„ძლიერი მუშტი ჰქონდა ბერიას, ოღონდ როგორც დამოუკიდებელი ფიგურა, უმწეო და უსუსური აღმოჩნდა“, - ამბობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და პარალელს ავლებებს ვანო მერაბიშვილთან. პოლიტოლოგის შეფასებით, მერაბიშვილისნაირი შემსრულებლები, ხშირად, გავლენის მქონენი არიან, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პოლიტიკური გავლენის მქონე არიან.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
ვანო მერაბიშვილი არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომლის არჩევანი - რომელ პოლიტიკურ პარტიას შეუერთდება, პოლიტიკურ ველზე ცვლილებებს გამოიწვევს?
რამაზ საყვარელიძე: ისტორიამ აჩვენა ანალოგიური მოვლენები. ძალიან ძლიერი მუშტი ჰქონდა ბერიას, ოღონდ როგორც დამოუკიდებელი ფიგურა, უმწეო და უსუსური აღმოჩნდა. თუ პარალელს გავავლებთ, ასეთი შემსრულებლები, როგორიც ვანო მერაბიშვილი იყო, ხშირად არიან დიდი გავლენის მქონე, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პოლიტიკური გავლენის მქონენი არიან. ძალიან ხშირად, ისინი პოლიტიკაში საკმაოდ სუსტები არიან და ეს გამოჩნდა კიდეც პირველივე დღეებში - ბევრი შეცდომა დაუშვა ბატონმა მერაბიშვილმა.
მერაბიშვილის გვერდით დგომა, თუ შემატებს პოლიტიკურ წონას იმ პარტიას, რომელზეც ის არჩევანს გააკეთებს?
– წონა აქვს და თანაც - დიდი წონა - ძალიან მძიმედ წაიღებს იმ პოლიტიკურ პარტიას ფსკერისკენ, რომელთანაც მივა. ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილმა ადამაინებმაც კი თქვეს, რომ მერაბიშვილთან არ დავჯდებითო. ე.ი. ბევრისთვის მიუღებელია მერაბიშვილი. წარმოიდგინეთ, რამდენად მიუღებელია მერაბიშვილი იმ ადამიანებისთვის, ვისი სისხლიც აქვს დაღვრილი. ამ ფონზე მერაბიშვილის შესვლა ნებისმერ პოლიტიურ პარტიაში, დაბლა დასცემს ამ პარტიის რეიტინგს. ამიტომ თქვა კახა კალაძემ: „ბევრი მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობასო“.
არ ფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და „ევროპული საქართველოსთვის“ მერაბიშვილი საინტერესოა როგორც ინფორმაციის მატარებელი ადამიანი, რომელიც შეიძლება ალაპარაკდეს?
– ალაპარაკების პრობლემა ნამდვილად არის, მაგრამ მე მგონია, რომ მერაბიშვილის ალაპარაკებაზე აქამდე იზრუნებდნენ. წესით, აწი მერაბიშვილის ალაპარაკება არავის არ უნდა სჭირდებოდეს. შეიძლება მერებიშვილი ლაპარაკობდა, რაც მათთვის უცნობია, ოღონდ ლაპარაკობდა იმ ადამიანებთან, ვინც, ალბათ, არ უნდათ იყვნენ მათი საქმეების მოწმეები. მაგრამ, ვიმეორებ, ეს უკვე მომხდარი ფაქტი თუ იქნება და აწი, რას იტყვის ციხიდან გამოსული მერაბიშვილი, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ მიეცემა. ამიტომ, შანსი იმისა, რომ რამე თქვას, ნაკლებია.
ციხიდან გამოსულმა მერაბიშვილმა თქვა, რომ ეს ხელისუფლება ერთ წელიწადში დაემხობა, ამ განცხადებას გაემიჯნა მამუკა ხაზარაძე, გიგა ბოკერია და დაადასტურეს, რომ ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს. ბოკერიას პოზიციიდან თუ გამოვალთ, შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთის რეკომენდაციით ხელისუფლება აპირებს, სწორედ, „ლელოს“ და „ევროპული საქართველოს“ პარლამენტში შეყვანას? შესაძლოა, ამ მოტივით უარი თქვას იგივე „ევროპულმა საქართველომ“ მერაბიშვლთან თანამშრომლობაზე?
– მერაბიშვილთან დაკავშირებით, ალბათ, მუშაობს ის ფაქტი, რომ ციხეში მყოფი ადამიანი ცოდვაა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმაც კი თქვეს ასეთი რაღაცა. გარკვეული შეცოდების მექანიზმი არის ამუშავებული და ამიტომ, მისთვის უარის თქმა, ცოტა ძნელი იქნება ნებისმიერი პარტიისთვის. მაგრამ რაც შეეხება კარის გაღებას, და თუ, მას კარს გაუღებენ, რამდენად გულწრფელი იქნებიან, რამდენად იქნებიან იმაზე ორიენტირებული, რომ რაც შეიძლება ფართოდ გაუღონ კარი, ძალაუფლება მისცენ და სახედ აქციონ, აქ ჩნდება კითხვები და ლოგიკური კითხვები. თუკი ძალაუფლებას მისცემენ მერაბიშვილს, მაშინ იგი იქცევა ამ პარტიის სახედ, მაგრამ ამ სახის დანახვა არ უნდა ქართულ საზოგადოებას. რომელია იმ ჭკუის, რომ მერაბიშვილის სახედ ყოფნას გადააყოლოს თავისი პოლიტიკური პერსპექტივა?! ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ იციან, როგორ მოიქცნენ, არ მგონია, ეჩქარებოდნენ მერაბიშვილის გამოჩენა.
ვიცით, რომ სააკაშვილი დაუპირისპირდა პატიმრობაში მყოფ მერაბიშვილს და ღიად განაცხადა: „რომ არა მერაბიშვილის შეცდომები, ივანიშვილი ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა“. თავად მერაბიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი მისი მეგობარია და კრიტიკისთვის არ გაწირა. სააკაშვილის გეგმაში, რომ არის რევოლუციური სცენარი ეს ფაქტია, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, სააკაშვილი და მერაბიშვილი ერთად ვიხილოთ?
– თქვენ გაიხსენეთ და სავსებით სწორად, რომ სააკაშვილმა მერაბიშვილზე გადატეხა ჯოხი. არ მგონია, რომ ეს შემთხვევითობა იყოს, მიუხედავად იმისა რას იტყვის დღეს სააკაშვილი. მაგრამ, მეორე მხრივ, სააკაშვილმა, რომელმაც იცოდა, რომ მერაბიშვილს რამდენიმე დღეში გამოუშვებდნენ, ამ განცხადებით თავისიანებს მისცა მითითება, რომ მერაბიშვილი მიუღებელია მისთვის. სააკაშვილი არის ისეთი ფიგურა, რომელიც პრაგმატიზმით ხელმძღვანელობს და არა სენტიმენტალიზმით.
თუკი სააკაშვილს რეალური მიზნები აქვს, რომ ხელისუფლებას მიუახლოვდეს მაინც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერაბიშვილზე უარი უნდა თქვას. აი, ასეთი არის პირობა. მერაბიშვილის გამოჩენით ყველა აღფრთოვანებული არ არის. თუ დავაკვირდებით, სააკაშვილის ნაბიჯებიდანაც გამომდინარეობს, რომ ის დიდად არ იჩქარებს მერაბიშვილის მიმართ რეალური მხარდაჭერის გამოხატვას.
მერაბიშვილი, რომელიც შეცდომებს არ აღიარებს, უფრო საშიში ფიგურა გახდა ხელისუფლებისთვის?
– შეცდომების აღიარება ვერ დავინახეთ, რეალურად, რამდენად საშიშია, ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ - უფრო არაადეკვატურია. ერთია რას ამბობს და რეალურად მასში რა მოტივები ტრიალებს, ეს კიდევ სხვა თემაა. მაგრამ ის, რომ მონანიების მსგავსი, რამაც სააკაშვილის მხრიდანაც გაიჟღერა (აღიარება იყო, როდესაც თქვა, რომ შეცდომები მერაბიშვილის გამო მოხდაო), ასეთი რამ მერაბიშვილს არ უთქვია. სიმართლე გითხრათ, რომც თქვას, რომ ვაღიარებო, ჩემთვის დამაჯერებლობა არ ექნება, ისევე როგორც სააკაშვილის მონანიებას არ აქვს დამაჯერებლობა.