მას შემდეგ, რაც ვანო მერაბიშვილმა საპყრობილე დატოვა, იმ ადამიანებში, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლად თვლიან თავს, გაჩნდა პროტესტის გრძნობა, უნდა ჰქონდეს თუ არა ისეთ ადამიანს პოლიტიკაში ხელმეორედ მოსვლის მორალური უფლება, როცა მისი წარსული სისხლიან რეჟიმთან ასოცირდება? სად გადის წითელი ხაზები, რომლის იქითაც გადაბიჯება წარსულის მძიმე შლეიფის გამო შეუძლებელია?!
უამრავი ადამიანის დაკავება და დახოცვა, შოკის მომგვრელი 26 ათასი ფაილი, სადაც უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიო მასალები ინახებოდა, ადამიანთა წამების ამსახველი კადრები, ეს ყველაფერი „ნაციონალებისდროინდელ“ 9-წლიან რეჟიმს ჩაბარდა.
„მერაბიშვილი არ არის ნელსონ მანდელა. ასეთი დანაშაულების შემდეგ ადამიანები ვეღარ უნდა ბრუნდებოდნენ საჯარო სივრცეში“, - ასეთია ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის ლევან კობერიძის შეფასება.
ამავე აზრს იზიარებს სანდრო გირგვლიანის ბიძა გოგი ენუქიძეც. ის აცხადებს, რომ პოლიტიკურ მოღვაწეებს, რომლებიც გახდნენ კრიმინალები და დაჰყვეს გარკვეული დრო საპატიმროში, არათუ პოლიტიკაში დაბრუნების უფლება არ აქვთ, არამედ საზოგადოებაშიც მათი ადგილი არ არის. გოგი ენუქიძის თქმით, არც ვანოს და არც ბევრი მათგანის ადგილი არ არის პოლიტიკაში, ვინც თავის დროზე სისასტიკე ჩაიდინა.
ცალკეულ ადამიანებში დღემდე გაღიზიანების საფუძველს იძლევა „ნაცებისა“ თუ „ევრონაცების“ მოუნანიებლობა და მათი მოულოდნელი პროვოკაციული ქმედებები. ვანო მერაბიშვილის შესახებ რომ არაფერი ვთქვათ, სულ ახლახანს „ქართული ოცნების“ მიმდევრების სამიზნედ იქცა ელენე ხოშტარია პარლამენტში ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში საბჭოთა ჰიმნის აჟღერების გამო. მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მომწყობთა აგრესიამ იმ დონემდე მიაღწია, რომ პროტესტანტებმა მოითხოვეს, ხოშტარიამ დატოვოს დეპუტატის მანდატი.
პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ დამნაშავე „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა უკვე სხვანაირად გამოჩნდება, ამას უნდა აკეთებდე მაშინ, როდესაც შენი ხალხის უპირობო მხარდაჭერა გაქვს და არავის ეჭვი არ ეპარება შენს გამარჯვებაში. მაგრამ, როდესაც შენ უკვე დისკრედიტირებული ხარ, გავსებული ხარ უკანონო ფაილების შემქმნელებით და „ნაცების“ პოლიტიკური ორგანიზაციის ყველაზე უღირსი ნაწილით, შენ შეზღუდული ხარ საკუთარ ქმედებებში. ნებისმიერი შენი საქციელი აღიქმება იმ სცენარის ნაწილად, რომ შენ ზრუნავ არა სამართლიანობის აღდგენისთვის, არამედ იმიტომ, რომ არ დაუშვა შენი ოპონენტების ხელისუფლებაში მობრუნება.
„ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მათ არ აქვთ საკუთარი ხალხის განწყობის შეგრძნება. ისინი ვერ ხვდებიან, რომ დღეს „ნაცმოძრაობა“ არ არის მათთვის საშიში, მათთან ბრძოლითა და ამ ხატის შექმნით ქვეყანა დაღუპეს და დააქციეს. „ნაცმოძრაობა“ ვერ მობრუნდება, მას ქართველი ხალხი არ მოუშვებს უახლოესი 10 და 20 წლის განმავლობაში, სანამ მეხსიერებაში კიდევ ცოცხალი იქნება მათი მმართველობა და ახლო წარსულში იქნება ის მოგონებები, რომელიც გვაკავშირებს „ნაცმოძრაობასთან“. შესაბამისად, საკუთარი შიშის გამო ხალხს ნუ აშინებენ. სჯობს, მოემზადონ, რათა ღირსეულად გადავიდნენ ხელისუფლებიდან ოპოზიციაში და იმ ჯანმრთელ ძალებს, რომელთაც არ სურთ არც „ნაცმოძრაობა“, არც „ქართული ოცნება“ და სურთ ქართველი ხალხის მსახურება, დაუთმონ სარბიელი. ჩვენ ვფიქრობთ, ასეთი ძალაა „ტრიბუნა“, რასაც ჩვენ დავამტკიცებთ უახლოეს მომავალში“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე For.ge-სთან საუბარში.
„ნაციონალების“ მორალურ-ზნეობრივ კრიტერიუმებზე საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ამომრჩეველი, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალთა“ ბიოგრაფიები ყველასთვის ცნობილია, მაინც საარჩევნო ურნასთან წყდება პოლიტიკაში მათი დატოვების, თუ პოლიტიკიდან მათი გასტუმრების საკითხი.
რაც შეეხება კანონს, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ, ცხადია, ამ თვალსაზრისითაც შეიძლებოდა გადაწყვეტილების მიღება, დღეს მოქმედი სამართალიც კი იძლევა იმის საშუალებას, რომ დამნაშავე ორგანიზაცია ლიკვიდირებულად გამოცხადდეს, მაგრამ დღეს ამის გაკეთება უკვე დაგვიანებულია და ნონსენსადაც ჩაითვლება.
„შესაძლებელია, სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდეს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის მიმართ. ჩვენი საპროცესო კანონმდებლობაც და სისხლის სამართლის კოდექსიც ითვალისწინებს ამას, რომ იურიდიულ პირს ლიკვიდაცია მიესაჯოს, გააჩნია დანაშაულის სიმძიმეს. მაგალითად, თუ დამოუკიდებელმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც იურიდიული პირი, არის დანაშაულებრივი მიზნების მქონე ორგანიზაცია, მაშინ სასამართლომ შეიძლება მოითხოვოს იურიდიული პირის ლიკვიდაცია, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ, „ნაცმოძრაობის“ ლიკვიდაცია. ეს დაახლოებით ისეთი სცენარია, რაც გერმანიაში მოხდა, როცა აიკრძალა ფაშიზმი. გერმანიაში ნაციონალისტურ-სოციალისტური იდეების ქადაგება და მიმდევრობა დასჯადია და ციხეში სვამენ ამისთვის ადამიანებს. ჩვენს სამართალშიც ქურდული ტრადიციების მიმდევრობა დასჯადია. იგივე შეიძლება „ნაცმოძრაობასთან“ მიმართებითაც, მაგრამ დღეს ამის მიღწევა რთულია ბევრი ფაქტორის გამო“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას.
მისი თქმით, ეს საქმე თავის დროზე უნდა გაეკეთებინა „ქართულ ოცნებას“. ახლა კი, როცა „ნაციონალებს“ რამდენიმე არჩევნებში სერიოზული მხარდაჭერა აქვთ და ამომრჩეველი დგას მათ უკან, რთულია ამის მიღწევა. სამართლებრივი მხარის გარდა ამ საკითხს უკვე სერიოზული პოლიტიკური მდგენელი გააჩნია და ეს შეიძლება დაემსგავსოს კუდიანებზე ნადირობას. მით უმეტეს, ყველამ კარგად ვიცით, ქვეყნის გარედან რა გამოხმაურება ექნება ამ გადაწყვეტილებას. შემთხვევითი არ არის, რომ ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა ვანო მერაბიშვილს მიულოცა ციხიდან გამოსვლა და დასძინა, რომ ევროპა შეშფოთებულია დემოკრატიის ხარისხით საქართველოში.
„ხომ წარმოგიდგენიათ, ამ პროცესის დაწყება რითი დამთავრდება „ქართული ოცნებისთვის“? რაც შეეხება ელენე ხოშტარიას და მის ქმედებებს, ეს არის პოლიტიკის ბალაგანიზაცია, ანუ ეს იქცა იაფფასიან სანახაობად, რათა პოლიტიკოსებმა რაციონალური გადაწყვეტილებები კი არ მიიღონ, არამედ გამუდმებით აფექტურ მდგომარეობაში იყვნენ. „ნაცმოძრაობას“ სიტუაციის არევა სურს და აფექტების შექმნაზე მუშაობს. იქ ჰიმნს დაუკრავენ, იქ საწამლავს დაასხამენ, ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ პროცესს რაციონალობა დააკარგვინონ, პროცესი გადაიყვანონ რელსებიდან და მივიღოთ ის, რაც 2003-ში მოხდა“.
სრული სიმართლე!
ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ უგულავასთვის ერთბაშად მიესაჯათ კუთვნილი და ესეც ქვეყნის საყაყანოდ არ ექციათ!
9 წელი 9 წელიო...
ეხლა კიდე 8 წელი 8 წელი უნდა ვიძახოოოთ??...... როგორ..... მაშ ამ ხნის განმავლობაში ამათ ეს ნაცები ვერ უნდა მოეშორებინააათ??
აი ამიტომ ვეძახი ამათ დებილებს
თუმცა კი...... ისეც დებილები არიან