For.ge აგრძელებს ამერიკელი პროფესორის, ჯინ შარპის (ინგლ. Gene Sharp, 21 იანვარი 1928 ბალტიმორი - 2018 წლის 28 იანვარი, ოჰაიო) ნაშრომის „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“ ნაშრომის გამოქვეყნებას. ნაშრომი ქართულად ითარგმნა ნინო წოწორიასა და ნოდარ ლაბარტყავას მიერ
პოლიტიკური დაუმორჩილებლობა
იმ სიტუაციაში, როცა მოსახლეობა დაშინებულია და თავს უსუსურად გრძნობს, მნიშვნელოვანია, რომ პირველადი საზოგადოებრივი ამოცანები მცირე რისკს შეიცავდეს და საკუთარი თავის რწმენას ბადებდეს. ასეთი მოქმედებებია, მაგალითად - განსაკუთრებული სამოსის მეშვეობით უთანხმოების გამოხატვა და მოსახლეობისათვის დისიდენტურ აქციაში მონაწილეობის მიღების საშუალების მიცემა. ხანდახან ფოკუსში შედარებით მცირე და არაპოლიტიკური საკითხი მოხვდება (მაგალითად, უფრო საიმედო წყალმომარაგების მოწყობა). სტრატეგებმა უნდა შეარჩიონ საკითხები, რომლებსაც უმეტესობა ფართოდ აღიარებს და მათი იგნორირება ნაკლებადაა შესაძლებელი. ამგვარი შემოფარგლული კამპანიის წარმატება არა მხოლოდ ცალკეული უსამართლობის გამოსწორება, არამედ მოსახლეობის იმაში დარწმუნებაცაა, რომ მათ საკუთარი პოტენციალი გააჩნიათ.
უმეტეს შემთხვევაში ხანგძლივი ბრძოლის კამპანიის სტრატეგია დიქტატორის დაუყოვნებელ და სრულ დამხობაზე კი არ უნდა იყოს აგებული, არამედ შემოფარგლული, ლიმიტირებული მიზნების მიღწევაზე. გარდა ამისა, ყველა კამპანია მთელი მოსახლეობის მონაწილეობას არ მოითხოვს.
გენერალური სტრატეგიის ფარგლებში, კონკრეტული კამპანიების თანმიმდევრობის განსაზღვრისას, გათვალისწინებულ უნდა იყოს, თუ როგორ განსხვავდება ერთმანეთისაგან კამპანიები ხანგძლივი ბრძოლის დასაწყისში, შუა პერიოდში და დასკვნით სტადიაზე.
შერჩევითი წინააღმდეგობა
ბრძოლის საწყის ფაზაში განსხვავებული კონკრეტული მიზნების მქონე ცალკეულ კამპანიებს მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლიათ. ისინი შესაძლოა თანმიმდევრობით ხორციელდებოდეს. ხანდახან ორი ან სამი მათგანი შეიძლება დროში ერთმანეთს დაემთხვეს.
„შერჩევითი წინააღმდეგობის მოძრაობის“ სტრატეგიის დაგეგმისას, უნდა განისაზღვროს კონკრეტული, შედარებით მცირე (ლოკალური) პრობლემები ან საერთო ჩაგვრის სიმბოლური გამოხატულების მქონე უკმაყოფილების სხვა მიზეზები. ისინი, გენერალური სტრატეგიის ფარგლებში, შუალედური კამპანიის შესაფერისი სამიზნეები შეიძლება გახდნენ.
შუალედური სტრატეგიული მიზნების მიღწევა დემოკრატიის არსებული ან პოტენციური ძალებით უნდა მოხდეს. ეს იძლევა გამარჯვებების სერიის მოპოვების საშუალებას, რაც მებრძოლ სულისკვეთებას გაზრდის და დაეხმარება ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვალოს ძალთა თანაფარდობა გრძელვადიან ბრძოლაში.
შერჩეული წინააღმდეგობის სტრატეგიის კონცენტრირება უწინარესად კონკრეტულ სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური პრობლემებისაკენ უნდა იყოს მიმართული. მათი შერჩევა ისე უნდა მოხდეს, რომ სოციალური ან პოლიტიკური სისტემის ნაწილი დიქტატურის კონტროლს გარეთ დარჩეს, ასევე იმისთვის, რომ ხელისუფლების ცალკეულ მიზნებს ხელი შეეშალოს. როგორც უკვე ვიმსჯელეთ, შერჩევითი წინააღმდეგობის კამპანია, შეძლებისდაგვარად, დარტყმებს დიქტატურას სუსტ წერტილებში მიაყენებს. ამგვარად არსებული ძალების მეშვეობით მეტი ეფექტის მიღწევაა შესაძლებელი.
დასაწყისშივე, მინიმუმ, პირველი კამპანიის სტრატეგია უნდა დაიგეგმოს. როგორი იქნება მისი ცალკეული მიზნები? როგორ მოეხმარება იგი გენერალური სტრატეგიის განხორციელებაში? თუ მოსახერხებელია, სასურველი იქნება მეორე და შესაძლოა მესამე კამპანიების საერთო მონახაზის გაკეთება. ყველა ეს სტრატეგია გენერალურ სტრატეგიას უნდა ახორციელებდეს და მის ფარგლებში ტარდებოდეს.
სიმბოლური გამოწვევა
2011 წელს გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში „როგორ მოვახდინოთ რევოლუცია“ (How to start a revolution), შარპი ამბობს, რომ წიგნი „დიქტატურიდან დემოკრატიისაკენ“ დაიწერა პერსონალურად ბირმის ოპოზიციის ლიდერისათვის აუნ სან სუ ჩი-სთვის, ხუნტის ჩამოსაგდები თანმიმდევრული ინსტრუქციის მსგავსად. მისმა პარტიამა 2015 წელს, ხანგძლივი არაძალადობრივი ბრძოლის შედეგად მოახერხა საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება. მიუხედავად იმისა, რომ აუნ სან სუ ჩი-ს სახელმწიფოს მმართველი პოსტი არ უკავია მეუღლისა და შვილების სხვა ქვეყნის მოქალაქეობის გამო, მისი გავლენა ძალიან ძლიერია. ხელისუფლებაში მისვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, როხინჯას პროვინციაში განვითარებული მოვლენების და სხვა პროცესების მიმართ დაკავებული არადემოკრატიული პოზიციების გამო ამ ქალბატონს, 2018 წელს, შესაბამისი ქვეყნების მიერ ჩამოერთვა პარიზის საპატიო მოქალაქისა და კანადის საპატიო მოქალაქის წოდებები.
დიქტატურის წინააღმდეგ მიმართული ახალი კამპანიის დასაწყისში პირველი პოლიტიკური მოქმედებები შეიძლება შედარებით შეზღუდულ, განსაზღვრულ ფარგლებში იყოს მოქცეული. ისინი, გარკვეულწილად, ხანგრძლივი ბრძოლისათვის განწყობის შესაქმნელად და ხალხის მოსამზადებლად, ანუ თანამშრომლობაზე უარის თქმასა და პოლიტიკური დაუმორჩილებლობისათვის მომზადებისკენაა მიმართული.
პირველადმა მოქმედებებმა შესაძლოა სიმბოლური პროტესტის ფორმა მიიღონ. თუ ამ გამოსვლებისათვის მზად ძალზედ ცოტა ადამიანია, პირველი ან საწყისი ეტაპის რამოდენიმე აქციას, შეიძლება თანამშრომლობაზე ნაწილობრივ ან დროებით უარის თქმის სიმბოლური აქტის ფორმა ჰქონდეს. მაგალთად - ყვავილების მიტანა რაიმე სიმბოლურ ადგილზე. თუ მსურველი ბევრია, შესაძლებელია მუშაობის მცირე ხნით შეჩერება ან რამოდენიმე წუთით სიმბოლური დუმილის აქციის მოწყობა. რამოდენიმე ადამიანს შეუძლია გამოაცხადოს შიმშილობა; ესტუმროს სიმბოლური მნიშვნელობის მქონე ადგილს; მოაწყოს სტუდენტების მოკლევადიანი ბოიკოტი ან მჯდომარე აქცია მნიშვნელოვან უწყებაში.
დიქტატურის პირობებში, ამ შედარებით აგრესიულმა მოქმედებებმა, შესაძლოა მკაცრი რეპრესიები გამოიწვიოს.
გარკვეული სიმბოლური აქციები (ვთქვათ, დიქტატორის სასახლესთან ან პოლიტიკური პოლიციის შტაბთან უბრალოდ დაჯდომა) ძალზედ სახიფათოა და მათი ჩატარება, კამპანიის საწყის ეტაპზე, არ არის სასურველი.
პროტესტის პირველადი სიმბოლური აქციები ხანდახან ყურადღებას იპყრობდნენ როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ. მაგალითად გავიხსენოთ მასობრივი ქუჩის დემონსტრაციები ბირმაში (1988), ან სტუდენტების მიტინგი და შიმშილობა ტიანანმენის მოედანზე პეკინში (1989). ორივე შემთხვევაში მსხვერპლის დიდი რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ სტრატეგებმა კამპანია ფრთხილად უნდა დაგეგმონ.
მიუხედავად ძალიან დიდი მორალური და ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა, მხოლოდ ამგვარი აქციები დიქტატურას ვერ დაამხობენ, რადგანაც ისინი უფრო სიმბოლური ხასიათისანი რჩებიან და ვითარებას ვერ ცვლიან.
ჩვეულებისამებრ, დიქტატურის ძალაუფლების წყაროების სრული და სწრაფი განადგურება ბრძოლის დასაწყისში შეუძლებელია. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, პრაქტიკულად მთელმა მოსახლეობამ და თითქმის ყველა, უმეტესად დამჯერმა, საზოგადოებრივმა ინსტიტუტმა სრულად უნდა უარყონ რეჟიმი და მოულოდნელად, მასიურად უარი თქვან მორჩილებაზე. ამის მიღწევა ძალიან რთულია. ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, კამპანიის საწყის ეტაპზე, თანამშრომლობაზე სრული და სწრაფი უარის თქმა არარეალურია.
პასუხისმგებლობის გადანაწილება.
შერჩევითი წინააღმდეგობის კამპანიის მიმდინარეობისას ბრძოლის ძირითადი დატვირთვა ერთ ან რამოდენიმე ჯგუფს აწვება. სხვა მიზნების მქონე შემდეგი კამპანიისას, ბრძოლის სიმძიმე შეიძლება სხვა ჯგუფებზე გადანაწილდეს. მაგალითად, სტუდენტები გაიფიცებიან, ანუ გააცდენენ ლექციებს, რელიგიური ლიდერები და ჩვეულებრივი მორწმუნენი ყურადღებას გაამახვილებენ სინდისის თავისუფლებაზე, რკინიგზელები ისე სკურპულოზურად დაიცავენ უსაფრთხოების წესებს, რომ შეაფერხებენ სარკინიგზო ქსელის მუშაობას, ჟურნალისტები „გამოიწვევენ“ ცენზურას გამოუშვებენ რა გაზეთებს ცარიელი სვეტებით, აკრძალული სტატიების ადგილებზე; პოლიცია ვერ იპოვის და ვერ დააპატიმრებს დემოკრატიული ოპოზიციის წევრებს. კამპანიის დაყოფა. პრობლემებისა და ჯგუფების მიხედვით. საშუალებას მისცემს უამრავ ადამიანს ჩაერთოს სხვადასხვა მომენტში ისე, რომ ერთიანი კამპანია არ დაირღვეს.
შერჩევითი წინააღმდეგობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საკითხი ეხება იმ სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ჯგუფების დაცვას, რომლებიც დიქტატურის კონტროლის ქვეშ არ მოხვედრილან. ეს ინსტიტუციონალური ბაზებია, რომელთა მეშვეობით ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენა ან წინააღმდეგობის გაწევაა შესაძლებელი. არ არის გამორიცხული, რომ ისინი დიქტატურის პირველი მსხვერპლნი გახდნენ. ყოველ შემთხვევაში მათ ამის დიდი პოტენციური შესაძლებლობა გააჩნიათ.
სამიზნეში დიქტატორის ძალაუფლებაა
„ზაფრანების“ რევოლუცია მიანმაში. სამოქალაქო პირებთან ერთად, პროცესებში მონაწილეობა რამოდენიმე ათასმა ბუდისტმა ბერმა მიიღო
იმის მიხედვით, თუ როგორ ვითარდება ხანგრძლივი ბრძოლა პირველადი სტრატეგიებიდან სულ უფრო გაბედულ და მეტად წინწაწეულ ფაზებამდე, სტრატეგებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ შეზღუდონ მომავალში დიქტატურის ძალის წყაროები. მათი მიზანია გამოიყენონ თანამშრომლობაზე საყოველთაო უარის თქმა, რათა ახალი, გაცილებით მოსახერხებელი სტრატეგიული სიტუაცია შექმნან.
დემოკრატიული ძალების გაძლიერების შესაბამისად, სტრატეგებმა უნდა დაგეგმონ გაცილებით მტკიცე „უარის თქმა თანამშრომლობაზე“ და უფრო სრული დაუმორჩილებლობა, რაც დიქტატორის ძალაუფლების წყაროებს დააზიანებს, რითიც პოლიტიკურ უსუსურობას გააძლიერებს და საბოლოოდ დიქტატურას დაშლამდე მიიყვანს.
გულმოდგინედ და დიდი სუზუსტით უნდა დაიგეგმოს ის მოქმედებები, რომლებითაც დემოკრატიული ძალები შეასუსტებენ დიქტატურის მხარდაჭერას. რა უნდა გაკეთდეს ამისათვის? გამოააშკარაონ რეჟიმის სისასტიკენი? აჩვენონ თუ როგორ კატასტროფულ შედეგამდე მიყავს ეკონომიკა დიქტატურას? განმარტონ, რომ დიქტატორებიც მოკვდავნი არიან? ხელისუფლების მომხრენი უნდა დაარწმუნონ, რომ მათ დაიკავონ თუნდაც ნეიტრალური პოზიცია („დასხდნენ მესერზე“) - უკეთესი იქნებოდა, თუკი ისინი წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური წევრები გახდებოდნენ.
პოლიტიკური დაუმორჩილებლობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს დიქტატორის ყველა მთავარ მომხრეს და დამხმარეს, „უახლოესი გარემოცვის“, პოლიტიკური პარტიების, პოლიციის, ბიუროკრატიის და განსაკუთრებით არმიის ჩათვლით.
აუცილებელია გულმოდგინედ გაიზომოს შეიარაღებული ძალების ლოიალობის ხარისხი (ჯარისკაცებისაც და ოფიცრებისაც) და განისაზღვროს რამდენადაა შესაძლებელი სამხედროებზე გავლენის მოხდენა. რა მოხდება, თუ ჯარისკაცები უბედური, შეშინებული ახალწვეულები არიან? ან, თუ ოფიცრები არ უთანაგრძნობენ (გულშემატკივრობენ) რეჟიმს პირადი, ოჯახური თუ პოლიტიკური მოტივით? საბოლოოდ, კიდევ რა ფაქტორებმა შეიძლება გახადოს ჯარისკაცები და ოფიცრები ხელმისაწვდომად დემოკრატიული ზემოქმედებისათვის?
გამათავისუფლებელი ბრძოლის დასაწყისში საჭიროა შემუშავდეს ცალკე სტრატეგია სამხედრო ნაწილებთან და ჩინოვნიკებთან უთიერთობისათვის. დემოკრატიულ ძალებს შეუძლიათ სიტყვით, სიმბოლოებით და მოქმედებით აჩვენონ, რომ გამათავისუფლებელი ბრძოლა შეუპოვარი და გადამწყვეტი იქნება. სამხედროებმა უნდა გაიგონ, რომ ეს ბრძოლა ემუქრება დიქტატურას და არა მათ სიცოცხლეს. ყველაფერი ეს მიმართულია შეიარაღებულ ძალებში მორალური მდგომარეობის შესასუსტებლად და საბოლოოდ იმისათვის, რომ ისინი დემოკრატიულ მოძრაობას მიემხრონ. იგივე ეხება პოლიციასა და სამოქალაქო მოხელეებს.
თუმცა ამგვარი მცდელობები პირდაპირ წაქეზებაში არ უნდა აგვერიოს. დემოკრატები სრულებით არ მიისწრაფიან სამხედრო გადატრიალებისაკენ. ის ნაკლებად მიიყვანდა შრომისუნარიან დემოკრატიამდე, რადგანაც (როგორც უკვე ზევით განვიხილეთ) პრაქტიკულად არ შეეხებოდა ქვეშევრდომთა და ხელისუფლებას შორის ძალთა თანაფარდობას. ესე იგი მოფიქრებული უნდა იყოს, თუ როგორ უნდა აჩვენონ შეიარაღებული ძალებიდან გულშემატკივრებს, რომ არც სამხედრო გადატრიალება, არც სამოქალაქო ომი დემოკრატებს არ სურთ.
გულშემატკივარ ოფიცრებს შეუძლიათ ითამაშონ ძალიან მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიულ ბრძოლაში, მაგალითად სამხედრო ნაწილებში გაავრცელონ უკმაყოფილება და თანამშრომლობაზე უარი თქვან, წაახალისონ წინასწარგანზრახული არაეფექტურობა, მოახდინონ ბრძანების ჩუმი შეუსრულებლობა, უარი თქვან რეპრესიების განხორციელებაზე. სამხედროებს შეუძლიათ დემოკრატიულ მოძრაობას მიაწოდონ არაძალადობრივი დახმარების სხვადასხვა ხერხები, უზრუნველყონ გასასვლელების უსაფრთხოება, გადასცენ სამედიცინო საშუალებები, მონაცემები ან საკვები და სხვა.
არმია დიქტატურის ერთ-ერთი მთავარი ძალაუფლების წყაროა. ხელისუფლებას ურჩების მიმართ პირდაპირი შეტევის განსახორციელებლად დისციპლინირებული სამხედრო ნაწილები და შეიარაღება შეუძლია გამოიყენოს. დაუმორჩილებლობის სტრატეგებს უნდა ესმოდეთ, რომ ძალიან ძნელი, ან შეუძლებელი იქნება დიქტატურის დამსხვრევა, თუ პოლიცია, ბიუროკრატია და არმია მის მხარეზე დარჩება და მის ბრძანებას შეასრულებს. ამიტომაც არმიის ლოიალობის შესუსტებისაკენ მიმართული სტრატეგიები ძალიან მნიშვნელოვანია.
დემოკრატიულ ძალებს უნდა ახსოვდეთ, რომ არმიისა და პოლიციის უკმაყოფილება და არდაქვემდებარება შეიძლება პოლიციელთათვის და სამხედრო პირებისთვის ძალზედ სახიფათო აღმოჩნდეს. დუმორჩილებლობის ნებისმიერი აქტისათვის მათ სასტიკი სასჯელი, ხოლო ამბოხისათვის - სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. დემოკრატიული ძალები ჯარისაკაცებსა და ოფიცრებს არ უნდა მოუწოდებდნენ დაუყოვნებელი ამბოხისაკენ. როდესაც მოხდება კავშირის უზრუნველყოფა, მათ უნდა აუხსნან, რომ არსებობს შედარებით უსაფრთხო ფორმები „ფარული დაუმორჩილებლობისა“, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია საწყის ეტაპზე. მაგალითად, პოლიციას და ჯარისკაცებს შეუძლიათ ცუდად შეასრულონ ბრძანებები რეპრესიების შესახებ, ვერ იპოვნონ ძებნილი პირები, გააფრთხილონ შესაძლებელი რეპრესიის, დაპატიმრების ან დეპორტაციის შესახებ, არ მიაწოდონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზემდგომ ოფიცერს. უკმაყოფილო ოფიცრებს თავის მხრივ შეუძლიათ არ გადასცენ ჯარისკაცებს ბრძანება რეპრესიების შესახებ. ჯარისკაცებს შეუძლიათ ისროლონ მომიტინგეების თავებს ზევით. რაც შეეხებათ სამოქალაქო მოხელეებს, მათ შეუძლიათ დაკარგონ დოკუმენტები და ინსტრუქციები, არაეფექტურად იმუშაონ, და დარჩნენ სახლში ვითომდა „ავადმყოფობის გამო“.
ცვლილებები სტრატეგიაში
პოლიტიკური დაუმორჩილებლობის სტრატეგებმა მუდმივად უნდა შეაფასონ, როგორ სრულდება გენერალური სტრატეგია და კონკრეტული კამპანიების სტრატეგიები. შესაძლოა ბრძოლა არც ისე კარგად მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამ შემთხვევაში საჭიროა იმის გაანგარიშება, თუ რა ნაბიჯებია საჭირო, როგორ უნდა გაიზარდოს მოძრაობის ძალა და როგორ უნდა ჩაიგდონ ხელში ინიციატივა. ამ სიტუაციაში აუცილებელია პრობლემის განსაზღვრა, სტრატეგიული გადაფასების გაკეთება; შესაძლოა ბრძოლაზე პასუხისმგებლობა მოსახლეობის სხვა ჯგუფს გადაეცეს, მოხდეს დამატებითი ძალის წყაროების მობილიზება და დამუშავდეს მოქმედების ალტერნატიული სქემა. ამის შემდეგ ახალი გეგმის შესრულება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.
თუ პირიქით, ბრძოლა იმაზე მეტი წარმატებით მიმდინარეობს, ვიდრე იყო ჩაფიქრებული და დიქტატურა უფრო სწრაფად იშლება, როგორ უნდა მოხდეს მოულოდნელი მიღწევების სარგებლიანი გამოყენება და წინ წაწევა? ამ საკითხებს ჩვენ შემდეგ თავში განვიხილავთ.