უკრაინაში აქციის მონაწილეების ნაწილი თავს დაესხა ავტობუსებს, რომლითაც ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან ევაკუირებული მოქალაქეები ჩაიყვანეს. შემთხვევა ქალაქ ნოვიე სანჟარიში მოხდა. მომიტინგეებმა ავტობუსებს ქვები დაუშინეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად ცხრა სამართალდამცველი და აქციის ერთი მონაწილე დაშავდნენ.
უკრაინის მოქალაქეები ჩინეთიდან ხარკოვში 20 თებერვალს ჩაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, მათ კორონავირუსის სიმპტომები არა აქვთ. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევაკუირებულებს სამედიცინო ცენტრებში განათავსებდნენ, რასაც მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა.