პოლიტიკოსს ჩვენგან სწავლებაც სჭირდება, რომ როგორმე გაიჩინონ უნარი პოლიტიკოსის და კრიმინალის ერთმანეთის გარჩევისა.
„ჯერჯერობით ზოგიერთი მაღალჩინოსნისგან გამოთქმული ბრალდებები ამ ხელისუფლების მიმართ მიგვანიშნებს, რომ შეჩვეულ ჭირს ამჯობინებენ შეუჩვეველ ლხინს. საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში სულაც არ შედის, რომ შეეჩვივნენ იმ ჭირს, რომელიც წლების განმავლობაში წელში წყვეტდა მთელ ქვეყანას“,- აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
მისივე განმარტებით, ბოლო რამდეენიმე დღის ინფორმაციაა, რომ ხორვატიის პრემიერ-მინისტრი დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს.
„საუბარია იმაზე, რომ ამის გამო ხორვატებს გაუჭირდებათ ევროკავშირში შესვლა. რა სჯობს, ჩვენი ავადმყოფობით რომელიმე კავშირში შევიდეთ თუ ჯერ ჩვენ განვიწმინდოთ. ვიყოთ უფრო მიმზიდველი და არა დასაყვედრებელი ყველას მიერ. ესეც ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და არა რომელიმე უცხოელი ჩინოსანის“,- აცხადებს ცისკარიშვილი.
როგორც კახა კახიშვილი ამბობს, ცოტა რთულად ესმის პოზიცია, რომ გვეყოფა და მეტი აღარ უნდა დავიჭიროთ.
„ამავდროულად, ამას დასავლეთი აცხადებს. ამ დროს დასავლეთი ყოველთვის გამოირჩევა იმით, რომ სასამართლო და სამართალდამცველი სისტემა არც ერთი თანამდებობის პირს არ აძლევს ინდულგენციას. არსებობს რეზოლუცია, სადაც პირდაპირი ჩამოთვლილია, რა შემთხვევაში ითვლება პირი პოლოტიკურ პატიმრად და რა შემთხვევაში არა. თუ მტკიცებუილებები არსებობს, ის პოლიტიკურ პატიმრად ვერ ჩაითვლება. თუ მხოლოდ ერთი განცხადება დევს პროკუტარურაში და ამ განცხადების ან ერთი ჩვენების საფუძველზე პირს აკავებ, მას კი სასამართლო პატიმრობას უსჯის და ამით პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, რა თქმა უნდა, პირი ჩაითვლება პოლიტიკურ პატიმრად.
პირიქით, დასავლეთის რეკომენდაცია უნდა იყოს ის, რომ ქვეყანაში იყოს აპოლიტიკური და მიუკერძოებელი სასამართლო, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს არა იმ პრინციპით, რომ ახლა გვეყოფა და საკმარისია, არამედ თუ არის განცხადებაში საკმარისი ნიშნები დანაშაულისა, პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება.
თუმცა გამოძიება ერთია და მტკიცებულებების მოპოვება მეორე. თუ მტკიცებულებები არსებობს, რას იტყვიან, ძიება შეწყვიტეთ, იმიტომ, რომ ოდესღაც პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობდაო? - არაერთი შემთხვევა ვიცით, როდესაც დასავლეთი საკუთარ ჩინოვნიკებს ბევრად უფრო ფხიზელი თვალით უყურებს, ვიდრე ჩვენ. იმისი 1% ინფორმაცია მაინც რომ გასულიყო მედიით, როგორ ხარჯავდნენ ჩინოვნიკები სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებს, მათ დასავლეთში თანამდებობებზე არავინ გააჩერებდა“, - აცხადებს კახიშვილი.
ზურაბ ბიგვავა მიიჩნევს, რომ გარკვეული სახით უცხოელებს აქვთ ვალდებულება - ამდენ ხანს რომ ამბობდნენ წარმატებული ქვეყანა იყო და მხარს უჭერდნენ, ახლა ვალდებულები არიან, რაღაც კომენტარები გააკეთონ და ლოგიკურად გააგრძელონ ან მხარდაჭერა, ან გამოთქვან შეშფოთება, რომ ხომ არ არის პოლკიტიკური ანგარიშსწორება.
„ვერანაირი უცხოური აღშფოთება და შეშფოთება ვერ შეგვიშლის ხელს იმაში, რომ ეს პროცესი ბოლომდე იქნას მიყვანილი“,- მიიჩნევს ბიგვავა.